02 აგვისტო 2025 - 12:55

ძაღლის ფსიქოლოგია: „ოჯახის ოთხფეხა წევრის“ უნიკალური თვისებები

მართალია, ყველა პატრონი დარწმუნებულია, რომ კარგად იცნობს საკუთარ ძაღლს და ზუსტად იცის, რაზე ფიქრობს მისი ოთხფეხა მეგობარი, მაგრამ სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურეს, რომ სინამდვილეში, ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ ძაღლის შინაგან სამყაროზე, მის ფიქრებზე, განცდებსა და უნიკალურ თავისებურებებზე. 

კინოლოგებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა ბავშვებისთვის შემუშავებული მეთოდები, რომელთა გამოყენებით საგრძნობლად გამარტივდა ძაღლის ქცევის და მისი საიდუმლო ენის გაშიფვრა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანის "ოთხფეხა კომპანიონი" მისგან აბსოლუტურად განსხვავებულად ხედავს სამყაროს, რომელიც მისთვის არა კაშკაშა ფერები, არამედ შუქის, ჩრდილების თამაში და მოძრავი ობიექტებია. მართალია, ძაღლს ადამიანზე ცუდი მხედველობა აქვს, რადგან ძალიან უჭირს სტატიკური ობიექტის ამოცნობა, მაგრამ ბრწყინვალედ ხედავს მოძრავ ფიგურას რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. შეზღუდულად აღიქვამს ცუგა ფერებსაც, რადგან მეტწილად შავ-თეთრში ხედავს, მხოლოდ ლურჯსა და ყვითელს განასხვავებს, წითელი და მწვანე კი, მისთვის ყავისფერში ერთიანდება. ძაღლი ვერასდროს იცნობს პატრონს თმის, თვალების ან ტანსაცმლის ფერით, რადგან მთავარი მისთვის მოძრაობა, ენერგია და ნაცნობი სილუეტი, სიარულის მანერა და ნაბიჯების რიტმი, მიმიკა, სუნი და ხმაა, რომელთაც კომპლექსურად აღიქვამს და ერთიან გამოსახულებად აყალიბებს.  

ძაღლის სახელი - უნიკალური ხმოვანი მარკერი

სახელი არა უბრალოდ ბგერების ნაკრები, არამედ უნიკალური ხმოვანი მარკერია, რომელიც ადამიანთან ცხოვრების პირველსავე დღიდან ძაღლის სამყაროს ნაწილი და იდენტურობის განმსაზღვრელი, ყურადღებისა და მზრუნველობის სიმბოლო ხდება. ცუგა მართლაც ცნობს საკუთარ სახელს და ასეულობით სიტყვისგან, სხვა სახელისგან შეუძლია მისი გამორჩევა. სწორედ სახელით სწავლობს ლეკვი ადამიანთან ურთიერთობას, რომელსაც ეტაპობრივად ეჩვევა და ხვდება, რომ ნაცნობი ბგერების გაჟღერებისას ან მას ეძახიან ან მასზე საუბრობენ. 

ადამიანი - ცალკეული მოდგმა

ძაღლმა, რომელსაც პრიმატებზე უკეთ აქვს ინტელექტი განვითარებული, იცის, რომ ადამიანი განსხვავებულ მოდგმასა და სოციალურ კატეგორიას მიეკუთვნება, ამიტომ მასთან კომუნიკაციისთვის განსხვავებული ენის გამონახვაა საჭირო. ცუგა მხოლოდ ადამიანთან ურთიერთობისას მიმართვას მხედველობით კონტაქტს, მიმიკას, ინტონაციას და მანიპულაციის სხვადასხვა მეთოდს. მაგალითად, პატრონის მხრიდან გულგრილობის ან იგნორირების შემთხვევაში, სწრაფად ცვლის ტაქტიკას - ოხრავს და დანაღვლიანებული სახით უყურებს, ცდილობს მასთან დაახლოებას და ფიზიკური შეხებით ყურადღების მიქცევას. თავისივე მოდგმის წარმომადგენლებთან ცუგა არასდროს გაამჟღავნებს საკუთარ სისუსტეს, რადგან კონკურენცია ძაღლების სამყაროშიც ისეთივე დაუნდობელი და უშეღავათოა, როგორც ადამიანებს შორის.

ფავორიტი ოჯახში

როგორი მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს ოჯახი, ძაღლი მაინც იმ ერთადერთს აირჩევს პატრონად, ვისთანაც განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობს და ემოციური კავშირი აქვს, რადგან ძაღლისთვის ოჯახის თითოეული წევრი "უნიკალური ეგზემპლარია" მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სუნის, ინტონაციისა და ენერგეტიკის, ჟესტებისა და მოძრაობების, ჩვევებისა და მანერების ნაკრებით, რომელთაც ლეკვობიდან იმახსოვრებს და მუდმივად აანალიზებს. 

რა თქმა უნდა, ძაღლს "უკეთესის" და "უარესის" საკუთარი აღქმა აქვს, თუმცა შესანიშნავად აფასებს და განასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისგან, ყოველთვის ზუსტად იცის ვინაა ოჯახში ყველაზე მკაცრი და ვინ შედარებით რბილი, ვინ ანებივრებს და ვინ მოითხოვს დისციპლინის დაცვას, ვისთან ღირს გაჯიუტება და ვისთან არ გაუვა არაფერი, ამიტომ მისი სიახლოვე ოჯახის ერთ წევრთან და დისტანცია მეორესთან, არა უბრალოდ მექანიკური მოქმედება, არამედ იმ ანალიზის შედეგია, რომელსაც ყოველწამიერად ატარებს, ერთ მშვენიერ დღეს კი, "თავის ადამიანს" ირჩევს და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულებას ინარჩუნებს. 

მეცნიერებმა კვლევების მთელი სერია ჩაატარეს ლეკვის დედასთან ურთიერთობის ადამიანთან კომუნიკაციის შესადარებლად და აღმოაჩინეს, რომ ძაღლი მასზე მზრუნველ ადამიანსაც ისევე სწრაფად ეჩვევა და ენდობა, როგორც საკუთარ დედას. სწორედ პატრონს ეძებს ძაღლი თვალებით, როცა სტრესს განიცდის, დათრგუნული ან შეშინებულია, რადგან  მხოლოდ მის გვერდით გრძნობს თავს მშვიდად და დაცულად. კინოლოგების მტკიცებით, როცა ძაღლი პატრონის ფიზიკურ სიახლოვეს გრძნობს, მნიშვნელოვნად მცირდება კორტიზოლის - სტრესის ჰორმონის დონე მის ორგანიზმში. ამასთანავე, ცუგა, რომლისთვისაც პატრონი "განსაკუთრებული არსებაა", მხოლოდ მასთან ჩივის და წუწუნებს, აწონებს თავს და მისგან ელის შექებას, ურთიერთობის ამგვარი ფორმა კი, ძალიან ჰგავს დედისა და მცირეწლოვანი ბავშვის ურთიერთობას. 

სუსტი ადამიანი

ძაღლმა კარგად იცის, რომ ადამიანი ბევრად ჩამორჩება ფიზიკური შესაძლებლობებით, რადგან ყოველდღე ხედავს პატრონს, რომელიც ზანტად მოძრაობს, მოუქნელად დარბის და სწრაფად იღლება. მართალია, ძაღლი ხვდება, რომ ადამიანზე ბევრად გამძლე და ამტანია, მაგრამ არასდროს იყენებს უპირატესობას "თავისი ადამიანის" წინააღმდეგ, რადგან მთავარი საზომი მისთვის არა ფიზიკური შესაძლებლობები, არამედ ლიდერის თვისებებია, ლიდერი და ავტორიტეტი კი, მხოლოდ ის შეიძლება გახდეს ძაღლისთვის, ვინც საყელურის მოქაჩვის ნაცვლად ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას, შექმნის მისთვის აუცილებელ რიტუალებს და გასცემს მკაფიო სიგნალებს. სწორედ ამიტომაა, რომ მასიური ჯიშის ძაღლებიც მორჩილად მისდევენ ლიდერ პატრონებს გვერდით და არასდროს ცდილობენ ფიზიკური ძალის დემონსტრირებით მის დაჯაბნას. 

პატრონის სახე

ძაღლი არა უბრალოდ ცნობს, არამედ საოცარი სიზუსტით იმახსოვრებს პატრონის სახეს, მისი თვალების ფორმას და ნიკაპის მოხაზულობას, მიმიკას და გამომეტყველებას. კვლევამ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით დაადასტურა, რომ ნაცნობი სახის, განსაკუთრებით პატრონის დანახვისას ძაღლის ტვინში გარკვეული ზონები აქტიურდება, რისი წყალობით ცუგა არა მხოლოდ სუნით და ხმით, როგორც მანამდე იყო მიჩნეული, არამედ ვიზუალურადაც აღიქვამს "თავის ადამიანს". ამასთანავე, ძაღლს ბრწყინვალედ აქვს განვითარებული ასოციაციური მეხსიერება, ამიტომ პატრონის შორიდან დანახვაც საკმარისია სასიამოვნო მოგონებების მთელი ჯაჭვის გასაბმელად.

პატრონის ხმა

პატრონის ხმა - ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო სიგნალია ძაღლისთვის, რომელსაც უმცირესი ნიუანსებით - ინტონაციით, ტემბრით, რიტმით, სუნთქვითა და სიტყვებს შორის ინტერვალით იმახსოვრებს. ტელეფონში, ჩანაწერში ან ხალხის ბრბოში წარმოთქმული ერთი სიტყვაც საკმარისია ძაღლის გამოსაფხიზლებლად, როცა ცუგა ყურებს ცქვიტავს და თვალებით იწყებს პატრონის ძებნას. 

კინოლოგებმა მრავალგზის ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ძაღლს ნებისმიერი ხმაურისა და ათეულობით სხვა ხმის ფონზე შეუძლია "მშობლიური ხმის" ამოცნობა, მაშინაც კი, თუ დიდი ხანია არ უნახავს პატრონი. საოცარი უნარი პირველ რიგში ემოციურ რხევებზე მომართული სმენით აიხსნება, რადგან ძაღლს არა უბრალოდ ესმის, არამედ გრძნობს პატრონის ხმას და ანალოგიურად რეაგირებს - მშვიდად საუბრისას თვითონაც მშვიდდება, აღელვებისა და გაბრაზების შემთხვევაში კი, თვითონაც იძაბება. 

თანდაყოლილი ემპათია

მართალია, ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, თითქოს ძაღლი ადამიანის აურას ხედავს, მაგრამ კინოლოგებს ნაკლებად სჯერათ მსგავსი მოსაზრების. თუმცა, ძაღლი მართლაც საოცარი სიმძაფრით გრძნობს პატრონს და ამჩნევს ყველა უმნიშვნელო ცვლილებას მის მოძრაობაში, მიმიკაში, ხმის ტემბრში და იმდენად სწრაფად რეაგირებს, რომ ადამიანი თვითონ ვერ ასწრებს საკუთარი მდგომარეობის ბოლომდე გააზრებას. ძაღლი პატრონზე სწრაფად ხვდება, რომ ის ავადაა, გაღიზიანებული ან დათრგუნულია. რა თქმა უნდა, მას არ აქვს ის მისტიკური შესაძლებლობები, რომელსაც ეზოთერიკოსები მიაწერენ, თუმცა თანდაყოლილი ემპათიის წყალობით ყოველთვის უშეცდომოდ გრძნობს პატრონის დამძიმებულ განწყობას და მასთან ერთად განიცდის ყველა წვრილმანს. 

ცხოველებს შორის ძაღლი აბსოლუტური ჩემპიონია ადამიანის სხეულის ენისა და ემოციების ამოცნობაში. მეტიც, ძაღლი არა მხოლოდ მთელი ტანით გრძნობს პატრონის უგუნებობას, არამედ მის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური ცვლილებების ფონზე, როცა უჯრედები სპეციფიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ, კანის სუნით პროგნოზირებს ავადმყოფობას - დიაბეტს, ონკოლოგიურ და ინფექციურ, გულის და ფილტვების დაავადებებს მათ კლინიკურ გამოვლენამდე. 

ამასთანავე, ძაღლი ყოველთვის ყურადღებით აკვირდება პატრონის სახის გამომეტყველებას, უსმენს მის ხმას და ამჩნევს, რომ მოწყენილობისას ადამიანი ბევრად ნელა მოძრაობს, ცოტას ლაპარაკობს და მზერაც განსხვავებული აქვს. ამგვარ სიგნალებს ცუგა ყოველთვის თანაგრძნობით პასუხობს, ცდილობს არ მიატოვოს და გვერდით მიუწვეს "თავის ადამიანს", დაადოს თავი მუხლებზე და აულოკოს ხელები, რითაც თანადგომას გამოხატავს და თავისებურად ცდილობს მისი ფიზიკური ან ემოციური ტკივილის გაზიარებას.  

სიყვარულის ახსნა

ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიგნალად, რომლითაც ძაღლი პატრონის მიმართ სიყვარულს გამოხატავს - მისი სახლში დაბრუნებით გამოწვეული სიხარულის დემონსტრირებაა, როცა გაბედნიერებული, კუდის ქიცინით დარბის მის გარშემო ან პირიქით, ჩუმად ადებს თავს მუხლებზე. საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს იაპონელმა მეცნიერებმა, როცა დაკვირვების ობიექტად შეყვარებული წყვილები და ძაღლები აირჩიეს პატრონებთან ერთად. როგორც აღმოჩნდა, ხანგრძლივი დაშორების შემდეგ პირველი შეხვედრისას შეყვარებულების, ძაღლებისა და მათ პატრონების ორგანიზმში ერთნაირად მკვეთრად იზრდება ენდორფინის - სიამოვნებისა და ბედნიერების ჰორმონის დონე, რომელიც ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. 

უსაზღვრო სიყვარულის გამოხატვაა პატრონის სახის ლოკვაც, რაც ძაღლის ენაზე კოცნას ნიშნავს. მართალია, ბევრს გრძნობების ამგვარი გამოვლენა არაჰიგიენურად მიაჩნია, მაგრამ თუ ცუგა ჯანმრთელია, საგანგაშო არაფერია, მით უფრო, რომ ძაღლის ნერწყვი ლიზოციმს (ჰიდროლაზების ჯგუფის ფერმენტს არასპეციფიკური ანტისეპტიკური თვისებებით), იმუნოგლობულინს (გლიკოპროტეინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში) და სხვა ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც იარების  შეხორცებას უწყობენ ხელს და ანტიბაქტერიულ ფუნქციას ასრულებენ.

სიყვარულს უხსნის ძაღლი და უსაზღვრო ნდობას გამოხატავს პატრონის მიმართ, როცა დიდხანს და მიშტერებით უყურებს თვალებში, ისე, თითქოს "მზერით ეხვევა და ეფერება".  მეცნიერების მტკიცებით, ამგვარი ყურებისას ძაღლთან ერთად პატრონიც მშვიდდება და დიდი ხნით უქრება შფოთვისა და განგაშის გრძნობა. თუმცა, არ ღირს უცნობი ძაღლისთვის თვალის თვალში გაყრა, რადგან უადგილო მიშტერებას ის აუცილებლად საფრთხედ, თავდასხმად მიიჩნევს და საპასუხო თავდასხმაზე გადმოვა. 

უპირობო ნდობას, მიჩვევასა და ერთგულებას გამოხატავს ცუგა, როცა საკუთარი სურვილით უნაწილებს პატრონს საყვარელ სათამაშოებს, რადგან ძაღლების შორეული წინაპრები და ახლო ნათესავები მგლებიც სწორედ ხროვაში ურთიერთობის განსამტკიცებლად უნაწილებენ ერთმანეთს ნადავლს. თანდაყოლილი ინსტინქტით მოქმედებს "მოშინაურებული მგელიც", როცა სათამაშოებს უზიდავს პატრონს ერთად თამაშის შეთავაზებითა და ახლო კონტაქტის დამყარების სურვილით, მით უფრო, რომ სათამაშო, რომელსაც პატრონის, სახლის და ჩვეული გარემოს სუნი აქვს, ძაღლისთვის ერთგვარი სიმშვიდისა და დაცულობის სიმბოლოა.  

ხანგრძლივი განშორება და დანაკარგის გრძნობა

როგორი ხანგრძლივიც არ უნდა იყოს დაშორება, ძაღლი მაინც ყოველთვის ცნობს პატრონს. მეტიც, სწორედ დიდი ხნის შემდეგ პატრონთან შეხვედრაა ყველაზე ამაღელვებელი და დაუვიწყარი მოგონებაა მის ცხოვრებაში. ძაღლს, რომელსაც ფანტასტიკური "ყნოსვითი მეხსიერება" აქვს, ათწლეულების მანძილზე შეუძლია პატრონის სუნის დამახსოვრება და არც მასთან დაშორების შემთხვევაში ივიწყებს, ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა "სუნი" კარში, ჰაერში ჩნდება და მის ცხოვრებაში ბრუნდება, ძაღლი მყისიერად რეაგირებს. დაძაბული მოლოდინი ერთ წამში იცვლება აღტაცებით, რასაც ცუგა კუდის ქიცინით, მოგუდული ყეფით, ზოგჯერ სიხარულის ცრემლებით გამოხატავს. 

რა თქმა უნდა, ძაღლს ნაკლებად ესმის ისეთი აბსტრაქტული მცნებები, როგორიც გარდაცვალება ან სამუდამოდ წასვლაა, თუმცა მაინც მტკივნეულად განიცდის დანაკარგს და იმ სიცარიელეს, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ავსებს. პატრონის დროებით ან სამუდამოდ წასვლის შემდეგ, ძაღლი ჯერ დაძაბული ელის მის დაბრუნებას, უსმენს ნაბიჯების ხმას, მირბის კართან და ემოციურად რეაგირებს ყველა გაფაჩუნებაზე, მერე სიჩუმეს ეჩვევა, თუმცა განგაშის გრძნობა არსად ქრება, ცუგა დაძაბული ფიქრობს სადაა პატრონი, როდის დაბრუნდება და რატომ მიატოვა. როცა ადამიანი არ ბრუნდება ძაღლი მაინც ჯიუტად ასრულებს ძველ რიტუალებს, ელის კართან ან ფანჯარასთან, იძინებს ჩვეულ ადგილას და ეძებს ნივთებს პატრონის სუნით, ბოლოს კი, საკუთარ თავს უტყდება, რომ რაღაც შეიცვალა და "მისი ადამიანი" აღარ დაბრუნდება, ტკივილით ეგუება დანაკარგს და თვითონაც სამუდამოდ იცვლება.  

წყენა და ეჭვიანობა

ძაღლი სოციალური ცხოველია, რომელიც იშვიათი ერთგულებითა და სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობით გამოირჩევა, ამასთანავე, კარგად ახსოვს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი ემოციები, ამიტომ როცა პატრონი სხვა ძაღლებთან ან ადამიანებთან კომუნიკაციას უფრო მეტ დროს უთმობს, ეჭვიანობს და მიტოვებულის გრძნობა უჩნდება, ჰგონია, რომ პატრონს თავი მოაბეზრა და აღარ სჭირდება. თუმცა, ეჭვიანობა ცუგასთვის არა ბრაზი და აგრესია, არამედ "თავის ადამიანთან" კონტაქტის დაკარგვის შიშია, რასაც ყურადღების დაჟინებული მოთხოვნით, ფიზიკური შეხებით და ხმამაღალი ყეფით გამოხატავს, რადგან მისთვის აუცილებელია ცოდნა, რომ პატრონი ყოველთვის "მისი" იქნება და არასდროს მიატოვებს.

თუმცა ეჭვიან ცუგას, რომელსაც პატრონი თავიდან იშორებს ან უარს ეუბნება დაპირებულ გასეირნებაზე, ანალოგიურად შეუძლია პასუხის გაცემა - დემონსტრაციულად ზურგის შექცევა, შეგნებულად იგნორირება და ოთახიდან გასვლა, რაც მის ენაზე გულდაწყვეტას ნიშნავს, თუმცა ადამიანებისგან განსხვავებით, ძაღლები სწრაფად ივიწყებენ წყენას, თუ რა თქმა უნდა, პატრონი თვითონ გადადგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ. 

დანაშაულის გრძნობა და შურისძიება

მართალია, მორიგი მავნებლობის შემდეგ, როცა პატრონი უბრაზდება, ძაღლი იბუზება, თავს ხრის და მზერას არიდებს, ან პირიქით, ნაღვლიანი თვალებით უყურებს და მთელი მონდომებით ცდილობს დაუმტკიცოს, რომ ძალიან ნანობს საკუთარ საქციელს, მაგრამ სინამდვილეში, ძაღლს არც სირცხვილის, არც დანაშაულის გრძნობა აქვს, რადგან საერთოდ არ თვლის რომ რაიმე გააფუჭა. ამგვარი ქცევით ცუგა მხოლოდ გაწიწმატებული პატრონის დაშოშმინებას და კონფლიქტის თავიდან არიდებას ცდილობს, ისე თითქოს შერიგებას სთავაზობს და ეუბნება, "მოდი, ნუ ვიჩხუბებთ წვრილმანებზე, შენ ხომ, ასეთი დიდი და გონიერი, მე კი, პატარა და საყვარელი ვარ!!". 

მოსაზრება, თითქოს ნაწყენ და გაბრაზებულ ძაღლს შურისძიება შეუძლია - მცდარია და სწორედ ამგვარი წარმოდგენა აფერხებს ცუგასა და მის პატრონს შორის სრულფასოვან ურთიერთობას. მართალია, როცა ძაღლი ურცხვად მიადგება კედელს და ახლად გაკრულ შპალერს ჩამოხევს ან ძვირადღირებულ ფეხსაცმელს დაღრღნის, რთულია მის მიმართ ნდობის შენარჩუნება, მაგრამ მაინც არ ღირს მის ქცევაში სიავისა და ბოროტი ზრახვის დანახვა, რადგან ძაღლი არასდროს ფიქრობს "ვენდეტაზე. მისი უწესობის და "უკულტურო ქცევის" მიზეზი - სინამდვილეში მოწყენილობა და მარტო დარჩენის შიშია, მით უფრო, რომ  საერთოდ არ ესმის როგორი ძვირია ხარისხიანი შპალერი ან პატრონის მოდური ფეხსაცმელი, რადგან მისთვის ყოველი ახალი ნივთი მხოლოდ საინტერესო ობიექტია, რომელსაც დაღრღნით იკვლევს და იკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას. 

სიზმრები, შთაბეჭდილებები და ცრურწმენები

მეცნიერების მტკიცებით, ადამიანების მსგავსად ძაღლებსაც აქვთ ე.წ. ძილის REM-ფაზა, როცა ჩაძინებისას გააქტიურებული ტვინი სიზმრების პროეცირებას იწყებს. ძილში ძაღლი დღის მოვლენებს და ემოციებს იხსენებს, რომელთაც მოკლე ისტორიებად უყვება საკუთარ თავს და სწორედ ამიტომ ფშვინავს და იღრინება, რეფლექსურად ამოძრავებს ყურებს და იქნევს თათებს. სხვათა შორის, ლეკვები უფრო ინტენსიურად ხედავენ სიზმრებს, რადგან ჯერ კიდევ უცხო სამყაროში სიახლეც ბევრია და შთაბეჭდილებებიც მრავლად აქვთ, ხანდაზმული ცუგების ზმანება კი, შედარებით მდორე და ერთფეროვანია, რადგან ყველაფერი ნახეს და არაფერი აკვირვებთ, თუმცა მათაც აქვთ საკუთარი სამყარო, რომლითაც ძილში ცხოვრობენ.    

სრულფასოვანი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის ძაღლს ვიზუალური, მენტალური და ტაქტილური, სუნით და გემოთი მიღებული შთაბეჭდილებები სჭირდება განურჩევლად ჯიშისა და ასაკისა. ლეკვისთვის ახალი შთაბეჭდილებები გონებრივი და ფიზიკური განვითარების სტიმულია, ზრდასრული ძაღლისთვის კი, პატრონთან მშვიდი, თუმცა ხალისიანი ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებაა, როცა მისი ქცევა პროგნოზირებადია და არასდროს ცდილობს უსაქმურობით მოქანცული სახლის თავდაყირა დაყენებას, სეირნობისას საკვებად უვარგისი ნარჩენების აკრეფას და თავგადასავლების ძიებაში პატრონისგან გაქცევას. ლეკვთან მეცადინეობის დაწყება ადრეული ასაკიდანაა საჭირო, როცა სამყაროს გაცნობას იწყებს და გარემოთი ინტერესდება, მისი ცხოვრება კი, ახალი გემოებითა და სუნებით ივსება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ადაპტირებას, სითამამისა და თვითრწმენის გამომუშავებას, რაც ზრდასრულ ცხოვრებაში დაეხმარება.  

ძაღლები საოცრად "ცრუმორწმუნეები" არიან, რადგან უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ნიშნებს და რიტუალებს. მეტიც, ცუგები ყოველთვის უშეცდომოდ აკავშირებენ მოვლენებს შედეგებთან და მაქსიმალური სიზუსტით იმახსოვრებენ სიმბოლოებს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან მოქმედებას - სასეირნოდ წასვლას, საკვების მიღებას ან შინაურების სახლში დაბრუნებას უძღვის წინ. მართალია, პატრონები ხშირად მიაწერენ საკუთარ ძაღლებს ზებუნებრივ თვისებებს - აზრების წაკითხვის, დათვლის ან წინასწარმეტყველების უნარს, მაგრამ სინამდვილეში, ძაღლს დაკვირვების და დამახსოვრების უნიკალური ნიჭი აქვს, რომლის წყალობით ყოველთვის საოცარი სიზუსტით პროგნოზირებს მოვლენებს. თუმცა, ამგვარი ნიჭის გასავითარებლად კომფორტული, მაქსიმალურად პროგნოზირებადი გარემოს შექმნაა საჭირო მუდმივი რეჟიმით, განმეორებადი მოვლენებითა და ყოველდღიური რიტუალებით.

განგაშის გრძნობა და უსაფრთხოების შეგრძნება

მართალია, ძაღლს კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი თავის და პატრონის დამშვიდების, შფოთვისა და ემოციების მოთოკვის ბრწყინვალე უნარი აქვს, მაგრამ აზრების მოკრებისა და სიმშვიდის დასაბრუნებლად რაიმეს დაღრღნა და დაღეჭვა სჭირდება, რადგან სწორედ ყბების მუშაობა სტიმულირებს ე.წ. მოხეტიალე ნერვის დაბოლოებას, რომელიც თავის მხრივ, სპეციფიკურ ქიმიურ ნივთიერებას - ბუნებრივ დამამშვიდებელს - გლიცინს გამოყოფს. სხვათა შორის, სტრესის ერთ-ერთი პირველი სიმპტომი - მთქნარებაა, რასაც პატრონები ხშირად ძაღლის გამოუძინებლობას მიაწერენ, თუმცა სინამდვილეში, სწორედ ასე გამოხატავს ცუგა შინაგან დისკომფორტს და ცდილობს დაძლიოს განგაშის გრძნობა. ამასთანავე, როცა ძაღლი აგზნებულ, გაღიზიანებულ ოჯახის წევრებს ან კონფლიქტის საფრთხეს ხედავს, ის აუცილებლად "დაპირისპირებულ მხარეებს" შორის დგება, რათა საკუთარი ტანით დააშოროს მოწინააღმდეგეები ერთმანეთს. ხშირად პატრონები ამგვარ ქცევას ეჭვიანობად მიიჩნევენ, თუმცა სინამდვილეში, ძაღლს ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი მოხვევისა და ჩახუტების ჩათვლით, ფიზიკურ დაპირისპირებად ეჩვენება და საკუთარ მოვალეობად თვლის მის აღკვეთას. 

ერთ-ერთი საბაზისო პირობა ძაღლისა და მისი პატრონის სიმშვიდისთვის -უსაფრთხო გარემოს შექმნაა, რადგან დაუკმაყოფილებლობა და შინაგანი დისკომფორტი ყოველთვის ნეგატიურად აისახება მის ქცევაზე, ძაღლი უმართავი და აგრესიული ხდება ან პირიქით ფორიაქობს, საკუთარ თავში იკეტება და უქვეითდება კოგნიტიური უნარები. კონოლოგების მტკიცებით, დამფრთხალი ძაღლი მაშინაც სტრესს განიცდის, როცა უცნობი უახლოვდება სწრაფი ნაბიჯით და სრულ პანიკაში ვარდება, როცა ვინმე შეხებას, თუნდაც მოფერებას ცდილობს. ენერგეტიკით, ხმითა და სხეულის სუნით ძაღლს რამდენიმე წამში შეუძლია დაძაბული და გაღიზიანებული ადამიანის ამოცნობა, რადგან მხოლოდ ის გრძნობს ადრენალინს, რომელსაც "ორფეხა აგრესორის" ორგანიზმი ბრაზის, შიშისა და სტრესის დროს გამოყოფს. ძაღლისთვის ასეთი ადამიანი არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, ამიტომ ყოველთვის საფრთხეს გრძნობს მისგან, მით უფრო, რომ სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება ტრავმული გამოცდილება, რაც არასასიამოვნო ადგილებსა და იმ ადამიანებს, მორიდებას აიძულებს, რომელთაც შეაშინეს ან ტკივილი მიაყენეს.

სხვა თემები