07 ოქტომბერი 2019 - 19:22

ბოლოს და ბოლოს, კლიმატის ცვლილება მითია თუ რეალობა? 

კლიმატის ცვლილება

ფოტო: Shutterstock.com

გლობალურ დათბობაზე ძალიან ხშირად, ძალიან ბევრგან და ძალიან ბევრს საუბრობენ. ბოლოდროინდელი ახალი ამბების ხშირი ობიექტია შვედი გოგონა გრეტა ტუნბერგი, რომელმაც ამ პრობლემისკე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიაპყრო. რა არის გლობალური დათბობა და ნამდვილად არსებობს ის თუ არა? როგორ იცვლება კლიმატის და რა როლი აქვს ამ პროცესში ადამიანს?

არსებობს თუ არა გლობალური დათბობა?

არსებობს. გლობალური დათბობა არის ფაქტი, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ. ის არ არის დამოკიდებული მეცნიერების ან პოლიტიკოსების მოსაზრებებზე. ამისათვის საკმარისია, თვალი მივადევნოთ ჩვენი პლანეტის საშუალო წლიური ტემპერატურის დინამიკას. ეს მონაცემები სამ წყაროზე დაყრდნობით არის ხელმისაწვდომი: აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველოს ვებგვერდზე, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის ვებგვერდსა და  NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის ვებგვერდზე. აქ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მეტეოსადგურების მიხედვით თავმოყრილი მონაცემები, სურვილის შემთხვევაში კი - ეს მასალები ერთ დიდად არქივად ჩამოტვირთოთ, დამოუკიდებლად გააანალიზოთ და საკუთარი დასკვნები გააკეთოთ. 

გლობალური დათბობა არამხოლოდ დედამიწის ზედაპირის ჰაერის ტემპერატურის პირდაპირი გაზომვით დასტურდება, ამას მოწმობს მსოფლიო ოკეანის დონის ზრდაც, რომელსაც რამდენიმე მიმართულებით აკვირდებიან. ეს პროცესი წყლის თერმული გაფართოებით აიხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალი, ისევე როგორც ნებისმიერი ნივთიერება, გათბობისას ფართოვდება და როცა ამ პროცესის მასშტაბი გლობალურია, მსოფლიო ოკეანის დონე იმატებს. არსებობს გლობალური დათბობის დამადასტურებელი სხვა მონაცემებიც. ეს არის თოვლისა და ყინულის საფარის დნობა არქტიკაში, მყინვარების ლღობა და სხვ. აღნიშნული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატოლოგებისთვის, მაგრამ დათბობა რომ რეალურია, ეს მეტეოსადგურებზე უბრალო გაზომვითაც დასტურდება.

დღეისათვის ტემპერატურა რამდენით არის მომატებული?

დაახლოებით 1℃-ით.  კლიმატოლოგები ნულოვან ნიშნულად, როგორც წესი, იღებენ საშუალო გლობალურ ტემპერატურას, რომელიც მეოცე საუკუნეში ან ინდუსტრიამდელ პერიოდში (1850-1900 წლები) ფიქსირდებოდა.  

IPCC -ის ბოლო ანგარიშში კლიმატის ცვლილების ორი სცენარია განხილული. პირველ შემთხვევაში ტემპერატურა კიდევ ნახევარი გრადუსით - +1,5-მდე იზრდება, მეორე შემთხვევაში კი კიდევ ერთი გრადუსით - +2-მდე. ათვლის წერტილად ინდუსტრიამდელი პერიოდია აღებული. ერთი შეხედვით, ეს ძალიან დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მას პოლარულ რეგიონებზე, ზღვის ეკოსისტემაზე, წყალდიდობების სიხშირესა და სხვა მსგავს სფეროებზე ძალიან დიდი გავლენა ექნება.

კლიმატი ისედაც მუდმივად იცვლება. რა არის უჩვეულო მორიგ დათბობაში? 

კლიმატი ნამდვილად მუდმივად იცვლება. დედამიწის 4,5-მილიარდწლიანი არსებობის განმავლობაში ხან გაცილებით ციოდა, ვიდრე დღეს და ხანაც - პირიქით. თუმცა თუ გლობალური ტემპერატურის ყველა არსებულ მონაცემს თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ზრდის ტემპი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. 

რა თქმა უნდა, ჩვენი პლანეტის შორეული წარსულის შესახებ მონაცემები არც ისე ზუსტია, როგორც თანამედროვე ინფორმაცია და შესაძლოა, ტემპერატურის მოკლევადიანი ავარდნა გამორჩენილია. თუმცა, ბოლო ნახევარი მილიონი წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა და არ არსებობს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ადრე ხდებოდა.

რომელი ტერმინია სწორი - გლობალური დათბობა თუ კლიმატის ცვლილება?

ყველაზე სწორია „კლიმატის სწრაფი ცვლილება“. კლიმატის ახლანდელი ცვლილება, პირველ რიგში, თავისი ანთროპოგენული ბუნებითა და მაღალი ტემპით გამოირჩევა. „გლობალური დათბობა“ კლიმატის ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის უმეტეს ნაწილში საშუალო ტემპერატურა გაიზარდა, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში არის ერთი არც თუ ისე დიდი რეგიონი, სადაც ტემპერატურა იკლებს. ეს დაკავშირებულია გოლფსტრიმის შენელებასა და შესაბამისად, სითბური ნაკადების გადაადგილების შემცირებასთან. სწორედ ამიტომ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ „კლიმატის სწრაფი ცვლილება“ ყველაზე კორექტული ტერმინია.

მეორე მხრივ, ეს განსაზღვრება, შესაძლოა, ძალიან აკადემიურად ჟღერს. მაგალითად, ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა მიმდინარე წლის მაისიდან გადაწყვიტა, შესაბამის სტატიებში „გლობალური დათბობის“ ნაცვლად „კლიმატის ცვლილება“ ან „კლიმატური კრიზისი“ გამოიყენოს. ამის არგუმენტად კი დაასახელეს ის ფაქტი, რომ ტრადიციული ტერმინები „ძალიან პასიურად“ ჟღერს.

კლიმატის პროგნოზირება რამდენად რეალურია, როდესაც ამინდის პროგნოზიც არაზუსტია?

ამინდი და კლიმატი სხვადასხვა რამ არის. შესაბამისად, მათი პროგნოზირების პრინციპიც განსხვავებულია. იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილების პროგნოზი გაკეთდეს, მიმდინარე ამინდის პროგნოზი აუცილებელი სულაც არ არის. ამ დროს უნდა გაიზომოს დედამიწის ენერგია, ასახული სითბოს პროცენტული მაჩვენებელი, ატმოსფეროს შემადგენლობა, ოკეანიდან აორთქლებული წყლის დამოკიდებულება ტემპერატურაზე და სხვ. თითოეულ ამ კრიტერიუმს თავისი ცდომილება აქვს, რასაც კლიმატურ პროგნოზში გაურკვევლობა შეაქვს. თუმცა ეს ალბათობა წინასწარ არის ცნობილი, ის მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი სცენარის მკაფიო ჩარჩოებს ქმნის და ღრუბლების მდებარეობაზე სულაც არ არის დამოკიდებული.

კლიმატის ცვლილებასთან ადამიანი რა კავშირშია? 

სანამ ადამიანი გაჩნდებოდა, ჩვენი პლანეტის ენერგეტიკული ბალანსი სრულიად განსხვავებული იყო. მეცნიერთა უმრავლესობის (სულ ცოტა, მკვლევართა 97%-ი) აზრით, კლიმატის სწრაფი ცვლილების ძირითადი მიზეზი ადამიანის საქმიანობაა. ამას ადასტურებს მოსაზრებების შეჯამების მეთოდიკა, თუმცა მას გარკვეული შეზღუდვებიც შეიძლება ჰქონდეს. 

კლიმატის ცვლილების პროცესში ადამიანის როლს რამდენიმე მარტივი ფაქტიც კი ადასტურებს:

- ადამიანი იყენებს საწვავ სასარგებლო წიაღისეულს;

- ატმოსფეროში იზრდება ნახშირორჟანგის (CO₂) რაოდენობა. დღეს ის თითქმის ერთნახევარჯერ აღემატება იმ მაქსიმუმს, რაც ბოლო ნახევარი მილიონი წლის წინ დაფიქსირდა;

- ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც საწვავის დიდ ნაწილს მოიხმარენ, CO₂ -ის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთ ნახევარსფეროში;

- ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მცირდება;

- გლობალური ტემპერატურა უპრეცენდენტოდ იზრდება;

- მზის ენერგია იკლებს;

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს რამდენიმე ფაქტორიც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა დასკვნები გააკეთოს. თუმცა უნდა ითქვას, რომ კლიმატის ცვლილება მხოლოდ ტემპერატურის მატებას არ ნიშნავს. მას შეიძლება თან ახლდეს ცივი ჰაერის მასების გაძლიერება, რომლებიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიებზე წარმოიქმნება. ამ პროცესს პოლუსებზე ჰაერის მასების გადაადგილების ცვლილება იწვევს. თუმცა ეს კავშირი მეცნიერულად დადასტურებული არ არის, ის უფრო კვლევის საგანია.

კლიმატის ცვლილებას დადებითი მხარეები არ აქვს?

თითქოს უცნაურია, მაგრამ კი. მაგალითად, ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა მცენარეების ზრდის ტემპს დააჩქარებს, რაც საერთო მოსავლიანობაზეც დადებითად აისახება. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესი, დიდი ალბათობით, ბუნებრივ კატასტროფებს - გვალვას, წყალდიდობებსა და შტორმებს გამოიწვევს. 

კლიმატის ცვლილების ეკონომიკური ეფექტის გლობალურ სურათზე სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სტატია გამოაქვეყნეს. ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით მკვლევართა ჯგუფმა გააანალიზა საშუალო წლიურ ტემპერატურაზე სხვადასხვა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დამოკიდებულება. მათ ამ მაჩვენებლის ცვლილება ზემოთ ხსენებული ორივე სცენარის კონტექსტში განიხილეს.

კლიმატის ცვლილების შესახებ მეტი ინფორმაცია სად მივიღო?

თუ თქვენ ცხარე დისკუსიების მოყვარული ხართ, ვებგვერდ ScepticalScience.com-ზე შეგიძლიათ ამ მიმართულებით სკეპტიკურ მოსაზრებათა მთელ სპექტრს გაეცნოთ. მათთვის, ვისაც ინფორმაციის მიღება პირველწყაროსგან ურჩევნია, რეკომენდებულია IPCC-ის ანგარიში, რომლის ზოგად პათეტიკაზე ზემოთ ვისაუბრეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ სერიოზული მიზნები გაქვთ, შეგიძლიათ გაიაროთ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ონლაინკურსი, რომელიც დამწყებთათვის არის განკუთვნილი  და კლიმატის ცვლილებებს ეხება.

სხვა თემები