გსურთ ცხოვრება ცოტათი გაიხალისოთ და კატა იყოლიოთ? მაშინ ამ ინსტრუქციას უნდა გაეცნოთ

ფოტო: Facebook
კატის აყვანა არის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია, ადამიანის ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალოს. როგორ გავიგოთ, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის ნამდვილად მზად ვართ და რა ცვლილებას უნდა ველოდოთ ჩვენს სახლში? როგორ უნდა მოვუაროთ კატას სწორად?
კარგად დაფიქრდით, ნამდვილად მზად ხართ, რომ კატა იყოლიოთ?
კატისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად ადამიანმა რამდენიმე მკაცრი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ თქვენი სურვილები შესაძლებლობებს ემთხვევა, რომ ნამდვილად მზად ხართ ცხოველს სათანადო ყურადღება მიაქციოთ და არა უბრალოდ - „იყოლიოთ მეგობარი, რომელიც სახლში დაგელოდებათ”. მაგალითად, თუ მუდმივად მოგზაურობთ და ხანგრძლივ მივლინებებში წასვლა გიწევთ, კატა არ უნდა იყოლიოთ: ის მარტოსულად იგრძნობს თავს და ეს გავლენას იქონიებს როგორც მის ფსიქიკურ, ისე - ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეთ.
- გულწრფელად უპასუხეთ კითხვას, მზად ხართ თუ არა, რომ ცხოველზე პასუხისმგებლობა 15-20-წლიანი ვადით აიღოთ. სპეციალისტების განმარტებით, კატა არის ცოცხალი არსება, რომელიც პატრონს ეჯაჭვება. მას უყვარს, გრძნობს ტკივილს და იტანჯება. საშუალოდ, 20 წლის განმავლობაში ის მეგობარი და ოჯახის წევრია. თუმცა ეს სრულად ადამიანზეა დამოკიდებული, რადგან კატა ვერ იტყვის, თუ რა ტკივა, ვერ იყიდის საკვებს თავისთვის და ვერ მიდის ექიმთან. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
- იფიქრეთ რთულ სიტუაციებზე წინასწარ: ვინ მოუვლის კატას, თუ თქვენ შვებულებაში ან მივლინებაში წახვალთ, დაქორწინდებით ან პირიქით, განქორწინდებით, ან შვილები გეყოლებათ და სხვ. რა მოხდება, თუ კატა ავად გახდება და თქვენ ამ დროს ბევრი სამუშაო გექნებათ, ვინ იზრუნებს მასზე?
- დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის ყველა წევრი სახლში კატის ყოლას ეთანხმება. ამასთანავე, მათ დეტალურად უნდა იცოდნენ, რას შეცვლის შინაური ცხოველი მათ ცხოვრებაში. სპეციალისტების განმარტებით, ეს საკითხი ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დავუშვათ, რომ თქვენი მშობლები ან პარტნიორი კატის ყოლას არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ როდესაც ცხოველი სახლში გამოჩნდება, მათ შეიძლება დიდი დისკომფორტი შეექმნათ. შესაძლოა, მათ სულაც არ მოეწონოთ კატის ბეწვი დივანზე ან უბრალოდ, შინაური ცხოველის ქცევამ შეაშფოთოთ (მაგალითად, ის ხმამაღლა კნავის). ყველა ეს პუნქტი წინასწარ დეტალურად უნდა განიხილოთ.
- თუ ოჯახში ვინმეს კატებზე ალერგია აქვს, უმჯობესია, ეს იდეა იდეად დარჩეს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჰიპოალერგიული ჯიშები არსებობს, მედიკამენტების მუდმივი მიღების პირობებში ცხოვრება კი შეიძლება არასასიამოვნო იყოს. ამავდროულად, ალერგიის ტესტის წინასწარ გაკეთებას აზრი არ აქვს: უარეს შემთხვევაში, ის აჩვენებს მომატებულ მგრძნობელობას კატის ზოგიერთი ცილის მიმართ. ამ ლაბორატორიული მაჩვენებლების მქონე ზოგიერთ ადამიანს მომავალში ალერგია უვითარდება, თუმცა ყველას - არა.
- თუ კატის მოვლის პროცესში შეიძლება ბავშვებიც იყვნენ ჩართული, მაშინ ეს უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. შინაური ცხოველის აყვანა, რათა „ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითაროთ“ და მასზე მზრუნველობა სრულად პატარებს მიანდოთ, კარგი იდეა არ არის. ამ პროცესში ზრდასრულებიც უნდა ჩაერთონ და ბავშვებს მაგალითი მისცენ.
- შეაფასეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. უპირველეს ყოვლისა, თქვენ მოგიწევთ კატისთვის სახლი მოამზადოთ. შემდეგ კი, ყოველთვიურად, მის საკვებსა და მოვლის საშუალებებზე გარკვეული თანხის დახარჯვა მოგიწევთ. ეს შეიძლება იყოს ვაქცინაცია, პროფილაქტიკური პრეპარატები, ვეტერინართან ვიზიტი და სხვ.
გადაწყვიტეთ, როგორი კატა გჭირდებათ
არსებობს მითი იმის შესახებ, რომ სასურველია აიყვანოთ კნუტი და ეს უნდა მოხდეს, რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, რათა ის თქვენ გვერდით გაიზარდოს და შეძლოთ მისი ხასიათისა თუ ჩვევების ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონიოთ. უხეშად რომ ვთქვათ, ის თქვენთვის კომფორტულად გაზარდოთ, თუმცა ეს მიდგომა ასე არ მუშაობს, - ამბობენ სპეციალისტები. ამ დროს ბავშვის აღზრდასთან პარალელის გავლება შეუსაბამოა თუნდაც იმიტომ, რომ კნუტები ბევრად უფრო სწრაფად იზრდებიან. უფრო მეტიც, თუ კნუტს ძალიან ადრე მოაშორებთ დედას, ამან შეიძლება მისი ფსიქიკა დაარღვიოს და ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტაციის უნარი შეაფერხოს. ბოლოს და ბოლოს, დაბანას, თამაშსა და ზოგადად, სამყაროსთან ურთიერთობას კნუტს ხომ კატა ასწავლის.
ეს არ ნიშნავს, რომ დედა კატისგან მოშორებული პაწაწინა კნუტი აუცილებლად გაუწონასწორებელი გაიზრდება. თუმცა თუ არჩევნის საშუალება არსებობს, უმჯობესია, აიყვანოთ ისეთი კნუტი, რომელიც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის უკვე მზად არის. ვეტერინარული მედიცინის ამერიკული ასოციაცია გვირჩევს, რომ კნუტი შვიდიდან ცხრა კვირამდე ასაკის უნდა იყოს, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის პრევენციის ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება კი ამ მაჩვენებელს რვიდან ცხრა კვირამდე ზრდის. ნებისმიერ შემთხვევაში, კნუტი ნებისმიერ ასაკში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა და არავინ იცის, მისგან საბოლოოდ რა დადგება.
თქვენთვის ემოციურად ახლობელი კატის არჩევა ზრდასრულ ასაკში უფრო ადვილია. ერთი მხრივ, არსებობენ მოთვინიერებული და კონტაქტური კატები, რომლებსაც ადამიანთან მჭიდრო ურთიერთობა სჭირდებათ. მეორე მხრივ კი, არიან დამოუკიდებელი კატები, რომლებიც ადამიანთან დოზირებულ კომუნიკაციაში შედიან. რაც უფრო ახალგაზრდაა კატა, მით უფრო ენერგიული და აქტიურია ის და პატრონისგანაც იმავეს მოითხოვს. ასაკთან ერთად, ბევრი კატა უფრო მშვიდი ხდება და შეუძლია დღის უმეტესი ნაწილი ადამიანის გვერდით მოკალათებულმა ბედნიერად გაატაროს.
კატის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია სახლში მყოფი სხვა შინაური ცხოველების ბუნების გათვალისწინება. უფრო ადვილი ადაპტაციისთვის უმჯობესია, რომ ყველა მათგანი თანაბარი ტემპერამენტის იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, გაცნობა უნდა მოხდეს თანდათანობით და მეთვალყურეობის ქვეშ. თუ რამე არასწორედ წავა, უნდა მიმართოთ სპეციალისტს (კერძოდ, ზოოფსიქოლოგს).
კიდევ რა უნდა გახსოვდეთ ხასიათის მიხედვით კატის შერჩევისას:
- გინდათ თუ არა კატასთან ერთად დაძინება თუ ღამით საძინებლის კარის დაკეტვას გეგმავთ (არსებობენ კატები, რომლებიც სამზარეულოში, თავიანთ დივანზე მშვიდად დაიძინებენ, სხვები კი მთელი ღამე დახურულ კარს კაწრავენ და ნერვიულობენ);
- რამდენი ხანი შეგიძლიათ დაუთმოთ კატას? ეს არ გულისხმობს მხოლოდ ერთ ოთახში ყოფნას, არამედ - აქტიურ ურთიერთობას (თამაში და სხვ);
- რამდენად მგრძნობიარე ხართ ავეჯისა და ინტერიერის მიმართ? (კატასთან ცხოვრება იმაზე მეტყველებს, რომ სახლში ბევრი რამ შეიძლება მისი სათამაშო გახდეს);
- გეგმავთ თუ არა მომავალში სხვა შინაური ცხოველების ყოლას? მაშინ უნდა გაითვალისწინოთ, როგორ ურთიერთობს თქვენი კატა არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ - სხვა ცხოველებთანაც.