29 დეკემბერი 2019 - 23:56

ბოლო ათწლეულის ყველაზე სისხლიანი პროტესტი ირანში. რა უნდათ მომიტინგეებს?

პრეზიდენტ ჰასან როუჰანის საპროტესტო პლაკატი ბერლინის აქციაზე, 2016 წელი

პრეზიდენტ ჰასან როუჰანის საპროტესტო პლაკატი ბერლინის აქციაზე, 2016 წელი

ფოტო: Shutterstock.com

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლების მიერ გასაიდუმლოებული ანგარიშის თანახმად, ნოემბერში ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, შესაძლოა, 1500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ეს ციფრები (გაცილებით ადრე გავრცელებული 342 გარდაცვლილის ფონზეც კი) მეტყველებს იმაზე, რომ ნოემბრის პროტესტი ყველაზე სისხლიანია მას შემდეგ, რაც 1970-იანი წლების ბოლოს ირანში ისლამური რეჟიმი დამყარდა. ექსპერტების შეფასებით, ასეთ ძლიერ გამოწვევებს ირანის ამჟამინდელი მმართველი რეჟიმი არასდროს დაჯახებია.

ემსხვერპლა თუ არა საპროტესტო აქციას 1500 ადამიანი?  

ირანის ხელისუფლება ზუსტი მონაცემების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. თავდაპირველად 342 გარდაცვლილი სახელდებოდა. 1500 დაღუპულზე კი ჯერჯერობით ოფიციალური საჯარო ინფორმაცია არ არსებობს. Reuters-ი სხვადასხვა წყაროზე დაყრდობით წერს, რომ გარდაცვლილთა შორის 400 ქალია. თუმცა სააგენტო ამ ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმების სირთულეზეც ამახვილებს ყურადღებას. 

ცნობილია, რომ ირანში 1999 წლის საპროტესტო აქციების დროს ერთ კვირაში 17 ადამიანი დაიღუპა, 2009 წელს კი - რამდენიმე თვეში 70-ზე მეტი. ამიტომ, ნოემბრის აქციის დროს გარდაცვლილთა რაოდენობის ამსახველი ყველაზე მოკრძალებული ციფრიც კი იმაზე მეტყველებს, რომ 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ეს ყველაზე სისხლიანი გამოსვლები გახლდათ. ახლანდელ საპროტესტო აქციებზე გაცილებით ნაკლები ადამიანიც რომ ყოფილიყო, ვიდრე 10 წლის წინ, დემონსტრანტების მიერ დაკავებული ქალაქების რაოდენობით, პროტესტის ეს ტალღა გაცილებით ძლიერი იყო. ექსპერტები შეფასებით, ეს ადამიანები არანაირ ძალადობრივ ქმედებას ან ვანდალურ აქტს არ ჩადიოდნენ, ამიტომ მსგავსი სადამსჯელო ოპერაციები რეჟიმით იმედგაცრუებულების ტალღას კიდევ უფრო აძლიერებს.

რას აპროტესტებენ ირანელები? 

ნოემბრის საპროტესტო აქციები ბენზინის ფასის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია. ადრე ერთი ლიტრი ბენზინი ირანში 10 ათასი რიალი (0,09 აშშ დოლარი) ღირდა. 15 ნოემბრიდან კი ამოქმედდა ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც, ერთი ლიტრი ბენზინი (პირველი 60 ლიტრი) 15 000 რიალი გახდა. ზემოთ მითითებული ნორმის გადაჭარბების შემდეგ კი, ერთი ლიტრის ღირებულება 30 ათასი რიალია (0,27 აშშ დოლარი), რაც ძველ ფასს 3-ჯერ აღემატება. ამასთან, ეს თანხაც კი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში მოქმედი ფასი. 

ირანის სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაციამ 47,2%-ი შეადგინა. ცალკეულ საქონელზე კი (მაგალითად, პროდუქტები და საწვავი) ფასი 63,5%-ით გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასმა 82%-ით მოიმატა. ეს ციფრები ადასტურებს, რომ შემოსავლის უმეტეს ნაწილს ადამიანები კვებაზე ხარჯავენ. უფრო მასშტაბურად თუ შევხედავთ, ამით ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. 2018 წლის მონაცემებით, ირანის მოსახლეობის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით კი, უმუშევრობამ 30%-ი (ოფიციალური მონცემებით - 12,5%-ი) შეადგინა. 

დამატებითი დაძაბული მუხტი შექმნა ფასის მატების შესახებ ინფორმაციის მოულოდნელობამ. თუმცა ამ სიახლისადმი საზოგადოების მოუმზადებლობა იყო ირანის ხელისუფლების მხრიდან არა გაუთვალისწინებელი შეცდომა, არამედ გაცნობიერებული მცდელობა, რომ არალეგალური ბიზნესის ზრდა შეჩერებულიყო. ეს კი გულისხმობს მეზობელ ერაყსა და ავღანეთში კონტრაბანდას, რადგან ამ ქვეყნებში ბენზინის ფასი ბევრად მაღალია. საბოლოოდ, ტარიფის ზრდის შესახებ ცნობილი გახდა პარასკევს, 15 ნოემბერს, რომელიც ტრადიციულად დასვენების დღეა და ამავდროულად, მოციქულ მუჰამედის დაბადების დღე, რაც საზოგადოებამ დამატებით ნეგატიურ კონტექსტად აღიქვა. 

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ განაცხადა, რომ ფასის მატება დაადასტურა ეკონომიკური კოორდინაციის უმაღლესმა საბჭომ, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოა წარმოდგენილი. თუმცა ქვეყნის პარლამენტში ეს სიახლე გააპროტესტეს. ამ პროცესიდან როგორც საზოგადოების, ისე საკანონმდებლო ორგანოს გათიშვამ უკმაყოფილების ტალღა კიდევ უფრო გაზარდა. 

ყველასთვის ცხადია, რომ ირანის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ფასის მატებას, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით გამოიწვევს. მოქალაქეთა პროტესტი მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებს არ უკავშირდება, თუმცა გამოსვლების ძირითადი მიზეზი ხშირად სწორედ ეს საკითხია. 

წინა საპროტესტო ტალღა ირანში 2017 წლის დეკემბერში აგორდა. ეკონომიკური ლოზუნგების გვერდით ძალიან მალე პოლიტიკური მოთხოვნები გაჩნდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ. ისინი ირანის სულიერ ლიდერს - ალი ხამენეისა და ზოგადად, სისტემას ეწინააღმდეგებოდნენ. ნოემბრის აქციების არეალი კი გაცილებით ფართო იყო. მასში სტუდენტებთან ერთად მცირე და საშუალო მოვაჭრეები მონაწილეობდნენ. ამჯერად როგორც აქციის მონაწილეები, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები, უფრო რადიკალურად მოქმედებდნენ. მსხვერპლის რაოდენობაც სწორედ ამას მოწმობს.  

დემონტრანტებმა მსხვილი ავტობანები გადაკეტეს, ხელისუფლებამ კი ინტერნეტის საერთაშორისო სეგმენტი ერთი კვირით დაბლოკა. ასე რომ, მთელი ამ ხნის განმავლობაში ირანში მხოლოდ შიდა ქსელი ფუნქციონირებდა.

რა როლი შეასრულა ამ პროცესში ამერიკულმა სანქციებმა? 

აშშ-ის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას თავისი შედეგები აქვს - ირანიდან ნახშირწყალბადის ექსპორტი არსებითად შემცირდა, ევროკავშირის დაპირებამ კი ირანთან ვაჭრობის ალტერნატიული მექანიზმის შექმნის შესახებ, მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა. 2019 წლის ივლისისთვის ნავთობის ექსპორტი დღეში 100 ათას ბარელამდე დაეცა. ამერიკულ სანქციებამდე კი ეს მაჩვენებელი დღეში 2,7 მილიონ ბარელს შეადგენდა. ირანმა ეკონომიკის დივერსიფიკაცია ნაწილობრივ შეძლო, მაგრამ ეს ცვლილებები სწრაფ და გადამწყვეტ გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე ვერ მოახდენს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ვერ მოხსნის მედიკამენტებისა თუ სამედიცინო აღჭურვილობის უკმარისობის პრობლემას და ვერც მაღაზიების თაროებიდან პირველადი მოხმარების ნივთების გაქრობას უშველის. 

დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდის სანქციები ირანში რეჟიმის შეცვლისკენ არის მიმართული, თუმცა ამ შეზღუდვებისადმი დამოკიდებულება ქვეყნის შიგნით არაერთგვაროვანია. ამ სანქციების თანამდევი ეკონომიკური შედეგებითა და საერთაშორისო იზოლაციით ყველაზე მეტად ირანის რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. სწორედ ამიტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და ირანის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ბრაიან ჰუკის მიერ დემონსტრანტების მხარდაჭერამ სკეპტიკური რეაქცია გამოიწვია. გარდა ამისა, ირანში გაბატონებულია აზრი, რომ მძიმე ეკონომიკური პირობები გამოწვეულია ქვეყანაში არსებული არასწორი მმართველობითა და კორუფციით და არა - გარე ფაქტორებით. 

მეორე საგარეოპოლიტიკური პრობლემა არის ის, რომ ირანის პარალელურად საპროტესტო აქციები მეზობელ ერაყსა და ლიბანშიც იმართება. თითოეულ ქვეყანას საკუთარი გასაჭირი აქვს, თუმცა მეზობელმა ქვეყნებმა შეიძლება თეირანისგან (რეგიონში საკუთარი გავლენის მხარდასაჭერად) დამატებითი რესურსები მოითხოვონ. თუმცა ეს საზოგადოებაში მღელვარებას იწვევს. ირანის მოქალაქეები ლეგიტიმურ კითხვებს სვამენ: რატომ მიედინება ქვეყნის რესურსი მის ფარგლებს გარეთ, როცა საკმარისი მედიკამენტები თავად ირანს არ აქვს, ქვეყანაში ინფლაცია მძვინვარებს, შრომის ანაზღაურება დაბალია, უმუშევრობის დონე კი - მაღალი? 

ამავდროულად, ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ აქციის მონაწილეები „უცხო ქვეყნის აგენტები“ არიან ან ირანის მტრების წაქეზებით მოქმედებენ. ინტერნეტის გათიშვასაც მმართველი რეჟიმი სწორედ ამით ხსნის. მათი განმარტებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია, რათა თავიანთ მოქალაქეებზე მავნე ზეგავლენა შეაჩერონ და სიტუაცია დაარეგულირონ.

ირანის პოლიტიკური რეჟიმი დასრულდება? 

26 დეკემბერს ირანში ახალი საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი. მიტინგი ნოემბრის აქციების შედეგად დაღუპულთა 40-დღიანი გლოვის დასრულებას ეძღვნებოდა. BBC-ს მონაცემებით, ამ მოვლენის დაწყებამდე ქვეყნის გარკვეულ ნაწილში ხელისუფლებამ ინტერნეტი ისევ გათიშა. საბოლოოდ, როგორც The New York Times-ი იუწყება, ქუჩაში არც თუ ისე ბევრი ადამიანი გამოვიდა. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ გამოიყვანა სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომელთაც მოტოციკლებითა და ბრონირებული ტექნიკით ჩაიარეს და რევოლუციურ სლოგანებს სკანდირებდნენ. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს იყო რეჟიმის მხრიდან ძალის დემონსტრირება. 

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ირანში საზოგადოების უკმაყოფილებამ პიკს ჯერ ვერ მიაღწია. თუმცა ნოემბრის პროტესტმა ხელისუფლება აშკარად ააღელვა. ბუნებრივია, მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენ ირანელს სურს რეჟიმის შეცვლა, უცნობია. თუმცა შაჰის მმართველობის პერიოდის ნოსტალგია უკვე აშკარად შეიმჩნევა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ არც თუ ისე იშვიათია საუბარი ირანში მონარქიის აღდგენის შესახებ, რაც ქვეყნის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრის ირანში დაბრუნებას გულისხმობს. ამ იდეის რეალურობა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, თუმცა მსგავსი განწყობა ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არ არის.

სხვა თემები