10 აპრილი 2024 - 11:56

გაზაფხულის დეპრესია: როგორც დავამარცხოთ სეზონური უგუნებობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყველაზე სახიფათო სნეულებათა ნუსხაში სწორედ დეპრესიაა მესამე ადგილზე ინფექციური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, რადგან ფსიქიკური აშლილობით, რომელიც განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე მწვავდება, პლანეტის მოსახლეობის 65% იტანჯება.

მართალია, ბევრისთვის გაზაფხული „ზამთრის ძილისგან“ გამოფხიზლებასა და ახალი ენერგიით შევსებასთან ასოცირდება, მაგრამ ბევრისთვის პირიქით, სწორედ მარტისა და აპრილის თვეებია ყველაზე მძიმე, როცა გამწვავებული დეპრესიული მდგომარეობა საერთო სისუსტით, უგუნებობითა და პესიმიზმით, ინტერესისა და ხალისის დაკარგვით გამოიხატება. 

გაზაფხულის დეპრესიის გამომწვევი მიზეზები

არ ღირს სეზონური დეპრესიის უგულებელყოფა და მისი ჩვეულებრივ მოწყენილობასა და მელანქოლიასთან გაიგივება, რადგან ემოციური არასტაბილურობა, რომელსაც მეტწილად ფიზიოლოგიური პროცესების დარღვევა იწვევს, ხშირად სუიციდითაც მთავრდება. 

   დეპრესიის გამომწვევი მიზეზები: 
* ორგანიზმის გამოფიტვა, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა. 
* მზის სხივების დეფიციტი, რაც უგუნებობასთან ერთად კანის პრობლემებს, თმის ცვენასა და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. 
* ჰორმონალური აფეთქება, რომელიც მეტწილად რეპროდუქტიულ ასაკში ვლინდება.
* ჰიპოქსია ანუ ჟანგბადის სიმცირე ორგანიზმში. ზამთრის სეზონზე, როცა სუფთა ჰაერზე სეირნობას ყველა სითბოსა და მყუდრო გარემოში ყოფნას ამჯობინებს, ორგანიზმი ჟანგბადის დეფიციტს განიცდის, რაც ხშირი თავის ტკივილებით და უგუნებობით გამოიხატება. 
* ე.წ. მეტეოდამოკიდებულება ანუ  ამინდის ხშირი და უეცარი ცვლილება, რასაც ორგანიზმი ფიზიოლოგიური დისბალანსით - სისხლის ქიმიური შემადგენლობის, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით პასუხობს. 


 

დეპრესიის მდგომარეობა

ზამთარსა და ზაფხულში ადამიანის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა უფრო სტაბილურია, ვიდრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა სერიოზული „გარდაქმნები“ იწყება ორგანიზმში. სწორედ ახლად წარმოქმნილი უჯრედები, ერთიანად გააქტიურებული ორგანოები და აჩქარებული მეტაბოლიზმი იწვევს ბიოლოგიური რიტმის დარღვევას, საერთო მდგომარეობის, განწყობის დამძიმებას და სეზონურთან ერთად ქრონიკული დაავადებების გამწვავებას. 

მნიშვნელოვანია სტრესის, დეპრესიული მდგომარეობისა და თავად დეპრესიის გამიჯვნა, რადგან მხოლოდ დეპრესია ითვლება ფსიქიკურ დაავადებად, რომელიც ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას აზარალებს, მეორე მხრივ, სიცოცხლის სურვილსა და ხალისს უკარგავს.  


 

დეპრესიის სიმპტომები

მოუცლელობისა და უყურადღებობის გამო ადამიანები მეტწილად დაგვიანებით იწყებენ დეპრესიასთან ბრძოლას, როცა განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება არაჯანსაღი იერი, არადა, დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ე.წ. „გამაფრთხილებელი ნიშნების“ დროულად ამოცნობის შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლება დეპრესიის დამძიმებისგან თავის დაღწევა. 

   დეპრესიის სიმპტომები:
* ძილის დარღვევა - მომატებული ძილიანობა დღის მანძილზე ან პირიქით, უძილობა,
* ემოციური სიცარიელე და ორგანიზმის გამოფიტვა,
* უხალისობა და გულგრილობა ყოველდღიური საქმეებისა და მოვალეობების მიმართ,
* მადის დაკარგვა, ან პირიქით მუდმივად საკვების მიღების სურვილი, 
* უგუნებობა და პესიმიზმი, უმიზეზოდ შფოთვა და მუდმივი სტრესი,
* განწყობის უეცარი და მკვეთრი ცვლილება,
* ქრონიკული დაავადებების გამწვავება,
* სუიციდური ფიქრები.
 

დეპრესიასთან ბრძოლის მეთოდები

გაზაფხულის დეპრესია სეზონურობით ხასიათდება, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მისი დამოუკიდებლად დაძლევა, თუმცა, რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელებული ემოციური დისბალანსის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.  

მოიწყვეთ რამდენიმედღიანი არდადეგები მშვიდ გარემოში, დაასვენეთ გონება და სხეული, მოერიდეთ ვირტუალურ ნაცნობებთან და პესიმისტურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან სხვისი ნეგატიური განწყობაც ისეთივე დამთრგუნველია, როგორც საკუთარი, უმჯობესია, მოინახულოთ დიდი ხნის მონატრებული ნათესავები და მეგობრები, ვისთანაც გაერთობით, გამხიარულდებით და დაივიწყებთ ნეგატიურ ფიქრებს.

   რეკომენდაციები დეპრესიის სწრაფად დასაძლევად :
დაბალანსებული კვება - შეავსეთ კვების რაციონი სეზონური ხილითა და ბოსტნეულით, შავი შოკოლადით, თხილით და ბედნიერების ჰორმონით - სეროტინინით მდიდარი სხვა პროდუქტით. გაყავით საკვები რამდენიმე ულუფად და მიირთვით ზომიერად. მოერიდეთ ძილის წინ გონების გადაღლას და ნეგატიური ინფორმაციით დამძიმებას. 

ძილი - გაზაფხულზე ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება სრულფასოვანი დასვენება და გამოძინება. მართალია, თანამედროვე რეალობაში წარმოუდგენელია ადრე დაძინება, მაგრამ ეცადეთ 24:00 საათამდე ჩაიძინოთ, რადგან სწორედ შუაღამისას (24:00-დან 02:00 საათამდე) იზრდება ძილის ჰორმონის - მელატონინის დონე, რომელიც იმუნური, ნერვული სისტემის მოწესრიგებას და ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. 

ფიზიკური დატვირთვა - დეპრესიასთან ბრძოლის მეტად ეფექტური საშუალებაა ფიზიკური აქტივობა. სპეციალისტების მტკიცებით, კომპლექსური ვარჯიში, ფიტნესი და სპორტული ცეკვა, ცურვა, სირბილი და უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობა არა მხოლოდ  ორგანიზმს აძლიერებს, არამედ განწყობასაც აუმჯობესებს. მეტიც, სწორედ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ ძილის მოწესრიგებაში, შეგმატებთ ხალისს, ფიზიკურ და მორალურ ძალას. 

სხვა თემები