02 აგვისტო 2025 - 12:14

განადგურებული ჯანმრთელობა და დამახინჯებული ფსიქიკა: ნარკოტიკების დამღუპველი ზემოქმედება

ნარკომანია, რომელიც ბერძნული სიტყვების narke-ისა (გაშეშება, გაშტერება) და mania-ს (სიგიჟე, შეშლილობა) შერწყმით წარმოიშვა, ქიმიური ნივთიერებების პათოლოგიურ მოთხოვნილებას გულისხმობს ნარკოტიკული თრობის, ეიფორიის ხელოვნურად გამოწვევის ან ტკივილის გაყუჩების მიზნით, ნარკოდამოკიდებულება კი, ფსიქოაქტიური ნივთიერებებისადმი ავადმყოფურ მიდრეკილებას ნიშნავს, რომელიც ფიზიოლოგიური დარღვევებითა და მძიმე დაავადებებით, ფსიქიკური აშლილობით, ცნობიერების შეცვლით ხასიათდება და ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება.

ნარკომანია თანამედროვე საზოგადოების უმწვავესი სოციალური და სამედიცინო პრობლემაა, რადგან ნარკობაზარი სისტემატურად ივსება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით. მეტიც, გასული საუკუნისგან განსხვავებით, 21-ე საუკუნეში ათეულობით ახალი ნარკოტიკი გაჩნდა, რადგან კანონის გვერდის ავლითა და წარმოების ხარჯის შესამცირებლად ნარკომწარმოებლები მუდმივად ცვლიან სტანდარტულ ფორმულებს და ცნობილი პრეპარატების ახალ ვერსიებს ქმნიან, რომელთაც ბევრად დამანგრეველი პოტენციალი აქვთ, ვიდრე ძველი თაობის ნარკოტიკებს. 

მართალია, ნარკომანია არც ასაკს ცნობს, არც სოციალურ სტატუსს, ამიტომ ერთნაირად შეიძლება დასნეულდნენ როგორც მოზარდები, ისე ზრდასრულები, მაგრამ სტატისტიკის თანახმად, განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მაინც ახალგზარდები მიეკუთვნებიან, რაც ნეგატიურად აისახება მთელ საზოგადოებაზე, რადგან  ყველაფრის მიმართ ინტერესდაკარგული ადამიანები მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების მორიგი დოზის მოძიებაზე არიან კონცენტრირებული და არაფერს ერიდებიან მის მისაღებად.

სწორედ ნარკომანია პროვოცირებს კრიმინოგენული სიტუაციის დამძიმებას და ინფექციური დაავადებების, მათ შორის, ჰეპატიტის, შიდსის და ათაშანგის გავრცელებას. იზრდება სიკვდილიანობაც ახალგაზრდებს შორის, რადგან ნარკოტიკებზე დამღუპველ დამოკიდებულებას, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში მიიღო გლობალური ეპიდემიის სახე, მილიონობით ადამიანი ეწირება ყოველ წელს. მართალია, მსოფლიო საზოგადოება მონდომებას არ იშურებს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ პრობლემის დაძლევას იმ მიზეზებისა თუ ფაქტორების ერთობლიობა ართულებს, რომლებიც დაავადების განვითარებას უწყობენ ხელს, ამიტომ ძალიან რთულია ქმედითი მეთოდების მოძიება და პრობლემების ძირეულად აღმოფხვრა. 
 

ნარკოტიკული ნივთიერებების სახეობები

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი ნარკოტიკები ინდივიდუალური თავისებურებებით ხასიათდება და განსხვავებულად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, რაც ნარკომანიის მკურნალობაზეც ახდენს გავლენას.

მსოფლიოში 200-ზე მეტი სახიფათო ნარკოტიკული ნივთიერება ვრცელდება - ჰეროინის, კოკაინის, მარიხუანას და ოპიუმის ჩათვლით. მედიცინაში არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკების ოფიციალური დიფერენციაცია, რადგან ფსიქოაქტიური ნივთიერებები მხოლოდ ქიმიური შემადგენლობით იყოფიან ჯგუფებად, რომელთა შორის ყველაზე სახიფათოდ ოპიოიდები (ოპიატები), ფსიქოსტიმულატორები, კანაბიოიდები და ჰალუცინოგენები ითვლება. ამასთანავე, მცდარია მოსაზრება, თითქოს უსაფრთხო, მეტიც უვნებელი ნარკოტიკები არსებობს, რადგან სინამდვილეში, არც უვნებელი ნარკოტიკები არსებობს, არც უსაფრთხო დოზა, ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების სისტემატური მოხმარებისას ორგანიზმი მგრძნობელობას კარგავს და ტოლერანტული ხდება ნარკოტიკების მიმართ, რაც მომხმარებელს მუდმივად დოზის გაზრდას აიძულებს.  

ოპიოიდები (ოპიატები) 
ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკები (ნატურალური და სინთეტური მორფინის მსგავსი ნივთიერებები) - ჰეროინი, მეთადონი და მორფინი, კოდეინი, დეზომორფინი და აცეტილირებული ოპიუმი დამანგრევლად ზემოქმედებენ ორგანიზმზე, "ამუხრუჭებენ" ნერვული სისტემის მუშაობას, იწვევენ ეიფორიას და მოჩვენებითი სიმშვიდის შეგრძნებას. ამასთანავე, ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარებისას ორგანიზმიდან სრულად გამოიდევნება კალციუმი, ადამიანს სწრაფად უფუჭდება კბილები და 2-3 წლის შემდეგ მათგან მხოლოდ ჩაშავებული ფესვები რჩება. 

ფსიქიკური და ფიზიოლოგიური დამოკიდებულება ამ კატეგორიის ნარკოტიკებზე  2-3 მიღების შემდეგ ყალიბდება და რთულად ექვემდებარება მკურნალობას. შეუჩვეველი ადამიანი მთელი 10 საათი განიცდის ეიფორიას, ნარკოდამოკიდებულისთვის კი, ნარკოტიკული თრობა მხოლოდ 3-4 საათი გრძელდება. ოპიოიდებით თრობის ძირითად სიმპტომებად შევიწროვებული თვალის გუგები (რის გამო ადამიანი ცუდად ხედავ სუსტ განათებაზე), ძილიანობა, შენელებული საუბარი და ტაქიკარდია ითვლება, აბსტინენცია (იგივე "ლომკა") კი, გუგების გაფართოებით და ცხვირიდან გამონადენით, ტრემორით და სიცივის შეგრძნებით, ოფლიანობით და საერთო სისუსტით, წელში, კუნთებში, სახსრებში მტვრევის შეგრძნებით და მუცლის არეში ტკივილით, გულისრევის შეგრძნებით და ღებინებით, უძილობით და დეპრესიით გამოიხატება. 

ფსიქოსტიმულატორები 
ფსიქოსტიმულატორების - კოკაინის, ამფეტამინის, მეფედრონის, ბუტირატის, ექსტაზის და მარილების (ბიონარკოტის სახეობის) ზემოქმედებას ორგანიზმზე მისივე სახელი განსაზღვრავს. მასტიმულირებელი ეფექტის პრეპარატები პირველ რიგში ნერვული სისტემის მუშაობას ააქტიურებენ, ამიტომ ნარკოტიკული თრობისას, რომელიც 2-12 საათი გრძელდება, მომხმარებელი არაბუნებრივად აქტიური და ენერგიულია, მოუსვენრობს და  ადგილს ვერ პოულობს, ბევრს, სწრაფად და ხშირად უაზროდ ლაპარაკობს. ამასთანავე, ფსიქოსტიმულატორები აძლიერებენ ნივთიერებათა ცვლას და გულის მუშაობას - იზრდება გულის შეკუმშვის სიხშირე და არტერიული წნევა. სწორედ ამიტომ გამოიყენება ზოგიერთი სტიმულატორი სპორტში დოპინგად. 

აღსანიშნავია, რომ გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობისთვის ორგანიზმს ენერგია სჭირდება, რომელსაც ვერსაიდან იღებს და ისევ საკუთარ თავს "ჰპარავს". ჩვეულებრივ, ორგანიზმს ბიოლოგიური ენერგიის შიდა მარაგი აქვს, რომელიც ორგანოების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. სწორედ ამ ენერგიას "ჭამენ" ფსიქოსტიმულატორები დიდი ოდენობით, მათი ხშირი მოხმარება კი, სრულად ფიტავს ორგანიზმს. ადამიანი სწრაფად კარგავს წონას, გული, რომელიც ვერ ასწრებს აღდგენას, დისტროფიას განიცდის, რაც გულის უკმარისობით და გულის გაჩერებით სიკვდილის რისკს ზრდის, ნერვული სისტემის გამოფიტვა კი, უმძიმესი დეპრესიის, ხშირად სუიციდის მიზეზი ხდება.  

ფსიქოსტიმულატორების ხანგრძლივი მოხმარება აზიანებს თავის ტვინის უჯრედებს და იწევს ფსიქოზს ბოდვითა და ჰალუცინაციებით. ნარკოდამოკიდებულის ქცევა შიზოფრენიით დაავადებულის ქცევას ემსგავსება, რადგან კარგავს კავშირს რეალობასთან და გაუაზრებელი შიშებით შეპყრობილი საკუთარი სამყაროს ტყვე ხდება. მეტიც, ბევრს დევნისა და ჩასაფრების მანია უჩნდება, რაც პანიკურ შეტევებს პროვოცირებს და ხშირად თვითმკვლელობით სრულდება. აბსტინენცია ფსიქოსტიმულატორების ფონზე მეტწილად საერთო სისუსტით და მოთენთილობით, დამძიმებული განწყობით და გაღიზიანებით გამოიხატება.

ამ ჯგუფის ყველაზე სახიფათო ნარკოტიკებად ექსტაზი და კოკაინი ითვლება. ექსტაზი - ამფეტამინის ჯგუფის სინთეზურ სტიმულატორებს აერთიანებს და სხვადასხვა ფერის აბებით ვრცელდება, თუმცა სიძვირის გამო ნარკომომხმარებლები  ხშირად სხვა სტიმულატორებით ანაცვლებენ, რომელთაც იდენტური ეფექტი აქვთ. ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რომელიც საშუალოდ 6 საათი გრძელდება, ადამიანი ვერ გრძნობს დაღლილობას და მსუბუქად იტანს ყველა დატვირთვას, თუმცა, თრობიდან გამოფხიზლებულს ერთიანად ეცლება ძალა და ითენთება, იპყრობს აპათია და ძილიანობა. 

კოკაინი - ბუნებრივი წარმოშობის სოდის მსგავსი თეთრი ფერის ფხვნილია, რომლის ენაზე მოხვედრა დაბუჟებას და მგრძნობელობის დაკარგვას იწვევს. ნარკოტიკის მოხმარება მეტწილად ცხვირში შესუნთქვის მეთოდით ხდება და იშვიათად გამოიყენება ხსნარის ინტრავენური ინექცია. კოკაინური თრობა მაღალი არტერიული წნევით, ბიორიტმის დარღვევით და სხეულის ზედა ნაწილში მგრძნობელობის დაკარგვით გამოიხატება, სწრაფად ყალიბდება დამოკიდებულება და რთულად იკურნება. 

კანაბიოიდები
მართალია, კანაბიოიდები ანუ კანაფის საფუძველზე შექმნილი ნარკოტიკები, მათ შორის ჰაშიში, მარიხუანა და ე.წ. სპაისები მთელ ორგანიზმზე ტოქსიკურად ზემოქმედებენ, მაგრამ პირველ რიგში თავის ტვინის უჯრედებს აზიანებენ და ცვლიან ადამიანის ცნობიერებას, რის გამო გარკვეული პერიოდის შემდეგ ნარკოდამოკიდებული შიზოფრენიით დაავადებულს ემსგავსება.

ამ ჯგუფის ნარკოტიკები მწარე გემოთი და სპეციფიური სუნით ხასიათდებიან, ხშირად თამბაქოსთან შერეულს ეწევიან, ამიტომ მომხმარებელთა უმეტესობა ქრონიკული ბრონქიტით იტანჯება. კანაბიოიდებით თრობა ჩაწითლებული თვალებით და გაფართოებული გუგებით, მაღალი არტერიული წნევით, გაძლიერებული მადით და წყურვილის გრძნობით, აგზნებით, ზედმეტი ლაპარაკით და ცვალებადი განწყობით - ჯერ უმიზეზო ხალისით, მერე მოწყენილობით ვლინდება, ზედმეტი დოზა - პანიკურ შეტევებს და ჰალუცინაციებს იწვევს, აბსტინენცია კი, უგუნებობით, ძილიანობით და საერთო სისუსტით, გაღიზიანებით და აგრესიით, კოორდინაციის დარღვევით, შენელებული მოქმედებით და აზროვნებით გამოიხატება.  

ჰალუცინოგენები
ჰალუცინოგენები - სხვადასხვა შემადგენლობის ფსიქოდელიური ნივთიერებებია, რომელთა მოხმარება სამუდამოდ ამახინჯებს ადამიანის ცნობიერებას. ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებულ ნარკოტიკად - ლიზერგინული მჟავის საფუძველზე შექმნილი LSD ითვლება, რომელიც  უფერო, უსუნო და გემოს გარეშე ფხვნილი ან ხსნარია, თუმცა ბოლო დროს მცირე ზომის, ფერადი ქაღალდის კვადრატებადაც ვრცელდება, რომელთაც ნარკომომხმარებლები მჟავაში დასველებულს იდებენ ენის ქვეშ და მთელი 12 საათი განიცდიან მის ზემოქმედებას. 


 
ჰალუცინოგენებით თრობა მოჭარბებული ლაპარაკით, გაძლიერებული მადით და წყურვილის გრძნობით, ფერებისა და ხმების გამძაფრებული შეგრძნებით, ტაქიკარდიითა და მაღალი არტერიული წნევით, ეიფორიით და ჰალუცინაციებით ვლინდება. ნარკოტიკის გავლენით ადამიანი მეტად უცნაურად და არაადეკვატურად იქცევა, რადგან ხან არარსებულ ხმებს ესაუბრება, ხან უხილავ წერტილს აშტერდება, ხან ცარიელ კედელზე ან ფანჯარაში "უყურებს მულტფილმებს",  ამიტომ მისი ფიქრებიც და საუბარიც ფრაგმენტული და უშინაარსოა. 

ჰალუცინოგენების სისტემატური მოხმარება გონების დაჩლუნგებას იწვევეს, ნარკოდამოკიდებული თითქმის ერთ წელიწადში ემსგავსება შიზოფრენიით დაავადებულს აკვიატებული აზრებით, პანიკური შიშებით და დევნის მანიით, ბოდვითა და ჰალუცინაციებით. 

სედატიური პრეპარატები
სედატიურ ანუ საძილე და დამამშვიდებელ სამკურნალო პრეპარატებს შორის განსაკუთრებით სახიფათოდ ბარბიტურატების საფუძველზე შექმნილი მედიკამენტები ითვლება, რომელთა მოქმედება ძალიან ჰგავს ალკოჰოლურ თრობას. ამგვარი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ ადამიანს ებინდება გონება და კარგავს მოვლენების ობიექტურად აღქმის უნარს, გაუგებრად, ხშირად უაზროდ საუბრობს და სრულად ივიწყებს მორალურ-ზნეობრივ ნორმებს. პრეპარატების სისტემატური მოხმარება აზიანებს გულს, ღვიძლს და თავის ტვინს, იწვევს ტაქიკარდიას, ციანოზს და კრუნჩხვით შეტევებს გონების დაკარგვით.

აღსანიშნავია, რომ დამოკიდებულება სედატიურ საშუალებებზე მისი თერაპიული მიზნით  მიღების შემთხვევაშიც სწრაფად ყალიბდება, მათრობელა ეფექტი კი, ეტაპობრივად მცირდება, რაც მომხმარებელს დოზის მუდმივად გაზრდას აიძულებს, მეტიც, ხშირად პრეპარატებს ალკოჰოლთან ან ნარკოტიკთან ერთადაც მოიხმარენ ეფექტის გასაძლიერებლად. სედატიური აბსტინენცია ძალიან ჰგავს ალკოჰოლურ აბსტინენციურ სინდრომს და მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. ე.წ. "ლომკა" პრეპარატზე უარის თქმიდან 24 საათში იწყება და პიკს 2-3 დღეში აღწევს, როცა ადამიანს უძილობა სტანჯავს და ითრგუნება, ყველა წვრილმანი აღიზიანებს და უმიზეზოდ ამჟღავნებს აგრესიას. 

ტოქსიკომანია

ნარკომანიის გავრცელებული ფორმაა ტოქსიკომანიაც, რომელიც მხოლოდ გამოყენებული ნივთიერებებით განსხვავდება ე.წ. "ტრადიციული ნარკომანიისგან", რადგან  ტოქსიკომანები ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს (საყოფაცხოვრებო საშუალებებს, ლაქს, საღებავს და გამხსნელს, ბენზინს და აცეტონს) ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც დამათრობელი ან ჰალუცინოგენური მოქმედებით ხასიათდებიან, თუმცა არ მიეკუთვნებიან ნარკოტიკულ საშუალებებს. ამასთანავე, ნარკომომხმარებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ნარკოტიკების მიღების სხვადასხვა მეთოდს (მოწევას, ყლაპვას, ცხვირით შესუნთქვას, ინიექციას) მიმართავენ, ტოქსიკომანები შხამიან ნივთიერებებს მხოლოდ ყნოსავენ, თუმცა მათაც ანალოგიურად უვითარდებათ დამოკიდებულება. 

ტოქსიკომანია მეტწილად მოზარდებშია გავრცელებული, რომლებიც პოლიეთილენის პარკში ათავსებენ ტოქსიკური ნივთიერებებით დასველებულ ტილოს და სუნთქავენ. ამგვარი ნივთიერების სისტემატური მოხმარება ანგრევს ფსიქიკას, ანადგურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს და აქვეითებს შრომისუნარიანობას, კვდება ღვიძლის, თავის ტვინისა და ფილტვების უჯრედები, რაც ამ ორგანოების გადაგვარებას, ღვიძლის ციროზს და თირკმელების უკმარისობას, ენცეფალოპათიას, პნევმოსკლეროზს და გონების დაჩლუნგებას იწვევს. 

დამოკიდებულება ტოქსიკურ ნივთიერებებზე 6-12 თვეში ყალიბდება, თუმცა ორგანიზმს ერთჯერადი ძლიერი მოწამვლაც სერიოზულ ზიანს აყენებს. ამასთანავე, ხშირია შემთხვევები, როცა ტოქსიკური ნივთიერებებით გაჟღენთილ პაკეტს მოზარდები თავზე იხურავენ და გონებას კარგავენ, ვერ ახერხებენ მის დამოუკიდებლად მოხსნას და შხამიანი ნივთიერებებით იგუდებიან. თუმცა, სიკვდილის მიზეზი გულის და სუნთქვის რეფლექტორული გაჩერებაც შეიძლება გახდეს გამხსნელების კონცენტრირებული ორთქლის შესუნთქვისას. 

ნარკომანიის მიზეზები

მართალია, ნარკომანიის მიზეზებს სპეციალისტები პირობითად ორი - ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პრობლემების ჯგუფში აერთიანებენ, მაგრამ ნარკომანიისა და ნარკოდამოკიდებულების პრობლემების განხილვისას არ ღირს მხოლოდ ერთის გამოყოფა, რადგან დამღუპველი მიდრეკილება ადამიანებს ინდივიდუალურად და მთელი რიგი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორების გავლენით უვითარდებათ. 

ფიზიოლოგიური ფაქტორები
ნარკომანიის ფიზიოლოგიურ მიზეზებს მიეკუთვნება გენეტიკურად განპირობებული  ცვლილებები ორგანიზმში და სპეციფიკური უჯრედების - ნეირომედიატორების დონე თავის ტვინში. მეცნიერების მტკიცებით, სწორედ ბიოქიმიური ცვლილებები ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და თავის ტვინში ზემოქმედებენ ადამიანის განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე, რადგან ნეირომედიატორების სიმცირე ან პირიქით, სიჭარბე ყოველთვის ემოციურ დისბალანსს იწვევს, ადამიანს შინაგანი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უჩნდება, უმიზეზო შიში, განგაშის გრძნობა იპყრობს და დადებითი ემოციების დეფიციტს განიცდის. 

ემოციური დისკომფორტისგან გათავისუფლების და სიმშვიდის მოპოვების სურვილით ადამიანები ნარკოტიკულ საშუალებებს მიმართავენ, რადგან სწორედ მათი მიღებით ცდილობენ ეიფორიის განცდას, შთაგონებისა და მოჩვენებითი სიმშვიდის მოპოვებას. ნარკოდამოკიდებულების ადრეულ ეტაპზე ნარკოტიკები მართლაც ეხმარება ბევრს ემოციური დისბალანსის, დაძაბულობის დაძლევასა და სასურველი შეგრძნებების მიღებაში, თუმცა უკვე ჩამოყალიბებული ნარკოდამოკიდებულების დროს ეფექტი მცირდება, ნარკომომხმარებელს კი, მუდმივად დოზის გაზრდის მოთხოვნილება უჩნდება და ვეღარ ერევა ავადმყოფურ მიდრეკილებას. 

ფსიქოლოგიური ფაქტორები
ნარკოდამოკიდებულების ფსიქოლოგიურ მიზეზებს მეტწილად ადამიანის უწიფრობა და ინფანტილურობა, ვერ განხორციელებული მიზნები და სურვილები პროვოცირებენ. მართალია, ნარკოდამოკიდებულების გამომწვევი ფსიქოლოგიური გამაღიზიანებლები პიროვნების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვლინდება, მაგრამ ფსიქოლოგების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ნარკომანიის მიზეზები ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩნდება, რადგან ერთი მხრივ, ზღვარგადასული მზრუნველობით და ყველა კაპრიზის ასრულებით, მეორე მხრივ, თავისუფლებისა და თვითრეალიზების მუდმივი შეზღუდვით, მშობლები თვითონ წირავენ შვილებს, რადგან "სათბურის პირობებში" გაზრდილი ბავშვი მოუმზადებელი, პიროვნულად მოუმწიფებელი ხვდება ზრდასრულ ცხოვრებას და როცა ვერც თვითრეალიზებას ახერხებს, ვერც საკუთარი ადგილის პოვნას, ერთადერთ გამოსავალს რეალობისგან გაქცევაში ხედავს. 

მშობლების გადაჭარბებული მოთხოვნები ყოველთვის თრგუნავენ ბავშვებს, ის, ვინც ვერ ერევა ამგვარ ზეწოლას, თვლის, რომ ვერ გაამართლა მათი მოლოდინი და აღარ იმსახურებს უფროსების სიყვარულს, უკვე ზრდასრული კი, "ბავშვურ თვითუარყოფას" მთელი სამყაროს მიმართ გაუცხოებად განაზოგადებს და დისკომფორტს განიცდის სოციუმში, საკუთარ თავში იკეტება და ნარკოტიკებით ცდილობს დადებითი ემოციების მიღებას. 

ნარკოდამოკიდებულებას პროვოცირებს ოჯახური ძალადობა და პიროვნების ემოციური ბალანსის დარღვევაც, ბავშვის მიმართ უყურადღებობა, სრული უკონტროლობა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნებლობაზე ელემენტარული ცოდნის არ ქონა. თუმცა, ზოგს ნარკოტიკების "გემოს გასინჯვას" ცნობისმოყვარეობა, ახალი და უჩვეულო გამოცდილების შეძენის სურვილი აიძულებს, ამიტომ ნარკომანიით ხშირად სტაბილურ და წარმატებულ ოჯახში გაზრდილი მოზარდებიც ავადდებიან. 

ნარკოტიკების მიღებას მიზეზია შემოქმედებითი და ინტელექტუალური შთაგონების ძიებაც, ყოველდღიური ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის სურვილი და პროტესტის გრძნობა სოციალური წესებისა და ნორმების მიმართ. მეტწილად, ნარკოტიკებს სუსტი ნებისყოფის, მოუმწიფებელი ფსიქიკის ახალგაზრდები ეძალებიან მკაფიოდ განსაზღვრული ფასეულობების გარეშე, ვინც მოწყენილობის დაძლევას, მეგობრების მიბაძვას და მათი კეთილგანწყობის, პატივისცემის დამსახურებას ცდილობს.

ნარკოტიკების დამღუპველი ზემოქმედება

განურჩევლად სახეობისა და შემადგენლობისა, ნარკოტიკები სამუდამოდ ამახინჯებენ ადამიანის ფსიქიკას, აღქმას და ქცევას. საკუთარ თავზე კონცენტრირებული ნარკომომხმარებელი კარგავს თანაგრძნობის უნარს, აღარ ინტერესდება სხვა ადამიანებით და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებით, რადგან მხოლოდ საკუთარი ფიქრებით, შეგრძნებებით და მორიგი დოზის მიღების სურვილითაა შეპყრობილი. ხშირად ცრუობს, ატყუებს ახლობლებს და მანიპულირებს საყვარელი ადამიანებით.

ნარკოტიკების მოხმარებისას იცვლება ადამიანის ემოციური ფონი და ირღვევა კოგნიტიური ფუნქციები. ნარკომომხმარებელი კარგავს კონცენტრაციის უნარს, ხდება გულმავიწყი, უპასუხისმგებლო და უყურადღებო, გულგრილი და ინდეფერენტული, ვეღარ ერევა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მარტივ ამოცანებს. აზრს კარგავს და უმნიშვნელო ხდება სოციალური ურთიერთობები, არაფერი აღარ მოსწონს, აღარ ახარებს და აბედნიერებს, რადგან დადებით ემოციებს მხოლოდ ნარკოტიკების მიღებით განიცდის და აბსოლუტურად არ ადარდებს, რომ დამღუპველი ნივთიერების ხანგრძლივი მოხმარების ფონზე ისეთი მძიმე დაავადებები ვითარდება, როგორიც ქრონიკული დეპრესია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და შიზოფრენიაა.

ნარკომანიის მკურნალობა

ნარკომანიის მკურნალობა და რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც რამდენიმე წელი, ზოგჯერ მთელი ცხოვრება გრძელდება. მკურნალობის პირველი ეტაპი დეტოქსიკაციას, ორგანიზმის ფუნქციისა და შინაგანი ორგანოების გამართული მუშაობის აღდგენას ითვალისწინებს ვიტამინების, ტრანკვილიზატორებისა და ნოოტროპების, აუცილებლობის შემთხვევაში ანტიდეპრესანტების გამოყენებით, მეორე ეტაპი კი, სავალდებულო ფსიქოთერაპიას გულისხმობს, რადგან ნარკოდამოკიდებული არა მხოლოდ ფიზიოლოგიურად, არამედ მენტალურადაა დაავადებული და პირველ რიგში, სწორედ მის ფსიქიკის სჭირდება მკურნალობა.  

სხვა თემები