2024 წლის საპარლამენტო არჩევნები - უმნიშვნელოვანესი არჩევნები ქვეყნის ისტორიაში
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ძალთა ახალ კონფიგურაციას განსაზღვრავს. წლევანდელი არჩევნები უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ისტორიაში, რადგან მოქალაქეები ერთი მხრივ, პროპორციული საარჩევნო სისტემით, მეორე მხრივ, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემენ ხმას სასურველ პოლიტიკურ სუბიექტებს. წელს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნებიც, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად პირველად აირჩევს საარჩევნო კოლეგია.
არჩევნების უძველესი მეთოდი
კენჭისყრა, როგორც საჯარო მოხელეების შერჩევის დემოკრატიული პრინციპი, ჩვენს ერამდე VI საუკუნეში გაჩნდა ანტიკურ საბერძნეთში, თუმცა, უძველესი ბერძნები იშვიათად მიმართავდნენ არჩევის ამგვარ მეთოდს, რადგან ის მხოლოდ მდიდარი და გავლენიანი ადამიანების ძალაუფლების განმტკიცების საშუალებად მიაჩნდათ. უცნაურია, მაგრამ ელადელები, რომელთაც დასავლურ ცივილიზაციას ჩაუყარეს საფუძველი და სახელმწიფოებრიობის ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბეს, თანამდებობის პირთა არჩევის მეტად პრიმიტიულ მეთოდს - წილისყრას ანიჭებდნენ უპირატესობას, რომელსაც თეთრი და შავი ლობიოს მარცვლების გამოყენებით აწყობდნენ. "არჩევნები" მეტწილად ტაძარში ან ქალაქის მთავარ მოედანზე იმართებოდა ერთ ურნაში ორივე ფერის მარცვლების, მეორეში კი, მედალიონების მოთავსებით, რომლებზეც კანდიდატების სახელები იყო დატანილი. მოგვიანებით, არქონტი (სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი) ერთდროულად იღებდა ურნებიდან მარცვლებსა და მედალიონებს და მხოლოდ იმ კანდიდატს აცხადებდა გამარჯვებულად, ვისაც თეთრი მარცვალი შეხვდებოდა.
მართალია, საუკუნეების მანძილზე არჩევნების მეთოდმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, მაგრამ ფუნქცია და მნიშვნელოვნება მაინც უცვლელად შეინარჩუნა. თანამედროვე სამყაროში არჩევნები, რომელიც ღია ან ფარული კენჭისყრით კონკრეტული სუბიექტის არჩევის პროცედურას გულისხმობს, ქვეყნის, რეგიონის ან ქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეების მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებისა და მისი ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად.
პროპორციული საარჩევნო სისტემა
არსებობს საარჩევნო სისტემის სამი ძირითადი მოდელი - მაჟორიტარული, პროპორციული და ჰიბრიდული (შერეული). 2017 წელს, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2024 წლის 26 ოქტომბერს სწორედ პროპორციული სისტემით გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, ხმების მინიმალური პროცენტული ზღვარი ანუ საარჩევნო ბარიერი კი - 5% იქნება. აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო მოდელისგან განსხვავებით, პროპორციული სისტემით არჩევისას, მოქალაქეები არა კონკრეტულ კანდიდატს, არამედ პარტიულ სიას მისცემენ ხმას, რომელიც კანდიდატების პრიორიტეტულობისა და რეიტინგის გათვალისწინებით დაკომპლექტდა.
არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და იმ პარტიების ხმების დაჯამებით, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, მიღებული ხმების წილის პროპორციულად გადაანაწილებს მათზე 150 საპარლამენტო მანდატს. "პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები", - სწორედ ასეა განმარტებული მანდატების გადანაწილების წესი საარჩევნო კოდექსში (თავი XIV. საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება, მუხლი 125. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში).
პროპორციული საარჩევნო სისტემის მთავარ უპირატესობად პლურალიზმი და მრავალპარტიული პარლამენტი შეიძლება ჩაითვალოს, სადაც მეტადაა დაცული ძალთა ბალანსი, რაც თავის მხრივ, მმართველობის ბერკეტების ერთი პოლიტიკური ძალის ხელში მოხვედრას გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა პირველად ბელგიაში გამოიცადა 1889 წელს, დღეს კი 50‐ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და პორტუგალიის ჩათვლით. სხვათა შორის, საქართველოში ანალოგიური სისტემით კენჭისყრა პირველად 1919 წლის თებერვალში ჩატარდა, როცა 15-მა პარტიამ მიიღო მონაწილეობა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, 6 პარტია კი, პირველ საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და ერთგვარი საფუძველი ჩაუყარა მრავალპარტიულ არჩევნებს ქვეყანაში.
არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით
საარჩევნო რეფორმის შედეგად, 2024 წლიდან, საქართველოში ნებისმიერი არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ოქტომბერში კი, არა მხოლოდ მოქალაქეთა 90% მისცემს ხმას ელექტრონულად, არამედ შეიცვლება ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურაც.
* ელექტრონული ტექნოლოგიები - ამომრჩეველთა რეგისტრაციას ვერიფიკაციის აპარატი განახორციელებს, ხმებს კი, ოპტიკური სკანერით აღჭურვილი ხმის მთვლელი აპარატი დაითვლის, რომელიც ერთი მხრივ, მაქსიმალურ სიზუსტეს და წინასწარი მონაცემების სისწრაფეს უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, ადამიანური შეცდომებისგან დააზღვევს საარჩევნო პროცესს. აღსანიშნავია, რომ ყველა უბანი ვერიფიკაციის ხუთი აპარატით აღიჭურვება, რომლებიც სამაგიდო სიებს ჩაანაცვლებს და ბევრად გაამარტივებს ხმის მიცემის პროცესს, რადგან ამომრჩეველი ნებისმიერ აპარატთან შეძლებს მისვლას და აღარ მოუწევს რიგში დგომა ანბანური თანმიმდევრობის მოლოდინში.
მართალია, საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კილომეტრით დაშორებულ უბნებზე და იქ, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300 არ აღემატება, მოქალაქეები ტრადიციულად მისცემენ ხმას, მაგრამ ელექტრონული ტექნოლოგიები ამ შემთხვევაშიც იქნება გამოყენებული, რადგან კენჭისყრის დასრულებისა და ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ყველა ბიულეტენი გაციფრულდება და აიტვირთება შესაბამის პლატფორმაზე, რაც დაინტერესებულ მხარეებს მონაცემების ნახვისა და გადამოწმების საშუალებას მისცემს.
* ტექნოლოგიების უსაფრთხოება - უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ელექტრონული ტექნოლოგიები არა მხოლოდ ავტონომიური კვების წყაროთი იქნება უზრუნველყოფილი, რაც ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვის შემთხვევაში დააზღვევს, არამედ შიდა ქსელითაც, რომელიც კიბერშეტევებისა და ნებისმიერი გარე ჩარევისგან დაიცავს. შიდა ქსელით გადაეცემა მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, ამიტომ მისი მუშაობა ყველა ეტაპზე გამართული, დაცული და უსაფრთხო იქნება.
ცესკოს საინფორმაციო კამპანია
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ შარშან წამოიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის ფარგლებში 3 ათასზე მეტი შეხვედრა გაიმართა როგორც საჯარო უწყებებში, ისე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და 400 ათასზე მეტ ამომრჩეველს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, ივლისში კი, უპრეცედენტო პროექტი განახორციელა და ერთგვარი იმიტირებული არჩევნები მოაწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ასაკისა და კატეგორიის ამომრჩევლისთვის, რომელთაც ე.წ. საპილოტე კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, ელექტრონული არჩევნების ყველა ეტაპი გაიარეს და შესაბამისი გამოცდილება შეიძინეს.
მონაცემების გადამოწმება ერთიან საარჩევნო სიაში
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად მოქალაქე მხოლოდ რეგისტრაციის მიხედვით შეძლებს ხმის მიცემას, ამიტომ ყველამ დროულად უნდა გადაამოწმოს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, აუცილებლად უნდა მიმართოს საოლქო, საუბნო საარჩევნო კომისიას ან სერვისების განვითარების სააგენტოს და დარეგისტრირდეს იმ მისამართზე, სადაც ცხოვრობს.
ხმის მიცემის პროცედურა
საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი პირველ რიგში რეგისტრაციას, მერე კი, მარკირების პროცედურას გაივლის. მართალია, ბევრ ქვეყანაში, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, მარკირების წესი უგულებელყოფილია, მაგრამ საქართველოში მაინც შენარჩუნდა როგორც დამატებითი მექანიზმი თაღლითური მანიპულაციების, მათ შორის არჩევნებში მრავალგზის მონაწილეობის აღსაკვეთად.
მარკირების შემდეგ ამომრჩეველი რეგისტრატორთან გადაინაცვლებს, რომელიც ვერიფიკაციის აპარატის მარცხენა მხარეს მოთავსებულ წამკითხველ ზოლში გაატარებს მისი პირადობის დამადასტურებელ მოწმობას (ID-ბარათს ან პასპორტს). მონაცემების დამუშავებისა და იდენტიფიცირების შემდეგ, ამომრჩეველი აპარატიდან ამობეჭდილ ქვითარს მიიღებს ფოტოსურათითა და პირადი მონაცემებით, რომელზე ხელს მოწერით არჩევნებში მონაწილეობას დაადასტურებს და რეგისტრატორის მაგიდაზე, დალუქულ ყუთში მოათავსებს, მერე კი, მოდიფიცირებულ ბიულეტენს მიიღებს.
შეცვლილი ბიულეტენისა და ამომრჩევლის ნების განსხვავებული მეთოდით გამოხატვის გათვალისწინებით, რაც სასურველი პოლიტიკური სუბიექტის ნომრის გადახაზვის ან შემოხაზვის ნაცვლად, მის წინ არსებული წრის გაფორმებას გულისხმობს, ბიულეტენზე საცდელი წრის გასაფერადებელი ველი იქნება დატანილი, რომელსაც ყველა ამომრჩეველი ერთგვარი "რეპეტიციის" სახით გააფერადებს რეგისტრატორის დახმარებით, ე.წ. ჩარჩო-კონვერტის მიღების შემდეგ კი, ფარული კენჭისყრის კაბინაში გადაინაცვლებს, სადაც სპეციალური მარკერით მონიშნავს (ანუ გააფერადებს) სასურველ სუბიექტს, ამობრუნებულ ბიულეტენს კი ჩარჩო-კონვერტში მოათავსებს ფარულობის უზრუნველსაყოფად.
კენჭისყრის კაბინაში დაუშვებელია ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება, ისე, როგორც იკრძალება ბიულეტენის საარჩევნო უბნიდან გატანა, ამიტომ საარჩევნო კომისიამ ე.წ. რემოდელირებული კაბინის მოდელი შემოიღო ამოღებული "სახითა" და იმ ზომის კედლით, რომელიც არჩევანის კონფიდენციალურობასაც დაიცავს და ფოტო-ვიდეო გადაღების ნებისმიერ მცდელობასაც აღკვეთს.
ჩარჩო-კონვერტზე მსუბუქი დაწოლით ამომრჩეველი ხმის დამთვლელ აპარატში მოათავსებს ბიულეტენს, რომლის დამუშავების შემდეგ, აპარატი ტიტრით შეატყობინებს ხმის მიღებისა და დაფიქსირების შესახებ. სწორედ ამგვარი შეტყობინების შემდეგ გადასცემს მოქალაქე კონვერტს რეგისტრატორს და დატოვებს საარჩევნო უბანს. აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის პროცესი მაქსიმუმ 45-60 წამი გრძელდება. შეცდომის ან ხარვეზის (დაზიანებული ან გადაკეცილი ბიულეტენის) აღმოჩენის შემთხვევაში აპარატი უკან დააბრუნებს ბიულეტენს და ამომრჩეველს მეორედ მოუწევს ხმის მიცემა, იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე არცერთ კანდიდატს არ მონიშნავს, ან პირიქით, ორ ან რამდენიმე სუბიექტს გააფერადებს, აპარატი ჩვეულებრივ მიიღებს ბიულეტენს, თუმცა, მას ბათილად ცნობს.
ხმების დათვლა
არჩევნების პირველადი მონაცემები, რომელთა ნახვას დამკვირვებლებიც შეძლებენ, საარჩევნო უბნის დახურვისა (საღამოს 20:00 საათზე) და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებიდან, მაქსიმუმ 60-90 წუთში გახდება ცნობილი, რადგან ხმის მთვლელი აპარატი არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვის მიცემულ ხმებს, არამედ მიღებულ და გაბათილებულ ბიულეტენებსაც მაქსიმალური სიზუსტით ითვლის, რაც მინიმუმამდე ამცირებს ცდომილებისა და გაყალბების ალბათობას. პირველადი შედეგების ამობეჭდვისა და გასაჯაროების შემდეგ, ბიულეტენები ხელით გადაითვლება, მონაცემების შედარებისა და გადამოწმების შემდეგ კი, შემაჯამებელი ოქმები შეივსება, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება.
ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, "მთელი საარჩევნო პროცესი - საარჩევნო უბნების გახსნით დაწყებული, მათი დახურვითა და შედეგების ხელით გადათვლით დასრულებული - საჯარო, გამჭვირვალე და სრულად აუდიტირებადი იქნება, რაც ერთი მხრივ, დაინტერესებულ მხარეებს მისცემს დაკვირვებისა და მონიტორინგის საშუალებას, მეორე მხრივ, არჩევნების მიმართ ნდობის ამაღლებას შეუწყობს ხელს".
პრეზიდენტის არჩევნები
ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობაც, რადგან 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
პრეზიდენტის პოსტის 5 წლით დაკავების უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება, ვისაც 40 წელი შეუსრულდა და სულ მცირე 15 წელია ცხოვრობს ქვეყანაში. პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სტატუსს შეინარჩუნებს და ისევ იქნება ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს დებატების გარეშე ღია კენჭისყრით. აღსანიშნავია, რომ 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს გააერთიანებს, რომელთაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად დაასახელებენ პოლიტიკური პარტიები.
პრეზიდენტის არჩევნები მისი უფლებამოსილების ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში გაიმართება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი, არჩევნები უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის განმავლობაში მოეწყობა. თუ პრეზიდენტის არჩევის თარიღი საგანგებო ან საომარ მდგომარეობას ემთხვევა, არჩევნები ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში გაიმართება, საპარლამენტო არჩევნების ან მის წინა თვეს დამთხვევის შემთხვევაში კი, საპრეზიდენტო არჩევნები ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში მოეწყობა.
არჩევნები პარლამენტის სასახლეში გაიმართება ცესკოსა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, რომელიც 60 დღით ადრე დანიშნავს არჩევნების თარიღს. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება, თუმცა თითოეული მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენის მხარდაჭერასა და მისთვის ხმის მიცემას შეძლებს.
არჩევნებზე, რომელიც დღის 9 საათზე დაიწყება და საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრის მიერ ხმის მიცემის შემდეგ დასრულდება, მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის და ცესკოს წევრები, საქართველოს პარლამენტის, ცესკოს აპარატის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლები და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიწვეულ პირები შეძლებენ დასწრებას. საარჩევნო კოლეგიის წევრები ხელმოწერით დაადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას და მათთვის სასურველ, მხოლოდ ერთ კანდიდატს შემოხაზავენ, საარჩევნო ბიულეტენს კი, დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში მოათავსებენ.
არჩევნების პირველ ტურში ის კანდიდატი ჩაითვლება არჩეულად, ვინც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. თუ პირველ ტურში პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. მეორე ტურში ის კანდიდატი ჩაითვლება არჩეულად, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური მხოლოდ მაშინ ჩაითვლება შემდგარად, თუ მასში საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიღებს მონაწილეობას, არჩევნების ჩაშლის ან პრეზიდენტის ვერ არჩევს შემთხვევაში ხელახალი არჩევნები 30 დღის ვადაში გაიმართება.
არჩევნების შედეგებს ცესკო შეაჯამებს არჩევნების დასრულებისთანავე სპეციალურად მოწყობილ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის სასახლეში გაიმართება.


