12 ივლისი 2025 - 09:58

კონტროლი შენგენის ზონაში: არის თუ არა ეს თავისუფალი გადაადგილების დასასრულის დასაწყისი?

ფოტო: DW

შენგენის ზონაში, რაც ევროპული ინტეგრაციის წარმატების ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს, სასაზღვრო კონტროლი დროებით, თუმცა კვლავ წესდება. წყვეტს თუ არა ასეთი შემოწმებები შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების რომელიმე პრობლემას, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

როდესაც მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში პოლონეთმა გერმანიასა და ლიეტუვასთან სასაზღვრო კონტროლი შემოიღო, ეს შენგენის ზონის ქვეყნების მხრიდან პირველი ასეთი ნაბიჯი ნამდვილად არ ყოფილა. როგორც წესი, ასეთი ზომები არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის, ადამიანთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლის ან ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მოგვარების აუცილებლობით არის განპირობებული. თუმცა ბევრი ანალიტიკოსისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ნიშანია იმისათვის, რომ ევროკავშირში ადამიანების თავისუფალი გადაადგილების სივრცე, რომელიც ევროპული ინტეგრაციისა და საერთო იდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდ ითვლება, სულ უფრო დიდი პრობლემების წინაშე დგება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, აღნიშნული კონტროლი დროებითია. მისივე განმარტებით, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ადამიანებით ვაჭრობისა და არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას. თუმცა ეს ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც თავად გერმანიამ, კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მთავრობის ხელმძღვანელობით, გააძლიერა კონტროლი ყველა სახმელეთო საზღვარზე, მათ შორის - პოლონეთთან. ბრიუსელში ბევრი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ ეს ზომები ევროპული სოლიდარობისგან ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ გადახვევას ნიშნავს. DW-სთან ინტერვიუში ლუქსემბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბირტე ნინაბერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი საზღვრის თავისუფალი გადაკვეთის პრინციპს ნელ-ნელა არღვევს და სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო მოქმედებს ამ მიმართულებით. 

შენგენის ზონაში დომინოს პრინციპი უკვე ამოქმედდა

ბრიუსელში ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის (CEPS) მიგრაციის მკვლევარი დავიდე კოლომბი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებით პოლონეთ-გერმანიის ბოლოდროინდელი დავა უფრო ფართო ევროპულ სურათში ჯდება. საფრანგეთმა სასაზღვრო კონტროლი 2015 წლის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ შეინარჩუნა. ავსტრიამ ანალოგიური შეზღუდვა პირველად დააწესა სლოვენიასა და უნგრეთთან 2015 წლის სექტემბერში, როდესაც ლტოლვილთა კრიზისი პიკში იყო. მას შემდეგ ოფიციალური ვენა სასაზღვრო კონტროლს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახანგრძლივებს და ამას მიგრაციული ზეწოლისა და შიდა უსაფრთხოების მოტივით ხსნის. 

სლოვენიამ ხორვატიასთან საზღვარზე შემოწმება შენგენის ზონაში გაწევრიანებიდან ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში დაიწყო, რის მიზეზადაც მიგრაციის ზრდა და მზარდი ორგანიზებული დანაშაული დაასახელა. გერმანიამ კი, რომელიც დიდი ხანია საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას ეწინააღმდეგება, გასულ შემოდგომაზე აღნიშნული ინიციატივა შემთხვევითი შემოწმებებით დაიწყო, რაც ევროკომისიას ოფიციალურად ჯერ არ გაუსაჩივრებია. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, ასეთი შემოწმება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული და მხოლოდ დროებით ხასიათს უნდა ატარებდეს.

„ეს სასაზღვრო შემოწმება წმინდა პოლიტიკური სიმბოლიკაა, რომელსაც მიგრაციის შეზღუდვაზე რეალური გავლენა არ აქვს“, - აღნიშნავს ბირტე ნინაბერი. მისი თქმით, ევროკავშირში ულტრამემარჯვენეების მზარდი გავლენის გამო, პოპულისტური ნარატივები ყველა პარტიაში მხარდამჭერებს იძენს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ცენტრისტული პარტიების ლიდერები იძულებულნი არიან მიგრაციასთან დაკავშირებით „სიმკაცრე“ გამოავლინონ, ხოლო სასაზღვრო კონტროლი თვალსაჩინო ზომაა, რომელიც ამომრჩევლის თვალში პოპულარულია. 

შენგენის ზონაში კონტროლის ეკონომიკური ხარჯები

ამასობაში, სასაზღვრო ზონების მცხოვრებლები, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლუქსემბურგი, ავსტრია და პოლონეთი, ნეგატიურ შედეგებს უკვე გრძნობენ. ისინი საუბრობენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: სასაზღვრო გადასასვლელებზე ლოდინის დროის გახანგრძლივება, მიწოდების ჯაჭვის დარღვევა და ადგილობრივი საზღვრისპირა ბიზნესისთვის ხარჯების ზრდა. ევროპარლამენტის მიერ ამ თემაზე ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ შენგენის შიდა საზღვრებზე კონტროლის ხელახლა შემოღება დროის მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევს: 10-20 წუთი - მსუბუქი ავტომობილებისთვის, 30-60 წუთი - სატვირთო მანქანებისთვის. ეს კი ტრანსპორტის სექტორს უჯდება დაახლოებით 320 მილიონი ევრო, რაც შეფერხებების ფასს ასახავს და ფართო ეკონომიკურ შედეგებს არ ითვალისწინებს. 

ბულგარეთის ლოგისტიკის ასოციაციამ ცოტა ხნის წინ გამოთვალა, რომ სასაზღვრო შეფერხებები სექტორს წელიწადში 300 მილიონი ევროს ზარალს უქმნის. მას შემდეგ, რაც რუმინეთი და ბულგარეთი 2025 წელს შენგენის ზონას შეუერთდნენ, საზღვრისპირა მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ორივე ქვეყანაში უფრო ეფექტური გახდა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მეზობელ ქვეყნებს შორის მოძრაობა 25%-ით გაიზარდა. რუმინეთის გზების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ბულგარეთ-რუმინეთის საზღვარი 160 000-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 128 000 იყო.

შენგენის შეთანხმების გადახედვა თუ მასზე უარის თქმა?

ევროკავშირი და მისი ლიდერები საფრთხეს აცნობიერებენ. თუ ევროკავშირის შიდა საზღვრებზე კონტროლი მუდმივი გახდება, შენგენის შეთანხმებამ, შესაძლოა, მოქმედება სრულად შეწყვიტოს. ეს არა მხოლოდ ადამიანების, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას შეაფერხებს, რაც ევროკავშირის ერთიანი ბაზრის საფუძველს ქმნის, არამედ შეარყევს ძირითადი ხელშეკრულებების სამართლებრივ მთლიანობას, გაზრდის ბიზნესისთვის ხარჯებს, შეანელებს მიწოდების ჯაჭვებს და პოტენციურად შეარყევს მოქალაქეების ნდობას თავად ევროპული პროექტის მიმართ. ევროკომისია ამჟამად მუშაობს შენგენის საზღვრების კოდექსის განახლებაზე და საზღვრის მართვის ორი ციფრული ინსტრუმენტის დანერგვაზე. ესენია: შესვლა/გასვლის სისტემა (ESS) და ETIAS - ვიზების ავტორიზაციის შემოწმების პლატფორმა. ორივე სისტემა შექმნილია შენგენის ზონაში შემავალი ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეების კონტროლის გასაუმჯობესებლად და შიდა შემოწმების საჭიროების შესამცირებლად.

ევროკომისია ამტკიცებს, რომ ეს რეფორმები წარმოადგენს შენგენის ევოლუციას და არა - მის განადგურებას. თუმცა CEPS-ის წარმომადგენელი დავიდე კოლომბი მიიჩნევს, რომ შენგენის გადარჩენისთვის მას საკანონმდებლო ცვლილებები ან ახალი ციფრული ინსტრუმენტები არ სჭირდება. „ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური გამბედაობა, წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობის აღდგენა და კომისიის მიერ კანონმდებლობის აღსრულება“, - ამბობს ის. უპირველეს ყოვლისა, კოლომბის აზრით, მიგრაციის თემა უნდა იყოს დეპოლიტიზებული, რათა საზოგადოებრივი დებატების ფოკუსი არ გასწორდეს ისეთ არაეფექტურ ზომებზე, როგორიცაა სასაზღვრო კონტროლი.

როგორც კოლომბი, ისე - ნინაბერი სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმ ალბათობისადმი, რომ ეს მალე მოხდება. ნინაბერის თქმით, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში პოლიტიკურ ნარატივებს ულტრამემარჯვენე პარტიები ქმნიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის ზეწოლა მხოლოდ იზრდება. თუ შენგენის ქვეყნები შიდა საზღვრების კონტროლს პოლიტიკურ ინსტრუმენტად  და არა უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურეს საშუალებად გამოიყენებენ, შენგენის ზონა, შესაძლოა, მალე დაიშალოს.

რა ელის ევროპას?

თუ ეს მოხდება, ეკონომიკური ზარალი შეიძლება სერიოზული იყოს. სასაზღვრო კონტროლის ხელახლა შემოღება შეანელებს საქონლის ნაკადს, დაარღვევს დროულად მიწოდების ჯაჭვს და გაზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს. ეს შეეხება განსაკუთრებით ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, საცალო ვაჭრობა და მრეწველობა. საზღვრისპირა ორგანიზაციებში დასაქმებულებს სამსახურამდე მისასვლელად მეტი დრო დასჭირდებათ, ხოლო სასაზღვრო რეგიონებში მცირე ბიზნესებმა შეიძლება მნიშვნელოვანი მომხმარებლები დაკარგონ. რიგითი მოქალაქეებისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს საზღვრებზე შექმნილ გაჭიანურებულ რიგებს, მაღაზიებში ფასების ზრდას, საზღვრებს მიღმა მომსახურებასა და შრომის ბაზრებზე წვდომის შემცირებას. 

თუმცა სიმბოლური, არამატერიალური დანაკარგები შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს, - ამბობს კოლომბი. „შენგენის ზონა პანევროპული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო და ფლაგმანური მიღწევაა“, - ამბობს ის.  თუ ის განადგურდება, მაშინ ევროკავშირის, როგორც მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური პროექტის აღქმის ყველაზე თვალსაჩინო გზა ქრება. ამის თავიდან ასაცილებლად, ორივე ექსპერტის რეკომენდაციით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადასტურონ შენგენის შეთანხმების ძირითადი იდეა, რომ ევროპელებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება მათ საერთო კონტინენტზე შიშის, შეფერხებების ან ხელისუფლების პოლიტიკური პოზიორობის გარეშე.

სხვა თემები