„მეოცე ყრილობით ახალი მოგზაურობა იწყება, ერთად შევეგებოთ ახალ მომავალს“ - ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი
ფოტო: ჩინეთის საელჩო
დღეს მსოფლიოში კოვიდ-19 ვირუსი ისევ მძვინვარებს, უკრაინაში კრიზისი არ წყდება, ენერგეტიკული კრიზისი და ინფლაცია მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას მძიმე ტვირთად აწვება. შეერთებულ შტატებში ინფლაციის დონემ 8.2%-ს მიაღწია, ამასთან, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1.09 მილიონს გადააჭარბა. ბოლო პერიოდში უმუშევრობის და ინფლაციის გამო პროდუქტების ფასების მატებას და სხვა პრობლემებს ევროპის ბევრ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა. თუმცა, ჩინეთში კოვიდ-19 ეპიდემია ეფექტურ კონტროლს დაექვემდებარა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპასა და ამერიკაზე ბევრად დაბალია. ამასთან, გასულ წელს ჩინეთის მშპ 8.1%-ით გაიზარდა, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა კი მხოლოდ 0.9%-ით აიწია. რა არის ჩინეთის წარმატების საიდუმლო? მომავალში როგორ განვითარდება ჩინეთი და როგორ შეუწყობს ხელს სხვა ქვეყნებთან ერთობლივ განვითარებას?
16 ოქტომბერს, პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა გაიხსნა. ყრილობაზე პარტიის მე-18 ყრილობის შემდგომ პერიოდში ჩინეთის ისტორიული განვითარების შედეგები სისტემატიზებულად შეჯამდა და მომავალი ხუთი წლის და კიდევ უფრო ხანგრძლივ პერიოდში ქვეყნის განვითარების მიზნები და ამოცანები მეცნიერულად დაიგეგმა, რასაც პარტიისა და ეროვნული საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მე-20 ყრილობა ჩინეთის ისტორიაში ახალი საწყისი წერტილია. ჩინეთი მზადაა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად უკეთესი მომავლისკენ წავიდეს.
პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მისი ბირთვის, გენერალური მდივნის სი ძინფინგის მტკიცე ხელმძღვანელობით, ჩინელი ხალხი აგრძელებს ბრძოლას, ჩინური სტილის მოდერნიზაციის გზაზე სტაბილურად მიიწევს წინ და საკუთარი მიღწევებით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა:
1. ეკონომიკის სიძლიერე სტაბილურად იზრდება. ბოლო ათი წლის მანძილზე, ჩინეთის მშპ 54 ტრილიონი იუენიდან 114 ტრილიონ იუენამდე გაიზარდა, ქვეყნის ეკონომიკის აგრეგირებული მაჩვენებელი მსოფლიო ეკონომიკის 18.5%-ს შეადგენს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ 39 800 იუენიდან 81 000 იუენამდე გაიზარდა.
2. ჩინეთმა „ასწლეულის პირველ მიზანს“ მიაღწია, სიღარიბესთან ბრძოლაში გაიმარჯვა და „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოება“ შექმნა. „ჩინელი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ერის აღორძინების“ თავდაპირველი მისიის შესაბამისად, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კაცობრიობის ისტორიაში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა და უკიდურესი სიღარიბის პრობლემა წარმატებით გადაჭრა. პარტიის მე-18 ყრილობის შემდეგ, ყოველწლიურად საშუალოდ 10 მილიონზე მეტი ადამიანი აღწევდა თავს სიღარიბეს, რაც საშუალო ზომის ქვეყნის მოსახლეობას უდრის, ჯამში კი თითქმის 95 მილიონმა ადამიანმა დასძლია სიღარიბე. გასულ წელს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსებიდან მე-100 წლისთავზე, ქვეყნის მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე 12000 აშშ დოლარს მიაღწია, რითაც „ზომიერად დოვლათიანი საზოგადოების“ სტრატეგიული მიზანი მიღწეულ იქნა.
3. „ახალი განვითარების კონცეფცია“ კომპლექსურად ხორციელდება. ჩინური კონცეფციით მწვანე წყალი და ლურჯი მთები ყველაზე დიდი საგანძურია. შესაბამისად, იზრდება ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი მმართველობის დინამიკა. ჩინეთში ცა ადრინდელზე უფრო ლურჯია, მთები - უფრო მწვანე და წყალი - უფრო სუფთა. გლობალური მცენარეული საფარის ზრდაში ჩინეთი პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში დღეს არსებული ხელოვნური ტყეების 1/4 ჩინეთზე მოდის. ამასთან, იგი აცხადებს, რომ 2030 წლისთვის მიაღწევს ნახშირორჟანგის ემისიის პიკს, ხოლო 2060 წლისთვის - ნახშირბადის ნეიტრალიტეტს, რითაც აქტიურად შეუწყობს ხელს გლობალური გარემოს წესრიგში მოყვანას.
4. ჩინეთის განვითარება მთელ კაცობრიობას მოუტანს კეთილდღეობას. ჩინეთი ყოველმხრივ ხელს უწყობს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოებას“, ჭეშმარიტ მულტილატერალიზმს, ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობებს; იგი აქტიურად მონაწილეობს გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმასა და შენებაში; მან მსოფლიოს მისცა „სარტყლისა და გზის“ ინიციატივა, გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და სხვა ჩინური პროექტები; იგი იწვევს სხვა ქვეყნებს, რომ ჩინეთის განვითარების „მანქანას დაემგზავრონ“ და განვითარების შესაძლებლობები გაიზიარონ.
დღეს სამყარო, ეპოქა და ისტორია აქამდე არნახული მეთოდებით იცვლება, ადამიანთა საზოგადოება უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. ჩინეთი ჩინური სტილის მოდერნიზაციით მიაღწევს „ერის დიად აღორძინებას“. ამასთან, იგი მზადაა, სხვა ქვეყნებთან ერთად ყველაფერი გააკეთოს მშვიდობიანი განვითარებისთვის, ერთობისა და პროგრესისათვის პასუხისმგებლობა იკისროს, გლობალური მმართველობისათვის სიბრძნე არ დაიშუროს, მზადაა მსოფლიოს ქვეყნებთან და მათ შორის, საქართველოსთან ერთად:
1. დაიცვას მსოფლიოში მშვიდობა და ჭეშმარიტი მულტილატერალიზმი. ჩინეთი ინარჩუნებს დამოუკიდებელ და სუვერენულ სამშვიდობო საგარეო პოლიტიკას, საკუთარ პოზიციას და პოლიტიკას მუდამ საქმის არსებითი ვითარებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, იცავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს, პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, იცავს საერთაშორისო მიუკერძოებლობასა და სამართლიანობას, მტკიცედ ეწინააღმდეგება ჰეგემონიზმისა და ძალისმიერი პოლიტიკის ყველა ფორმას, ცივი ომის მენტალიტეტს, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას, ორმაგ სტანდარტებს. ჩინეთს ჰეგემონობის პრეტენზია არ აქვს და არასდროს ეწევა ექსპანსიას.
2. ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და მაღალი ხარისხის გლობალური საზოგადოებრივი საქონლის მიწოდებას. ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს გახსნილობის სახელმწიფო პოლიტიკას, საკუთარი განვითარებით მსოფლიოში ახალი შესაძლებლობების შექმნას, ღია გლობალური ეკონომიკის შენების ხელშეწყობას, რაც მეტ სარგებელს მოუტანს ყველა ერს. ჩინეთი კიდევ უფრო გააღრმავებს სხვა ქვეყნებთან და მათ შორის, საქართველოსთან „სარტყლისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობას, გლობალური განვითარების ინიციატივით დააჩქარებს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებას, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივით დაიცავს კაცობრიობის საერთო ღირებულებებს: მშვიდობას, განვითარებას, მიუკერძოებლობას, სამართლიანობას, დემოკრატიას, თავისუფლებას და ხელს შეუწყობს ახალი ფორმის ადამიანური ცივილიზაციის შექმნას.
3. ფოკუსში მოაქციოს სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს, რომ კაცობრიობა უკეთეს მომავალს შეეგებოს. ჩინეთი მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის საფუძველზე გააგრძელებს ქვეყნებთან მეგობრული თანამშრომლობის განვითარებას, ხელს შეუწყობს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, თანასწორებაზე, გახსნილობასა და თანამშრომლობაზე დამყარებული გლობალური პარტნიორობის გაფართოებას. ჩინეთი გააგრძელებს განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს თანადგომას. იგი დაიცავს გულწრფელობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებსა და მეგობრობის, სამართლიანობისა და საერთო სარგებლის კონცეფციას. ჩინეთი გააძლიერებს განვითარებად ქვეყნებთან კავშირსა და თანამშრომლობას, დაიცავს განვითარებადი ქვეყნების საერთო ინტერესებს, პრაქტიკული ქმედებებით დაეხმარება მათ ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის განვითარებაში, გაეროსა და სხვა მრავალმხრივ ფორმატებში მათ დასაცავად გამოვა, გააუმჯობესებს განვითარებადი ქვეყნების ხმის უფლებას, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას და გლობალური მმართველობის უფრო სამართლიანი და რაციონალური მიმართულებით განვითარებას.
მეოცე ყრილობის გადაწყვეტილებით, შემდგომ პერიოდში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ამოცანაა, 2035 წლისთვის მთელ ერს თანამედროვე და ძლიერი სოციალისტური სახელმწიფოს შენების გზაზე გაუძღვეს, რათა განხორციელდეს „ასწლეულის მეორე მიზანი“ - ახალი ჩინეთის დაარსებიდან მე-100 წლისთავისთვის ჩინური სტილის მოდერნიზაციის საშუალებით მიღწეულ იქნეს „ერის დიადი აღორძინება“.
დღეისათვის განვითარებული ქვეყნების მთლიანი მოსახლეობა 1.1 მილიარდზე ნაკლებია. თანაც, ინგლის-ამერიკის აღზევება კოლონიების სასტიკი ძარცვის და მონებით სისხლიანი ვაჭრობის შედეგად დაგროვებული კაპიტალით იქნა მიღწეული, რისი გამეორებაც შეუძლებელი და დაუშვებელია. 1.4 მილიარდიანი ჩინეთის მოდერნიზაცია კაცობრიობის განვითარების ისტორიის სასწაული იქნება, რაც გზას გაუხსნის ჩინური სტილის მოდერნიზაციას, რომელსაც ძარცვასთან, ექსპლუატაციასთან და ომთან არაფერი ექნება საერთო. ამით შეიქმნება ახალი ფორმის ადამიანური ცივილიზაცია. ჩინეთის გამოცდილება განვითარებად ქვეყნებს დასავლეთისგან განსხვავებულ წარმატებული განვითარების გზას დაანახვებს.
ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან ერთად ვიმუშაოთ „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ შესაქმნელად, სადაც იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, საყოველთაო უსაფრთხოება, საერთო კეთილდღეობა, გახსნილობა, ინკლუზიურობა, სისუფთავე და სილამაზე.