29 ნოემბერი 2023 - 12:32

„მკვლელი“ - დევიდ ფინჩერის ახალი ტრილერი

ნოემბერში Netflix-მა საკულტო რეჟისორის, „შვიდისა“ და „მებრძოლთა კლუბის“ ავტორის, დევიდ ფინჩერის მორიგი ტრილერი „მკვლელი“ შესთავაზა საზოგადოებას. ახალ ნამუშევარში რეჟისორმა დაქირავებული მკვლელის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, რომელსაც ზედმეტად ძვირად დაუჯდა შეცდომა, რადგან ოდესღაც მდევარი თვითონ იქცა დევნილად და ყოფილი დამქირავებლების სამიზნედ.

 

ფილმის დრამატურგია

ბიოგრაფიული დრამისგან, „მანკისგან“ განსხვავებით, რომელიც ფინჩერმა 1940-იანი წლების ამერიკული კინოს სტილისტიკით დადგა და ფილმის „მოქალაქე კეინის“ სცენარისტს, ჰერმან მანკევიჩს მიუძღვნა, ახალ ნამუშევარში ისევ ჩვეულ ჟანრს - საყვარელ ტრილერს დაუბრუნდა და ნეონუარის ესთეტიკით გააერთიანა მისი ფილმებისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები - მშვიდი ფერები და ე.წ. „გახუნებული“ გამოსახულება, აპათიური მთავარი გმირი, აუღელვებელი, ზოგჯერ მონოტონური თხრობის მანერა და ირონიული მინიშნებები კინოკლასიკაზე.

„მკვლელი“ - ფინჩერის  დიდი ხნის ნანატრი პროექტია, რომლის განხორციელებას მთელი 20 წელი გეგმავდა. მართალია, ფილმი 1990-იან წლებში პოპულარული გრაფიკული რომანების მოტივებზე შეიქმნა, მაგრამ გარკვეულწილად 1967 წლის ფრანგულ კლასიკას „სამურაის“ ენათესავება, რადგან ერთი მხრივ, ალენ დელონის პერსონაჟის მსგავსად მაიკლ ფასბინდერის გმირიც სიტყვაძუნწი ქილერია, რომელზეც მისივე დამქირავებლები ნადირობენ, მეორე მხრივ, თხრობის მანერაც იდენტურია - ორივე სწორხაზოვნად და აუჩქარებლად ვითარდება, რადგან ავტორები ნაკლებად ფიქრობენ მოულოდნელი სიუჟეტური სვლებით მაყურებლის გაკვირვებას. „მკვლელის“ სცენარზე ფინჩერის ძველმა მეგობარმა, საკულტო შედევრის, „შვიდის“ ავტორმა ენდრიუ კევინ უოკერმა იმუშავა, თუმცა ამჯერად პირქუში  დეტექტივის ნაცვლად მედიტაციური ტრილერი შექმნა.

მართალია, „მკვლელი“ ნაკლებად მიეკუთვნება ექშენის ჟანრს, რადგან მთავარი გმირი - უსახელო ქილერი ყოველთვის მეთოდურად, მშვიდად და აუღელვებლად მოქმედებს, მაგრამ მოვლენების სწრაფი მონაცვლეობის წყალობით, ფილმი ბოლომდე ინარჩუნებს დინამიკას და ინტრიგას, მით უფრო, რომ ტრილერის ოსტატ ფინჩერს ყოველთვის ბრწყინვალედ გამოსდის ერთი შეხედვით მომქანცველი რუტინისგან სანახაობის შექმნა. მეტიც, სწორედ მოზომილი, თანაბარი რიტმის წყალობით ამწვავებს რეჟისორი დაძაბულობას საკვანძო სცენებში და ისე, თითქოს მაყურებლის მოთმინებას ცდის, ფინალამდე აჭიანურებს კულმინაციურ მომენტს, რომელიც სწორედ ნელი ტემპის წყალობით იძენს ეფექტურობას.  
 

დახვეწილი ნუარი

ერთგვარ ეტაპებად დაყოფილი ფილმი, რომელთაგან თითოეული განსხვავებულ ლოკაციაზე - სხვადასხვა ქალაქსა და ქვეყანაში ვითარდება, ძალიან ჰგავს ვიდეოთამაშს, როცა გმირს ყოველ ახალ დონეზე ახალ მისიის შესრულება უწევს საბოლოო მიზნის მისაღწევად. 

საინტერესოა ფილმის ვიზუალური მხარეც. წინა ნამუშევრების მსგავსად ფინჩერმა ისევ ოსტატურად გამოიყენა მინიმალისტური გამომსახველობა, ფერთა გამა და განსხვავებულ ფერებში გააფორმა ყველა ქალაქი - პარიზის მონაცრისფრო-შავი ქუჩები სანტო-დომინგოს მოყვითალო-ჟღალი სახურავებით შეცვალა, მსუბუქი თოვლით დაფარული ნიუ-იორკი კი, შუშისა და ბეტონის კოშკების ვირტუალურ ქალაქს დაამსგავსა კომიქსებიდან და ვიდეოთამაშებიდან. 

მოქმედება მეტწილად შებინდებისას ან ღამის სიბნელეში ვითარდება, ქალაქის ხედები კი, მხოლოდ ოფისების, ბინების და ავტომობილების ფანჯრებიდან ჩანს, ისე, თითქოს ქილერი და მასთან ერთად მაყურებელიც მუდმივად ჩრდილშია, ანუ გარიყულია ჩვეულებრივი ობივატელური ცხოვრებისგან, ამიტომ მსხვილ ქალაქებში მოგზაურობისას, რეჟისორი არა ცნობილი ღირსშესანიშნაობების, არამედ მიყრუებული ქუჩებისა და მიტოვებული შენობების ფონზე აჩვენებს. 

ალტერ ეგო

ფინჩერი ისეთივე მეთოდურია, როგორც მისი პერსონაჟი, რადგან დეტალურად აღწერს ყველა მის მოქმედებას მორიგი დავალების შესრულებისას. მიტოვებული სახლის სხვენში დაბინავებული ქილერი, რომელსაც საათობით უწევს მსხვერპლის ლოდინი, მოწყენილობას მუსიკით, იოგას ვარჯიშებით ებრძვის და მხოლოდ იშვიათად გადის ქუჩაში საკვების საყიდლად, კადრს მიღმა კი, მუდმივად მისი ხმა ისმის, რომელიც ერთგვარ ფილოსოფიურ დიალოგს მართავს საკუთარ თავთან და პროფესიაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე მსჯელობს.   

მთავარი გმირის მოწყენილობა ფინჩერმა დრამატურგიულ ინსტრუმენტად აქცია და მაყურებელს თანმიმდევრული პედანტის გონებაში შეღწევა, მისი ფიქრებისა და სამყაროს გაცნობა, უჩვეულო ჩვეულებების, რიტუალების გაზიარება შესთავაზა და გაკვრით მიანიშნა, თუ რამდენად მოსაწყენი, მონოტონურია დაქირავებული მკვლელის ცხოვრება, რომელსაც რეჟისორები ხშირად ზედმეტად რომანტიკულად ასახავენ და თავშესაქცევ თავგადასავლად აქცევენ. 


 

აღსანიშნავია მთავარი გმირის კადრსმიღმა მონოლოგიც, რომელსაც რეჟისორი რეალობას უპირისპირებს და ერთგვარ კონტრასტს ქმნის გმირის სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის, რადგან ქილერი მხოლოდ ცდილობს დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ პერფექციონისტი, იდეალური მსროლელი და შემსრულებელია, სინამდვილეში კი, სხვებივით ემოციებსაა აყოლილი და ყოველთვის ვერ ახერხებს წვრილმანების გათვლას. მეტიც, სწორედ გადამწყვეტ მომენტში ღალატობს პროფესიონალიზმი და უშვებს საბედისწერო შეცდომას.   

ცნობილი კინოკრიტიკოსის დევიდ ერლიჰის მტკიცებით, „მკვლელი“ - პირველ რიგში 60 წლის ფინჩერის პორტრეტია, რომელიც ერთდროულად სიამოვნებასაც განიცდის და უხერხულობასაც, რადგან სწორედ მან შექმნა „მებრძოლთა კლუბი“. რა თქმა უნდა, ერლიჰმა იხუმრა, თუმცა მის ხუმრობაში სიმართლეცაა, რადგან „მკვლელი“ მართლაც ფინჩერის რეფლექსიაა საკუთარ კარიერაზე, მთავარი გმირი - უსახელო ქილერი კი, პრაქტიკულად მისი ალტერ-ეგოა. 

ფინჩერმა, რომელიც მზადაა ასეულობით დუბლი გადაიღოს იდეალური კადრის მისაღწევად, სწორედ საკუთარი პერფექციონიზმით გაითქვა სახელი. ამასთანავე, ქილერის მსგავსად, ხშირად ისიც დაქირავებით მუშაობს, რადგან არასდროს წერს სცენარს და მხოლოდ სხვისი ისტორიებით სარგებლობს. გარკვეულწილად „მკვლელი“ მართლაც შეიძლება ჩაითვალოს ლეგენდარული რეჟისორის ირონიულ ავტოპორტრეტად და მკაცრ კრიტიკად, რომელმაც სწორედ კინემატოგრაფიული ხერხების გამოყენებით აღიარა რომ პრაგმატიზმის, პედანტიზმისა და პერფექციონიზმის მიუხედავად, ხშირად თვითონაც არ იცის რას აკეთებს. 


 

სხვა თემები