26 ივნისი 2019 - 18:28

რომელი კომპანიები არიან „ოქროს სიაში“ და რა პრივილეგიები აქვთ მათ?

ოქროს სია

ფოტო: shutterstock.com

ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „ოქროს სიის“ კომპანიებისთვის იმპორტის გადასახადის ვადა 30-დან 5 დღემდე შემცირდა. ეს ცვლილება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანებაში შევიდა. სიახლე აქციზურ საქონელთან მიმართებით 12 ივნისიდან, სხვა შემთხვევაში კი - 2 ივლისიდან ამოქმედდება. „ოქროს სიის“ კომპანიებისთვის აქამდე მოქმედი შეღავათის გაუქმების შესახებ ბრძანებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა 2019 წლის 31 მაისს მოაწერა. რას ნიშნავს „ოქროს სია“? ვინ არიან „ოქროს სიის“ კომპანიები და რა პრივილეგიები აქვთ მათ?

რა არის „ოქროს სია“ და ვინ არის ამ სიაში?

„ოქროს სიის“ მონაწილე ხდება კომპანია, რომელსაც დიდი ბრუნვა და საბაჟო სამართალდარღვევების კარგი ისტორია აქვს. ასეთი ორგანიზაცია საქონლის იმპორტისას გამარტივებული საბაჟო პროცედურებითა და გადახდის გადავადებით სარგებლობს. დღეისათვის ამ ჩამონათვალში 217 კომპანიაა. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს შემოსავლების სამსახური ანიჭებს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ „ოქროს სიის“ კომპანიები?

„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდება. ეს თანხა 5 მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. მეორე კრიტერიუმი არის იმპორტისთვის უკვე გადახდილი ოდენობის მაღალი მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში თანხა 900 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

შემოსავლების სამსახური „ოქროს სიის“ წევრის სტატუსის მინიჭებისას საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების ოდენობასაც ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი პუნქტია საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა. ამავდროულად, პირი დღგ-ის გადამხდელად უნდა იყოს რეგისტრირებული და საგადასახადო დავალიანება არ უნდა ჰქონდეს.

„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატი შემოსავლების სამსახურს წერილობითი განცხადებით მიმართავს. ეს მიმართვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. კომპანიას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ენიჭება, რის შემდეგაც მას მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი ენიჭება.

„ოქროს სიაში“ გაწევრიანების გამარტივებული მეთოდი არსებობს?

განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის" მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია ზემოთ მოყვანილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც მიენიჭოს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ის წერილობით ვალდებულებას წარმოადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სულ მცირე 5 მილიონი ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან უწყვეტი 12 თვის განმავლობაში განახორციელებს. მან ასევე უნდა აიღოს ვალდებულება, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში სულ ცოტა 3 მილიონი ლარის საბაჟო ღირებულების საქონელს (ძირითადი საშუალებების) იმპორტზე გაიტანს.

„ოქროს სიის“ სტატუსის გაუქმება და ხელახლა აღდგენა შესაძლებელია?

„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ხდება. ამ დროიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის აღსადგენად არ განიხილება. გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენდა და არსებობს სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.

რატომ ჩამოართვეს „ოქროს სიის“ კომპანიებს გარკვეული პრივილეგიები?

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილებით ყველა კომპანია თანაბარ პირობებში იქნება. უწყებაში ამ ცვლილებას, ერთი მხრივ, კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფითა და მეორე მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით ხსნიან. დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია პრეფერენციული პირობით სარგებლობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გადახდის ვადა მათთვის 30 დღით იყო განსაზღვრული. უწყებაში განმარტავენ, რომ ბიზნესსუბიექტებს, ვისაც ეს ცვლილება შეეხო, ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის გონივრული ვადა მისცეს. ამ სიახლით უქმდება მხოლოდ გადახდის გადავადება, „ოქროს სიის“ კომპანიები გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ძველებურად ისარგებლებენ. ფინანსთა სამინისტრო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად გადასახადების გადახდის ნაწილში ინდივიდუალური პრეფერენციების არარსებობას მიიჩნევს. 

ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას ბიზნესსექტორი სკეპტიკურად შეხვდა. ბიზნესმენთა თქმით, ამ ცვლილებასთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა. მათივე განმარტებით, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მათ საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება. ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტთა ნაწილი. ამ ჯგუფის აზრით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად „ოქროს სიის“ წევრებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზეც. თუმცა სპეციალისტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ნებისმიერი ტიპის საგადასახადო პრევენციის დაწესებისთვის თანაბარი მიდგომის პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს. ამ ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, ათი ათასობით კომპანია ახორციელებს იმპორტს და თუ მათთვის იყო შესაძლებელი იმპორტის გადასახდელი 5 დღეში დაეფარათ, გაუგებარია, რა პრობლემა შეიძლება შეექმნას მსხვილ ბიზნესს.

მოქმედებს თუ არა გადახდის ნაწილში შეღავათები სხვა ქვეყნებში?

„ოქროს სიის“ წევრი კომპანიებისთვის ამ შეღავათის მოხსნის მომხრე ექპერტები განმარტავენ, რომ საიმპორტო გადასახდელების 5-დღიანი პერიოდი სწორედ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. მათივე განცხადებით, ეს არის ევროპული სტანდარტი და სიახლე არ არის.

სხვა თემები