05 აპრილი 2019 - 21:51

რატომ არის გავრცელებული კათოლიკურ ეკლესიაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა?

რომი

რომი, იტალია

ფოტო: shutterstock.com

კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ვრცელდება. დანაშაული გულისხმობს როგორც „დაუშვებელ ქმედებას“, ასევე სისტემატურ გაუპატიურებას. ყველაზე ხშირად კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვნებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ, თუმცა ეს ყოველთვის არ არის პედოფილია.

პედოფილიის გარდა სხვა რა დანაშაულია?

დანაშაულებრივი ქმედებების დაახლოებით ნახევარზე მეტი ეხება ეფებოფილიას, რაც მოზარდების მიმართ (ამ კონკრეტულ შემთხვევებში 11-15 წელი) სექსუალურ ლტოლვას გულისხმობს. მსხვერპლის დაახლოებით სამი მეოთხედი მამრობითი სქესის წარმომადგენელია. მოძალადეების უმრავლესობა კაცები არიან, თუმცა არიან მოძალადე ქალებიც. მსხვერპლთა მონაყოლის მიხედვით, სასულიერო პირები ხშირად არწმუნებდნენ მათ, დაემყარებინათ სექსუალური კავშირი და ამისთვის სხვადასხვა სიტუაციას იყენებდნენ - აღსარების დროს განმარტოებას ან სხვა მსგავს შემთხვევას. მაგალითისთვის, მღვდელმსახური ამბობდა, რომ ის არის „ღმერთის განსხეულება დედამიწაზე, რომ მისი ქმედება მსხვერპლისადმი არის „მის საკეთილდღეოდ“ მიმართული და ასე შემდეგ.

კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევები უფრო იშვიათია უფროსის ასაკის ადამიანებთან მიმართებით. მსგავსი ეპიზოდები ძალადობის ერთჯერად აქტებს გულისხმობდა, თუმცა იყო „ურთიერთობები,“ რომლებიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ერთ-ერთი მსხვერპლი ჰყვებოდა, რომ მასზე ძალადობა დაიწყო 15 წლის ასაკში, გაგრძელდა 8 წელიწადს და ამ დროის განმავლობაში მან 3 აბორტი გაიკეთა.

იყო შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის სასულიერო პირი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და მისი ძალადობა მოსწავლე ბიჭზე რამდენიმე თვეს ან წელს გრძელდებოდა. ცალკე პრობლემაა მამრობითი სქესის სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობა მონაზვნებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოდროინდელი სკანდალის შემდეგ რომის პაპმა პრობლემის არსებობა საჯაროდ პირველად აღიარა. იქამდე ეს საკითხი ხმამაღლა ფაქტობრივად, არ განიხილებოდა.

ძალადობა კათოლიკურ ეკლესიაში ახალი პრობლემაა, თუ მასზე მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ?

თავად პრობლემა ახალი სულაც არ არის, სასულიერო პირებს შორის „სოდომის ცოდვაზე“ ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნეში წერდნენ. თუმცა წყაროები არასრულწლოვნებზე ძალადობის ფორმულირებით 1930-იან წლებამდე, ფაქტობრივად, არ იძებნება. კათოლიკურ ეკლესიაში სასულიერო პირების მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე 1980-იანი წლების ბოლოდან და 1990-იანი წლების დასაწყისიდან ალაპარაკდნენ. ამ თემაზე საუბარი თავდაპირველად კანადაში, აშშ-სა და ავსტრალიაში დაიწყეს, შემდეგ კი - ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. 1990-იან და 2000-იან წლებში ამერიკის მასშტაბით არსებული ეპარქიები იძულებულნი გახდნენ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 1500-ზე მეტი მსხვერპლისთვის მორალური ზარალის ანაზღაურების მიზნით, დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადაეხადათ.

სპეციალისტები ძალადობის მსხვერპლთა დუმილს სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან. სასულიერო პირის მაღალი ავტორიტეტის გამო ისინი ხშირად ხმამაღლა ვერ ლაპარაკობენ. მეორე და უფრო მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ ეპისკოპოსები მღვდლების დანაშაულის დაფარვას ცდილობენ, თავად მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს კი წმინდა საყდარი იცავს. სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ზოგ შემთხვევაში მოძალადე სასულიერო პირები მსხვერპლთან „პრობლემის მოგვარებას“ ფულის მეშვეობით ახერხებენ. კათოლიკე ეპისკოპოსთა ნაწილი ვატიკანის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. მათი განცხადებით, მთელ რიგ შემთხვევებში ვატიკანი ან საერთოდ არ იწყებდა სექსუალურ ძალადობაზე საქმის გამოძიებას, ან შესაბამის დოკუმენტებს თავად ანადგურებდა.

რომელ ქვეყნებშია ეს პრობლემა აქტუალური?

როგორც ჩანს, კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა გავრცელებულია როგორც განვითარებად ქვეყნებში, ასევე აშშ-სა და ევროპაში. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ამ თემაზე მასმედია უფრო ღიად საუბრობს, იწყება ოფიციალური გამოძიებები. მაგალითად, ირლანდიაში არსებობს ამ მიმართულებით მომუშავე მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისია. ცალკეულ ქვეყნებში კი, როგორიცაა ინდოეთი, მსხვერპლი უკიდურეს შემთხვევაში იწყებს საუბარს ხმამაღლა, ამიტომაც მასშტაბებზე საუბარი საკმაოდ რთულია. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გამონაკლისების გარდა, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტები შედარებით ნაკლებია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსხვერპლი ამ თემაზე დუმილს არჩევს.

რატომ არის კათოლიკურ ეკლესიაში ასეთი ხშირი სექსუალური ხასიათის დანაშაული? ამის მიზეზი ცელიბატია?

ცელიბატი რომის ეკლესიის მიერ მეოთხე საუკუნეში დადგენილი წესია, რომელიც კათოლიკე სასულიერო პირების დაუქორწინებლობას გულისხმობს. ამ თემას სპეციალისტები ორი მიმართულებით განიხილავენ: სასულიერო პირები სექსუალური ძალადობისადმი მიდრეკილები ცელიბატის გამო ხდებიან, ან ეს ადამიანები თავიდანვე არიან მიდრეკილნი სექსუალური ძალადობისკენ, ხდებიან სასულიერო პირები და იღებენ ცელიბატს. გარდა ამისა, ცელიბატი ვერ ხსნის იმ ფაქტს, რომ ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლთა უმრავლესობას ბიჭები წარმოადგენენ და არა გოგოები ან ქალები. ამიტომ სექსუალური ძალადობის მიზეზად კათოლიკე სასულიერო პირების დაუქორწინებელობის წესის დასახელებას მკვლევრები სკეპტიკურად უყურებენ.

სპეციალისტებს არ აქვთ ერთიანი შეხედულება, თუ რატომ არის სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული კათოლიკურ ეკლესიაში ასე ფართოდ გავრცელებული. ჯონ ჯეის კოლეჯის ანგარიშში, რომელშიც პრობლემა 1950-2002 წლების მასალების საფუძველზეა განხილული, ნათქვამია, რომ სასულიერო პირების ძალადობა მათ ჰომოსექსუალიზმთან ან პედოფილიისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებული არ არის. დოკუმენტში ეს ქმედებები შეფასებულია როგორც „crimes of opportunity“, რაც იმას გულისხმობს რომ სექსუალური ძალადობა წინასწარ დაგეგმილი ქმედება არ არის.

ამავე კოლეჯის განახლებულ დოკუმენტში კი წერია, რომ კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მასშტაბების უპრეცენდენტო ზრდა 1960-1980-იან წლებში იმით იყო განპირობებული, რომ სწორედ ამ პერიოდში მიეცათ მღვდლებს წვდომა ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიცაა კერძო სკოლები ან ბოისკაუტთა წრეები. საქმეები, რომლებზეც ახლა საუბრობენ, ძირითადად სწორედ დროის ამ მონაკვეთს მიეკუთვნება და ცხადია, ამავე მიზეზის გამო მსხვერპლთა უმრავლესობა ბიჭია.

პაპი ფრანცისკე სექსუალური ძალადობისადმი უფრო მკაცრია, ვიდრე მისი წინამორბედები?

კონკრეტული ინიციატივების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ასეა. იოანე პავლე II და ბენედიქტე XVI ძირითადად ბოდიშის მოხდითა და შიდასაეკლესიო სასამართლო პროცედურების მოგვარებით შემოიფარგლებოდნენ. ფრანცისკესაც, მისი წინამორბედების მსგავსად, ადანაშაულებდნენ პედოფილიის მფარველობაში, მაგრამ მან პრობლემასთან ბრძოლა ინტრონიზაციიდანვე დაიწყო.

ფრანცისკემ 2013 წელს შექმნა არასრუწლოვნების დაცვის მიმართულებით პაპის კომისია, რომლის შემადგენლობაშიც სასულიერო პირებთან ერთად მეცნიერებიც არიან. 2016 წელს მან გამოსცა ეპისტოლე, რომელმაც გააიოლა იმ ეპისკოპოსების გათავისუფლება, რომლებიც სექსუალური ძალადობის ფაქტებს მალავენ და საეკლესიო ხელისუფლებისადმი მათი ანგარიშვალდებულება გაამკაცრა.

2018 წელს ჩილეში მომხდარი სკანდალის გამო ფრანცისკემ უპრეცენდენტო რაოდენობის მღვდელმთავრები „გაათავისუფლა:“ მაღალი იერარქიის 34-მა ადგილობრივმა სასულიერო პირმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. რომის პაპმა სამი მათგანი გაათავისუფლა, ორს კი სასულიერო პირის სტატუსი შეუჩერა.

როგორ შეიძლება სასულიერო პირების მხრიდან ძალადობასთან გამკლავება?

პრობლემა ძალიან მასშტაბურია. საეკლესიო ინსტიტუციები კი ცდილობენ, სიტუაციას შეეგუონ და არა ებრძოლონ, ამიტომ მისი მოგვარება მარტივი არ არის. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს უკვე კათოლიკურ ეკლესიას უწევს უფრო მეტად მოუსმინოს დაზარალებულებს, რომლებიც სხვადასხვა პროექტისა თუ ასოციაციის სახით გაერთიანდნენ. ეს ადამიანები ითხოვენ დამნაშავეებისა და მათი მფარველების დასჯას, ასევე - შიდასაეკლესიო პროცესების გამჭვირვალობას. მსხვერპლთა ნაწილმა კი სექსუალური ძალადობისადმი ვატიკანის პოლიტიკა „ნულოვანი მოთმინების მარშით“ გააპროტესტა.

მიმდინარე წლის თებერვალში ვატიკანში გაიმართა კათოლიკე სასულიერო პირების შეხვედრა, რომელიც ეკლესიაში არასრულწლოვანთა დაცვას მიეძღვნა. აუდიენცია 3 დღეს გაგრძელდა და მასში 130 ქვეყნის 190 სასულიერო პირი მონაწილეობდა. ასეთი მასშტაბის შეკრება კათოლიკურ ეკლესიას აქამდე არასდროს გაუმართავს. სწორედ ამ შეხვედრაზე წარადგინა პაპმა ფრანცისკემ არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის 21-პუნქტიანი გეგმა, რომელიც როგორც ტერმინოლოგიურ, ორგანიზაციულ, საპროცედურო, ასევე ინფორმაციულ საკითხებს ეხება. ამავე დოკუმენტის მიხედვით უნდა განისაზღვროს ვინ არის პასუხისმგებელი საქმის წარმოებაზე, რა წესები იმოქმედებს როგორც მოძალადე სასულიერო პირთან, ისე მსხვერპლთან მიმართებით. ერთ-ერთ პუნქტად ფრანცისკემ წარადგინა „ცხელი ხაზის“ შექმნის იდეა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს სასულიერო პირის მხრიდან სექსუალური ძალადობის შემთხვევაში შეტყობინების დატოვება შეეძლება. სპეციალისტები 21-პუნქტიან გეგმას დადებითად აფასებენ, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ ერთია შედგენა და მეორე - პრაქტიკაში დანერგვა.

კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის ორი ძირითადი მიმართულება არსებობს. ბენედიქტე XVI-ისა და ფრანცისკეს დროს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ნიადაგზე წელიწადში დაახლოებით 100-120 სასულიერო პირს შეუწყდა მსახურების უფლება, თუმცა ეს შემთხვევები არ გასაჯაროებულა. სპეციალისტების შეფასებით, პრობლემასთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმი კი სწორედ მასზე ხმამაღლა საუბარი იქნებოდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოძალადეების მფარველების დასჯა.

არის თუ არა სექსუალური ძალადობა მართლმადიდებელ ეკლესიაში?

მართლმადიდებელ ეკლესიაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები არსებობს, მაგრამ იშვიათია. უფრო ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე ჰომოსექსუალური კავშირების არსებობაზე. იმავდროულად, მართლმადიდებელ ეკლესიებში სექსუალური ძალადობის ფაქტები როგორც წესი, არ საჯაროვდება, შესაბამისად ამგვარი ძალადობისა და შევიწროების შესახებ იშვიათად ხდება ცნობილი.

სხვა თემები