31 დეკემბერი 2023 - 09:53

ფილმები სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად

განსხვავებული ტრადიციების მიუხედავად, სწორედ შობის დღესასწაული აერთიანებს  მილიონობით ადამიანს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ახლობელბთან ერთად აღნიშნავენ დღესასწაულს და საშობაო ფილმებით ცდილობენ მყუდრო გარემოსა და ხალისიანი განწყობის შექმნას. 

„იდეალური ოჯახი’’ (Una famiglia perfetta 2012, პაოლო ჯანოვეზე)

ტრადიციების მოყვარული იტალიელებისთვის სწორედ ოჯახია ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ საყვარელ საშობაო ფილმად პაოლო ჯენოვეზეს კომედიურ დრამას „იდეალურ ოჯახს“ მიიჩნევენ, რომლის მთავარი გმირი - საშუალო ასაკის შეძლებული ლეონე საკმაოდ გვიან - 50 წლის ასაკში ხვდება, რომ სიმდიდრისა და ძალაუფლების მოხვეჭის მიუხედავად, სწორედ ნამდვილი, მოსიყვარულე ოჯახი აკლდა მთელი ცხოვრება. 

ლეონე, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეულად სწორედ დღესასწაულებზე განიცდის მარტოობას, მეტად ორიგინალურად ცდილობს დანაკლისის ანაზღაურებას და მსახიობთა ჯგუფის დაქირავებით ქალაქგარეთ, საკუთარ მდიდრულ ვილაზე ქმნის ოჯახის ლამაზ ილუზიას. მართალია, თავიდან ლეონეს ჩანაფიქრი ამართლებს, რადგან  მსახიობები ბრწყინვალედ ასრულებენ საკუთარ როლებს და იდეალურად თამაშობენ მოჩვენებით ბედნიერებას, მაგრამ ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის სწრაფად ქრება, კარგად დაგეგმილი სპექტაკლი კი, აბსოლუტურად დაუგეგმავად სრულდება.

სახალისო კომედია აბსურდის ელემენტებით, საინტერესო სიუჟეტითა და კოლორიტული პერსონაჟებით, რომელთაც საკუთარი ისტორია, განცდა და ტკივილი აქვთ, სულ უფრო მეტად ემსგავსება დრამას, რომელიც მეტად აქტუალურ - მარტოობის და ოჯახური ურთიერთობის, სიყვარულის, მეგობრობის თემებს განიხილავს და ლეონესთან ერთად, მისი გამოგონილ ოჯახის წევრებსაც სრულიად ახლებურად აიძულებს რეალობის, საკუთარი თავის დანახვას. 
 

„ბედნიერ შობას გისურვებთ!’’ (Joyeux Noël, 2005, კრისტიან კარიონი)

ფრანგების, ბელგიელებისა და რუმინელების, ბრიტანელებისა და გერმანელების ერთობლივ ნამუშევარს - სამხედრო დრამას „ბედნიერ შობას გისურვებთ!“ რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, რომელმაც „საშობაო ზავის“ სახელი შეიძინა და პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდად იქცა.

„ომი ყოველთვის პოლიტიკოსთა დაპირისპირებაა, რომლებიც საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობენ და ნაკლებად აღელვებთ, რომ მათ ამბიციებს რიგითი ჯარისკაცები, უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან’’, - აღნიშნა ფილმის რეჟისორმა კრისტიან კარიონიმ და ხაზი გაუსვა, რომ მისი პერსონაჟები ჩვეულებრივი ადამიანები, მხოლოდ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების რიგითი ჯარისკაცები არიან, რომლებიც საკუთარი ნების გარეშე, იძულებით ჩააბეს საომარ მოქმედებებში, თუმცა შობის ჯადოსნურ ღამეს, როცა სასწაულები ხდება და ოცნებები სრულდება, ჯარისკაცები უარს ამბობენ ბრძოლის გაგრძელებაზე და დაპირისპირების მიუხედავად, მაინც ერთად აღნიშნავენ დღესასწაულს. 


 
„ჩვენს ისტორიაში არ არიან „მტრები“, არის მხოლოდ საზარელი უფსკრული თავგანწირულ ადამიანებს შორის, რომელთაც სხვებზე უკეთ იციან, რომ მხოლოდ ღირსება, მეტოქისა და საკუთარი თავის პატივისცემა გადაარჩენს სამყაროს დაღუპვისგან’’, - აღნიშნა კარიონიმ და  სწორედ საომარი მოქმედებების ფონზე აჩვენა მშვიდობისა და თავისუფლების ის დაუცხრომელი სურვილი, რომელიც ყველა ომსა და დაპირისპირებაზე ძლიერია. 
 

„საშობაო ზღაპარი" (Un conte de Noël, 2008, არნო დეპლეშენი)

ფრანგული კინო ყოველთვის განსაკუთრებული შარმით, ელეგანტურობით გამოირჩეოდა და არც საშობაო ფილმებია გამონაკლისი. მეტიც, გემოვნებიანი ფრანგები სწორედ არაჩვეულებრივი კატრინ დენევის, ჟან-პოლ რუსიონის და მატიე ამალრიკის კომპანიაში აღნიშნავენ ტრადიციულად დღესასწაულს, რომელთაც არნო დეპლეშენმა მოუყარა თავი საკუთარ „საშობაო ზღაპარში“

ტრაგიკომედია დიდ ფრანგულ ოჯახზე მოუთხრობს მაყურებელს, რომლის გაუცხოებული წევრები მხოლოდ ხანდაზმული დედის თხოვნით იკრიბებიან სადღესასწაულო ვახშამზე. დეპლეშენი მისთვის ჩვეულ სტილში - ირონიანარევი იუმორით და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებზე ყურადღების გამახვილებით აღწერს აბსოლუტურად განსხვავებულ პერსონაჟებს, შეპარვით ჰყვება მათ საიდუმლოებებზე და აქცენტს ჯერ უთანხმოებაზე, წლების მანძილზე დაგროვილ ურთიერთწყენასა და ბრაზზე აკეთებს, მერე კი, ფრთხილად უმხელს ოჯახის წევრებს დედის ავადმყოფობის შესახებ, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე წლის სიცოცხლე დარჩა და სწორედ მის გადასარჩენად აიძულებს გაუცხოებულ ახლობლებს უთანხმოების დავიწყებას და შერიგებას. 

‘’რვა ქალი’’ (8 femmes, 2002, ფრანსუა ოზონი)

თანამედროვე ფრანგული კინოს საუკეთესო ნამუშევართა რიცხვს მიეკუთნება ფრანსუა ოზონის „რვა ქალიც“, რომელშიც რეჟისორმა არა მხოლოდ რამდენიმე ჟანრი გააერთიანა - მელოდრამის, დეტექტივის, მიუზიკლისა და შავი კომედიის ჩათვლით, არამედ სხვადასხვა ეპოქის ვარსკვლავებსაც მოუყარა თავი - კატრინ დენევისა და ფანი არდანის, იზაბელ იუპერისა და ემანუელ ბეარის ჩათვლით. 

რობერ ტომას პიესის მიხედვით დადგმულ ფილმში ოზონმა ერთი ოჯახის სხვადასხვა ასაკის რვა ქალბატონის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, რომლებიც ქალაქგარეთ მდიდრულ ვილაზე იკრიბებიან შობის აღსანიშნად და მხიარული წვეულების მოსაწყობად, თუმცა სიხარული ტრაგედიით იცვლება, როცა სადღესასწაულოდ განწყობილი სტუმრები მოულოდნელად პოულობენ ოჯახის უფროსს საკუთარ საძინებელში მოკლულს. რა თქმა უნდა, ქალბატონებს პირველ რიგში ერთმანეთზე მიაქვთ ეჭვი, რადგან ყველა საკუთარ საიდუმლოს მალავს და უფრთხის მხილებას, თუმცა, დაფარული  აშკარავდება და ერთი შეხედვით რესპექტაბელური ოჯახი ნელ-ნელა ამჟღავნებს რეალურ სახეს.

მართალია, ფილმს საკმაოდ პირქუში სიუჟეტი აქვს, მაგრამ მუსიკალური და საცეკვაო ნომრების, ელეგანტიური კოსტიუმებისა და დეკორაციების, მომხიბვლელი ქალბატონებისა და ბრწყინვალე მსახიობების წყალობით ოზონმა მაინც შეძლო 1950-იანი წლების კლასიკური პიესის გახალისება და სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა.

„რეალური სიყვარული’’ (Love actually, 2003, რიჩარდ კერტისი)

რიჩარდ კერტისის რომანტიკული კომედია „რეალური სიყვარული“, რომელმაც წელს 20 წლის იუბილე აღნიშნა, თავის დროზე კრიტიკოსებმა დაიწუნეს, რადგან ნაწილს ფილმი „ზედმეტად სენტიმენტალურად“, ნაწილს კი, უშინაარსოდ და აბსურდულად მოეჩვენა, თუმცა განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა ევროპელ მაყურებელს, რომელმაც სწორედ სიმსუბუქისა და დახვეწილი იუმორის წყალობით შეიყვარა ბრიტანელი რეჟისორის ნამუშევარი.

კომედია, რომელმაც 14 რომანტიკული ისტორია გააერთიანა და ევროპული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავებს მოუყარა თავი, კერტისის ჩანაფიქრით ნაღვლიანი მელოდრამა უნდა ყოფილიყო, თუმცა მაყურებლის წყალობით სწრაფად შეიძინა „საშობაოს სტატუსი“ და დღესასწაულების ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად იქცა. ტრადიციული რომანტიკული კომედიებისგან „რეალური სიყვარულს“ პირველ რიგში სიუჟეტის მოულოდნელი განვითარება განასხვავებს, რადგან როგორც ჩანს, რეჟისორს ნაღვლიანი ისტორიები უფრო ხიბლავს, ვიდრე მოძველებული ცრემლიანი დრამები „ბედნიერი დასასრულით“, მით უფრო, რომ მისივე განცხადებით, ფილმი პირველ რიგში მათ ეძღვნება, „ვინც სიყვარულში იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც შეძლო გაღიმება და ცხოვრების გაგრძელება“.


საინტერესოა, ფილმის მუსიკალური გაფორმებაც, რომელზეც კომპოზიტორმა კრეიგ არმსტრონგმა იმუშავა და არაჩვეულებრივი საუნდთრეკი შექმნა სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ცნობილი კომპოზიციების გაერთიანებით. მართალია, სახუმარო სიმღერა Christmas is All Around, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს მთელ ფილმს, ბილ ნაიინმა სინგლად გამოსცა, მაგრამ განსაკუთრებულ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია, მაშინ, როცა ოლივია ოლსონის კომპოზიციამ All I Want For Christmas Is You, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და საშობაო სიმღერის საუკეთესო ქავერ-ვერსიად იქცა.

‘’ბრიჯიტ ჯონსის დღიური’’ (Bridget Jones's Diary, 2001, შერონ მაგუარი)

კომედიური მელოდრამა „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ ბრიტანელი ავტორის ჰელენ ფილდინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით შეიქმნა და 1990-იანი წლების მეორე ნახევარში მოიპოვა პოპულარობა. რომანის ეკრანიზება ამერიკელმა რეჟისორმა შერონ მაგუარმა ითავა, რომელმაც ლიტერატურული ორიგინალის ყველა წვრილმანის შენარჩუნება და ეკრანზე უცვლელად გადატანა მოინდომა, ამიტომ ყველაზე მეტად მსახიობების შერჩევა და ამერიკულ ფილმში ნამდვილი ბრიტანული კოლორიტის შექმნა გაუჭირდა.

32 წლის მარტოხელა ბრიჯიტ ჯონსი ერთნაირად წარუმატებლად ებრძვის როგორც მავნე ჩვევებს, ისე ჭარბ წონას და უიღბლობას პირად ცხოვრებაში, თუმცა ახალი წლიდან ცხოვრების რადიკალურად შეცვლას გეგმავს და დღიურის წერას იწყებს, რათა დეტალურად აღწეროს ყოველი დღე და ხშირად შეახსენოს საკუთარ თავს ყველა შესრულებული და შეუსრულებელი პირობა. 

მართალია, მთავარ როლზე პროდიუსერები ემილი უოტსნის, კამერონ დიასის და ქეით უინსლეტის კანდიდატურებს განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც რენე ზელვეგერის სასარგებლოდ გააკეთეს და არც შეცდნენ, რადგან ფილდინგის თაყვანისმცემელი ზელვეგერი დიდხანს ოცნებობდა ჯონსის პერსონაჟის საკუთარ თავზე მორგებას და დაუფიქრებლად დათანხმდა შეთავაზებას. მსახიობი სერიოზული პასუხისმგებლობით მოეკიდა როლისთვის მზადებას, რამდენიმე თვე იცხოვრა ლონდონში და ბრიჯიტ კავენდიშის სახელით იმუშავა გამომცემლობა „პიკადორში“, რაც ბრიტანული აქცენტის დახვეწასა და „ლონდონური თავისებურებების“ უკეთ გაცნობაში დაეხმარა.  

„ბრიჯიტ ჯონსის დღიურმა“ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მთელი 282 მილიონი დოლარი მოაგროვა გაქირავებაში. მართალია, 2004 წელს ეკრანებზე ფილმის გაგრძელება „ბრიჯიტ ჯონსი: გონიერების ზღვარი“, 2016 წელს კი მესამე ნაწილი „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“ გამოვიდა, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო წინამორბედის წარმატების გამეორება.

‘’მარტო სახლში’’ (Home Alone, 1990, კრის კოლამბუსი)

კრის კოლამბუსის არაჩვეულებრივი კომედია „მარტო სახლში“, რომელიც არდადეგებზე სახლში მარტო დარჩენილ ბიჭუნასა და ორ უიღბლო მძარცველზე მოუთხრობს მაყურებელს, დიდი ხანია ოჯახური კინოს მთავარ ბესტსელერად და საახალწლო დღესასწაულების აუცილებელ ატრიბუტად ითვლება. მეტიც, ფილმი, რომლის მოგებამ თითქმის 500 მილიონი დოლარი შეადგინა, საოცარი შედეგით მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, რადგან მხოლოდ საპრემიერო კვირაში შეძლო 17 მილიონის მოგროვება და წლის ყველაზე გაყიდვადი ფილმის სტატუსის მოპოვება. ფილმის წარმატებამ მის ავტორებს ერთგვარი მედიაფრანშიზას შექმნა გადააწყვეტინა, რომელმაც საერთო ჯამში ხუთი ფილმი გააერთიანა, 1992 წელს გამოსული მეორე ნაწილის „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგულის“ ჩათვლით. 
 
მართალია, კევინ მაკკალისტერის პერსონაჟი სპეციალურად მაკოლაი კალკინზე მორგებით შეიქმნა, მაგრამ 100-ზე მეტმა ბიჭუნამ მაინც გაიარა სინჯები, რათა ფილმის პროდიუსერი და სცენარის ავტორი ჯონ ჰიუზი კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ კალკინზე უკეთ ვერავინ შეძლებდა გონებამახვილი კევინის განსახიერებას, კუზენ ფულერის ეპიზოდური როლი კი, რომელიც საერთოდ არ იყო სცენარით გათვალისწინებული, მაკოლაის უმცროსმა ძმამ კირანმა შეასრულა, როცა ბიჭუნების მამამ - კიტ კალკინმა პრაქტიკულად აიძულა ფილმის შემქმნელებს ახალი პერსონაჟის დამატება.  


სხვათა შორის, სახლი, სადაც მაკკალისტერების მრავალრიცხოვანი ოჯახი ცხოვრობს არა დეკორაცია, არამედ რეალური სახლია ჩიკაგოს რესპექტაბელურ გარეუბანში, რომლის მფლობელებმა სიამოვნებით უმასპინძლეს ფილმის გადამღებ ჯგუფს. მართალია, 2,4 მილიონად შეფასებული სამსართულიანი სახლი 2011 წელს 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა,  მაგრამ დღეს იქ არავინ ცხოვრობს, რადგან ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად და ერთგვარ ტურისტულ ატრაქციონად ითვლება, რომელსაც მილიონზე მეტი კინომოყვარული სტუმრობს ყოველწლიურად.

‘’შვებულება’’ (The Holiday, 2006, ნენსი მაიერსი)

ნენსი მაიერსის რომანტიკული კომედია „შვებულება“, რომელშიც მთავარი როლები ბრწყინვალე მსახიობებმა ჯუდ ლოუმ და ქეით უინსლეტმა, კამერონ დიასმა და ჯეკ ბლექმა შეასრულეს, სხვა საშობაო ფილმებისგან განსხვავებით არა საოცრებასთან, არამედ სადღესასწაულო რომანტიკასთან ასოცირდება და განსაკუთრებით ქალბატონებს მოსწონთ, რადგან ნამდვილად არავინ იტყოდა უარს საშობაო არდადეგების მზიან კალიფორნიაში ან თოვლით დაფარულ სურეის საგრაფოში გატარებაზე, რომელიც ფილმის შემქმნელებმა მართლაც ჯადოსნურ ზღაპარს დაამსგავსეს. 

სხვათა შორის, მყუდრო კოტეჯი როუზჰილი, რომელიც განსაკუთრებით შეიყვარა მაყურებელმა და ბევრმა დაქირავებაც სცადა საკუთარი რომანტიკული ოცნებების ასრულების იმედით, სინამდვილეში არასდროს არსებობდა და მხოლოდ დეკორაციაა, რომლის ექსტერიერი 2 კვირაში შეიქმნა, ინტერიერი კი პავილიონში მოეწყო და გადაღებებიც  იქ გაიმართა. 

ეპიზოდური როლებით გამოჩნდნენ ფილმში დასტინ ჰოფმანი და ილაი უოლაკი. ჰოფმანი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ვიდეომაღაზიაში, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა და  უსასყიდლოდ, მხოლოდ ნენსი მაირსთან მეგობრობის წყალობით დათანხმდა ეპიზოდში მონაწილეობას, ხანდაზმულმა უოლაკმა კი, პრაქტიკულად საკუთარი თავი განასახიერა, როცა ჰოლივუდის ვეტერანი სცენარისტის არტურ ებოტის როლი შეასრულა. 


 

„როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ (How the Grinch Stole Christmas, 2000, რონ ჰოვარდი)

რონ ჰოვარდის ფილმ-ზღაპარმა „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“, არა მხოლოდ კრიტიკის მოწონება დაიმსახურა, არამედ ოთხკვირიანი ლიდერობაც მოიპოვა ამერიკულ გაქირავებაში. ამასთანავე, საშობაო ჰიტი, რომელმაც მხოლოდ უქმეებზე მოაგროვა 260 მილიონი დოლარი, დოქტორ სიუზის ამავე სახელწოდების წიგნის საეტალონო ადაპტაციად დასახელდა. 

მართალია, დღეს ცინიკოსი, მთელ სამყაროზე გაბოროტებული გრინჩი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია, მაგრამ თავის დროზე არც გამოკვეთილი ხასიათი ჰქონდა, არც სახასიათო მწვანე ფერი. პირველად გრინჩი 1955 წელს, ჟურნალ Redbook-ში გამოჩნდა, როცა ილუსტრირებული ლექსი ''ჰუბაბი და გრინჩი'' დაიბეჭდა, თუმცა, უცნობი ავტორის პროზაში ის მხოლოდ მეორე პლანის პერსონაჟი იყო. პოპულარობა მწვანე არსებამ 1957 წელს მოიპოვა, როცა დოქტორ სიუზის ფსევდონიმით ცნობილი ამერიკელი მწერლის თეოდორ სიუზ გაისელის მოთხრობაში „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ მთავარი როლით წარსდგა მკითხველის წინაშე. 

1966 წელს მოთხრობის მიხედვით მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი შეიქმნა, რომელმაც მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა და სულ რამდენიმე კვირაში შეიძინა ათასობით თაყვანისმცემელი. სწორედ მათ თხოვნას უპასუხა მწერალმა, როცა გრინჩის ისტორიების მთელი კრებული გამოუშვა და თავად დაწერა სცენარი მულტფილმისთვის „ჰელუინი - გრინჩის ღამეა“. 1982 წელს გრინჩის მონაწილეობით მიუზიკლი დაიდგა ბროდვეის სცენაზე, 2000 წელს კი, ეკრანზე გადაინაცვლა და ბრწყინვალე სანახაობა შესთავაზა მაყურებელს ოსტატურად შესრულებული სპეცეფექტებით, არაჩვეულებლივი კოსტიუმებითა და დეკორაციებით. 

„ადგილების გაცვლა’’(Trading Places, 1983, ჯონ ლენდისი)

საახალწლო დღესასწაულები ყოველთვის „ჯადოსნური ისტორიების სეზონად“ ითვლებოდა ჰოლივუდში, ამიტომ ჯონ ლენდისმა სწორედ ამგვარი საოცრება შესთავაზა მაყურებელს, როცა კომედია „ადგილების გაცვლა“ გადაიღო და მდიდარი - ღატაკად, ღატაკი კი, სულ რამდენიმე წუთში აქცია მდიდარ ბიზნესმენად.  

სცენარი ფილმისთვის ტიმოტი ჰარისმა დაწერა მარკ ტვენის კლასიკური მოთხრობის „უფლისწულის და მათხოვრის“ თანამედროვე ყაიდაზე ინტერპრეტირებით და 1980-იან წლებში მეტად აქტუალური თემის - რასიზმის ხაზგასმით, ამიტომ მთავარ გმირებად არა მდიდარი და ღარიბი, არამედ სხვადასხვა რასის წარმომადგენლები - წარმატებული თეთრკანიანი ბირჟის მაკლერი და ქუჩის შავკანიანი მაწანწალა აქცია. 

მართალია, მთავარ როლებზე ფილმის პროდიუსერებს ჯინ უაილდერის და რიჩარდ პრაიორის „შავ-თეთრი დუეტის“ მიწვევა სურდათ, მაგრამ მსახიობებმა უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე და საკუთარი ადგილი დენ ეკროიდსა და დამწყებ მსახიობს ედი მერფის დაუთმეს, რომელმაც უოლტერ ჰილის ექშენ-კომედიაში „48 საათში“ მონაწილეობით გაითქვა სახელი.

მართალია, საბირჟო მაქინაციებზე ფილმის გადაღება შეერთებული შტატების ფინანსურ ცენტრში - ნიუ-იორკში ან ჩიკაგოში უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ლენდისმა მაინც ფილადელფია აირჩია, რადგან ჩათვალა, რომ სოციალური და რასობრივი ქვეტექსტით დატვირთული ფილმის მოქმედება სწორედ იმ ქალაქში უნდა განვიარებულიყო, რომელიც კონსტიტუციის მიღებასთან, სოციალურ თანასწორობასა და უფლებების დაცვასთან ასოცირდებოდა. 

კომედიამ სახალისო სიუჟეტითა და მსახიობების არაჩვეულებრივი თამაშით, კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, რომელთაც  ერთხმად აღნიშნეს, რომ ფილმმა წარმატებით აღადგინა „ოქროს ხანის“ ჰოლივუდის ტრადიციები, რადგან ჩვეული სენტიმენტალურობით მოუთხრო მაყურებელს კეთილი საახალწლო ზღაპარი.

სხვა თემები