11 იანვარი 2024 - 11:05

ინტერიერის დიზაინი: რა იქნება ტრენდული 2024 წელს

დიზაინერებმა, რომლებიც ყოველთვის ინტენსიურად მუშაობენ და მაქსიმალურად ცდილობენ ფუნქციონალური, პრაქტიკული ინტერიერის შექმნას ყველა ტრენდული აქცენტის გათვალისწინებით, არც ამჯერად შეირცხვინეს თავი და მეტად საინტერესო ინოვაციები შესთავაზეს მოდურად და კომფორტულად ცხოვრების მოყვარულებს. 

ეკოლოგიური და ნატურალური მასალა

მართალია, ხმაურიან ქალაქს და სტრესულ ყოველდღიურობას, ბევრი ქალაქგარეთ გაურბის, რათა ბუნებრივ გარემოში დაისვენოს და დატკბეს სიმშვიდით, თუმცა, დიზაინერების გონებამახვილური შეთავაზებების წყალობით, ახლა საკუთარ ბინასა თუ სახლშიც თავისუფლად შეიძლება ნამდვილი „ოაზისის’’ მოწყობა, მით უფრო, რომ 2024 წელს სწორედ  ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური მასალა - ხე, ქვა და ბამბუკი შეიძენს აქტუალურობას, რომელიც არა მხოლოდ ავეჯსა და აქსესუარებს დაამშვენებს, არამედ იატაკის, ჭერისა და კედლების მოპირკეთებაშიც პრიორიტეტული იქნება, წამყვან როლს „ბუნებრივ სამოთხეში“ კი, მცენარეები შეასრულებენ, რომლებიც მეტ სიცოცხლესა და ჰარმონიას შესძენენ მთელ ბინას. 

მრავალფუნქციურობა

მულტიფუნქციური გარემო გასულ წელსაც აქტუალური იყო და წელსაც ტრენდული იქნება. თანამედროვე ეპოქაში ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ ყოველი კვადრატული მეტრის ეფექტურად გამოყენებას და სწორედ მათ მოთხოვნებს პასუხობენ დიზაინერები, რომლებიც მრავალფუნქციური ავეჯით სთავაზობენ ინტერიერის გაფორმებას, სივრცის ოპტიმიზაციას და ბევრად პრაქტიკულად გამოყენებას. 

პოპულარული იქნება 2024 წელს სივრცის ზონირებაც. დღეს ბინა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს - საშინაო ოფისით დაწყებული, სავარჯიშო დარბაზით დასრულებული. ადამიანები ერთ სივრცეში ისვენებენ და მუშაობენ, მასპინძლობენ მეგობრებს და აწარმოებენ მოლაპარაკებებს. სწორედ ამგვარმა უნივერსალურმა ცხოვრების წესმა მოითხოვა საერთო სივრცის ცალკეულ ზონებად დაყოფა მსუბუქი ტიხრებისა და ავეჯის გამოყენებით.  

 

ინდივიდუალური დაკვეთით შექმნილი ავეჯი

ცვალებადი გემოვნებისა და მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, 2024 წლისთვის სპეციალისტებმა სხვადასხვა სტილის, მეტად ინოვაციური, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა მასალის ავეჯის დიზაინი შეიმუშავეს, რომლის მთავარ მახასიათებლად მინიმალისტური სტილი და ისევ მრავალფუნქციურობა იქცა.

სწორედ კომბინირებული ავეჯი და დახურული სათავსოები, გასაშლელი მაგიდები და ტრანსფორმერი სავარძლები გლუვი ფაქტურითა და თავშეკავებული ფერებით იქნება მომავალს წელს პოპულარული. აქტუალურობას შეიძენს ორიგინალური გეომეტრიული ფორმები და მასალის მრავალფეროვნებაც, რადგან კლასიკურ ხესა და მეტალს კონკურენციას ტექსტილის, ქვის ელემენტებით გაფორმებული და მოწნული ავეჯი გაუწევს, თუმცა განსაკუთრებით მოდური მაინც ინდივიდუალური დაკვეთით შესრულებული ნივთები იქნება, რაც მეტ ინდივიდუალურობას შესძენს ინტერიერს. 

 

მინიმალიზმი და ორიგინალური ფორმები

გასული წლის მსგავსად მინიმალიზმი წელსაც შეინარჩუნებს აქტუალურობას, თუმცა ახლა ბევრად ხაზგასმული და აქცენტირებული იქნება, მარტივ და უსახურ ფორმებს კი, რთული და უჩვეულო დეტალები ჩაანაცვლებენ. მაგალითად, მონოქრომულ ინტერიერში მკვეთრი აქცენტის გაკეთება განსხვავებული ფერისა და სტილის ავეჯით ან დეკორის სხვა ელემენტებით იქნება შესაძლებელი.  
 

მოდური ფერები: ატმისფერი, სალბის ფოთლები და კობალტი

Pantone-ს ფერის ინსტიტუტის მტკიცებით, რომლის ტრენდული პროგნოზებით აქტიურად სარგებლობენ მოდისა და დიზაინის  უმსხვილესი ბრენდები, 2024 წელს ყველაზე აქტუალური ატმისფერი იქნება, რომელიც მეტ სითბოსა და მყუდროებას შესძენს ნებისმიერ გარემოს. ამასთანავე, ნაზი და რბილი ატმისფერი ძირითადი, ერთგვარი „მონოპოლისტიც“ შეიძლება იყოს და ფრაგმენტულიც ინტერიერისა და დეკორის ცალკეული დეტალების აქცენტირებისთვის.  

არანაკლებ პოპულარული იქნება მწვანე, უფრო ზუსტად კი, სალბის ფოთლების ფერიც, რომელიც პირველ რიგში, ბუნებასთან, სიმშვიდესთან ასოცირდება და იდეალურად ერგება ისეთ ნატურალურ მასალას, როგორიც ხე, სელის ქსოვილი, მცენარეული ფაქტურა და რბილი ტექსტილია. კობალტი ანუ ლურჯის ერთ-ერთი შეფერილობა კი, მართალია, საოცარ ელეგანტურობას მატებს ინტერიერს, მაგრამ მისი გამოყენება ზომიერად და თავშეკავებით, მხოლოდ აქცენტის ან კონტრასტის შესაქმნელად შეიძლება შედარებით ღია ან ნეიტრალურ ფერებთან - თეთრთან, კრემისფერსა და ნაცრისფერთან ერთად.  

აპსაიკლინგი და რესაიკლინგი

აპსაიკლინგი - ძველი და დაზიანებული ნივთებისგან ახალი და ორიგინალური ობიექტების, რესაიკლინგი კი, გადამუშავებული მასალის - შუშის, მეტალისა და პლასტიკის მეორადი დანიშნულებით გამოყენებას და არაფორმალური ინტერიერის შექმნას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, გარემოზე ნეგატიურ გავლენას ამცირებს და ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას.  

კოლაჟი და მარკეტრი

კოლაჟი, რომლის შექმნა სხვადასხვა მასალით - შპალერით, ფოტოებითა და კერამიკის ფილებით შეიძლება, კრეატიულობისა და ინდივიდუალურობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, საჭიროა კოლაჟის ფორმის, ზომისა და ფერების გათვალისწინება, რათა ჰარმონიულად მოერგოს ინტერიერსა და დეკორის სხვა ელემენტებს.  

მარკეტრი ანუ ფერითა და ტექსტურით განსხვავებული ტყავის, ქვისა და ხის ფიგურული ფირფიტების მოზაიკური პანო, რომელიც მასშტაბური კომპოზიციაც შეიძლება იყოს და  ფრაგმენტული აქცენტირებაც, განსაკუთრებულ შარმსა და ელეგანტურობას შესძენს ნებისმიერი სტილის ინტერიერს, თუმცა ამ შემთხვევაშიც გემოვნებით შერჩევაა საჭირო, მით უფრო, რომ 2024 წელს განსაკუთრებით ტრენდული იქნება მარკეტრის გამოყენება ცარიელი კედლების შესავსებად ან წიგნების თაროებისა და კარადების ორიგინალური ფონის შესაქმნელად.    

 

სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მიქსი

მოდური იქნება მომავალ წელს სხვადასხვა ეპოქის, მაგალითად, კლასიკური და თანამედროვე სტილის გაერთიანება და ეთნიკური ელემენტებით გაფორმება. თუმცა მხოლოდ პროფესიონალის რეკომენდაციის გათვალისწინებით, რათა ინტერიერი ერთმანეთთან შეუხამებელი დეტალებით არ გადაიტვირთოს და უგემოვნო კიტჩს არ დაემსგავსოს. 

‘’ჭკვიანი სახლი’’ და ტექნოლოგიები

ბოლო ათწლეულში ძალიან აქტუალური გახდა ინტელექტუალური ტექნოლოგიების გამოყენება. გამონაკლისი არც 2024 წელი იქნება, როცა განსაკუთრებულ პოპულარობას „გონიერი“ განათება, კლიმატის კონტროლის სისტემა და ის ინოვაციები შეიძენენ, რომლებიც მაქსიმალურად გაამარტივებენ და ბევრად კომფორტულს გახდიან ყოველდღიურ ცხოვრებას. 

სხვა თემები