ნიურნბერგის პროცესი: ნაცისტური რეჟიმის მარცხი და საბოლოო განაჩენი

1945 წლის 8 მაისს ქალაქ კარლჰორსტში ნაცისტურმა გერმანიამ უპირობო კაპიტულაციას მოაწერა ხელი. მართალია, ადოლფ ჰიტლერი დარწმუნებული იყო, რომ მისი არიული იმპერია მარადიული იქნებოდა, მაგრამ 12 წლის შემდეგ რაიხმა სრული კრახი განიცადა, ნანგრევებად ქცეული გერმანია კი, ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ და საბჭოთა ოკუპაციის ზონად დაიყო. რა თქმა უნდა, ფიურერმა ვერ შეძლო მარცხს შეგუება და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუმცა მის მომხრეებსა და თანამოაზრეებს, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებებში, მაინც მოუწია საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგომა, რომელსაც ნიურნბერგის პროცესი ეწოდა და უპრეცედენტო შემთხვევად იქცა იურისპრუდენციის ისტორიაში.
ავტობიოგრაფიული ნაშრომი "ჩემი ბრძოლა" და არიული რასის უპირატესობა
ადოლფ ჰიტლერი ჯერ კიდევ 1923 წელს, "ლუდის პუტჩის" დროს გეგმავდა გენერალ ერიხ ლუდენდორფთან ერთად ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, გერმანიის დაპატრონებას და მთელი ევროპის დაპყრობას, თუმცა გადატრიალების ნაცვლად ქვეყნის ღალატის ბრალდებით მოხვდა საპატიმროში. სწორედ ციხეში დაწერა მომავალმა ფიურერმა ავტობიოგრაფიული ნაშრომი "ჩემი ბრძოლა", რომელშიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები ჩამოაყალიბა, არიული რასის უპირატესობის თეორია და ებრაელების, როგორც "უღირსი რასის" სრული განადგურების გეგმა განიხილა.
ხელისუფლების უზურპაცია
1932 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნაციონალ-სოციალისტურმა პარტიამ 288 ადგილი მოიპოვა პარლამენტში (რაიხსტაგში), ერთი წლის შემდეგ, 1933 წლის 30 იანვარს კი, რაიხსპრეზიდენტის პაულ ფონ ჰინდენბურგის ბრძანებით ჰიტლერი კანცლერის პოსტზე დაინიშნა და წინამორბედის - ფრანც ფონ პაპენის წყალობით ჯერ ბანკირების მხარდაჭერა მოიპოვა გერმანიის ეროვნული ბანკის დირექტორის ჰიალმარ შახტის მეთაურობით, მერე მეწარმეები მიიმხრო ფინანსური მაგნატის გუსტავ კრუპის დახმარებით.
რაიხკანცლერის პოსტზე ფიურერმა პირველ რიგში კომუნისტური პარტია გაანადგურა და ორჯერ გაზარდა არმიის შემადგენლობა, რითაც ვერსალის შეთანხმება დაარღვია, თუმცა უკან მაინც არ დაიხია და სწორედ იარაღის წარმოება აქცია მრეწველობის პრიორიტეტად. მილიტარისტული ეკონომიკის წყალობით ჰიტლერმა ჯერ ლუფტვაფე - გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალები შექმნა ჰერნამ გერინგთან ერთად, მერე შუცშტაფელი - პარამილიტარისტული უწყება (SS) იოზეფ ჰიმლერის ხელმძღვანელობით, რომელიც მოიერიშე რაზმებს (SA) გამოეყო და არმიაზე ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
1934 წლის 2 აგვისტოს პაულ ფონ ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ჰიტლერმა პრეზიდენტის ფუნქციაც შეითავსა და მთავარსარდლის რანგში ჩაუდგა სათავეში ვერმახტს - გერმანიის შეიარაღებულ ძალებს. ძალაუფლების სრული უზურპაციის შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ გერმანიის მოსახლეობის 90% სწორედ მის დიქტატორულ მმართველობას უჭერდა მხარს, ფიურერმა რაინის ოლქის დაკავებით დაიწყო ევროპის ეტაპობრივი ანექსია.
ევროპის ანექსია
1938 წლის მარტში ფიურერი ავსტრიაში შეიჭრა, რასაც მოგვიანებით ჯერ სუდეტის ოლქის, მერე პრაღის აღება და ჩეხოსლოვაკიის სრული ექსპანსია მოჰყვა, შემდეგ მსხვერპლად პოლონეთი იქცა, რომელიც 1939 წელს პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე ჩაბარდა ნაცისტებს. "სწორედ პოლონეთის განადგურება იყო ჩვენი მთავარი ამოცანა. მე პროპაგანდისტული მიზეზი მივეცი ევროპას ომის დასაწყებად და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მისაღები იქნება მათთვის, რადგან გამარჯვებულს არავინ არაფერს მოჰკითხავს", - განაცხადა ჰიტლერმა 1939 წლის 1-ელ სექტემბერს, როცა ღიად გამოუცხადა ომი ევროპას და მთელი სიმძლავრით აამუშავა სამხედრო-სამრეწველო მანქანა.
პოლონეთის სრულად განადგურების შემდეგ, 1940 წლის აპრილსა და მაისში გერმანიამ ჯერ ნორვეგიის და დანიის, მერე ნეიტრალური ჰოლანდიის, ლუქსემბურგის, ბელგიის ოკუპირება მოახერხა და საფრანგეთში შეიჭრა. 750 ათასმა ჯარისკაცმა მაჟინოს ხაზი - გერმანიის საზღვარზე ფრანგული თავდაცვითი ნაგებობების კომპლექსი გაარღვია და 14 ივნისს პარიზი აიღო, რასაც 22 ივნისს საფრანგეთის კაპიტულაცია მოჰყვა. მართალია, გაგულისებულმა ჰიტლერმა პომპეზურად აღნიშნა მორიგი გამარჯვება, მაგრამ ლა მანშის სრუტესთან ბრიტანელების წინააღმდეგობას შეეჯახა და აღმოსავლეთისკენ გადაიტანა ყურადღება. 1941 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე შეიჭრა, იუგოსლავია გაანადგურა და წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა საბერძნეთი, 22 ივნისს კი, თავდაუსხმელობის პაქტის დარღვევით დაესხა თავს საბჭოთა კავშირს და როგორც თავად გეგმავდა მთელი ევროპა ჩაითრია ომში.
ნაცისტური რაიხის მარცხი
საკუთარი ძლევამოსილების და დაუმარცხებლობის რწმენის, ფიურერის ფანატიკური ერთგულებისა და გერმანული იმპერიის დიდების სახელით ჩადენილი სისასტიკის მიუხედავად, საბოლოოდ ნაცისტები მაინც დამარცხდნენ თავისსავე წამოწყებულ ომში. მართალია, დღემდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები, მაგრამ ისტორიკოსთა ვარაუდით, 6-წლიანმა ომმა, რომელმაც აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა მთელ ევროპას და ყველაზე სასტიკ, სისხლისმღვრელ სამხედრო კონფლიქტად იქცა კაცობრიობის ისტორიაში, სულ მცირე 55 მილიონი ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწირა. გარდა ამისა, 11 მილიონი უდანაშაულო დაიღუპა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში, რომელთა შორის 6 მილიონი ეთნიკური ებრაელი იყო.
1945 წლის 30 აპრილს, მარცხის აღიარება მოუწია თავად ჰიტლერსაც, რომელმაც რაიხკანცელარიის ბუნკერში დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. წინა დღით ფიურერმა დიდი ხნის საყვარელზე ევა ბრაუნზე იქორწინა, თუმცა ფორმალური ქორწინება მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა, რადგან ჯერ ბრაუნმა მოიწამლა თავი კალიუმის ციანიდით, მერე თავად ჰიტლერმა გაასწორა ანგარიში სიცოცხლესთან თავში გასროლით. საყვარელი ფიურერის მაგალითს მიჰბაძეს SS-ის ხელმძღვანელმა ჰაინრიხ ჰიმლერმა, რომელმაც კალიუმის ციანიდი მიიღო და პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა, რომელმაც ჯერ ცოლი და ექვსი შვილი მოწამლა, მერე კი, თავი მოიკლა.
მზადება ნიურნბერგის პროცესისთვის
გამარჯვების და გერმანიის ზონებად დაყოფის შემდეგ მოკავშირეებმა დროებითი მთავრობა შექმნეს და იმ სადამსჯელო ღონისძიებების შემუშავებას შეუდგნენ, რომელთაც ომის მომწყობთა წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, მით უფრო, რომ 23 საკონცენტრაციო ბანაკის დათვალიერებისა და საზარელი სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ, სწორედ ნაცისტების სისასტიკეს გადარჩენილი ადამიანები იქცნენ ცოცხალ შეხსენებად, რომ ჩადენილ დანაშაულებებზე არა მხოლოდ ბრძანების გამცემებს, არამედ მათ შემსრულებლებსაც უნდა ეგოთ პასუხი. ამბობდნენ, თითქოს ბანაკების ხელმძღვანელებმა და კომენდანტებმა ტუსაღებს შორის სცადეს დამალვა, თუმცა ტყვეებმა, რომელთაც მანამდე მხოლოდ უსახურ ნივთებად მიიჩნევდნენ, ვისი გადათვლა, გამოყენება და განადგურება იყო საჭირო, სწრაფად ამოიცნეს მჩაგვრელები და თავად სცადეს მათთან ანგარიშის გასწორება.
საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მოწყობა, რომელიც არა კონკრეტული დამნაშავეების, არამედ პოლიტიკური რეჟიმის გასამართლების პირველ პრეცედენტს შექმნიდა, 1945 წელს, ჯერ იალტის, მერე ლონდონის კონფერენციაზე გადაწყდა, რომელიც 26 ივნისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდა, 29 აგვისტოს კი, ნაცისტი ჩინოვნიკებისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციების ნუსხა გამოაქვეყნა. მოკავშირეთა მიერ შედგენილ სიაში 24 ნაცისტი მაღალჩინოსანი, მინისტრთა კაბინეტის მმართველი ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელობა და უმაღლესი მთავარსარდლობა, ასევე ვერმახტის გენერალური შტაბი, გესტაპო (საიდუმლო სახელმწიფო პოლიცია), მოიერიშე რაზმები (SA), შუცშტაფელი (SS) და რაიხსფიურერის უსაფრთხოების სამსახური (SD) მოხვდა.
მართალია, ტრიბუნალის ფორმალურ შტაბ-ბინად ბერლინი გამოცხადდა, სადაც 1945 წლის 18 ოქტომბერს მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებს საბრალდებო დასკვნა გადაეცათ, მაგრამ სასამართლო პროცესის მოწყობა მაინც ნიურნბერგში გადაწყდა, რასაც მეტწილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან სწორედ ნიურნბერგი იქცა ნაცისტთა მექად და თეატრალიზებული მილიტარიზმის ერთგვარ სცენად, ნიურნბერგში ეწყობოდა აღლუმები და მიტინგები, რომელთა პომპეზურობით ჰიტლერი მომხრეებს ნუსხავდა, აქ იკრიბებოდნენ ნაცისტები ფიურერის მოსასმენად და აქ განადიდებდნენ საკუთარ თავს, როგორც უმაღლეს რასას. ამასთანავე, იუსტიციის სასახლეს, რომელიც დაზიანების გარეშე გადაურჩა ომსა და საჰაერო დაბომბვას, საკუთარი საპატიმრო ჰქონდა, სადაც ბრალდებულების დროებით დაბინავება და მიწისქვეშა გვირაბებით პირდაპირ სასამართლო დარბაზში შეყვანა შეიძლებოდა.
ტრიბუნალის შემადგენლობა
სამხედრო ტრიბუნალი ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების წარმომადგენლებით - მოსამართლეებითა და მათი მოადგილეებით დაკომპლექტდა, თავმჯდომარედ კი, ბრიტანელი ჯეფრი ლოურენსი დაინიშნა. ცალკე სიაში მოხვდნენ მთავარი ბრალმდებლები - ამერიკელი რობერტ ჯექსონი, ბრიტანელი ჰართლი შოუკროსი, ფრანგი ფრანსუა დე მენტონი, რუსი რომან რუდენკო და მათი თანაშემწეები.
აღსანიშნავია, რომ ნიურნბერგის პროცესს, რომლის ყველა სხდომა ღიად და საჯაროდ გაიმართა, პრესის 250 წარმომადგენელი ესწრებოდა პუბლიცისტებთან, მწერლებთან და რეჟისორებთან ერთად. თუმცა 24 ბრალდებულს 3 თავიდანვე გამოაკლდა, რადგან ფინანსისტი გუსტავ კრუპი, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდა სასამართლო პროცესზე დასწრებისგან, გერმანელ მუშათა ფრონტის ხელმძღვანელი რობერტ ლაი საერთაშორისო სამედიცინო კომისიამ ცნო შეურაცხადად, ფიურერის პირადი მდივანი, უგზო-უკლოდ დაკარგული მარტინ ბორმანი კი, დაუსწრებლად გასამართლდა.
ბრალდების ოთხი ძირითადი პუნქტი
ტრიბუნალი 1945 წლის 20 ნოემბერს შეუდგა მუშაობას და პირველსავე სხდომაზე განსაზღვრა ბრალდების ოთხი ძირითადი პუნქტი - შეთქმულება გერმანიაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ომის დანაშაულებები, დანაშაული მსოფლიოს და ადამიანურობის წინააღმდეგ. პროცესი ტრიბუნალის თავმჯდომარემ ჯეფრი ლოურენსმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ნიურნბერგის პროცესის ისტორიულ მნიშვნელობას და განმარტა, რომ ის არა მხოლოდ თანამედროვე საზოგადოებას, მილიონობით ადამიანს სჭირდებოდა, არამედ მომავალი თაობებისთვის იყო აუცილებელი, რათა აღარასდროს განმეორებულიყო მსგავსი სისასტიკე. ლოურენსის სიტყვა ამერიკელმა ბრალმდებელმა გააგრძელა, "დანაშაულებები, რომელთა დაგმობა და დასჯა გვინდა, იმდენად დამღუპველი და დამანგრეველი აღმოჩნდა კაცობრიობისთვის, რომ მათი განმეორების შემთხვევაში ცივილური სამყარო უბრალოდ დაიღუპება", - აღნიშნა რობერტ ჯექსონმა.
ბრალდებულებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება ლუფტვაფეს მთავარსარდალმა ჰერმან გერინგმა, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰიტლერის თანაშემწემ რუდოლფ ჰესმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა დაიმსახურეს, 27 ადვოკატი იცავდა 54 ასისტენტისა და 67 მდივნის დახმარებით. მართალია, ჰესის ადვოკატმა ამნეზიის მომიზეზებით მოითხოვა მისი გათავისუფლება, რადგან ბრალდებულს არ ჰქონდა საკუთარი თავის დაცვის უნარი, მაგრამ სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მეტიც, მოგვიანებით თავად ჰესი გამოვიდა სიტყვით და აღიარა, რომ მეხსიერების დაკარგვა მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებით სცადა, ახლა კი, მზად იყო მეგობრებთან ერთად მიეღო მონაწილეობა სასამართლო პროცესში.
სასამართლო პროცესი
პროცესის პირველ ნაწილში ტრიბუნალმა საგარეო საქმეთა მინისტრის იოაჰიმ ფონ რიბენტროპის, ვერმახტის მთავარსარდლის ვილჰელმ კაიტელს, ვერმახტის უმაღლესი სარდლობის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის ალფრედ იოდლის, ადმირალ ერიჰ რედერის, წყალქვეშა ფლოტის მეთაურის კარლ დენიცის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იალმარ შახტის, ეკონომიკის მინისტრის ვალტერ ფუნკის, ნაცისტური პოლიტიკის მთავარი იდეოლოგის ალფრედ როზენბერგის, შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრის ალბერტ შპეერის საქმეები განიხილა, რომელთაც რობერტ ჯექსონმა რასობრივი სიძულვილის და ტერორის, ძალაუფლების, ქედმაღლობისა და სისასტიკის ცოცხალი სიმბოლოები უწოდა.
რამდენიმე კვირა გაგრძელდა ბრალდების მხარის მიერ მიწვეულ მოწმეთა გამოსვლები, რომელთაც საკუთარ ჩვენებაში დაადასტურეს ნაცისტი ლიდერების სისასტიკე და ძალადობრივი მოქმედებები, ბრიტანელმა ბრალმდებელმა ჰართლი შოუკროსმა კი, ჯერ ის სამხედრო ოპერაციები აღწერა დეტალურად, რომლებიც გერმანიამ განახორციელა ყველა შეთანხმების დარღვევით, მერე ნაცისტი ჩინოვნიკების - ავსტრიაში გერმანიის ელჩის ფრანც ფონ პაპენის, ბოჰემიისა და მორავიის რაიხსპროტექტორის კონსტანტინ ფონ ნეირატის, შრომის კომისრისა და მოიერიშე რაზმების ოპენგრუპენფიურერის ფრიც ზაუკელის და ოკუპირებული პოლონეთის გენერალ-გუბერნატორის ჰანს ფრანკის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ისაუბრა.
რასობრივი პოლიტიკა
ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები გაიხსენა ფრანგმა ბრალმდებელმა ფრანსუა დე მენტონმაც, რომლის განცხადებით არაადამიანური მოპყრობა ნაცისტებმა საკუთარი რასობრივი პოლიტიკის მთავარ დოქტრინად აქციეს. დე მენტონმა ჯერ ჩეხოსლოვაკიის სოფელი ლიდიცე გაიხსენა, სადაც ასობით მამაკაცი დახვრიტეს, ქალები კი, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში გაამგზავრეს, მერე ვარშავის გეტო ათი ათასობით იძულებით გადასახლებული ებრაელით. "დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არა მტრის უეცარი მრისხანების გამოვლენა, არამედ კარგად გათვლილი რასობრივი პოლიტიკის, ადამიანთა გარკვეული ჯგუფების წინასწარგანზრახული განადგურების მცდელობა იყო", - აღნიშნა დე ვაბრმა.
არ ჩამორჩა ფრანგ კოლეგას არც რუსი ბრალმდებელი რომან რუდენკო, რომლის ნუსხაში ანტისემიტური გაზეთის "მოიერიშეს" გამომცემელი იულიუს შტრაიხერი, საკონცენტრაციო ბანაკების სისტემის შემქმნელი ერნსტ კალტენბრუნერი, ოკუპირებული ნიდერლანდების კომისარი არტურ ზაის-ინკვარტი, რადიოწამყვანი და პროპაგანდისტი ჰანს ფრიჩე და ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ჰიტლერიუგენდის ხელმძღვანელი ბალდურ ფონ შირახი მოხვდნენ. რუდენკომ რასიზმზე, ანტისემიტიზმზე გაამახვილა ყურადღება და დიდი დრო დაუთმო ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების განხილვას. ბრალმდებელმა პირველ რიგში, 1938 წლის 9 ნოემბრის საზარელი "ბროლის ღამე" გაიხსენა, როცა ვიტრინების ჩამსხვრევით ნაცისტებმა 7 ათასზე მეტი ებრაული მაღაზია დაარბიეს, სინაგოგები დაწვეს და ათასობით ებრაელი იმსხვერპლეს.
სწორედ 1938 წელს გაჩნდა პირველი გეტოები და საკონცენტრაციო ბანაკები მთავარი ნაცისტი ჯალათის, ე.წ. "ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის" იდეოლოგის რაინჰარდ ჰაიდრიხის ბრძანებით, რომელმაც 1942 წელს, ვანზეეს კონფერენციაზე კოლეგებს ევროპის ებრაული მოსახლეობისგან გაწმენდისა და 14 მილიონი ადამიანის განადგურების საბოლოო გეგმა გააცნო.
საკონცენტრაციო ბანაკები
სასიკვდილოდ განწირულები ნაცისტებს საკვებისა და სასმელი წყლის გარეშე გადაჰყავდათ ვაგონებით ე.წ. სიკვდილის ბანაკებში, სადაც ნივთებივით ახარისხებდნენ, მოხუცებს და სნეულებს, დედებსა და მცირეწლოვან ბავშვებს - მათ, ვისაც მუშაობა არ შეეძლო გაზის კამერებში წამლავდნენ, ცხედრებს კი, ღუმელებში წვავდნენ. მეტიც, თვითმხილველთა ჩვენების თანახმად, ჩვილებს ნაცისტი ჯალათები ცოცხლად ყრიდნენ ღუმელებში, რასაც ცინიკურად, დროის დაზოგვით ამართლებდნენ.
ნაცისტური სისასტიკის მტკიცებულებად ტრიბუნალმა საკონცენტრაციო ბანაკებში გადაღებული კინოქრონიკა გამოიყენა გაზის კამერების და კრემატორიუმის ღუმელების, სამედიცინო ექსპერიმენტებით დამახინჯებული და უზარმაზარ ორმოებში ჩაყრილი ცხედრების, ადამიანის ცხიმისგან მოხარშული საპნისა და კანისგან შეკერილი ხელთათმანების, სხვადასხვა სუვენირის დემონსტრირებით, რასაც ბრალდებულთა უმეტესობამ თვალი მოარიდა და მხოლოდ ჰესი შეაძრწუნა, რომელიც ისე ატირდა, რომ გვერდით მჯდომ რიბენტროპს მოუწია მისი დამშვიდება.
საბოლოო ვერდიქტი
სასამართლო პროცესის დასკვნით ნაწილში ბრალდებულებმა მიიღეს სიტყვით გამოსვლის უფლება. რა თქმა უნდა, სინანული არავის გამოუხატავს, პირიქით, ყველამ თავი იმართლა, რომ მხოლოდ ბრძანებას ასრულებდა, რადგან შეუსრულებლობის შემთხვევაში სიკვდილით დაისჯებოდა. "ჩვენ სახელმწიფო გვქონდა, რომელსაც ფიურერი ხელმძღვანელობდა, მისგან ვიღებდით ბრძანებებს და ვალდებული ვიყავით დავმორჩილებოდით", - განაცხადა გერინგმა, რომელმაც აღიარა, რომ მისი მოქმედება ხშირად სასტიკი, თუმცა აუცილებელი იყო, რადგან "გერმანიის კეთილდღეობისთვის ბრძოლა ყველა მეთოდს ამართლებდა".
მართალია, ადვოკატებმა სასამართლო პროცესის გაჭიანურება სცადეს, იმედით, რომ დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის მზარდი დაძაბულობა ბრალდებულების სასიკეთოდ იმუშავებდა და სასჯელისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა, მაგრამ ამგვარმა სტრატეგიამ არ გაამართლა. 11-თვიანი მუშაობის შემდეგ ტრიბუნალმა საბოლოო ვერდიქტი გამოაქვეყნა და 1946 წლის 30 სექტემბერს ჯერ გესტაპო, შუცშტაფელი და ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელობა, 1-ელ ოქტომბერს კი, 24 ბრალდებულიდან 21 ცნო დამნაშავედ.
სიკვდილით დასჯა მიესაჯა ნაცისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს იოახიმ ფონ რიბენტროპს, თავგამოდებულ ანტისემიტს იულიუს შტრაიხერს და ექსპლუატატორს ფრიც ზაუკელს, ჰიტლერის ძველ მეგობარსა და თანამებრძოლს ვილჰელმ ფრიკს და ვერსალის შეთანხმების დარღვევის ინიციატორს ალფრედ იოდლს, ასევე ვილჰელმ კაიტელს, რომელმაც საკუთარი დანაშაული აღიარა, სიკვდილის წინ კი, მთელი ხმით დაიყვირა, "გერმანია ყველაფერზე მეტია!" და ერნსტ კალტენბრუნერს, რომელმაც რაინჰარდ ჰაიდრიხის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა "ებრაელების საკითხი", ჰანს ფრანკს, რომელმაც 3 მილიონი პოლონელი ებრაელი შეიწირა, არტურ ზაის-ინკვარტს, რომელიც ჯერ ავსტრიის აღებაში დაეხმარა ნაცისტებს, მერე ნიდერლანდების ძარცვაში და ალფრედ როზენბერგს, რომელიც ბოლომდე ამართლებდა რასობრივ პოლიტიკას.
მართალია, ტრიბუნალმა ყველა პუნქტით დამნაშავე ჰერმან გერინგსაც ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ჰიტლერის ერთგულმა თანამოაზრემ სასჯელის აღსრულებამდე რამდენიმე საათით ადრე კალიუმის ციანიდით მოიწამლა თავი. სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 1957 წელს გათავისუფლდა ვალტერ ფუნკი, რუდოლფ ჰესი კი, 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გარდაიცვალა 83 წლის ასაკში, 20-წლიანი სასჯელი მიიღეს ბალდურ ფონ შირახმა და ალბერტ შპეერმა, კონსტანტინ ფონ ნოირატმა და კარლ დენიცმა 15 წლის შემდეგ დააღწიეს თავი პატიმრობას, ერიხ რედერი კი, 1955 წელს გათავისუფლდა. ტრიბუნალმა მხოლოდ სამი ბრალდებული - ჰანს ფრიჩე, ფრანც ფონ პაპენი და ჰიალმარ შახტი გაამართლა და გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან, რადგან ჩათვალა, რომ ბრალდებულები მხოლოდ ნაცისტური რეჟიმის პროპაგანდისტები იყვნენ და არა აღმასრულებლები ან დამნაშავეები.
ნიურნბერგის პროცესი - უპრეცედენტო გამოცდილება
თითქმის ერთწლიანი მუშაობის მანძილზე ნიურნბერგის ტრიბუნალმა 403 ღია სხდომა და 2016 სასამართლო მოსმენა გამართა, 240 მოწმე დაკითხა და 300 ათასზე მეტი წერილობითი ჩვენება გამოაქვეყნა, 3 დოკუმენტური ფილმი წარადგინა და ბრალდებულებს, ბრალდების, დაცვის მხარეს მოუსმინა, რაც საბოლოო პროტოკოლში გააერთიანა, რომლის საერთო მოცულობამ 16 ათასი გვერდი შეადგინა. სხვათა შორის, ნიურნბერგის პროცესი სინქრონული თარგმანის გამოყენების პირველ მასშტაბურ გამოცდილებადაც იქცა, რადგან 50-მა თარჯიმანმა რეალურ დროში და საკუთარ ენაზე უზრუნველყო პროცესის ყველა მონაწილისთვის ინფორმაციის მიწოდება.
გარდა ამისა, ნიურნბერგის პროცესმა, რომელიც რეჟიმის გასამართლების პირველ პრეცედენტად იქცა, საერთაშორისო სისხლის სამართალს დაუდო საფუძველი, რადგან სწორედ ტრიბუნალის წესდებაში განსაზღვრული ნორმები დაამტკიცა მოგვიანებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებად.