04 აპრილი 2024 - 23:15

ადგილობრივი არჩევნები თურქეთში - რატომ დამარცხდა ერდოღანის პარტია?

პრეზიდენტ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია”  თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა. ოპოზიციამ გაიმარჯვა არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ - მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რა ხდება?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივი არჩევნების წინ, მიზნად დაისახა, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ უპირატესობა მთელ ქვეყანაში ყველასთვის დემონსტრაციულად ეჩვენებინა. ამასთანავე, მას სურდა, დაებრუნებინა ის დიდი ქალაქები, რომელთაც 2019 წლის შემდეგ ოპოზიცია მართავდა. თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა - ისლამურ-კონსერვატიული პარტია დიდ ქალაქებში დამარცხდა. გარდა ამისა, მათ წააგეს მთელ რიგ რეგიონში, რომლებიც ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური ძალის - რესპუბლიკური სახალხო პარტიის დასაყრდენს წარმოადგენენ.

საერთო ჯამში, მუნიციპალურ არჩევნებში „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“  37,7%-ი დააგროვა. აღნიშნულმა გაერთიანებამ გაიმარჯვა 21 პატარა და 14 დიდ ქალაქში, მათ შორის -  სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ბურსაში, ადანასა და ანტალიაში. ერდოღანის წარმატებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, ადგილობრივი არჩევნები მისთვის საზოგადოების განწყობის გამოცდად იქცა და მიღებულმა შედეგებმა სახელმწიფოს მეთაური დიდად ვერ გაახარა. საპრეზიდენტო პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 35,5%-ი და ამით მან, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 

ამ არჩევნების მთავარი თემა თურქეთის ეკონომიკაში არსებული ვითარება იყო

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ანკარაში, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ შტაბ-ბინაში მივიდა 70 წლის ერდოღანი, რომელიც ჩვეულებრივზე მშვიდად გამოიყურებოდა. პრეზიდენტმა არჩევნები შეაფასა, ამ პროცესს ქვეყანაში დემოკრატიის დამადასტურებელი უწოდა და ოპოზიციას არ დამუქრებია. ”სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ შედეგებს, რაც გვინდოდა”, - აღიარა ერდოღანმა. მან დაამატა, რომ ის "პატივს სცემს ხალხის გადაწყვეტილებას". ერდოღანი თავის მხარდამჭერებს დაჰპირდა, რომ წარუმატებლობა კრიტიკულად გადააფასონ: „ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა“. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ გარდამტეხი მომენტია განახლებისთვის.

თურქეთის ეკონომიკა რამდენიმე წელია ერდოღანის დაბალი საპროცენტო პოლიტიკის შედეგებს „იმკის“. მკაცრი ეკონომიკური ზომებისა და გადასახადების ზრდის მიუხედავად, მთავრობა მაღალ ინფლაციასა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებას ვერ უმკლავდება. სწორედ ამიტომ ამ საარჩევნო კამპანიაში ეკონომიკური საკითხები დომინირებდა. ”ქვეყანაში არსებული დაძაბული ეკონომიკური სიტუაცია იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ დაბალი მაჩვენებელი განაპირობა”, - განაცხადა ბერლინის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის (SWP) ექსპერტმა თურქეთის საკითხებში, სალიმ ჩევიკმა. მისი თქმით, ერთი წლის წინ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერდოღანმა ბევრი საჩუქარი გაუკეთა  პენსიონერებს, დაბალი შემოსავლის მქონე სხვა კატეგორიის მოქალაქეებსა და მთელ ეკონომიკას. ამჯერად, როდესაც სახელმწიფო ხაზინა ცარიელი იყო, ერდოღანს ამის საშუალება აღარ ჰქონდა, რამაც მისი დამარცხება გამოიწვია. 

მთელი ყურადღება სტამბოლზეა

ოპოზიციისგან დიდი ქალაქების „გასათავისუფლებლად“, თურქეთის პრეზიდენტი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ საარჩევნო კამპანიას თავად ხელმძღვანელობდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ის ერთი ღონისძიებიდან მეორეზე გარბოდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სააგიტაციო ღონისძიებებზე 17 მინისტრი გაგზავნა - თითქოს საარჩევნო ბიულეტენში სწორედ მათი სახელები იყო მითითებული. თუმცა ერდოღანს, უპირველეს ყოვლისა, სტამბოლი აწუხებდა. ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების 20%-ი სწორედ იქ ცხოვრობს, თურქული ექსპორტისა და იმპორტის ნახევარზე მეტიც სწორედ ამ მეგაპოლისზე მოდის. გარდა ამისა, თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარს შეადგენს სტამბოლი და დედაქალაქი ანკარა, ასევე - ქალაქები იზმირი, ადანა, მუღლა და ანტალია. სახელმწიფოს მეთაურისთვის სტამბოლს, თავისი 16 მილიონი მოსახლეობით, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს. 1994-1998 წლებში ერდოღანი ამ ქალაქის მერი იყო და მაშინ ამბობდა: „ვინც  გაიმარჯვებს სტამბოლში, ის იმარჯვებს ქვეყანაში“.

მთელი სახელმწიფო აპარატის მობილიზების მიუხედავად, ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ოპოზიციის გამარჯვებისთვის ხელი შეეშალა. სამ უმნიშვნელოვანეს მეგაპოლისში - ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში - “რესპუბლიკურ სახალხო პარტიას“ მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. სტამბოლში ოპოზიციის წარმატება პოპულარულ მერს, ეკრემ იმამოღლუს უკავშირდება. „ეს არჩევნები ნიშნავს დემოკრატიის ეროზიის დასრულებასა და მის აღორძინებას თურქეთში“, - განაცხადა იმამოღლუმ. დამკვირვებლები თვლიან, რომ სტამბოლში დიდი გამარჯვება გააუმჯობესებს იმამოღლუს შანსებს, მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის ოპონენტი გახდეს. 

„ეს იმამოღლუს გამარჯვებაა“, - ხაზს უსვამს პოლიტოლოგი ემრე ერდოღანი სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტიდან. მისი განმარტებით, პოლიტიკურად დაყოფილ ქვეყანაში იმამოღლუმ მოახერხა როგორც მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია IYI-ის, ისე - პროქურთული სახალხო დემოკრატიის პარტიის (DEM) ამომრჩევლებისადმი მიმართვა და მათი ხმების გაერთიანება. „ახლა უკვე, ის და ანკარის მერი მანსურ იავაშიც შეიძლება ჩაითვალონ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატებად“, - დასძენს პოლიტოლოგი. თუმცა ის ადგილობრივ არჩევნებში დამარცხებას მოქმედი პრეზიდენტის პარტიის დასასრულის დასაწყისად არ მიიჩნევს. მმართველი პარტია, - განმარტავს ემრე ერდოღანი, - კვლავ იკავებს ძლიერ პოზიციებს ბევრ მუნიციპალურ ორგანოში და პრეზიდენტს აქვს დრო, გააძლიეროს თავისი საარჩევნო ბაზა 2028 წლის მომდევნო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე. 

იმამოღლუ თურქეთის პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავია

თუმცა, ექსპერტების აზრით, ეკრემ იმამოღლუმ შეიძლება ერდოღანს საფრთხე კვლავ შეუქმნას. 52 წლის იმამოღლუ, ერდოღანის მსგავსად, კონსერვატიული შავი ზღვის რეგიონიდან არის. ის ფეხბურთსაც თამაშობდა, მედრესეებში დადიოდა და პრეზიდენტის მსგავსად,  მეგაპროექტებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სტამბოლის მერმა იცის, როგორ მოახერხოს ხალხის მობილიზება და ის ითვლება ქარიზმატულ, ორიგინალურ და ძალაუფლების მოყვარულ პოლიტიკოსად. ეს იმამოღლუს მიმზიდველს ხდის პროისლამური კონსერვატიული ურბანული  მოსახლეობის უმრავლესობისა და ნაციონალისტებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის). ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ იმამოღლუ შეიძლება იყოს შესაფერისი კანდიდატი დიდ ქალაქებში მცხოვრები ქურთებისთვის, რადგან ის საზოგადოების პოლარიზაციას არ ემხრობა. 

თუმცა SWP-ს წარმომადგენელი სელიმ ჩევიკისთვის, ამ ადგილობრივი არჩევნების გამარჯვებული მაინც არის ფატიჰ ერბაქანის „ახალი კეთილდღეობის პარტია“. ეს უკანასკნელი არის თურქეთში პოლიტიკური ისლამის დამაარსებლის, ნეჯმეტტინ ერბაქანის ვაჟი. ამ უკანასკნელმა ჩაუყარა იდეოლოგიური საფუძველი Milli Görüs მოძრაობას, რომელიც გერმანიაში კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. „ახალი კეთილდღეობის პარტიამ“ არ ითანამშრომლა ერდოღანთან და საკუთარი კანდიდატები წარადგინა. მათ მოიგეს მერის არჩევნები ორ ქალაქში, რითაც, პოტენციურად,  ერდოღანის პარტიას ხმები წაართვეს. „როგორც კი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ ალტერნატივა გამოუჩნდება კონსერვატიულ-ნაციონალისტურ სპექტრში, ერდოღანის მანევრირების სივრცე შეიძლება შევიწროვდეს“, - აღნიშნავს ჩევიკი. ის პროგნოზირებს, რომ მომავალში პრეზიდენტი შეეცდება, „ახალი კეთილდღეობის პარტია“ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან“ მჭიდროდ დააკავშიროს. თუმცა ამისთვის, ექსპერტის განმარტებით, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს ბევრის დათმობა მოუწევს. 

სხვა თემები