ბულინგი და კიბერბულინგი: როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში
მარტში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპულმა რეგიონულმა ბიურომ პროექტის „სკოლის ასაკის ბავშვთა ქცევა ჯანმრთელობასთან მიმართებაში“ (Health Behaviour in School-aged Children, HBSC) მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც მოზარდთა ძალადობის ფორმებს მიეძღვნა და ევროპის, ცენტრალური აზიის 44 ქვეყანასა და რეგიონში ჩატარდა 279 ათასი სკოლის მოსწავლის (11-დან 15 წლამდე) მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი-ორად გაიზარდა ბულინგისა და კიბერბულინგის შემთხვევები.
2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ყოველი მეექვსე მოზარდი თანატოლების ძალადობის მსხვერპლია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ექსპერტების განმარტებით, ბულინგის მცირედით ზრდის ფონზე საგრძნობლად იმატა კიბერბულინგის ანუ ინტერნეტ-დევნის შემთხვევებმა, რაც პროგნოზირებადი იყო, თუმცა მსგავსი მასშტაბურობა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. „რა თქმა უნდა, ციფრული სამყარო სწავლისა და კომუნიკაციის არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს იძლევა, მაგრამ სულ უფრო მწვავდება კიბერბულინგის პრობლემა. ონლაინ-რისკებთან ეფექტური ბრძოლისთვის აუცილებელია მთავრობების, სკოლების, ოჯახების გაერთიანება და კომპლექსური სტრატეგიის შემუშავება, რათა უსაფრთხო, ხელსაყრელი გარემო შევუქმნათ მოზარდებს და დავიცვათ მათი ფსიქიკური და ემოციური კეთილდღეობა“, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, დოქტორმა ჯოანა ინჩლიმ.
ექსპერტების მონაცემებით, სოციალურ ქსელში დაცინვისა და დამცირების მსხვერპლი გოგონები (16%) უფრო ხშირად ხდებიან, ვიდრე ბიჭები (15%), თუმცა ბიჭები (14%) გოგონებზე (9%) თამამად აღიარებენ კიბერბულინგში მონაწილეობას. ყველაზე მწვავედ “ინტერნეტ-დევნის“ პრობლემას ბულგარეთი, ლიეტუვა, მოლდოვა და პოლონეთი განიცდის ყველაზე „კეთილგანწყობილი და ლოიალური“ ესპანეთის ფონზე. ამავე კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეთა 80% (ბიჭებიც და გოგონებიც) სულ მცირე ერთხელ მაინც გახდა მჩაგვრელიც და ჩაგრულიც, 11% კი - სისტემატურად განიცდის ბულინგს სკოლაში. ამასთანავე, 13-15 წლის ბიჭები (14%) უფრო ხშირად ებმებიან ჩხუბში, ვიდრე თანატოლი გოგონები (6%), რომელთა შორის პორტუგალიელები, შვედები და ნორვეგიელები ლიდერობენ. კვლევის თანაავტორის, დუბლინის ტრენინგ-კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომლის ალინა კოსმას განმარტებით, გოგონების ამგვარი აქტიურობა, მეტწილად იმ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც განსაკუთრებით აქტუალურია გენდერული თანასწორობის პრინციპები.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს განცხადებით, ანგარიში ყველასთვის „განგაშის სიგნალად“ უნდა იქცეს, „უშეღავათო ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ბულინგს და კიბერბულინგს ნებისმიერ დროსა და ადგილას, რადგან ძალადობის ნებისმიერი ფორმა ზიანს აყენებს მოზარდის ფიზიკურ, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და უარყოფითად აისახება მის აკადემიურ მოსწრებაზე. პრობლემის გადაჭრაზე ერთნაირად უნდა იზრუნონ როგორც ჯანდაცვის, ისე ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა, რათა დროულად აღვკვეთოთ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა, რომელიც ხშირად მეტად სავალალო შედეგებით, მათ შორის თვითდაზიანებითა და თვითმკვლელობით სრულდება“, - აღნიშნა კლუგემ.
ბულინგი
ბულინგი - მსხვერპლის წინააღმდეგ მიმართული ვერბალური, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური აგრესიის აქტია, რომელიც სისტემატურად ხორციელდება ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ და მეტწილად დაცინვითა და შეურაცხყოფით, მუქარითა და დაშინებით, კუთვნილი ნივთების წართმევითა და დაზიანებით, სიცრუისა და ჭორების გავრცელებით, ბოიკოტითა და ფიზიკური შეურაცხყოფით გამოიხატება.
მართალია, ბულინგი ნებისმიერ დახურულ საზოგადოებაში ვრცელდება - სამუშაო კოლექტივით დაწყებული სამხედრო სამსახურით დასრულებული, მაგრამ ყველაზე მწვავედ მაინც სკოლაში, მეტწილად დაწყებით და საშუალო კლასებში ვლინდება, როცა ბავშვები აქტიურად ცდილობენ სოციალიზაციას, თითოეულის ინდივიდუალური თავისებურებები კი, ყურადღებას ამძაფრებს ერთმანეთის მიმართ. გამოსაშვებ კლასებში ბულინგი საგრძნობლად მცირდება, რადგან მოზარდები შინაგან კონფლიქტს განიცდიან და საკუთარ თავზე უფრო არიან კონცენტრირებული, ვიდრე გარშემომყოფებზე.
სხვათა შორის, ბავშვებს არც ზრდასრულები ჩამორჩებიან, რადგან სკოლის ბულინგის შემდეგ სწორედ სამსახურებრივი ბულინგი, ე.წ. „ბოსინგი“ ანუ ვერტიკალური ბულინგი იქცა ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმად, როცა ხელმძღვანელი ან მაღალი თანამდებობის თანამშრომელი ახალბედას ან დაბალი რანგის კოლეგას ჩაგრავს, ჰორიზონტალური ბულინგის შემთხვევაში კი, უფროსებიც მოზარდების მსგავსად ცდილობენ ერთმანეთის დაცინვასა და დაჩაგვრას.
ბულინგის მონაწილეები
განურჩევლად ფორმისა და მასშტაბისა, ბულინგში ყოველთვის სამი მხარე მონაწილეობს აგრესორის ანუ ძალადობის ინიციატორის, მსხვერპლის - ძალადობის ობიექტისა და დამკვირვებლების ჩათვლით, რომლებიც აქტიურ და პასიურ „მაყურებლებად“ იყოფიან.
აგრესორად არა მხოლოდ ძალადობის ინიციატორი, არამედ მისი წამქეზებლებიც ითვლებიან, რომლებიც გართობის სურვილით უერთდებიან ბულინგს. აგრესორები ყოველთვის მეტნი და ძლიერნი არიან, რადგან სწრაფად მოიპოვებენ მხარდაჭერას და დიდხანს ინარჩუნებენ მომგებიან პოზიციას. მართალია, ზოგჯერ ჩაგვრა აშკარა და დაუფარავია, აგრესიის პიკზე კი, ფიზიკურ დაპირისპირებას აღწევს, მაგრამ მეტწილად ბულერები მაინც შეფარულად მოქმედებენ და მსხვერპლზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს მიმართავენ - დემონსტრატიულად იგნორირებენ და შეთანხმებულად უცხადებენ ბოიკოტს, არ ესლმებიან და უარს ამბობენ გაკვეთილზე მის გვერდით დაჯდომაზე, ართმევენ და უფუჭებენ ნივთებს, აიძულებენ მისთვის არასასიამოვნო საქციელის ჩადენას და მსუბუქად ძალადობენ ფიზიკურად (ჰკრავენ ხელს და ვითომ შემთხვევით ეჯახებიან), რაც მსხვერპლს ნაკლულად, ყველასგან გარიყულად და მიტოვებულად აგრძნობინებს თავს.
მსხვერპლი, რომელზეც მუდმივად ხორციელდება ძალადობა, ყოველთვის აგრესორზე სუსტია და ვერასდროს ახერხებს მისგან თავის დაღწევას. მეტიც, დათრგუნული მოზარდი არც ჩაგვრის ფაქტს აღიარებს, არც შველას ითხოვს, პირიქით, ჩუმად და მორჩილად ითმენს ყველა შეურაცხყოფას, რადგან ერთის მხრივ, საკუთარი სისუსტის გამოვლენის, მეორეს მხრივ, დაბეზღების ეშინია, რათა არ გამოიწვიოს უფრო მეტი აგრესია.
აქტიურ დამკვირვებლებს ის „მდუმარე მოწმეები“ მიეკუთვნებიან, რომლებიც გვერდიდან ადევნებენ თვალს აგრესიას და ღიად არასდროს უერთდებიან ძალადობას, თუმცა ისინიც ისეთივე ბულერები არიან, რადგან საკუთარი დუმილით ამართლებენ სხვის ჩაგვრას. „აქტიურებისგან“ განსხვავებით „პასიური“ დამკვირვებლები, საჯაროდ გმობენ ძალადობას, თუმცა, არასდროს იცავენ მსხვერპლს, რადგან ეშინიათ თვითონ არ აღმოჩნდნენ მის ადგილას.
ბულინგი ის იშვიათი ფენომენია, რომელსაც არასდროს ჰყავს გამარჯვებული, რადგან ყველა მხარე მარცხდება და განიცდის ფსიქოლოგიურ სტრესს, ამიტომ ამგვარი ძალადობის ყველა მონაწილეს ერთნაირად სჭირდება დახმარება.
ბულინგი თუ ჩვეულებრივი კონფლიქტი
ჩვეულებრივი კონფლიქტისგან ბულინგს სამი მთავარი თავისებურება განასხვავებს: კონფლიქტი - პრობლემის ან კამათის აგრესიით გადაწყვეტის ერთჯერადი მცდელობაა, მაშინ, როცა ბულინგი დროში გაგრძელებული სოციალური აქტია, რომლის მთავარ მიზანს მსხვერპლის დამცირების ხარჯზე აგრესორის თვითშეფასებისა და სოციალური სტატუსის განმტკიცება წარმოადგენს. კონფლიქტის მონაწილეებს გააზრებული აქვთ, რომ დაპირისპირებული არიან, ბულინგის მონაწილეები კი, საკუთარ ქცევას ყოველთვის ხუმრობით, თამაშით ამართლებენ და ისევ მსხვერპლს ადანაშაულებენ, რომ ხუმრობა ვერ გაიგო, „ჩვენ უბრალოდ ვიხუმრეთ“, - ამბობენ მჩაგვრელები, თუმცა ჩაგრულებს რატომღაც არასდროს ეცინებათ. ამასთანავე, კონფლიქტში ჩაბმულებს მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალა აქვთ, ბულინგის შემთხვევაში კი, ერთი აუცილებლად დომინირებს მეორეზე, რომელიც ყოველთვის დამცირებული, თანატოლებისგან მიტოვებული და იზოლირებულია.
კიბერბულინგი
კიბერბულინგი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანის დევნას და დაშინებას, შევიწროებას და შეურაცხყოფას ნიშნავს. ბულინგისგან განსხვავებით, რომელიც რეალურ ცხოვრებაში, სხვადასხვა სფეროში ვლინდება, კიბერბულინგი - მხოლოდ ინტერნეტ-მოვლენად ითვლება. რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნის ყველაზე სახიფათო სენად წოდებულ ინტერნეტ-დევნას ერთნაირად შეიძლება ემსხვერპლოს როგორც ზრდასრული, ისე მოზარდი, თუმცა განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მაინც ბავშვები მიეკუთვნებიან, რადგან ნაკლებად აფასებენ საფრთხეებს და ვერასდროს ახერხებენ უსიამოვნებებისგან თავის დაცვას.
კიბერბულინგის ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს შორისაა სამიზნედ ქცეულ ადამიანზე ყალბი ინფორმაციის და პოსტების, მისი თანხმობის გარეშე ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელება, მუქარის, მავნებლური ან ბოროტი მესიჯებით, ელექტრონული წერილებით დათრგუნვა, მისი სახელით მანიპულირება და ადამიანებისთვის ნეგატიური შეტყობინებების გაგზავნა. ხშირად ბულინგი და კიბერბულინგი ერთდროულად ხორციელდება, თუმცა მხოლოდ კიბერბულინგი ტოვებს ე.წ. ციფრულ კვალს, რომელიც მეტად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს აგრესორის გამოსავლენად.
კიბერბულინგის ფორმები
სამწუხაროდ, სოციალური ქსელი, რომელიც ინფორმაციის მიღებასა და ცოდნის გაღრმავებას, ნაცნობთა წრის გაფართოებასა და ახალი მეგობრების შეძენას უნდა უწყობდეს ხელს, ხშირად მხოლოდ აგრესიის იარაღად იქცევა. მართალია, კიბერბულინგის უამრავი ფორმა არსებობს, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით აგრესიული და სახიფათოა.
* კიბერსტალკინგი (ინტერნეტ-დევნა, თვალთვალი) – ქსელური ტექნოლოგიების გამოყენებით მსხვერპლის თვალთვალი და მისი კონტროლი ციფრულ სივრცეში - კიბერბულინგის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა, რადგან მდევარი ანუ სტალკერი მსხვერპლის დაშანტაჟების მიზნით ცდილობს კომპრომატული ინფორმაციის შეგროვებას და მასთან ერთად მისი ოჯახის წევრებსაც ემუქრება. ამასთანავე, აგრესორის ერთი ექაუნთის დაბლოკვის შემთხვევაში ჩნდება მეორე, რაც მოზარდის შიშსა და განგაშს იწვევს, რადგან ფიქრობს, რომ ვერსად შეძლებს მდევრისგან დამალვას, მით უფრო, რომ მისი მიზანი მეტწილად შურისძიება ან „საჩუქრის“ მიღებაა დევნის შეწყვეტის სანაცვლოდ.
* შევიწროება - შეურაცხმყოფელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებებით მსხვერპლის სისტემატური დათრგუნვაა, როცა აგრესორი მიზანმიმართულად „წამლავს“ მსხვერპლს. მუდმივი ონლაინ-დევნა სერიოზულ ზიანს აყენებს მოზარდის მყიფე ფსიქიკას, რაც თვითრწმენის დაკარგვით, არასტაბილური ემოციური მდგომარეობით დ პანიკური შეტევებით გამოიხატება.
* აუთინგი და დისინგი (მონაცემთა გასაჯაროება) - თანხმობის გარეშე ადამიანის პირადი ინფორმაციის საჯარო პუბლიკაციაა მისი დამცირების მიზნით. მაგალითად, როცა მსხვერპლის ყოფილი პარტნიორი, შურისძიების სურვილით აქვეყნებს მის ინტიმურ ფოტოებს და საჯაროდ ჰყვება პიკანტურ დეტალებს. პირადი ინფორმაციის (მიმოწერის, უნებართვოდ გაკეთებული ფოტოების და ვიდეოების) გამოქვეყნებას გულისხმობს დისინგიც, რომელიც მოზარდის რეპუტაციას აყენებს ზიანს. როგორც წესი, აგრესორი მსხვერპლის მეგობრების წრიდანაა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას და დამატებითი მიზეზი ხდება სტრესისთვის.
* მობინგი - კიბერბულინგის ამ ფორმის მთავარ თავისებურებად მისი მასობრიობა ითვლება, როცა მსხვერპლს ერთდროულად რამდენიმე აგრესორი უტევს შეურაცხმყოფელი მესიჯებით. ამასთანავე, მოძალადეები, რომელთა მიზანს მოზარდის კოლექტივიდან გაძევება წარმოადგენს, ყოველთვის გარეგნულ ნაკლზე აკეთებენ აქცენტს და ღიად, დაუფარავად უპირისპირდებიან მას.
* ჰეიტინგი ანუ სიძულვილის გაღვივება - მსხვერპლის უმიზეზო, თუმცა სისტემატურ კრიტიკას ნიშნავს, რომელიც მასშტაბურ ხასიათს იძენს, რადგან სამიზნედ ქცეულ მოზარდს ასობით შეურაცხმყოფელი კომენტარი ან შეტყობინება ეგზავნება. როგორც წესი, აგრესორები და მათი წამქეზებლები ერთდროულად იყენებენ საკუთარ და ყალბ ექაუნთებს, ამიტომ მსხვერპლს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგაა.
* ბოიკოტი - რეალურ ცხოვრებაში განხორციელებული ბოიკოტის მსგავსად, „ინტერნეტ-ბოიკოტიც“ მოზარდის იგნორირებას და მასთან კონტაქტის გაწყვეტას გულისხმობს. კოლექტივის წევრები საერთო ჯგუფებიდან რიცხავენ მსხვერპლს და არ აძლევენ ერთობლივ თამაშებში, დისკუსიებში მონაწილეობის უფლებას, იგნორირებენ მის მესიჯებს, მრავალგზის მიმართვასა და თხოვნას. იზოლირებული, საერთო გეგმებსა და ღონისძიებებს მოწყვეტილი ბავშვი არა მხოლოდ სოციალურ ქსელში კარგავს კონტაქტს თანატოლებთან, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც აუტსაიდერად იქცევა.
* ტროლინგი (პროვოცირება) - ამგვარი კიბერბულინგის მიზანი ბანალური პროვოკაციაა. აგრესორი სხვა ადამიანად ასაღებს თავს, შეგნებულად აღიზიანებს მსხვერპლს არასასიამოვნო, შეურაცხმყოფელი მესიჯებით და ცდილობს მის პროვოცირებას მაკომპრომეტირებელ ქცევაზე, რათა მოგვიანებით ისევ საჯაროდ დასცინოს. როგორც წესი, კიბერბულინგის ამ ფორმას მოძალადეები მხოლოდ გართობისთვის მიმართავენ, რადგან ტროლი „წვრილმანი“ პროვოკატორია, რომელიც აბსურდული, გამომწვევი შეტყობინებებით ცდილობს მსხვერპლის გაღიზიანებას. მისი მიზანი საზოგადოებრივი რეზონანსის გამოწვევა და აჟიოტაჟის ატეხაა, ამიტომ არ ღირს მსგავს მავნებლობაზე სერიოზულად რეაგირება.
* ფლეიმინგი - კიბერბულინგის ამ ფორმის მთავარი მახასიათებელი ვერბალური ომია დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მესიჯებითა და კომენტარებით. აგრესორები არც მაშინ ეშვებიან მსხვერპლს, როცა კამათი ამოწურულია და მაქსიმალურად ცდილობენ მის ჩაბმას კონფლიქტში.
* ქეთფიშინგი - ყალბი პროფილის შექმნას ნიშნავს მსხვერპლის ფოტოების გამოყენებით. კიბერბულინგის მსგავსი ფორმა ძირითადად ონლაინ-გაცნობის ვებგვერდებზე გამოიყენება, სადაც ადამიანები პერსონალურ ინფორმაციას მალავენ და ინკოგნიტოდ მოქმედებენ. ამ შემთხვევაში აგრესორის მოქმედება მის სინდისსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული, რადგან შესაძლოა მსხვერპლის მეგობრებთან მიმოწერით შემოიფარგლოს, შესაძლოა უფრო შორს წავიდეს და ის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია გაავრცელოს, რომელიც მოზარდს დაცინვის ობიექტად აქცევს.
* გრიფინგი - ონლაინ-თამაშებში მსხვერპლის პერსონაჟის დევნაა. მდევრები გამუდმებით ნადირობენ მსხვერპლზე და ცდილობენ მის დაბლოკვას სხვადასხვა თამაშში. გრიფინგი კიბერბულინგის ნაკლებად მავნებელი ფორმაა, რადგან მხოლოდ თამაშით სიამოვნების მიღებას უზღუდავს მსხვერპლს.
ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა
რეალური და „ციფრული“ ძალადობის აღკვეთა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა, რადგან ზეწოლით გამოწვეული სტრესი მძიმე ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემებს უქმნის მსხვერპლს. მოზარდი თანატოლებს გაურბის და საკუთარ თავში იკეტება, დეპრესიას, აპათიას განიცდის და სუიციდური ფიქრებით იტანჯება, უარს ამბობს სწავლაზე და ადამიანების მიმართ ნდობადაკარგული ზედმეტ სიფრთხილეს, მორჩილებას იჩენს ყველას მიმართ.
თუ თქვენი შვილი თანატოლების ბულინგს ან კიბერბულინგს ემსხვერპლა, არ ღირს თვალის დახუჭვა და პრობლემის უგულებელყოფა, რადგან ჩაგვრა და დამცირება რთული სოციალური ურთიერთქმედების შედეგია, რომელიც არც თავისით მოგვარდება, არც სადმე გაქრება, ამიტომ ნუ გექნებათ იმედი, რომ „ბავშვები თვითონ გაარკვევენ და შერიგდებიან“, უმჯობესია თვითონ გაერკვეთ ბულინგის მიზეზებში და ნებისმიერ შემთხვევაში მხარი დაუჭიროთ მოზარდს. აგრძნობინეთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, რომ მის გვერდით ხართ და ყოველთვის დაეხმარებით. არ დატოვოთ ბავშვი პრობლემასთან მარტო, რადგან ასეთ სიტუაციაში მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარდაჭერა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეჩვენებათ, რომ საგანგაშო არაფერია, ეცადეთ შეხედოთ ბავშვის სატკივარს მისი პოზიციიდან. ის დათრგუნული, დამცირებულია და ნაკლებად აინტერესებს არგუმენტები, რომ მავნებლები რეალური ან ციფრული სამყაროდან მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებენ და არ იმსახურებენ ყურადღებას. აუხსენით, რომ იზიარებთ მის შეშფოთებას და სრული სერიოზულობით განიხილეთ პრობლემა. დამფრთხალ და დეზორიენტირებულ ბავშვს ეჩვენება, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა, ამიტომ განსაკუთრებით სჭირდება ახლობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომა.
არანაკლებ სახიფათოა კიბერბულინგი, რადგან აგრესორები დაუნდობლად იყენებენ მსხვერპლის სისუსტეს და დაუცველობას. მართალია, სისტემატური და მიზანმიმართული ინტერნეტ-დევნის მეთოდები აშკარა და ადვილად ამოსაცნობია, მაგრამ ბევრად რთულია აგრესორის სამიზნედ ქცეული მოზარდისგან აღიარების მოპოვება, რომ ის მართლაც გახდა კიბერბულინგის მსხვერპლი, მით უფრო, რომ ფსიქოლოგიური ძალადობით დათრგუნული ხაფანგში გამომწყვდეულად გრძნობს თავს და დარწმუნებული, რომ ვერსად დაემალება აგრესორს, სხვისი დახმარების იმედსაც კარგავს. სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება ბულინგით და კიბერბულინგით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები, როცა ადამიანები, განსაკუთრებით მოზარდები ვეღარ უძლებენ ზეწოლას და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს.
ნებისმიერი ძალადობის აღსაკვეთად საჭიროა „სამხილების“ - შეტყობინებების სქრინშოტების, თვითმხილველთა მონათხრობის და აგრესორის მიერ დაზიანებული ნივთების თავმოყრა. აუცილებლად ჩართეთ პრობლემის მოგვარებაში კლასის ხელმძღვანელი, სკოლის ადმინისტრაცია და სხვა ბავშვების, მათ შორის აგრესორის მშობლები. ნუ მოერიდებით პრობლემის ინიციირებას, თუმცა არ ღირს ფრაზებით „სად იყურებიან მშობლები?!“ ან „რას აკეთებს სკოლა?!“ დამნაშავის ძებნა, უმჯობესია მშვიდად აუხსნათ პრობლემის არსი და ერთად სცადოთ გამოსავლის მოძიება. კარგი იქნება ბავშვთა ფსიქოლოგისგან კონსულტაციის მიღებაც, რომელიც არასრულწლოვანის ფსიქიკური მდგომარეობის დარეგულირებასა და ჩაგვრის მტკივნეული შედეგების მინიმუმამდე შემცირებაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება უკიდურესი ზომის მიმართვა და მოზარდის სხვა სკოლაში გადაყვანა, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილება ნაკლებ პროდუქტიულია, რადგან ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ახალ სასწავლებელში უკეთესი გარემო დახვდება.
კიბერბულინგის პრევენცია
კიბერბულინგის მსხვერპლთა მთავარ პრობლემას - მავნებელთათვის წინააღმდეგობის გაწევა წარმოადგენს, ამიტომ წინასწარ უნდა დაიჭიროთ თადარიგი და მიიღოთ პროფილაქტიკური ზომები. პირველ რიგში, ასწავლეთ მოზარდს ეფექტური კომუნიკაცია. აუხსენით, რომ არაა საჭირო ტელეფონის ნომრის და მისამართის გასაჯაროება, დაბლოკეთ მისთვის უცნობი ადამიანების ნებისმიერი შეტყობინება და კომენტარი, მოარიდეთ პროვოკაციული თემების განხილვასა და საკუთარი ფოტოების გავრცელებას, განუმარტეთ, რომ ანონიმურობა, რომელსაც სოციალური ქსელი უზრუნველყოფს, არ ნიშნავს ზღვარს გადასვლას და ყველაფრის უფლებას, რადგან არსებობს საფრთხე, რომ თქვენი შვილიც ისეთივე კიბერბულერი გახდება, როგორიც მისი მჩაგვრელები არიან.
მოზარდთა აგრესიის მიზეზი
ერთი შეხედვით, ბულინგს ის წვრილმანი პროვოცირებს, რომელიც მოზარდს დანარჩენების ფონზე გამოირჩევს, ამიტომ ბულერები მეტწილად განსხვავებული კანის ფერისა და ეროვნების, გარეგნობის და მეტყველების თავისებურებების, ოჯახის სტატუსისა და შემოსავლების, ჩაცმის სტილისა და გემოვნების, ქრონიკული დაავადებისა და სექსუალური ორიენტაციის, გატაცებისა და აკადემიური მოსწრების გამო ითვალწუნებენ თანატოლებს, თუმცა სინამდვილეში, ამგვარი წვრილმანები აგრესორებს მხოლოდ ყურადღების გადასატანად სჭირდებათ, რადგან რეალური მიზეზი ბევრად ღრმა და სერიოზულია.
არსებობს სტერეოტიპი თითქოს აგრესორად პრობლემურ ოჯახში აღზრდილი ან ძალადობა განცდილი ბავშვი ყალიბდება, რაც ნაწილობრივ გამართლებულია, რადგან კონფლიქტურ გარემოს შეჩვეული მოზარდისთვის ძალადობა - ერთის მხრივ, ნორმა და ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, მეორეს მხრივ, არაკომფორტულ გარემოში დაგროვილი ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლების საშუალებაა. თუმცა, რესპექტაბელური მშობლების შვილებსაც შეუძლიათ ტრავმულ გარემოში აგრესიის გამოვლენა, რაც მეტწილად დაღლისა და არასახარბიელო ნიშნებით გამოწვეული სტრესის, თანატოლებთან კომუნიკაციის სირთულისა და პედაგოგების ზეწოლის, ასაკობრივი და პირადი კრიზისის შედეგია. მეტიც, საკუთარ სისუსტესა და თვითრწმენის დაკარგვას მოზრდები ხშირად სწორედ ყალბი აგრესიით მალავენ, ან იძულებით ხდებიან მჩაგვრელები, რათა არ გახდნენ ჩაგრულები.
მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერი ბავშვი პოტენციური აგრესორია, რადგან სინამდვილეში სხვათა ჩაგვრა - საკუთარი ფიზიკური ან ემოციური ტკივილის მეორადი გამოვლინებაა, რომელსაც აგრესორი ვერ ერევა და სხვისი დამცირებით, ტკივილის მიყენებით ცდილობს სამაგიეროს გადახდას, რადგან თვლის რომ მხოლოდ ასე შეიძლება სამართლიანობის მიღწევა. მართალია, ბულერი იშვიათად აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მაგრამ თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი შვილი აგრესიულადაა განწყობილი თანატოლების მიმართ და ცდილობს მათ დაჩაგვრას, აუცილებლად დაელაპარაკეთ გულწრფელად. არ ღირს ყვირილი, დამუქრება და დასჯა, უმჯობესია გაარკვიოთ მისი აგრესიის მიზეზი, რადგან დასჯით მხოლოდ დროებით შეწყვეტს, მერე კი, აუცილებლად განაახლებს აგრესიულ მოქმედებას.
ზოგჯერ აგრესორს კომუნიკაციის პრობლემა აქვს, არ იცის როგორ გააბას მეგობრობა ახალ ნაცნობებთან და ყველაზე მარტივს - ყურადღების (თუნდაც ნეგატიურის) მიქცევის გზას ირჩევს, ზოგჯერ კი, კოლექტივში დომინანტის პოზიციის მოპოვებას ცდილობს და სწორედ ლიდერობის დევნაში ირჩევს მსხვერპლად შედარებით სუსტ თანატოლს, რომლის ფონზე მარტივად მოიპოვებს უპირატესობას, ამიტომ შესთავაზეთ ბავშვს საკუთარი უპირატესობისა და ლიდერული თვისებების გამოვლენის ალტერნატიული ვარიანტები, თუნდაც, სკოლის კონკურსებში, სპორტულ ღონისძიებებსა და თეატრალურ დადგმებში მონაწილეობა.
განუვითარეთ შვილს თანაგრძნობის უნარი და აუხსენით, რომ საკუთარი ქცევით ზიანს აყენებს თანატოლებს. ბავშვები ნაკლებად გამოირჩევიან ემპათიითა და თავშეკავებით, ხშირად გულუბრყვილობით სცდებიან დაშვებულ ზღვარს და ერთი შეხედვით უბოროტო ხუმრობაც დაცინვას, დამცირებას ემსგავსება. აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ დახმარებისთვის ფსიქოლოგს, ნუ მოერიდებით კლასის ხელმძღვანელთან და დაზარალებული ბავშვის მშობელთან დიალოგს, ეცადეთ მშვიდად და ემოციების გარეშე მოისმინოთ მისი წუხილი, არ ღირს საკუთარი თავისა და შვილის მართლება, რადგან ასე მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევთ, უმჯობესია დაარწმუნეთ, რომ გულწრფელად განიცდით მომხდარს და რეალურად ცდილობთ სიტუაციის გამოსწორებას.