11 ოქტომბერი 2023 - 09:19

როგორ წარმოიშვა „ჰამასი“, რა მიზანი ამოძრავებს და ვინ არიან მისი მოკავშირეები 

ფოტო: Reuters

„ჰამასი“ ორგანიზაციის არაბული სახელწოდების აბრევიატურაა: „ჰარაკატ ალ-მუკავამა ალ-ისლამია“ („ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“). დაჯგუფების დამფუძნებელი იყო შეიხი აჰმედ იასინი, პალესტინელი სასულიერო პირი, რომელიც ახალგაზრდობაში კაიროს უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტზე სწავლობდა. თუმცა, მას აინტერესებდა არა იმდენად ინგლისური ენა და ლიტერატურა, რამდენადაც ისლამის რადიკალური ინტერპრეტაცია. 

„ჰამასი“ ეგვიპტური ისლამისტური ორგანიზაციის, „ძმები-მუსლიმების“ პალესტინური ფილიალისგან წარმოიშვა. მისი დამფუძნებელი იასინი თავდაპირველად ფოკუსირებული იყო სწავლებასა და საქველმოქმედო საქმიანობაზე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში, რომლებიც ისრაელმა 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა. 

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ერთ-ერთი უდიდესი პალესტინური გაერთიანება, რომელიც ისრაელს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა, იყო „პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია“. თუმცა, მისი რეპუტაცია თავად პალესტინელებშიც კი არ იყო გამორჩეული. ზოგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ორგანიზაციის საქმიანობის დაბალი ეფექტურობის გამო, სხვებს მისი არარელიგიურობა არ მოსწონდათ, ნაწილი კი აღშფოთებული იყო იმ კორუფციული ბრალდებებით, რომელთაც ორგანიზაციის ლიდერებს უყენებდნენ.

მისი სრული ანტიპოდი აღმოჩნდა „ჰამასი“. ძირითადად იმიტომ, რომ ის პირველ ადგილზე ისლამს აყენებდა. „ჰამასის“ რწმენით, პალესტინის ტერიტორიების გათავისუფლება მოსახლეობის ისლამიზაციის შედეგი უნდა ყოფილიყო და არა ბრძოლის მთავარი მიზანი. 1987 წელს „ჰამასის“ დაარსების შემდეგ, იასინმა განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, ექვსდღიანი ომის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და ახალი რეალობა შეიქმნა. მისი თქმით, ეს „ღვთის ნება“ იყო, ამიტომ საჭირო გახდა ბრძოლის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც მორალურად წმინდაა და ახლობლებზე ზრუნვას გულისხმობს, რათა „არა მარტო სამშობლო გათავისუფლდეს, არამედ სულმაც იპოვოს ხსნა“.

რისთვის იბრძვის ჰამასი?

1988 წელს „ჰამასმა“ გამოაქვეყნა თავისი პირველი ქარტია, რომელშიც იყო მოწოდებები ისრაელის განადგურებისა და „ისტორიულ პალესტინაში“ ისლამური სახელმწიფოს შექმნის შესახებ. „ისრაელი არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ ისლამი არ გაანადგურებს მას, როგორც ადრე გაანადგურა სხვები... „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ თვლის, რომ პალესტინის მიწა არის ისლამური ვაკფი იგივე ვაკუფი (მუსლიმურ ქვეყნებში უძრავი ან მოძრავი ქონება, რომელიც საჩუქრის სახით გადადის უპირატესად მუსლიმ სასულიერო პირთა ხელში), რომელიც მუსლიმებისთვის განწმენდილია განკითხვის დღის დადგომამდე. პალესტინა ისლამური ვაკფის მიწაა, რომელიც განწმენდილია მუსლიმთა თაობებისთვის“, - ნათქვამი იყო ამ დოკუმენტში, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობას თავიდანვე უარყოფდა. თუმცა მიუხედავად ასეთი დეკლარაციის „მორალური სიწმინდისა“, მან დაჯგუფების ურთიერთობა გარე სამყაროსთან მნიშვნელოვნად შეზღუდა.

2017 წელს „ჰამასმა“ წარმოადგინა ახალი დოკუმენტი, რომელშიც ის „დროებით“ ექვსდღიან ომამდე დადგენილ საზღვრებში თავისი სახელმწიფოს შექმნას დასთანხმდა. თუმცა დაჯგუფება მაინც უარს ამბობდა ისრაელის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარებაზე, რომელთანაც მას შეეძლო, დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონოდა. „ისრაელის“ შექმნა სრულიად უკანონოა და პალესტინელი ხალხის განუყოფელ უფლებებს ეწინააღმდეგება. ამასთანავე, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, რომელიც საერთაშორისო კონვენციებით არის გარანტირებული... სიონისტური განათლების არანაირი ლეგიტიმური აღიარება არ უნდა არსებობდეს“.

როგორ მოვიდა „ჰამასი“ ღაზას სექტორის ხელისუფლებაში?

დღეს ღაზას სექტორს სრულად „ჰამასი“ აკონტროლებს. რადგან ეს ორგანიზაცია ოსლოს შეთანხმებებს არ ცნობდა, ის უგულებელყოფდა პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც ამ დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. თუმცა ეს ხდებოდა 2006 წლამდე, შემდეგ კი რატომღაც „ჰამასმა“ გადაწყვიტა, პალესტინის ტერიტორიაზე ადგილობრივ და საკანონმდებლო არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.

იმ დროს „ჰამასი“ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასისა და მისი პარტია „ფათჰის“ კონტროლქვეშ იმყოფებოდა. შედეგად, „ჰამასმა“ მოულოდნელად გაიმარჯვა და საკანონმდებლო საბჭოში უფრო მეტი ადგილი მიიღო, ვიდრე - „ფათჰიმ“. ამან აღაშფოთა არა მხოლოდ აბასის მომხრეები, არამედ - ბევრი უცხოელი პოლიტიკოსი, რომლებიც იმ დროისთვის მივიდნენ დასკვნამდე, რომ „ფათჰისთან“ თანამშრომლობა შესაძლებელი იყო. აბასის პარტიამ უარი თქვა არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ხოლო ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ „ფათჰი“ დაჟინებით მოითხოვდა საერთაშორისო ასპარეზზე პალესტინელების ინტერესების წარმომადგენელ ერთადერთ ორგანიზაციად დარჩენილიყო, რასაც „ჰამასი“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

ამის შემდეგ ორ მხარეს შორის დაიწყო ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც „ღაზას სექტორის ბრძოლის“ სახელით არის ცნობილი. აღნიშნული კონფლიქტის შედეგად, 118 ადამიანი დაიღუპა, პალესტინის ტერიტორიები კი, ფაქტობრივად, ორ ნაწილად დაიყო. ერთი მხრივ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მთლიანად აკონტროლებს „ფათჰი“, რომელსაც თავი ისევ პალესტინელების ერთადერთ უფლებამოსილ წარმომადგენლად მიაჩნია, ხოლო მეორე მხრივ, ღაზას სექტორი მთლიანად „ჰამასის“ კონტროლქვეშ მოექცა. ღაზას სექტორში ამის შემდეგ არჩევნები აღარ ჩატარებულა. შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა კი ისრაელთან ოთხ მთავარ კონფლიქტში მიიღეს მონაწილეობდა.

„ჰამასი“ მთლიანად ან მისი სამხედრო ფრთა („იზ ად-დინ ალ-კასამის ბრიგადები“) აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციებად მთელ რიგ ქვეყანაში, მათ შორის - ისრაელში, აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში. რუსეთი „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს, „რადგან ის რუსეთის ტერიტორიაზე არ მოქმედებს“. 

სტატიის წყარო: BBC

სხვა თემები