22 ივლისი 2024 - 08:29

ოლიმპიური თამაშები: გრანდიოზული სპორტული დღესასწაული

26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს. 1900 და 1924 წლების შემდეგ, წელს პარიზი მესამედ უმასპინძლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას. მართალია, ოფიციალურად თამაშები 26 ივლისს გაიხსნება საზეიმო ცერემონიით, მაგრამ სპორტული ასპარეზობა 24 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება, 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე კი, პარაოლიმპიური თამაშები გაიმართება. 

პარიზი 2024

აღსანიშნავია, რომ წელს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მეტად ორიგინალური სანახაობა შესთავაზეს პუბლიკას, რადგან გახსნის ცერემონია და სპორტსმენების აღლუმი არა სტადიონზე, არამედ მდინარე სენაზე გაიმართება. ეროვნული დელეგაციები საკუთარი ნავებით გაცურავენ 6-კილომეტრიან დისტანციას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და პარიზის ღირსშესანიშნაობებთან ერთად იმ სპორტულ ობიექტებსაც დაათვალიერებენ, სადაც სხვადასხვა სახეობაში მოეწყობა ასპარეზობა, აღლუმი კი, აუსტერლიცის ხიდთან დაიწყება და მდინარე სენას მარცხენა სანაპიროზე, ტრიკადოროს პარკთან დასრულდება, სადაც ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართება. 

წელს ოლიმპიურ თამაშებზე მედლების 329 კომპლექტი გათამაშდება სპორტის 32 სახეობაში. შედარებით ახალ დისციპლინებს - სერფინგს, სკეიტბორდინგს და კლდეზე სპორტულ ცოცვას, რომლებიც გასულ ოლიმპიადაზე მოისინჯა და მოწონებაც დაიმსახურა, წელს კიდევ ერთი სახეობა - ბრეიკინგი ანუ ქუჩის სპორტული ცეკვა დაემატება. 

თილისმად 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის საფრანგეთის რესპუბლიკის სიმბოლო - ფრიგიული ჩაჩი (ანუ თავისუფლების ჩაჩი - წვეტით დაბოლოებული კონუსის ფორმის რბილი ქუდი) შეირჩა. მართალია, ოლიმპიურ თამაშებს მეტწილად ანიმაციური პერსონაჟები მასპინძლობენ, მაგრამ ფრანგებმა, რომელთაც მეტად უჩვეულოდ გადაწყვიტეს ოლიმპიადის გახსნა და დახურვა, ამ შემთხვევაშიც ორიგინალურობა გამოიჩინეს და  პარიზული თამაშების სიმბოლოდ წითელი ქუდი სახელად „ფრიგი“ აქციეს.  

ტრადიციულად, ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. ეროვნული დელეგაცია 28 სპორტსმენის შემადგენლობით, რომელთა შორის 7 ქალბატონია რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა საფრანგეთში. ქართველი ათლეტები ცხრა სახეობაში - ძიუდოში, ჭიდაობასა და კრივში, ძალოსნობაში, მძლეოსნობასა და ცურვაში, ფარიკაობაში, ბატუტზე ხტომასა და ტყვიის სროლაში იბრძოლებენ მედლებისთვის. 

უძველესი ოლიმპიური თამაშები

ანტიკურ თამაშებს, რომლებიც ოლიმპიაში, ჩვენს ერამდე 776-393 წლებში იმართებოდა, მეტწილად რელიგიური დატვირთვა ჰქონდა, რადგან ძველბერძნული მითოლოგიის უზენაეს ღვთაებას, „უკვდავთა და მოკვდავთა მამას“ ზევსს ეძღვნებოდა. მართალია, წარმართული კულტის ნაწილად მიჩნეული თამაშები ქრისტიანმა იმპერატორმა თეოდოსიუს პირველმა აკრძალა ჩვენს ერამდე 393 წელს, მაგრამ სწორედ ანტიკური ასპარეზობა ითვლება თანამედროვე ოლიმპიადის წინამორბედად, რომელიც 1894 წელს ფრანგი საზოგადო მოღვაწის პიერ დე კუბერტენის წყალობით განახლდა, ორი წლის შემდეგ კი, სამშობლოს დაუბრუნდა და სწორედ ათენში ჩატარდა პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები.  

მნიშვნელოვანი თარიღები

1924 წელს ზაფხულის თამაშებს ზამთრის ოლიმპიადა შეემატა, რომელსაც საფრანგეთის უძველესმა სათხილამურო კურორტმა შამონიმ უმასპინძლა და სპორტის ახალი სახეობა - ბიათლონი დაამკვიდრა, რომელსაც თავიდან „სამხედრო პატრული“ ერქვა და თხილამურებით რბოლას, შაშხანიდან სროლას და ალპინიზმს აერთიანებდა. ამასთანავე, სწორედ შამონში გადაწყდა ოლიმპიური თამაშების სეზონურად, ოთხწლიანი ინტერვალით ჩატარება, თუმცა 1940 და 1944 წლებში, მეორე მსოფლიო ომმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თამაშების დროებით გადადება აიძულა, რადგან ათლეტების უმეტესობა არა სპორტულ ღონისძიებებში, არამედ საომარ მოქმედებებში იყო ჩაბმული. 

ყველაზე ხანგრძლივ ოლიმპიურ თამაშებად 1900 წელს პარიზში, საერთაშორისო გამოფენისადმი მიძღვნილი ასპარეზობა იქცა, რომელიც 14 მაისს დაიწყო და ხუთი თვის შემდეგ, 28 ოქტომბერს დასრულდა, XV ოლიმპიური თამაშები კი, რომლებიც 1952 წელს გაიმართა ჰელსინკში, ფორმალურად დღესაც გრძელდება, რადგან ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ზიგფრიდ ედსტრემს დახურვის ცერემონიაზე „საკრალური“ ფრაზის: „ოლიმპიური თამაშები დახურულად ცხადდება“ თქმა დაავიწყდა, ამიტომ ოფიციალურად ოლიმპიადა ჯერ არ დასრულებულა. 

ყველაზე ოლიმპიურ ქვეყნად შეერთებული შტატებია მიჩნეული, რომელმაც ცხრაჯერ უმასპინძლა ზამთრის და ზაფხულის თამაშებს. მეტიც, 1932 წელს სწორედ ამერიკაში ჩატარდა ზაფხულის ოლიმპიადაც და ზამთრის ტურნირიც.  

ოლიმპიური თამაშების პირველი ტელეტრანსლაცია 1936 წლის ზაფხულში შედგა ბერლინის ოლიმპიადაზე. ასპარეზობა, რომელიც უნიკალურ სანახაობად იქცა 160 ათასმა მაყურებელმა იხილა პირდაპირ ეთერში, რამაც არა მხოლოდ სპორტული ღონისძიების, არამედ ტელევიზიის პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი.

პოლიტიკური დატვირთვა შეიძინეს 1980 და 1984 წლების ოლიმპიურმა თამაშებმა, როცა ე.წ. „ცივი ომის“ ფონზე ჯერ დასავლეთმა გამოუცხადა ბოიკოტი მოსკოვში გამართულ თამაშებს, მერე აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებმა თქვეს უარი ლოს-ანჯელესში გამგზავრებაზე.  

ინციდენტით აღინიშნა 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშები, როცა შვედმა ათლეტმა ჰანს-გუნარ ლილიენვოლმა ალკოჰოლის ჭარბად მიღების გამო ვერ შეძლო შეჯიბრებაში მონაწილეობა. მართალია, ლილიენვოლმა თავი იმართლა, თითქოს მხოლოდ გასამხნევებლად მიირთვა ლუდი, მაგრამ სწორედ მისი თავნებობითა და უპასუხისმგებლობით დამფრთხალმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შემოიღო სპორტსემენების შემოწმების წესი სისხლში აკრძალულ ნივთიერებებზე, რაც მოგვიანებით სავალდებულო დოპინგ-კონტროლით შეიცვალა. 

ოლიმპიური ატრიბუტიკა

ოლიმპიური ალამი - თეთრი ფერის დროშა ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ფერადი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი) რგოლით, რომელიც ხუთ კონტინენტს განასახიერებს, პიერ დე კუბერტენის ინიციატივით შექმნა 1913 წელს. პირველად დროშა 1920 წელს აფრიალდა ანტვერპენის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი თილისმა - ტაქსას ჯიშის ძაღლი სახელად „ვალდი“ კი, ბევრად გვიან, 1972 წელს გამოჩნდა მიუნხენში და ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარი ატრიბუტი გახდა. ნამდვილ თავსატეხად აქციეს 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების სიმბოლო ჩინელებმა, რომელთაც ხუთ პერსონაჟს - „ბეი-ბეის“, „ცზინ-ცზინს“, „ხუან-ხუანს“, „ინ-ინს“ და „ნი-ნის“ მოუყარეს თავი, მათი სახელების პირველი მარცვლების ერთ წინადადებაში გაერთიანებით კი ფრაზა „კეთილი იყო თქვენი მობრძანება პეკინში“ მიიღეს. 

სახალისო ფაქტით აღინიშნა 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იაპონიის ქალაქ საპოროში, როცა გახსნის ცერემონიის რეპეტიციაზე ერთ-ერთმა ვოლონტერმა შემთხვევით შენიშნა, რომ რგოლები დროშაზე არასწორად იყო განლაგებული. მართალია, შეცდომა სწრაფად გამოსწორდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ხარვეზიანი ალამი მთელი 20 წელი ფრიალებდა ზამთრის თამაშებზე, ისე რომ შეცდომას ვერავინ ამჩნევდა. 

ოლიმპიური ცეცხლის ანთების ტრადიცია თანამედროვე თამაშების ნაწილად მხოლოდ 1952 წელს იქცა ნორვეგიაში გამართულ ზამთრის პირველობაზე, გახსნის ცერემონიის აუცილებელ ატრიბუტად ითვლებოდა მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეული მტრედების გაშვებაც, თუმცა, 1988 წლის სეულის თამაშების შემდეგ, როცა აფრენილი ფრინველი ოლიმპიური ცეცხლის თასზე „მოკალათდა“ და ერთმანეთის მიყოლებით დაიწვა, ოლიმპიურმა კომიტეტმა უარი თქვა მტრედების სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე.  

ოლიმპიური მედლები

მართალია, ოლიმპიური ჩემპიონები ოქროს მედლებით ჯილდოვდებიან, მაგრამ სინამდვილეში, უმაღლესი ჯილდო 100 წელზე მეტია არა ოქროსი, არამედ მხოლოდ მოოქროვილია. ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომელმაც 1894 წელს შემოიღო სპორტსმენების მედლებით დაჯილდოების წესი, 1912 წელს, სოლიდური ხარჯის გამო თქვა უარი ძვირფასი მეტალის გამოყენებაზე, ამიტომ უმაღლესი ჯილდო 925 სინჯის ვერცხლისაგან მზადდება და მხოლოდ 6 გრამი ოქროთი იფარება, ვერცხლის მედალი კი, 93%-ით მართლაც ვერცხლისაა, დანარჩენს კი, სპილენძი შეადგენს და მხოლოდ ბრინჯაოს ჯილდო ამართლებს სრულად საკუთარ სახელს. მედლის დიამეტრი 60 მილიმეტრს, სისქე - 3 მილიმეტრს აღწევს, მის დიზაინზე კი, ოლიმპიადის მასპინძლები ზრუნავენ ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით. 

აღსანიშნავია, რომ 1896 წელს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ათენში, მთავარი პრიზი ვერცხლის მედალი და ზეთისხილის რტო იყო, მეორე ადგილზე გასული ათლეტი ბრინჯაოს მედლით ჯილდოვდებოდა, საპატიო მესამე ადგილის მფლობელი კი, პრიზის გარეშე, მხოლოდ სიტყვიერი მილოცვით კმაყოფილდებოდა. 

ქალები ოლიმპიურ თამაშებზე

ქალბატონები ოლიმპიურ თამაშებში 1900 წელს, სუფრაჟისტული მოძრაობის გააქტიურების ფონზე ჩაებნენ და ძველბერძენი „წინაპრებისგან“ განსხვავებით არა მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების, არამედ მონაწილეობის უფლებაც მიიღეს. 

მართალია, ისტორიკოსების მტკიცებით, 1900 წელს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული პირველმა შვეიცარიელმა გრაფინია ელენ დე პურტალემ მოიპოვა, რომელმაც ნაოსნობაში მიიღო მონაწილეობა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი იალქნიანი ნავით, მაგრამ პირველობას გრაფინიას ბრიტანელი ჩოგბურთელი შარლოტა კუპერი ეცილება, რომელმაც ჯერ დამოუკიდებლად, მერე თანამემამულესთან - რეჯინალდ დოჰერტისთან ერთად მოიგო წყვილთა ტურნირი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.    

უნიკალური სპორტსმენები

თანამედროვე ოლიმპიური თამაშების პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი მძლეოსანი ჯეიმს კონოლი გახდა, რომელმაც 1896 წელს, ათენში ზაფხულის თამაშებზე შეასრულა სამმაგი ნახტომი და 13,71 ქულით ჩამოიტოვა უკან მთავარი მეტოქე, ფრანგი ალექსანდრ ტიუფერი, მეორე დღეს კი, სიგრძეში ხტომაში მოსინჯა შესაძლებლობები და 
5,84 მეტრზე ნახტომით მოიპოვა მესამე ადგილი.

მძიმეწონიანი მოკრივე ედი იგანი, რომელმაც ყველა კონკურენტი დაჯაბნა და 1920 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა, მოკრივის კარიერის დასრულების შემდეგ არა უბრალოდ დაინტერესდა ბობსლეით, არამედ 1932 წელს ოლიმპიური ჩემპიონობაც მოიპოვა და პირველი სპორტსმენი გახდა, ვინც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებშიც გაიმარჯვა და ზაფხულის პირველობაზეც. 

ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიურ ჩემპიონად ბერძენი ტანმოვარჯიშე დიმიტრიუს ლონრდასი ითვლება, რომელმაც 10 წლის ასაკში იასპარეზა 1896 წელს, სამშობლოში მოწყობილ თამაშებზე, ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი - შვედი მსროლელი ოსკარ სვანი გახდა, რომელმაც 72 წლის ასაკში მოიპოვა ანტვერპენის ოლიმპიადის ოქროს მედალი, ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნები კი, პირველად გახდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე მეუღლეები. ჩეხმა სტაიერმა (შორ დისტანციაზე მორბენალმა) ემილ ზატოპეკმა ჯერ საკუთარი გამარჯვება აღნიშნა, მერე მეუღლის - შუბის მტყორცნელი დანა ზატოპკოვას წარმატება იზეიმა. 

ქართველი ოლიმპიელები

ქართველმა სპორტსმენებმა პირველად 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მიიღეს მონაწილეობა და 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოაგროვეს. 1992 წელს, ბარსელონაში ქართველებმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებულ გუნდში იასპარეზეს და 8 ჯილდო - 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, 1996 წელს ატლანტის ოლიმპიური თამაშებიდან კი, მართალია, მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ, სამაგიეროდ პირველად წარდგნენ თამაშებზე დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენელთა სტატუსით. 

ყველაზე შედეგიანი ქართველი სპორტსმენებისთვის 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშები გამოდგა, როცა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, თუმცა არც 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს პირველობა აღმოჩნდა ურიგო, რადგან მოგებული 7 მედლიდან 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს სინჯის აღმოჩნდა.

სხვა თემები