12 ოქტომბერი 2025 - 21:07

რატომ და რისთვის ვჭორაობთ? რას ფიქრობენ ამ თემაზე ევოლუციის ექსპერტები 

ფოტო: Getty Images

ჭორს შეუძლია ყველაზე იდეალური რეპუტაციაც კი დააზიანოს ან ახსნას ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უცნაური ქცევა, ან უბრალოდ სასიამოვნო დიალოგით დროის გატარებაში დაგვეხმაროს. ამავდროულად, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ჭორაობას სამარცხვინო საქმიანობად და წესიერი ადამიანისთვის უღირს საქციელად მიიჩნევს.

მიუხედავად ამისა, ჭორაობს ყველა, ან თითქმის ყველა. ქცევის ეს მოდელი აშკარად გვხვდება მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა თემსა და სოციალურ ჯგუფში, თანამედროვე მეგაპოლისების მცხოვრებლებით დაწყებული, პატარა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო თემების წევრებით დამთავრებული.

„თუ არ არსებობს ამის ხელისშემშლელი გარემო პირობები, ყველა ჭორაობს, აბსოლუტურად ნებისმიერ კულტურაში“, - ამბობს ნიკოლ ჰაგენ ჰესი, რომელიც ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევოლუციური ანთროპოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელია. ადამიანების უმეტესობისთვის „ჭორაობა“ ნიშნავს „ხალხზე მათ ზურგს უკან საუბარს, როგორც წესი, ბოროტი განზრახვით“. თუმცა ნიკოლ ჰესი ამ ტერმინს უფრო ფართოდ განმარტავს. ჭორაობა, მისი თქმით, არის „ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ადამიანის/ ბრენდის რეპუტაციაზე ზემოქმედებს“.

ამგვარად, ის ჭორად მიიჩნევს არა მხოლოდ იმას, რასაც მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები ან თუნდაც კონკურენტები ამბობენ ჩვენზე, არამედ იმასაც, რასაც საუბრობენ ჩვენზე ახალ ამბებში ან სპორტულ შეჯიბრებებში ვინმეს შედეგებთან დაკავშირებით. „ჩემი განმარტების თანახმად, ჭორაობა სულაც არ მოითხოვს ადგილზე არმყოფი მესამე მხარის ჭორაობას. ეს მხარე შეიძლება თქვენ წინ იდგეს“, - განმარტავს ნიკოლ ჰესი. „თუ თქვენ ადამიანს უზიარებთ თქვენს აზრს იმის შესახებ, თუ როგორ არის ის ჩაცმული ან ეტყვით, რას ფიქრობთ მის ქმედებებზე, მე პირადად ეს ჭორის კატეგორიაში გამყავს“, - ამბობს ის. როგორ და რატომ გახდა ეს ქცევითი მოდელი ასე მყარად ფესვგადგმული ადამიანებში ევოლუციურად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ცდილობენ, BBC-მ კი რამდენიმე ძირითადი თეორია შემოგვთავაზა.

ვიწრო წრე

იდეა, რომ ჭორაობას საზოგადოებაში დადებითი როლის შესრულებაც შეუძლია, პირველად გამოთქვა ევოლუციური ანთროპოლოგიის პროფესორმა რობინ დანბარმა. მისი თეორიის თანახმად, პრიმატების გრუმინგი (მაგალითად, ბეწვიდან მწერების გამოვარცხნა) არის ქცევა, რომელიც არა მხოლოდ სოციალურ, არამედ ჰიგიენურ ფუნქციასაც ასრულებს. სოციალური კავშირების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებასთან ერთად, ის გამოიყენება ჩხუბის შემდეგ შერიგებისთვის, სტრესის მოსახსნელად და სოციალურ იერარქიაში თითოეული პრიმატის კუთვნილი ადგილის დასადგენად. ეს პროცესი „ალლოგრუმინგის“ სახელით არის ცნობილი. რადგან ადამიანებს ბეწვი არ აქვთ, ჭორაობა და სხვა მსგავსი შემთხვევითი ლაყბობა შეიძლება თანამედროვე ადამიანებში სწორედ ალლოგრუმინგის ეკვივალენტური იყოს. ისინი ასრულებენ იმავე ფუნქციას კომუნიკაციის დამყარებაში, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის განსაზღვრაში და სასარგებლო სოციალური ინფორმაციის გაცვლაში. დანბარის თქმით, ჩვენს შორეულ წინაპრებშიც კი ენა წარმოიშვა და განვითარდა, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ იმისთვის, რომ მათ  ერთმანეთში ჭორაობა შესძლებოდათ.

დარტმუთის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან ჭორაობენ, თანამოსაუბრის მოსაზრებებზე გავლენას არ ახდენენ. თუმცა ასეთი საუბრების დროს და შემდეგ, მსგავსი დიალოგის მონაწილეები სულიერად ერთმანეთთან თავს უფრო ახლოს გრძნობენ. „გვჯერა, რომ ასეთ დროს ადამიანებს უჩნდებათ ერთიანობის განცდა ერთგვარი „საერთო რეალობის“ შექმნით, რაც მათ ეხმარება სხვა ადამიანის ქმედებებისა და შეხედულებების გაგებაში, ამავდროულად, აკმაყოფილებს ჩვენი სახეობის თანდაყოლილ სურვილს, შეინარჩუნოს სოციალური კავშირები“, - წერენ მკვლევრები.

გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭორების გაზიარება სოციალურ ჯგუფში გუნდურ სულისკვეთებასა და თანამშრომლობის სურვილს ზრდის. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ჯგუფური თამაშების მონაწილეები მზად იყვნენ მეტი ფული დაეხარჯათ, თუ მათ ერთმანეთთან ჭორაობის შესაძლებლობა ექნებოდათ. „ჭორაობა მონოლითური ფენომენი არ არის. ის გაცილებით რთულია, ვიდრე - უსარგებლო ლაყბობის ვიწრო განმარტება, რომელსაც ჩვენ შევეჩვიეთ“, - ასკვნიან მკვლევრები.

პოდკასტ Normal Gossip-ის დამფუძნებელმა (აქ ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთს ჭორებს უზიარებენ) კელსი მაკკინმა მშვენივრად იცის, თუ როგორ შეუძლია დროულად მოყოლილ, უხამს ხუმრობას უცნობების დაახლოება. როდესაც პანდემია დაიწყო და ადამიანები იძულებულნი გახდნენ, თვეების განმავლობაში კარანტინში ყოფილიყვნენ, ჭორების გაზიარების საჭიროება კიდევ უფრო გამძაფრდა. „მივხვდი, რომ ჩვენ ვშიმშილობთ“, - ამბობს ის. „ჩვენი ცხოვრებისა და სამყაროს აღქმის დიდი ნაწილი არის ისტორიები, რომელთაც საკუთარ თავსა და ერთმანეთს ვუყვებით, ჭორაობა კი ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა. ერთი მხრივ, ეს სხვა ადამიანის მიმართ გახსნილობაა და დაუცველ მდგომარეობაში გვაყენებს. თუმცა მეორე მხრივ, ეს ასევე ძალიან სახალისოა“, - ასკვნის კელსი მაკკინი.

გადარჩენის საკითხი

ევოლუციის მილიონობით წლის განმავლობაში, პოტენციური საფრთხისგან ადამიანებმა საკუთარი თავისა და სხვების მაქსიმალურად დაცვა ისწავლეს. ზოგიერთი ქალისთვის ჭორაობა გადარჩენის სტრატეგიის სასიცოცხლო ინსტრუმენტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სარისკო სიტუაციებს, რომლებიც პაემნებს უკავშირდება. „როდესაც საქმე კაცის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, ქალი ფიზიკურად არახელსაყრელ მდგომარეობაშია. ამიტომაც ამ მამაკაცის შესახებ ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ქალს სურს, ეს ნათესავებსა და ახლო მეგობრებს გაუზიაროს“, - განმარტავს ნიკოლ ჰაგენ-ჰესი.

ინდივიდის გადარჩენა და სოციალურ იერარქიაში ადგილის დამკვიდრება ასევე დამოკიდებულია საზოგადოებაში მის რეპუტაციაზე. ცუდი რეპუტაცია შეიძლება დამანგრეველი იყოს ადამიანისთვის, - განმარტავს დოქტორი ჰესი. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მის სტატუსს ან პოზიციას საზოგადოებაში, შეზღუდოს მისი ფინანსური შესაძლებლობები და გავლენა მოახდინოს მის წვდომაზე ისეთ ძირითად რესურსებზე, როგორიცაა საკვები და წყალი. „ამიტომაც როდესაც ადამიანები ჭორაობენ თქვენზე, ამან შეიძლება ნამდვილად ზიანი მოგაყენოთ“, - ამბობს ის.

დოქტორი ჰესი ამტკიცებს, რომ ჭორაობა სოციალური კონტროლის ფორმაცაა, რომელსაც სოციალურ იერარქიაში ჩვენი პოზიციის შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად ვიყენებთ. ადამიანები ცდილობენ გააკონტროლონ საკუთარი იმიჯი, ამიტომაც ჭორაობას იყენებენ ერთმანეთის მოსაზრებებზე ზემოქმედებისთვის, - განმარტავს ის და დასძენს, რომ ჭორაობა შეიძლება საკუთარი რეპუტაციის დასაცავად და ზოგჯერ კონკურენტების რეპუტაციის შესალახად. „ადამიანების ბუნება ისეთია, რომ ჩვენი სახეობის სხვა წევრებს მუდმივად ვეჯიბრებით. ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ კაცობრიობა ოდესმე კონფლიქტებს სრულად აღმოფხვრის“, - ასკვნის დოქტორი ჰესი.

გართობა

ადამიანების უმეტესობისთვის ჭორაობა შეიძლება საკმაოდ უწყინარი გატაცება იყოს. „სწორედ ეს არის ის ჭორები, რომლებზეც მე ვარ სპეციალიზებული“, - ამბობს პოდკასტერი მაკკინი. მისი გატაცება ჭორებით და მათი მოყოლისადმი მისწრაფება გამოწვეული არის იმით, რომ ის გაიზარდა რელიგიურ ოჯახში, სადაც ჭორაობა საშინელ ცოდვად ითვლებოდა. „საუკეთესო ჭორაობა ისაა, რომ რასაც სხვაზე ფიქრობ მას მაშინვე ეუბნები“, - განმარტავს ის. და მის გარეშე? „ღმერთო ჩემო, ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა!“ - იცინის მაკკინი. 

როგორც დოქტორი ჰესი ამბობს, იქნება ეს გართობა, გადარჩენა თუ ჩვენი სოციალური კავშირები, ჭორაობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს არის „უნივერსალური ადამიანური თვისება“, რომელიც სათანადოდ უნდა შევაფასოთ და მითუმეტეს, არ დავაიგნოროთ. „ჭორაობას ნამდვილად ძალიან რეალური შედეგები აქვს“, - განმარტავს ის. „ეს რომ უბრალოდ შემთხვევითი, არაზუსტი, არაფორმალური საუბრები ყოფილიყო, მათ არანაირი გავლენა არ ექნებოდათ იმაზე, თუ როგორ ანაწილებენ ადამიანები რესურსებს თავიანთი საზოგადოების წევრებს შორის“, - ასკვნის დოქტორი ჰესი. 

სხვა თემები