11 დეკემბერი 2019 - 19:01

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ფასები გათანაბრდა. ეს კარგია თუ ცუდი?

ფოტო: Shutterstock.com

21 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ამ ეტაპზე კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას შეეხო. საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ქირურგიული ჩარევის თუ სხვა სამედიცინო მომსახურების ფასი ერთი და იგივე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ ხელმძღვანელობა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. ამ ცვლილებას სამედიცინო წრეებში პროტესტი მოჰყვა. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის ეს ნაწილი არ გადაავადა.

ამ რეგულაციის აუცილებლობა რატომ გაჩნდა? 

ჯანდაცვის სამინისტროში ერთიანი სატარიფო სისტემის შემოღებას იმით ხსნიან, რომ ეს ცვლილება ყველა სამედიცინო დაწესებულებას თანაბარ პირობებში აყენებს. რეფორმის ავტორები ბაზრის რეგულაციასა და ხარისხის მართვაზე აკეთებენ აქცენტს. ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე დაწესებული მაღალი გადასახადი კი, რომელიც პაციენტზე პირდაპირპროპორციულად აისახება, არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო აპელირებს. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, ერთიანი სატარიფო სისტემის ამოქმედებამდე რეალური დანახარჯები შეისწავლეს და განსხვავება მხოლოდ ფასებში იყო და არა - ხარისხში. სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა ფასების ვარირების მექანიზმი, რაც ამა თუ იმ კლინიკის თავისებურებებს დაუკავშირა. როგორც რეფორმის ავტორები აცხადებენ, მათ ანალიზის საფუძველზე რეალური დანახარჯები განიხილეს და ოპტიმალურ ტარიფებზე შეჯერდნენ. 

ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რეგულაციის შემუშავებამდე ყველა კლინიკამ დანახარჯების საკუთარი სტრუქტურა წარმოადგინა. შემდეგ კი ეს მონაცემები სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა გააანალიზა, რომელიც ძალიან მარტივ მათემატიკურ გაანგარიშებებსა და რეალურ საბაზრო ღირებულებას ეფუძნება.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს რა არ მოსწონთ?

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებაში აცხადებენ, რომ სპეციალისტების უმრავლესობა ტარიფების გათანაბრებას მიესალმება, მაგრამ მთავრობის 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ფასები რეალობას არ შეესაბამება. ისინი იმდენად დაბალია, რომ ამ შემთხვევაში ხარისხიანი და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ყველა კლინიკის ადმინისტრაცია ახლა ხარჯების შემცირებით არის დაკავებული, რაც პირველ რიგში, სახელფასო ფონდს შეეხება.

სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციები ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ, მაგრამ კერძო საუბრებში ექიმები ადასტურებენ, რომ კადრების შემცირება ყველა კლინიკაში იგეგმება. მათი ინფორმაციით, სახელფასო ფონდი 30-40%-ით შემცირდება. ეს იმ ფონზე, როდესაც ექთნების საშუალო ხელფასი 600 ლარია.

ექიმები კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ სადაც ეს პროცესი დაწყებული არ არის, 1 თვეში გარდაუვალი იქნება, რადგან ჯერ მხოლოდ ცუდი მოლოდინია, მაგრამ რეალური შედეგები თვალსაჩინო მალე გახდება. სამედიცინო დაწესებულების პერსონალი ამ მიმართულებით ისედაც რთულ სიტუაციაზე საუბრობს, რადგან ისინი ხელფასებს 3-4 თვის დაგვიანებით იღებენ. ამის მიზეზი კი სახელმწიფოს მხრიდან თანხების დაგვიანებით გადარიცხვაა. 

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებაში განმარტავენ, რომ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში კანონით არ არის დარეგულირებული, თუმცა არსებობს ნორმატიული რეკომენდაციები და შესაბამისი უცხოური გაიდლაინები, რათა კონკრეტული რაოდენობის პაციენტზე გარკვეული რაოდენობის სამედიცინო პერსონალი იყოს გათვლილი. პირობითად, რეანიმაციულ განყოფილებაში თუ 2 ავადმყოფს 1 ექთანი უნდა ემსახურებოდეს, სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე, დასაქმებული პერსონალიც შემცირდება და აღმოჩნდება, რომ 5 საწოლზე მხოლოდ 1 ექთანია გათვლილი. ეს, რა თქმა უნდა, მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახება. 

კარდიოლოგები და რეანიმატოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთიანი სატარიფო სისტემა ისედაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მედიცინის სფეროს კარგს არაფერს მოუტანს. დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო პერსონალის სიმცირის გამო არასაკმარისი ყურადღება და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა - ეს ის საფრთხეებია, რომლებზეც ახალი რეგულაციის კრიტიკოსები საუბრობენ. მათი აზრით, ერთიანი სატარიფო სისტემა ამჟამად არსებული სამედიცინო დაწესებულებების შემცირებასაც გამოიწვევს. სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ დღეისათვის საქართველოში საჭიროზე მეტი ჰოსპიტალია, მაგრამ ეს თავიდანვე უნდა დარეგულირებულიყო. 

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებაში ღიად აღნიშნავენ, რომ ამ სფეროში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია, მაგრამ ასეთი მკვეთრი პოლიტიკით ისინი ვერ მოგვარდება. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ კლინიკების რაოდენობა ნამდვილად შესამცირებელია, არაეფექტიანად იხარჯება სახელმწიფოს ფულიც, მაგრამ ეს პრობლემები ცივილიზებული მეთოდებით უნდა მოგვარდეს და არა ასეთი ხისტი ნაბიჯებით.

აქვს თუ არა ამ რეგულაციას ალტერნატივა? 

ერთიანი სატარიფო სისტემის კრიტიკოსების აზრით, ახალი რეგულაციები ჯერ უნდა დაგეგმილიყო, მოეწვიათ სპეციალისტები და გაემართათ დისკუსიები, რათა მოსალოდნელი შედეგები და რისკები განსაზღვრულიყო და ამ საფრთხეების შერბილების მექანიზმი შემუშავებულიყო. მოცემულ სიტუაციაში კი საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციაში ძალიან ეეჭვებათ, რომ ეს კომპონენტები ვინმემ გაითვალისწინა. თუმცა რეფორმის ავტორები საპირისპიროს ამტკიცებენ.

სპეციალისტების განმარტებით, 1997-1998 წლებში შედგენილი ტარიფებით დღეს ხელმძღვანელობა ყოვლად წარმოუდგენელია. არადა, მას მერე ამ სტანდარტზე არავის უმუშავია. დღეს კი ჯანდაცვის უწყებამ 10 წლის წინანდელი ტარიფებით იხელმძღვანელა და ისიც კი შეამცირა. კარდიოლოგთა და რეანიმატოლოგთა თქმით, მაღალტექნოლოგიური მომსახურებისთვის საჭირო აპარატურა, კათეტერები და მედიკამენტები უცხოეთიდან შემოდის, ადგილობრივი შეიძლება იყოს მხოლოდ ბამბა და ბინტი. დანარჩენი მასალის ყიდვა მათ უცხოურ ვალუტაში უწევთ, რომლის კურსიც 10 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია. შესაბამისად, ამა თუ იმ პროცედურის ხარჯები გაზრდილია, რაც სამინისტროს მიერ დადგენილ ფასებში გათვალისწინებული არ არის.

ექიმების შენიშვნების წინააღმდეგ სამინისტროს რა არგუმენტები აქვს?

ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული კითხვებითაც მივმართეთ, მაგრამ უწყებაში გვირჩიეს, რომ ამ ეტაპზე მათ მიერ დღემდე გაკეთებული საჯარო კომენტარებით და არგუმენტებით (იხ. პირველი კითხვის პასუხი - რედ.) გვესარგებლა, რადგან შეხვედრები ჯერ არ დასრულებულა, „როგორც კი რაიმე სიახლე გვექნება, გავავრცელებთ“, - განაცხადეს სამინისტროში.  

რას აპირებენ ერთიანი სატარიფო სისტემის კრიტიკოსები?

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების, რითმოლოგთა საზოგადოებისა და კარდიოქირურგთა საზოგადოების წარმომადგენლებმა, რეანიმატოლოგებმა და ადმინისტრატორებმა სამუშაო ჯგუფი შექმნეს. სპეციალისტებმა ეგრეთ წოდებული კალკულაცია გააკეთეს, აღწერეს მატერიალური ხარჯები და ის მედიკამენტები, რაც სხვადასხვა პროცედურას სჭირდება. მათ ამის შესახებ პრემიერმინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს წერილი გაუგზავნეს. როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები აცხადებენ, ეს არის არა იდეალური და ევროპული მოდელი, არამედ მინიმალური ხარჯები. მათივე განმარტებით, კვირის ბოლოს მზად იქნება სამუშაო ვერსია, რომელსაც ჯანდაცვის უწყებას წარუდგენენ.

სხვა თემები