15 აპრილი 2017 - 19:42

შეიცვლება თუ არა თურქეთი - რატომ არის 16 აპრილის რეფერენდუმი მნიშვნელოვანი?

16 აპრილს, თურქეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე რეფერენდუმი ტარდება.
ამომრჩევლებმა ხმა უნდა მისცენ საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც თურქეთს გადააქცევს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად, რაც ერდოღანის დიდი ხნის სურვილია. 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ რეფორმას დამატებითი ბიძგი მისცა.  

თუკი ამომრჩეველი ცვლილებებს მხარს დაუჭერს, 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ეს ქვეყნის ტრანსფორმაციის თვალსაზრისით ყველაზე დიდი ცვლილება იქნება. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი განუსაზღვრელ ძალაუფლებას მიიღებს. რეფორმის მოწინააღმდეგეთა აზრით, თურქეთი საბოლოოდ დაადგება ისლამიზაციის და ავტორიტარიზმის გზას. მომხრეები აცხადებენ, რომ ტურბულენტურ ეპოქაში ცვლილებები აუცილებელია სისტემის მდგრადობისთვის: საპარლამენტო კოალიციების შექმნის აუცილებლობა აღარ იარსებებს, მართვის სისტემა გამარტივდება და სტაბილური გახდება.

ამომრჩევლის თანხმობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

რა მოხდება თუკი ამომრჩეველი საკონსტიტუციო რეფორმას "მხარს დაუჭერს"?

პრეზიდენტ ერდოღანის კონტროლი გაიზრდება ბიუჯეტზე, ის დანიშნავს მინისტრებს და მოსამართლეებს, ასევე დაითხოვს პარლამენტს. პრემიერმინისტრის თანამდებობა გაუქმდება. პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი. მას ექნება ვეტოს უფლება, რომლის დაძლევასაც პარლამენტში დეპუტატების მხოლოდ აბსოლუტური უმრავლესობა შეძლებს. გაჩნდება ვიცეპრეზიდენტების თანამდებობა, რომლებსაც პრეზიდენტი დანიშნავს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა გართულდება და მისი თანამდებობიდან გადაყენება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება. პროცედურის დასაწყებად აუცილებელი იქნება დეპუტატების ხმათა ⅔. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდე მივა, მას დიდი ალბათობით არ გადააყენებენ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს 15 მოსამართლიდან 12-ს პრეზიდენტი ნიშნავს.

ცვლილებები შეეხება თურქეთის პარლამენტსაც (მეჯლისი). დეპუტატების რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება.

შეიცვლება საგანგებო მდგომარეობის შემოღების და გაუქმების წესი. პრეზიდენტს მეტი პირობა ექნება მის შემოსაღებად. განსაკუთრებული მდგომარეობის მოქმედების ვადა სამიდან ექვს თვემდე იზრდება.     

62 წლის ერდოღანი თანამდებობაზე დარჩენას 2029 წლამდე შეძლებს



რეჯეფ თაიფ ერდოღანი 1954 წლის 26 თებერვალს სტამბოლში დაიბადა. 1994-1998 წლებში იყო სტამბოლის მერი. მისმა “სამართლიანობის და განვითარების პარტიამ” თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში 2003 წელს ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა. შესაბამისად, 2003 წელს ის პრემიერმინისტრი გახდა და ამ თანამდებობას 2014 წლამდე იკავებდა. 2014 წლის 28 აგვისტოდან დღემდე არის თურქეთის პრეზიდენტი.

ქვეყნის კონსტიტუციით, პრეზიდენტს ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა ორი ხუთწლიანი ვადით შეუძლია. თურქეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წელს ტარდება. საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ერდოღანს პრეზიდენტობის მოქმედი ვადა აღარ ჩაეთვლება და ხელისუფლებაში ახალი ორი ვადით ანუ 2029 წლამდე დარჩენას შეძლებს. 

რა მოხდება თუკი ამომრჩეველი საკონსტიტუციო რეფორმას "მხარს არ დაუჭერს"?

საკონსტიტუციო რეფორმის აგიტატორები არიან ერდოღანის მმართველი “სამართლიანობის და განვითარების პარტია”, ასევე დევლეთ ბახჩელის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის ლიდერები.  

რეფორმას ეწინააღმდეგებიან ოპოზიციური პარტიები: პროქურთული "ხალხების დემოკრატიული პარტია" და ქემალ ქილიჩდაროღლუს "სახალხო-რესპუბლიკური პარტია".  

პროქურთული "ხალხების დემოკრატიული პარტიის" ლიდერები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააპატიმრეს. ლიდერებთან ერთად, ციხეშია პარტიის ათასობით წარმომადგენელი, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მათ ბრალად ედებათ თურქეთში აკრძალულ "ქურთისტანის მშრომელთა პარტიასთან" კავშირი. ამ მოვლენების შემდეგ პარტია ფაქტობრივად დემორალიზებულია, რის გამოც მის წარმომადგენლებს უჭირთ რეფორმის წინააღმდეგ აქტიური და სრულყოფილი კამპანიის ჩატარება. იმავდროულად, თურქული მედია ერიდება ამ პარტიის წარმომადგენლებისთვის ტრიბუნის დათმობას.

ანალოგიური პრეტენზია აქვს პრესასთან ქემალ ქილიჩდაროღლუს "სახალხო-რესპუბლიკურ პარტიასაც". ის აცხადებს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის მედია მას საკმარის დროს არ უთმობს.

თუკი ოპოზიციის შეზღუდული მოქმედების პირობების მიუხედავადაც, თურქეთის მოსახლეობა რეფერენდუმზე ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ეს მმართველ პარტიას და მის მოკავშირეებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. რეფორმების პაკეტს, სავარაუდოდ, გაურკვეველი დროით გადადებენ და ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოლაპარაკებები დაიწყება.

როგორია წინასწარი საზოგადოებრივი კვლევების შედეგები?



თურქეთის რესპუბლიკის დაარსების დღიდან, ამ ქვეყანაში სახელმწიფოს საერო და რელიგიური გზით განვითარების მომხრეებს შორის ყოველთვის არსებობდა წინააღმდეგობა, თუმცა დღეს საზოგადოებრივი აზრი თურქეთში პოლარიზებულია ისე, როგორც არასდროს.

იმავდროულად, თურქეთის საზოგადოება პოლარიზებულია არამხოლოდ საერო და რელიგიური, არამედ სოციალური ნიშნითაც. კერძოდ, წინააღმდეგობაა ინტელექტუალურ წრეებს, რეგიონების მცხოვრებლებსა და მშრომელთა ფენებს შორის. ამიტომ რეფორმის მომხრეთა გამარჯვების კიდევ ერთ შესაძლო შედეგად სახელდება ის, რომ თურქი ინტელექტუალების დიდი ნაწილი ქვეყანას დატოვებს.

ბოლო თვეების კვლევებში რეფორმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის რაოდენობრივი სხვაობა 2-4%-ზე მეტს არ შეადგენდა - ხან ერთი, ხან მეორე მხარის სასარგებლოდ. იანვარში უპირატესობა რეფორმის მომხრეებს ჰქონდათ, თებერვალში - მოწინააღმდეგეებს.  

რეფერენდუმამდე ერთი კვირით ადრე კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა, რომლის თანახმად, რესპონდენტების 52% ემხრობა ქვეყნის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაქმნას.

როგორ აისახება რეფერენდუმში ერდოღანის პოზიციის გამარჯვება თურქეთის და დასავლეთის ურთიერთობაზე?

ეს ურთიერთობები უკვე საკმარისად გაფუჭდა ერდოღანის მმართველობის ბოლო წლებში. მას შემდეგ რაც თურქეთის ლიდერს ევროკავშირში გაწევრიანების იმედები ამოეწურა, მან საგარეო პოლიტიკაში თურქეთის პოზიციონირება შეცვალა და ბოლო წლებია მას წარმოაჩენს, როგორც ინდივიდუალურად მოთამაშე რეგიონულ ზესახელმწიფოს, რომელიც ალიანსებზე მაღლა ნაციონალურ ინტერესებს აყენებს. ნაციონალისტური და პოპულისტური სულისკვეთება შეიძინა მისმა საშინაო პოლიტიკამაც. ის არის ხელისუფალი, რომელიც თურქეთს მართავს აღმოსავლური მმართველობის საუკეთესო ტრადიციებში, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად და ამას თურქეთის ისტორიული და კულტურული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე გლობალური ტერორიზმის საფრთხეებთან გამკლავების აუცილებლობით ხსნის.  

2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ურთიერთობა დასავლეთთან, განსაკუთრებით კი ევროპის სახელმწიფოებთან კიდევ უფრო გამწვავდა. ერდოღანმა რეფერენდუმის ჩატარებაზე გადაწყვეტილების შემდეგ სააგიტაციო კამპანიები დაგეგმა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც რამდენიმე მილიონი თურქი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი თურქეთის მოქალაქეცაა და შეუძლია რეფერენდუმში მონაწილეობა.

გერმანიაში ხმის მიცემა შეუძლია 1,4 მილიონ თურქს, ავსტრიაში - 300 ათასს. თებერვლის გამოკითხვებით, ეს ადამიანები არ ემხრობოდნენ ერდოღანის რეფორმას, ამიტომ მან დაგეგმა კამპანიები გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის ქალაქებში. საფრანგეთის გარდა, ყველა სხვა ქვეყანამ მას ამ კამპანიების გამართვაზე, სხვადასხვა მიზეზით, უარი უთხრა, რასაც თურქეთის და ამ ევროპული ქვეყნების ლიდერებს შორის საჯარო დაპირისპირების ტალღა მოჰყვა.

ევროკავშირში ეშინიათ, რომ ერდოღანის ხელში თავმოყრილი ძალაუფლების პირობებში თურქეთი ავტორიტარიზმის გზას საბოლოოდ დაადგება. რეფერენდუმში რეფორმის მომხრეთა გამარჯვების შემთხვევაში, ევროპელები თურქეთის პრეზიდენტს გააკრიტიკებენ ევროპული დემოკრატიული ღირებულებების ღალატისთვის.

განსხვავებით ევროპელებისგან, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის თურქეთში დემოკრატიის საკითხი პირველხარისხოვანია. ანკარა, დიდი ალბათობით, ამერიკის კრიტიკის ადრესატი არ გახდება. ტრამპის ადმინისტრაციას თურქეთში ძლიერი ლიდერი და სანდო მოკავშირე სჭირდება, რომელსაც ნატოს სამხრეთ ფლანგზე დაეყრდნობა.

თურქეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1952 წელს, საბჭოთა კავშირიდან მომავალი საფრთხის გამო გაწევრიანდა, რამაც ცივი ომის პერიოდში მისი ვაშინგტონთან მჭიდრო კავშირი განაპირობა. დასავლეთთან ბოლოდროინდელი წინააღმდეგობის მიუხედავად, ანკარას ამ სამხედრო ალიანსში მისი ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

რა გავლენას მოახდენს რეფერენდუმის შედეგები თბილისი-ანკარას ურთიერთობებზე?

თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამ ქვეყანასთან თბილისს აქვს მშვიდი, სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. ბოლო წლებში საგარეო ფრონტზე თურქეთის პოლიტიკის კორექტირება ანკარა-თბილისის ურთიერთობებზე არ ასახულა. შესაბამისად, ახლო მომავალში ამ ურთიერთობაზე დრამატულად არ უნდა აისახოს არც რეფერენდუმის შედეგები - დაუჭერენ საკონსტიტუციო რეფორმას მხარს თურქი მოქალაქეები თუ უარს იტყვიან თურქეთის სახელმწიფოს ფუნდამენტურ ცვლილებაზე.

კომენტარები ()

სხვა თემები