13 მარტი 2024 - 08:00

ფენ-შუის ხელოვნება: როგორ დავიცვათ თავი უიღბლობისა და მარცხისგან

„ქარისა და წყლის მართვის ხელოვნება“ ანუ ფენ-შუი - უძველესი დაოისტური პრაქტიკაა, რომელიც სივრცის სიმბოლურ ორგანიზებას სწავლობს, რადგან თვლის რომ სწორედ გარემო განსაზღვრავს ადამიანის ენერგეტიკას და მის ბედისწერას. 

ფენ-შუის მიმდევრები, რომელთა მიზანს „ცი“-ს დადებითი ენერგიების მოძიება და მაქსიმალური სარგებლით გამოყენება წარმოადგენს, ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იღბალს, ამიტომ ე.წ. „კანონზომიერი გამართლების“ საკუთარი წესები შეიმუშავეს და რამდენიმე საინტერესო თავისებურება გამოჰყვეს. 

ოთახის კუთხეები

იღბლის მოსაზიდად და წარმატების შესანარჩუნებლად მოერიდეთ ოთახის კუთხეებს. თუ დივანი ან სამუშაო მაგიდა კუთხეში გაქვთ მოთავსებული, არ ღირს სკამის ან სავარძლის ზუსტად ცენტრში დადგმა, უმჯობესია ოდნავ გვერდით ჩასწიოთ. მოერიდეთ იმ ადგილას დიდხანს ჯდომას ან დგომასაც, სადაც კუთხე პირდაპირ თქვენ „გიყურებთ“, რადგან ფენ-შუის თანახმად, ენერგოვამპირის მსგავსად კუთხეც ადამიანის ენერგიით „იკვებება“. 

სარკე

ფენ-შუის სპეციალისტები კატეგორიულად კრძალავენ გატეხილი ან გაბზარული სარკის სახლში გაჩერებას, რადგან დაზიანებულ სარკეში საკუთარი გამოსახულების თვალიერება არა მხოლოდ სასიცოცხლო ენერგიას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასაც ანგრევს. არ შეიძლება არც ნახატით ან ორნამენტით გაფორმებული სარკისებრი ზედაპირით სარგებლობა, რადგან ამგვარი გაფორმება ნაწილებად ამტვრევს სივრცეს, რაც ნეგატიურად აისახება ცხოვრების ყველა სფეროზე. 

მეტად ეფექტურია მცირე ზომის სარკის ჯიბით ტარებაც, რომელიც უიღბლობისა და ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისგან დაგიცავთ. ფენ-შუის პრაქტიკოსების მტკიცებით, სარკისებრი ზედაპირი მტრების, მოშურნეების მძიმე, ნეგატიურ ენერგიას აირეკლავს და მათვე უბრუნებს უკან, სახლის უარყოფითი ენერგიისგან დასაცავად კი, მრგვალი ან ოვალური სარკე გამოიყენეთ, რომელსაც ფანჯრის ან ბინაში შესასვლელი კარის თავზე დაკიდებთ. 

კარის ზღურბლი

კარის ზღურბლი ერთგვარი საზღვარია ორ სამყაროს - თქვენს სახლში „დამკვიდრებულ“ ენერგეტიკასა და გარე სამყაროს მუდმივად ცვალებად ენერგიებს შორის. წარმოსახვითი საზღვრის ნებისმიერ მხარეს გადაკვეთისას კი, სწრაფად იცვლება და იხარჯება ენერგია, ამიტომ ჩინელი ბრძენები კატეგორიულად კრძალავენ ზღურბლზე ანუ ორ სამყაროს შორის საზღვარზე საუბარს, მისალმებას და დამშვიდობებას, საგარეო ან საშინაო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჩაცმას.  

გზიდან დაბრუნება

არ ღირს არც უკან დაბრუნება თუ სახლიდან გასასვლელად მომზადებულმა ზღურბლს გადააბიჯეთ, რადგან ისევ ის წარმოსახვითი საზღვარი უნდა გადაკვეთოთ, რომელიც ორ ენერგეტიკულ სივრცეს ჰყოფს, ანუ მოგიწევთ გაუთვალისწინებელი ნახტომის გაკეთება ერთი სამყაროდან მეორეში, რითაც არა მხოლოდ სამყაროს დაუნგრევთ გეგმებს, არამედ ენერგიასაც ფუჭად დახარჯავთ. იმ შემთხვევაში, თუ იძულებული გახდით დაბრუნდეთ, რამდენიმე წუთით შეყოვნდით სახლში და მიეცით ენერგიას აღდგენის საშუალება, რადგან სხვაგვარად დღის მანძილზე დაგეგმილი ყველა საქმე მარცხით დასრულდება.

დაუცველი ზურგი

არავის, მათ შორის არც ახლობლებს არ მისცეთ თქვენს ზურგს უკან დიდხანს გაჩერების უფლება, რადგან ზურგი ყოველთვის დაუცველია და არა მხოლოდ ინსტინქტურ დისკომფორტს, არამედ ენერგიის გადინებასაც იწვევს. მეტიც, ადამიანის, თუნდაც ძალიან ახლობლის დიდხანს და რეგულარულად თქვენს ზურგს უკან დგომა სერიოზულად გაზარალებთ და აუცილებლად ენერგეტიკულად გამოგფიტავთ.

საკვების მომზადება

საკვებ პროდუქტს გარემოს ენერგეტიკის შთანთქმის „ჩვეულება“ აქვს, ამიტომ თუ გაბრაზებული, გაღიზიანებული ან დანაღვლიანებული ხართ, უმჯობესია წინა დღის სადილი მიირთვათ, რადგან ცუდ განწყობაზე მომზადებული კერძის ყოველ ლუკმასთან ერთად ნეგატივსაც გადაყლაპავთ, რაც საბოლოოდ ორგანიზმის ენერგეტიკულად მოწამვლას გამოიწვევს.

პროეცირება საკუთარ თავზე

ფენ-შუის სპეციალისტების მტკიცებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც სხვის პრობლემებსა და დაავადებებზე საუბარი, არც საკუთარ თავზე მათი დემონსტრირება, რადგან ამგვარი პროეცირებით ერთგვარ მუხტს გზავნით სამყაროში, პრობლემების ან ავადმყოფობის დიაგნოზის გაჟღერებით კი, ნეგატიური შინაარსით ავსებთ და აძლიერებთ ამავე მუხტს. 

სხვა თემები