31 ოქტომბერი 2022 - 09:53

მართალია თუ არა, რომ შოკოლადი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა?

ფოტო: Facebook

ადამიანები შოკოლადს სხვადასხვა ფორმით საუკუნეების განმავლობაში მიირთმევდნენ. ისტორიულად, მას ყველაზე ხშირად კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული ცხელი კაკაოს სახით იღებდნენ. ზოგიერთ კულტურაში (თუმცა არა ყველა) კაკაოს უმატებდნენ შაქარსა და რძეს, მას მიმზიდველად ფუთავდნენ და შოკოლადის ფილებად ან კანფეტებად ყიდდნენ. რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს შოკოლადი ადამიანის ჯანმრთელობისთვის - ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული მოსაზრებები BBC-მ მოისმინა. 

რა ხდება?

პანამაში მდებარე სან ბლასის კუნძულებზე მცხოვრებ კუნას ტომის ინდიელებს აქვთ დაბალი წნევა, რომელიც ასაკთან ერთად სულაც არ იმატებს. მათ იშვიათად აღენიშნებათ გულის შეტევა და ინსულტი, ამასთანავე, კიბოთი და დიაბეტით ნაკლებად ავადდებიან. გარდა ამისა, კუნას ტომის წარმომადგენლები, როგორც წესი, საკმაოდ ასაკოვან პერიოდში კვდებიან. ამ მონაცემებს გვაწვდის ამერიკის კიბოს საზოგადოების ეპიდემიოლოგიური კვლევების განყოფილების უფროსი სამეცნიერო ხელმძღვანელი - მარჯი მაკკალოუ. 

სამეცნიერო წრეებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მარილის ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ შეიძლება არტერიული წნევის მატება გამოიწვიოს. თუმცა კუნას ტომის წარმომადგენელთა დღიური რაციონი შეიცავს იმდენივე მარილს, რამდენსაც აშშ-ის საშუალოსტატიკური მოქალაქის მენიუ. იმის გასარკვევად, თუ რა თავისებურებებით გამოირჩევა ამ ტომის ინდიელთა კვების რეჟიმი, მაკკალოუ პანამაში გაემგზავრა. იქ მან აღმოაჩინა, რომ ინდიელები წყალსა და ცოტა შაქართან ერთად შერეულ, დაახლოებით ოთხ ჭიქა კაკაოს ყოველდღიურად სვამდნენ.

რა თქმა უნდა, კუნას ტომის წარმომადგენლთა კარგი ჯანმრთელობა მხოლოდ კაკაოს არ შეიძლება მივაწეროთ, რადგან ინდიელები ჭამენ ორჯერ მეტ ხილსა და ოთხჯერ მეტ თევზს, ვიდრე - საშუალო ამერიკელი. გარდა ამისა, ისინი უფრო აქტიური ცხოვრების წესს იცავენ, ვიდრე - ზოგადად, დასავლეთის ქვეყნების მცხოვრებნი. 

გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის შავი შოკოლადის სასარგებლო თვისებები სხვა მკვლევრებმაც შეისწავლეს. თუმცა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორის, ჯოან მენსონის თქმით, ეს მონაცემები შეიძლება ცოტათი დამახინჯებული იყოს.  მეცნიერის განმარტებით, ადამიანები, რომლებიც შოკოლადს ხშირად მიირთმევენ, ისედაც ნაკლებად ღელავენ წონაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება თავიდანვე უფრო ჯანმრთელები არიან. 

ერთ-ერთ კვლევაში მკვლევრებმა 20 ათასი ადამიანის კვების რაციონი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მეცნიერებმა გულის დაავადებასა და ინსულტის დაბალ რისკსა და 100 გრამამდე შოკოლადის (მათ შორის - რძიანი შოკოლადის) დღიურ მიღებას შორის კავშირი აღმოაჩინეს. მკვლევრებმა გაითვალისწინეს სხვა ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა მოწევა და ფიზიკური აქტივობის დონე. თუმცა სპეციალისტები საბოლოოდ მაინც ვერ მივიდნენ ცალსახა დასკვნამდე და განაცხადეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალი რისკი შოკოლადის გარდა, სხვა ფაქტორებითაც შეიძლება აიხსნას. 

ამას მოჰყვა დიდი კლინიკური კვლევა, რომელიც ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების უფრო ფართო სპექტრს ითვალისწინებდა. მაგალითად, ეს იყო კვების რაციონი და ცხოვრების წესი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კაკაოს სარგებელი შეიძლება გამოწვეული იყოს ფლავონოიდების მაღალი შემცველობით. ეს არის მცენარეული ნაერთები, რომლებიც კენკრასა და ჩაიშიც გვხვდება. კიდევ ერთმა კვლევამ (მასში 21 ათასი ადამიანი მონაწილეობდა) აჩვენა, რომ ყოველდღიურად 400-დან 500 მგ-მდე კაკაოსა და კაკაოს ფლავონოიდების მიღებამ შეიძლება გულის დაავადებებისგან ადამიანის გარდაცვალების რისკი  შეამციროს.

მეცნიერებს შორის ჯერ კიდევ არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ფლავონოიდებს უნდა შეიცავდეს შოკოლადი, ჯანმრთელობისთვის რაიმე სარგებლის მომტანი რომ იყოს, - განმარტავს რედინგის უნივერსიტეტის დიეტოლოგიისა და კვების მეცნიერების პროფესორი გიუნტერ კიუნლე. სურსათის სტანდარტების მართვის ევროპის განყოფილებაში (EFSA) აცხადებენ, რომ 200 მგ კაკაოს ფლავონოიდები ან 10 გრამი შავი შოკოლადი შეიძლება ჯანმრთელობისთვის უკვე სასარგებლო იყოს. თუმცა უფრო ახალი მონაცემების თანახმად, შესამჩნევი ეფექტის მისაღებად, ეს მაჩვენებელი დღეში 500 მგ-ს უნდა აღემატებოდეს. ეს დაახლოებით ერთი პატარა, 30-გრამიანი შოკოლადის ფილის ეკვივალენტურია. გარდა ამისა, შავი შოკოლადი შეიცავს კიდევ რაღაცას, რომლის შესახებაც ჩვენ ცოტა რამ ვიცით. ეს არის მცენარეული მოლეკულა თეობრომინი. შოკოლადი, ყავასთან ერთად, ამ ნივთიერების ერთ-ერთი წყაროა. 

თეობრომინი არის ფსიქოაქტიური ნივთიერება და ის მიეკუთვნება იმავე ოჯახს, რომელსაც - კოფეინი. ამასთანავე, როგორც დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფსიქოლოგიის პროფესორი კრის ალფორდი განმარტავს, ის უფრო მსუბუქ შედეგს იძლევა, ვიდრე - კოფეინი. და რაც უფრო მუქია შოკოლადი, მით უფრო ძლიერია ეს ეფექტი. "თუ თქვენ ბევრ შავ შოკოლადს მიირთმევთ, შეგიძლიათ ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ. თეობრომინი კი შეიძლება იყოს უფრო სასიამოვნო, ვიდრე - კოფეინი", - ამბობს პროფესორი ალფორდი. 

შოკოლადის ბნელი მხარე

კაკაოში არსებული ფლავონოიდების ზემოქმედების ტესტირება არ ითვალისწინებს შავი შოკოლადის სხვა ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის შაქარი და გაჯერებული ცხიმები. შავი შოკოლადი ხშირად შეიცავს კაკაოს კარაქს, რომელიც გაჯერებული ცხიმებით არის მდიდარი და რამაც შეიძლება გულის დაავადებების განვითარების რისკი გაზარდოს. „შოკოლადის მთელი ცხიმი კაკაოს კარაქზე მოდის. კაკაოს კარაქში არსებული ცხიმის მესამედი კი ჯერადია და ჯანმრთელობისთვის საზიანო“, - ამბობს სამეფო უნივერსიტეტის ბიომეცნიერების სკოლის პროფესორი ედინ კესიდი. სხვა მეცნიერები კი თვლიან, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე შოკოლადის დადებითი ზემოქმედების ყველაზე ძლიერი არგუმენტია ის, რომ შავი შოკოლადის რეგულარული მოხმარების დადებითი ეფექტი უარყოფითს ბევრად აღემატება. თუმცა ისინი პირდაპირ მაინც არ გვირჩევენ, რომ გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად შოკოლადი უნდა ვჭამოთ. 

ასტონის სამედიცინო სკოლის დიეტოლოგის, დუეინ მელორის თქმით, შავი შოკოლადის მცირე ულუფებით მიღება არაჯანსაღი კვებითი ჩვევების მართვაში გვეხმარება. "შოკოლადის მცირე რაოდენობა არ არის მავნე და შეუძლია შეცვალოს თქვენი ურთიერთობა შოკოლადთან, რადგან შეგიძლიათ მცირე ულუფა მიიღოთ და თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ. ამასთანავე, მწარე გემოს გამო, მას ბევრს ვერ შეჭამთ", - განმარტავს მეცნიერი. თუმცა პრობლემა ის არის, რომ რაც უფრო მაღალია კაკაოს ფლავონოიდების შემცველობა შოკოლადის ფილაში, მით უფრო მწარეა გემო და რაც უფრო მწარეა, მით უფრო რთულია მისი გაყიდვა. „სწორედ აქ წარმოიქმნება წინააღმდეგობა კაკაოს სასარგებლო თვისებასა და იმას შორის, რაც უნდა დავამატოთ მას, რომ ის სასიამოვნო საჭმელი გახდეს“, - ამბობს მელორი. 

ეს საკითხი კიდევ უფრო რთულდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხიმი და შაქარი ორგანიზმს იმავე ფლავონოიდების უკეთ ათვისებაში ეხმარება. "ამ ფლავონოიდებიდან ზოგიერთი რთული ორგანული ნაერთია. ერთ-ერთი გზა, რომ ისინი ორგანიზმისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, არის მათი შერწყმა შაქართან", - დასძენს მელორი. პასუხი კითხვაზე, თუ როგორია შოკოლადში კაკაოს ფლავონოიდებისა და შაქრის ოპტიმალური თანაფარდობა, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ არსებობს მეთოდი, რომ გავიგოთ, თუ კონკრეტულად რამდენ კაკაოს ფლავონოიდებს იღებს ადამიანი.

„შოკოლადი არ არის ჯანსაღი საკვები. იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობით შაქარსა და ცხიმს შეიცავს შოკოლადის უმეტესი სახეობები, სავარაუდოა, რომ ფლავონოიდების სარგებელი უმნიშვნელოა ტკბილეულის ჭარბი მიღებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებთან შედარებით“, - ამბობს პროფესორი კიუნლე.

უკეთესი გემოს ძიებაში

როგორც ჩანს, ახლა ჩვენ ვხედავთ მცირე კომპანიების რაოდენობის ზრდას, რომლებიც შოკოლადს კაკაოს უფრო მაღალი პროცენტული შემადგებლობით აწარმოებენ. ისინი აქცენტს აკეთებენ გემოს შენარჩუნებაზე და არა - ჯანმრთელობის შესაძლო სარგებელზე. თუმცა რა მოხდება, თუ კაკაოს მარცვლის ნამდვილი გემოს შენარჩუნების პროცესი ჯანმრთელობისთვის შოკოლადის სარგებელს გაზრდის?

შოკოლადის ბრენდის - Firetree Chocolate - თანადამფუძნებელმა, მარტინ ო'დერმა BBC-ს განუცხადა, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე სოლომონის კუნძულებზე კაკაოს ნაყოფს მისი დამწიფებისთანავე კრეფენ. ამის შემდეგ ფერმერები ნაყოფს ხსნიან და ექვსი დღის განმავლობაში ასე ტოვებენ, მერე კი - აშრობენ. მოგვიანებით, გამომშრალი ლებნების ნაწილი იგზავნება დიდ ბრიტანეთში - Firetree-ში, სადაც ისინი მთლიანად იხალება. ო’დერის თქმით, კაკაო თავიდანვე ასე მუშავდებოდა, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს მეთოდი შეიცვალა. 

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ შოკოლადის მცირე მწარმოებლები კაკაო-შაქრის დილემის გადაჭრასთან უფრო ახლოს დგანან: მთლიანი მარცვლის მოხალვა და არა მხოლოდ - მისი შიგთავსის, საშუალებას იძლევა, ის უფრო დიდხანს და დაბალ ტემპერატურაზე შენარჩუნდეს. ბოსტნეულის მაგალითზე კი ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო ნაკლებია დამუშავება, მით მეტი ნუტრიენტი ნარჩუნდება პროდუქტში. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად ვრცელდება ეს კაკაოს მარცვლებზეც, ამიტომ საჭიროა მეტი კვლევა.

მართალია, ფლავონოიდები სხვა საკვების შემადგენლობაშიც არის, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შავ შოკოლადს აქვს ყველა შანსი, კვების სწორ რაციონში მოხვდეს. ”კვირაში რამდენჯერმე მიიღოთ შავი შოკოლადი, რომელშიც კაკაოს მაღალი შემცველობაა, სავსებით გონივრულია. თუმცა საჭირო კალორიებს არ უნდა გადააჭარბოთ”, - ამბობს პროფესორი მენსონი. ”მაგრამ თავისთავად, ის არ უნდა ჩაითვალოს ჯანსაღ საკვებად“, - ასკვნის მეცნიერი. დაბოლოს, ის გვირჩევს: „ეცადეთ, გაზარდოთ თქვენს რაციონში მოხმარებული ფლავონოიდების რაოდენობა - მათი მიღება შესაძლებელია ჩაის, კენკრის, ყურძნისა და სხვა ხილის მეშვეობით, ასევე - კაკაოს მაღალი შემცველობის მქონე შოკოლადის გონივრული ულუფით“.

სხვა თემები