02 დეკემბერი 2019 - 20:10

დისლექსია გონებრივი სისუსტის მაჩვენებელია თუ პირიქით? 

დისლექსია

ფოტო: Shutterstock.com

დისლექსია არის კითხვის უნარის დაქვეითება, რომელიც საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. სტატისტიკის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი 10 ადამიანიდან 1-ი დისლექსიკია. დისლექსიის შემთხვევაში ბავშვი ასოებს ერთმანეთში ურევს, მარცვლებს გადააადგილებს და შესაბამისად, სიტყვის სწორად წაკითხვა უჭირს. პრობლემა წლებთან ერთად არ ქრება და ადამიანს მასთან გამკლავება მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს.

რა არის დისლექსია? 

დისლექსია ხშირად ერევათ ალალიაში. არა და, მათი ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯვნა აუცილებელია. დისლექსია არის სწორად და სწრაფად კითხვის უუნარობა, ალალია კი ზეპირი მეტყველების დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს სიტყვებისა და წინადადებების წარმოთქმა უჭირს. ხშირად მას დისგრაფიასა და დისკალკულიასთან კავშირში განიხილავენ. ოთხივე მათგანი სწავლის პროცესს ართულებს და ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე, სოციალიზაციის პროცესს აფერხებს. 

დისლექსიის მქონე ადამიანებს დისლექსიკებს უწოდებენ. მათ ახასიათებთ:

- კითხვის ტექნოლოგიის დაუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს საამისოდ საკმარისად განვითარებული ინტელექტი და მეტყველება აქვს; 
- დაწერილი ინფორმაციის რთულად აღქმა და გაგება; 
- კოორდინაციის დარღვევა (მოუხერხებლობა, მოძრაობის დაგეგმვასთან დაკავშირებული პრობლემები);
- ამ დროს ადამიანი რთულად ავითარებს კითხვისა და წერის უნარებს, ცუდად ითვისებს ორთოგრაფიულ ნორმებს; 
- სივრცეში ცუდად ორიენტირება;
- ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. 

დისლექსია ჰქონდა ალბერტ აინშტაინს, ლეონარდო და ვინჩის, თომას ედისონს, მაიკლ ფარადეისა და პაბლო პიკასოს. ეს შთამბეჭდავი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, რაც იმის მანიშნებელია, რომ კითხვის უნარის დაქვეითება არც თუ ისე იშვიათად დიდი ნიჭის თანმხლებია.

რა კონკრეტული სიმპტომები ახასიათებს დისლექსიას?

სტატისტიკის თანახმად, 40 მილიონი ამერიკელი დისლექსიკია, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ 2-მა მილიონმა იცის. არსებობს დისლექსიის მთელი რიგი სიმპტომები, რომლებიც მშობელს ეხმარება გაიგოს, რომ მის შვილს დარღვევის ეს ფორმა აქვს. რაც უფრო ადრეულ ასაკში დაუდგენენ ასეთ ადამიანს დიაგნოზს და დაუნიშავენ მკურნალობის საჭირო კურსს, შედეგიც უფრო მალე იქნება თვალსაჩინო. 

დისლექსიის თავისებურებებია:

- ბავშვი ხშირად იფშვნეტს და ოდნავ აელმებს თვალებს; 
- კითხვის დროს წიგნი ძალიან ახლოს მიაქვს ან ცალ თვალს იფარავს; 
- ძალიან სწრაფად იღლება;
- სხვადასხვა საბაბით საშინაო დავალების შესრულებისა და კითხვის პროცესის თავიდან არიდებას ცდილობს; 
- შეუძლია წიგნის კითხვა ისე, რომ თავი სანახევროდ შეატრიალოს, რათა ცალი თვალი კითხვის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდეს; 
- როდესაც კითხულობს, ცალკეულ სიტყვებს ტოვებს ან ტექსტში გარკვეულ ადგილებს ვერ ამჩნევს; 
- კითხვის დროს ან შემდეგ აქვს თავის ძლიერი ტკივილი; 
- ბავშვი რთულად აღიქვამს და იმახსოვრებს გეომეტრიულ ფიგურებს; 
- ადრეულ ასაკში სიტყვებს უკუღმა წერს; 
- ასაკისთვის შეუსაბამოდ ცუდად კითხულობს; 
- ბავშვის კალიგრაფია არის ძალიან გაუგებარი (სიტყვები ერთმანეთზეა გადაწერილი).

დისლექსიის დიაგნოსტირება ადრეულ ასაკშია სასურველი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს, შესაძლოა, უბრალოდ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამიტომ აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე წაიყვანოთ. შესაბამისად, თუ თქვენ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ არსებული სიმპტომების დისლექსიასთან დაკავშირება, ეს სპეციალისტს უნდა მიანდოთ.

დისლექსიის სხვადასხვა ფორმა არსებობს?

დიახ. დისლექსიის პირველი ფორმაა ოპტიკური. ამ ტიპის დარღვევის მქონე ბავშვს ასოები ერთმანეთში ერევა - მისთვის გრაფიკულ ნიშნებს სახასიათო თავისებურება არ აქვს. სწორედ ამიტომ ბავშვი მათ ვერ იმახსოვრებს. 

დისლექსიის მეორე ფორმა არის სემანტიკური. ეს იმას ნიშნავს, რომ დისლექსიკი წინადადების მიღმა ტექსტს ვერ ხედავს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ის სიმბოლოებს ასხვავებს, სიტყვის სახით ერთმანეთთან აკავშირებს, მაგრამ წაკითხულის აზრს (სემანტიკას) ვერ იგებს. 

მესამე ფორმა არის აგრამატიკული დისლექსია. აქ მთავარია არა სიმბოლოების გარჩევა, არამედ გრამატიკული ნორმების მიხედვით სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირება. სწორედ ასეთი შეცდომები ფიქსირდება აგრამატიკული დისგრაფიის დროსაც. 

დისლექსიის მეოთხე ფორმაა ფონემატიკური. კითხვის დროს ბავშვი ერთმანეთში ურევს ყრუ და მჟღერ თანხმოვნებს, კითხულობს ნელა, ასო-ასო და მარცვლებს ადგილებს უნაცვლებს. 

და ბოლოს, არსებობს მნესტიკური დისლექსია, რომელსაც მეხსიერების დარღვევა იწვევს. ამ ტიპის დისლექსიკს არ შეუძლია დაიმახსოვროს, გრაფიკულად როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული სიმბოლო და ბგერა. მისთვის ბგერის ვიზუალური მონახაზი არის აბსტრაქტული და არაკონკრეტული.

რა უშლის ხელს წაკითხულის გააზრებას? 

პრობლემის ფუნდამენტია ნეიროფიზიოლოგია. რა თქმა უნდა, ნიველირება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ დონემდე. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დისლექსია შეიძლება გენეტიკური იყოს. მიზეზების ჩამონათვალი მხედველობითი აღქმის დარღვევით სრულდება. იმ ადამიანების თვალები, რომლებიც კარგად კითხულობენ, ტვინს სხვადასხვა სურათს გადასცემენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მარჯვენა თვალის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მკვეთრად განსხვავდება მარცხენა თვალის მიერ აღქმული სურათისგან. ამასთანავე, ერთ-ერთ თვალს ყოველთვის აქვს პრიორიტეტი. დისლექსიკის ორივე თვალი კი ტვინს ერთნაირ ინფორმაციას გადასცემს, რაც მის სწორად გადამუშავებას აფერხებს.

დისლექსია გონებრივი სისუსტის ნიშანია?

არა. არც თუ ისე იშვიათია მოსაზრება, რომ კითხვის უნარის დარღვევა გონებრივი სისუსტის მაჩვენებელია, რაც ძალიან უხეში შეცდომაა. დისლექსიის პირველი დარეგისტრირებული შემთხვევა 1887 წლით თარიღდება. ეს მოხდა მაშინ, როდესაც გერმანელი ექიმი რუდოლფ ბერლინი თავის ნამუშევარში წერდა პაციენტზე, რომელიც პატარა ბიჭი იყო და საკმაოდ განვითარებული ინტელექტი ჰქონდა, მაგრამ კითხვის დროს შეცდომებს სისტემატურად უშვებდა. მიუხედავად ამ პრობლემისა, ბავშვი საღად აზროვნებდა და გონებრივი ჩამორჩენა სულაც არ ჰქონდა.

საბოლოოდ, 2011 წელს დამტკიცდა, რომ დისლექსია საერთო ინტელექტის ინდიკატორი სულაც არ არის. ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ნეიროფიზიოლოგიური ექსპერიმენტი ჩააატარეს. მათ 131 (7-დან 17 წლამდე) ბავშვი და მოზარდი მოიწვიეს. კითხვის უნარისა და ინტელექტის შემამოწმებელი მცირე ტესტის შემდეგ მკვლევრებმა ცდისპირები 3 ჯგუფად დაჰყვეს: ისინი, რომლებიც კარგად კითხულობდნენ და ნორმალური ინტელექტის კოეფიციენტი (IQ - Intelligence quotient) ჰქონდათ, მეორე კატეგორია, რომელიც ცუდად კითხულობდა და სტანდარტულ ინტელექტის კოეფიციენტს ფლობდა და მესამე, რომელიც ცუდად კითხულობდა, თან დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი ჰქონდა. ტესტის დროს ცდისპირებს აჩვენეს დაბეჭდილი სიტყვათშეხამებები და ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ისინი გარითმული. პარალელურად მათი ტვინის ექვსი ნაწილის (ისინი არიან პასუხისმგებელი ბგერებსა და გრაფიკულ ნიშნებს შორის შესაბამისობის დადგენაზე) მაგნიტო-რეზონანსული სკანირების საფუძველზე პროექტის მონაწილეებს აკვირდებოდნენ.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვებში ტვინის ამ ნაწილების აქტიურობა იყო ერთნაირად დაბალი. არ ჰქონდა მნიშვნელობა როგორი ინტელექტის კოეფიციენტი ჰქონდა მას, დაბალი თუ ნორმალური.

ესე იგი, დისლექსია განსაკუთრებულ ნიჭთან არის დაკავშირებული?

მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ დისლექსია გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანებს ახასიათებთ. ამაში, რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვლის პოვნა შეიძლება. თუნდაც იმიტომ, რომ ტვინს შეუძლია ერთი უნარის დაქვეითება მეორის განვითარების განსაკუთრებული დონით აანაზღაუროს. 

2010 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რათა დისლექსიისა და იშვიათი ნიჭის ურთიერთკავშირი ან დაემტკიცებინათ, ან უარეყოთ. ტესტი ვიზუალური და სამგანზომილებიანი სივრცის აღქმას ეხებოდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ დისლექსიკები გამოსახულების წვრილმან დეტალებს ბევრად უკეთ იმახსოვრებენ და მეხსიერებაზე დაყრდნობით, მრავალფეროვანი ნახატების უკეთ რეპროდუცირება შეუძლიათ. ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით არსებობს ვარაუდი, რომ ლეონარდო და ვინჩისა და პაბლო პიკასოს ფენომენალური მხატვრული უნარები მათ დისლექსიასთან იყო დაკავშირებული.

დისლექსია იკურნება?

პრობლემის დაძლევა შესაძლებელია. თუმცა დისლექსიის კორექცია მისგან სრულ გათავისუფლებას არ ნიშნავს. ეს ადამიანს ეხმარება, შეისწავლოს ტექნიკა, რომელიც მას დეფექტის „მოტყუებაში“ დაეხმარება. მკურნალობის კურსი დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული. კერძოდ, მნესტიკური დისლექსიის დროს აქცენტი მეხსიერების გავარჯიშებაზე კეთდება, აგრამიტიკული დისლექსიის შემთხვევაში კი ადამიანს ენობრივ ნორმებს აზეპირებინებენ. ეს არის რუტინული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მრავალჯერად გამეორებასთან არის დაკავშირებული.

როგორია საბოლოო შედეგი? 

ნეიროფიზიოლოგია არის დისლექსიის გაგებისთვის საჭირო და აუცილებელი გასაღები. სწორედ ის იწვევს ამ პრობლემას და ხელს უშლის ადამიანს, მისგან გათავისუფლდეს. დისლექსიას შეიძლება თან ერთვოდეს დაბალი ინტელექტი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან მყარად არის დაკავშირებული ან ერთი მეორეს გულისხმობს. სამწუხაროდ, დისლექსიისგან საბოლოოდ განკურნება შეუძლებელია, მაგრამ კომპეტენტურ თერაპიას კითხვის უნარის დაქვეითების თანმხლები დისკომფორტისგან გათავისუფლება ნამდვილად შეუძლია.

სხვა თემები