27 აგვისტო 2025 - 11:01

მარიამობა: დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

28 აგვისტოს, მართლმადიდებელი სამყარო მარიამობას - მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს, რაც მიწიერი ცხოვრებიდან სამუდამო სასუფეველში გადასვლას განასახიერებს. ყოვლადწმიდა სამების შემდეგ მართლმადიდებლები სწორედ მარიამ ღვთისმშობელს განადიდებენ, ამიტომ მარიამობა, ისე როგორც ღვთისმშობლის შობა (21 სექტემბერი) და ტაძრად მიყვანების დღე (4 დეკემბერი) უმნიშვნელოვანესად ითვლება თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის.   

საეკლესიო სწავლების მიხედვით, იუდეველთა მეფის, ჰეროდე აგრიპა I-ის მიერ ქრისტიანთა დევნის გამო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა 43 წლის ასაკში დატოვა იერუსალიმი და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად მიაშურა ეფესოს, იყო კვიპროსზე, მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან ერთად იქადაგა ქრისტიანობა ათონის წმიდა მიწაზე და ბოლოს ისევ იერუსალიმში დაბრუნდა.

ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს მისი სულის სასუფეველში მიღებაზე და საბოლოოდ სურვილი აისრულა. მიძინების დღე მაცხოვრის აკლდამაში მლოცველ მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზმა აუწყა, რომელიც უფლის ნებით, ხელში ზეთისხილის რტოთი გამოეცხადა და უთხრა: "გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუენი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!" ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამგვარმა უწყებამ და მიცვალებისათვის დაიწყო მზადება.

ამა სოფლიდან განსვლამდე მარიამმა მოციქულების ნახვა მოისურვა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ ქრისტიანობას. მაცხოვარმა ეს სურვილიც აუსრულა და მეყსეულად შეკრიბა მასთან საკუთარი მოწაფეები, რომელთაგან ხუთი მკვდრეთით აღმდგარიყო. მარიამმა მადლობა შესწირა უფალს, მერე კი საკუთარ მიცვალებაზე დაიწყო საუბარი.

მესამე ჟამს (დაახლოებით საღამოს 9 საათზე) ღვთისმშობლის ამა სოფლიდან გასვლისას ოთახი საოცარი ნათლით გაბრწყინდა, სახლი კი, საუცხოო სურნელით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, მთელი ღამე ლოცვაში გაათენეს, პარასკევს დილით კი, ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიის გამოქვაბულში გადაასვენეს.

ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას მხოლოდ თომა მოციქული ვერ შეესწრო, რომელიც კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით დამწუხრებულმა ითხოვა საფლავის გახსნა მისთვის პატივის მისაგებად. ქვაბულის კარი მართლაც გააღეს, თუმცა საფლავი ცარიელი დაუხვდათ. ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, სწორედ მაშინ "გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მასა, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს", სხვა წყაროს თანახმად კი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მაშინ გამოუჩნდა და მიმართა გაოცებულ მოციქულებს: "გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა", როცა შინ დაბრუნებულები ტრაპეზს შემოუსხდნენ. 

ვერსიების სიმრავლის მიუხედავად, ყველაზე სარწმუნოდ მაინც ეპიფანე კვიპრელისა და გიორგი კედრენეს მოსაზრება ითვლება, რომლის თანახმად ღვთისმშობელი 72 წლის ასაკში, ქრისტეს დაბადებიდან დაახლოებით 57-ე წელს გარდაიცვალა. ამავე მოსაზრებას იზიარებენ წმინდა ანდრია კრიტელი და სიმეონ მეტაფრასი, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მარიამმა მართლაც დიდხანს იცოცხლა და ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა. 
 

მარიამობის დღესასწაული

დაზუსტებით არავინ იცის, როდის შეიძინა ღვთისმშობლის მიძინების დღემ დღესასწაულის სტატუსი, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მარიამობა უკვე აღინიშნებოდა ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში. მართალია, ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ნიკიფორე კალისტოსის ცნობით დღესასწაული მავრიკიოსის მეფობის ხანაში დამკვიდრდა, მაგრამ ბევრად სარწმუნოა მოსაზრება, რომ 595 წელს ბიზაინტიის იმპერატორმა მხოლოდ განსაზღვრა უკვე არსებული დღესასწაულის თარიღი და მისი აღნიშვნა 15 აგვისტოს - სპარსელებზე გამარჯვების დღეს დააწესა. 

ყველაზე გავრცელებული სახელი საქართველოში

არამეული წარმოშობის სახელი - მარიამი, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა აქვს და ერთი მხრივ, შეუპოვარს, დაუმორჩილებელს ან უარმყოფელს, მეორე მხრივ კი, უფლის რჩეულს ან ღვთისმსახურს ნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია საქართველოში, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ სულ მცირე 67 ათას ქალბატონს ჰქვია მარიამი. მეტიც, 2016 წელს დაბადებულ გოგონებს შორის, ყველაზე მეტმა - 2 471-მა სწორედ მარიამის სახელი შეიძინა.  

მარიამობის აღნიშვნის ტრადიციები საქართველოში

მართალია, უმნიშვნელოვანეს საუფლო დღესასწაულს დღეს მთელ საქართველოში ერთნაირი სიხარულით ზეიმობენ, მაგრამ გასულ საუკუნეებში მარიამობას ყველა კუთხეში თავისი დატვირთვა ჰქონდა და განსხვავებულად აღინიშნებოდა.

ლამარიობა სვანეთში: საყოველთაო ლხინი და ცეკვა-სიმღერა

მარიამობის აღნიშვნის თვითმყოფადი ტრადიცია არსებობდა სვანეთში, სადაც დღესასწაულს ლამარიობას უწოდებდნენ და უშგულის თემის სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე აგებულ ღვთისმშობლის ეკლესიაში - უშგულის ლამარიაში ზეიმობდნენ. 

სხვა სვანური ქალღვთაებების დღეობების მსგავსად, ლამარიობაც ორჯერ - ზამთარში, ახალ წელსა და ადრე გაზაფხულზე ეწყობოდა. საახალწლო ციკლის ერთ-ერთ დღესასწაულზე - შუშხვამის (ბედობის) ღამეს, ყველა ოჯახის დიასახლისი სპეციალურ სკივრში, ლამარიას სახელზე გადანახული საუკეთესო მარცვლეულის ფქვილით აცხობდა მზის მოხაზულობის, ცენტრში ამოღრუტნულ ქიმებიან კვერს, რომელიც ოჯახის კეთილდღეობას განასახიერებდა და წლის ბოლომდე კერიის თავზე ეკიდა.

ლამარიას სახელობის იყო საგაზაფხულო დღეობა - ლილაშუნე-თესლობაც, რომლისთვისაც დიასახლისები ხარისა და სახვნელის გამოსახულების კვერებს აცხობდნენ, ტაბლაზე ან სპეციალურ მრგვალ კვერზე, ე.წ. კალოზე დებდნენ და ლამარიას სწირავდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ლამარიამ ანუ "დიდმა დედამ" - მარცვლეულის, ნაყოფიერების, საქონლისა და ხელსაქმის მფარველმა ქალღვთაებამ უსახსოვრა სვანებს პირველი ლემი (ზოომორფული დროშა), რომელიც მესტიაში, სეტის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინახება და მის ყველაზე ძლიერ რელიკვიად ითვლება. მოგვიანებით, ქრისტიანობის გავლენით აგრარული ქალღვთაების კულტი მარიამ ღვთისმშობლის თაყვანისცემით შეიცვალა, რომელიც ბარაქიანობასთან ერთად დედობის მფარველიც გახდა.

მართალია, დღეს ლამარიობა ნაკლებად აღინიშნება, მაგრამ სვანები ძველი ტრადიციების დაცვით ზეიმობენ მარიამობას - კლავენ საკლავს და ხარშავენ ხორცს, აცხობენ კვერებს და ცხუნილებს, მოილოცავენ ღვთისმშობლის სახელობის ლამარიას ეკლესიას უშგულში და აწყობენ საერთო ტრაპეზს ცეკვითა და სიმღერით, რადგან სწორედ ლხინი ითვლება უძველესი დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარ ტრადიციად.

მარაშნობა სამეგრელოში: "ჭეჭეთობა" და ავი სულების განდევნა

საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, სადაც უზარმაზარ კოცონს სოფლის ცენტრში მოსახლეობა აღდგომის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათ დღეს ანთებდა "ავი სულების" განსადევნად, სამეგრელოში ჭიაკოკონობა სწორედ მარიამობის ღამეს იმართებოდა, რადგან ადგილობრივების რწმენით, მხოლოდ "წინასადღესასწაულო ცეცხლით" შეიძლებოდა "მაზაკვალ-მჩხიბავებისგან" განწმენდა. სხვათა შორის, სამეგრელოში მარიამობას - მარიობას ან მარაშნობას უწოდებდნენ.  

ძველ დროში მარიამობის ღამეს მოწყობილი ჭიაკოკონას მონაწილეები აუცილებლად ჭრელი სამოსით იმოსებოდნენ, რისი წყალობით ცეცხლის დანთების წარმართულმა რიტუალმა "ჭეჭეთობის" ანუ "ჭრელ-ჭრელის" სახელი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ "ჭეჭეთობა" აფხაზეთში - აბჟუასა და სამურზაყანოშიც ეწყობოდა, თუმცა იქ მოსახლეობა თოფის სროლითა და ხმაურით ცდილობდა გველეშაპის დაფრთხობას, რომელიც მთვარის გადაყლაპვით იმუქრებოდა.

უძველეს კოლხთა წარმოდგენით ავი სულები განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდებოდნენ, როცა მგლის, ძაღლის, კატის ან სხვა ცხოველის ტყავში გახვეული დაძრწოდნენ და ვნებას აყენებდნენ ადამიანებს, მათ ნაშრომსა და ნაჭირნახულევს, ამიტომ "ჭეჭეთობა" მეტწილად ზაფხულის სეზონზე, ელიობის (2 აგვისტოს), მარიამობის ღამეს იმართებოდა და სამი ძირითადი რიტუალისგან შედგებოდა.  

"გინორჩქილას" რიტუალს ჭრელად მორთული, გულთმისნობით განთქმული ქალი და მამაკაცი ასრულებდნენ, რომლებიც მაღლობ ადგილას შემდგარი აყურადებდნენ სამეზობლოს და გარდაცვალებას წინასწარმეტყველებდნენ - იმ ოჯახში, სადაც შეშის პობის ხმა ისმოდა, ნაჯახი კი, ნელა სცემდა, მოხუცი მამაკაცი გარდაიცვლებოდა, თუ ნაჯახის ცემა ჩქარი იყო - ახალგაზრდა კაცი მოკვდებოდა, სადაც ღომის საცეხველის ხმა ისმოდა კაკუტების ნელი ცემით - დედაბერი აღესრულებოდა, კაკუტების ჩქარი ცემა კი,  ახალგაზრდა ქალის სიკვდილს მოასწავებდა. მოგვიანებით ამგვარი "გადაყურება" სოფელში ჩუმი მითქმა-მოთქმის მიზეზი ხდებოდა.

"ჭეჭეთობის" მეორე და მეტად მნიშვნელოვანი რიტუალი კუდიანების ცეცხლით განდევნას გულისხმობდა, რომელიც წინასწარ მოგროვილი ფიჩხით ჭიაკოკონას გაჩაღებით იწყებოდა და რიტუალის მონაწილეთა კოცონზე გადახტომით სრულდებოდა, რათა "მღერობისა და ცეცხლთან თამაშისას ცეცხლის ალს იღლიიდანაც გაედევნა ეშმაკი".  სიმღერები მეტწილად მჩხიბავთა საქმიანობაზე, საწნახელებით ტაბაკონაში (მთა მარტვილის რაიონში, რომელიც ეშმაკების მეთაურის - როკაპის სამყოფად ითვლებოდა. გადმოცემის თანახმად, კუდიანობის ღამეს სწორედ ამ მთაზე იყრიდნენ თავს ავი სულები) გაჯირითებასა და კუდიანების თვალების გავარვარებული შამფურებით ამოწვაზე ითქმებოდა. ცეცხლით განწმენდილი მოსახლეობა შინ ბრუნდებოდა და მშვიდად იძინებდა, ოჯახის ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი კი, ჩაძინებულ ნათესავებს ჩუმად აწებებდა თმაში ცვლის სანთელს შემდეგ "ჭეჭეთობამდე" ბოროტი სულებისგან დასაცავად.

დასკვნითი რიტუალი "ჭეჭეთობის" მეორე დღეს სრულდებოდა ოჯახის უფროსის მიერ, რომელიც ეზოში, ყანისა და ვენახში თხმელას ტოტების მაღალი ჯვრის ჩასობითა და მასზე ნალების ან სამეურნეო იარაღის - ბარის და თოხის ნატეხების დაკიდებით ასრულებდა ე.წ. "დაჯვარვის" წესს ავი თვალისგან დასაცავად.  

მარიამობაზე ყველა ოჯახში დიდი ლხინი ეწყობოდა. თუ დღესასწაული მარხვის დღეს ემთხვეოდა, სტუმრებს თევზს სთავაზობდნენ, ხორციანი კერძებით კი, მეორე დღეს უმასპინძლდებოდნენ და აუცილებლად მოიხსენიებდნენ გარდაცვლილებს. სამეგრელოში კიდევ ერთი - ე.წ. "ჯარობის" ტრადიცია არსებობდა, რაც აღდგომის შემდეგ ყოველ კვირას და უქმე დღეს კოლექტიურად მინდვრად გასვლას, მოლხენას ნიშნავდა. "ჯარობა" მთელი ზაფხული გრძელდებოდა და სწორედ მარიამობის დღესასწაულზე სრულდებოდა. 

მარიამობა რაჭა-ლეჩხუმში: ტრადიციული კერძები და "სამეზობლო სტუმრობა"

რაჭაში მარიამობის დღესასწაულზე ყველა ოჯახში ყველიანი ან ქონიანი განატეხი ცხვებოდა, რომელსაც დიასახლისი ზედაშესთან ერთად ცეცხლში ნაკმევი სანთლითა და ლოცვით შემოატარებდა მთელ სახლს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჯანსა და გამძლეობას, მადლს, მშვიდობას შესთხოვდა და ოჯახის ყველა წევრს დაურიგებდა. მოგვიანებით მიცვალებულთა მოსახსენიებელი შესაწირი მზადდებოდა, შვიდი ყველიანი ან ქონიანი, სულის პური ცხვებოდა და ქათმის, ღორის ხორცი იხარშებოდა. შესაწირის შემადგენელი იყო რამდენიმე კვერცხი და ლავაშის პური, იმ შემთხვევაში კი, თუ ოჯახს ახალი მიცვალებული ჰყავდა, აუცილებლად ცხვარი იკვლებოდა. 

ლეჩხუმში როგორი ღარიბიც უნდა ყოფილიყო ოჯახი, მარიამობის დღესასწაულზე "რაიმეთი მაინც გაიხსნილებდა". დიასახლისი ადრიანი დილიდანვე იწყებდა მზადებას, ეზოს ჰგვიდა, სამი სულის პურს, ლავაშს აცხობდა, ქათამს კლავდა, ღორის ხორცს ხარშავდა და აუცილებლად  სანთელს ქნიდა, რათა მიცვალებულთათვის "სუფრა წაედგა". აუცილებლად ღვინით დაილოცებოდა და წმინდა მარიამს გარდაცვლილთა ცხონებას, მისი შთამომავლების კარგად ყოფნას შესთხოვდა. 

განსაკუთრებულად აღინიშნებოდა მარიამობა სოფელ ლესინდში, სადაც ყოველთვის დიდძალი საქონელი იკვლებოდა. მარიამობისთვის შეთქმულ საკლავს ადგილობრივები ფულსა და სანთელთან ერთად სწირავდნენ სალოცავს, მღვდელი კი, საჯაროდ აცხადებდა, ვინ რამდენი გაიღო და გაიხარჯა. ამბობდნენ, ერთხელ 20 ხარიც კი დაუკლავთ წვრილ საქონელთან ერთად, რაც წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლებოდა. სადღესასწაულო ტრადიცია იყო "სამეზობლო სტუმრობაც", როცა სამი დღე გაგრძელებული ლხინის დროს, მეზობლები ერთმანეთს სტუმრობდნენ, ღამეს კი, აუცილებლად მთავარი მასპინძლის ოჯახში ათევდნენ. 

მარიამობა ქართლში: რკონის ღვთისმშობლის ეკლესია და "დადიანური" ჯაჭვი

შიდა ქართლში, სადაც უამრავი სახალხო და საეკლესიო დღესასწაული იმართებოდა - ელიობის, ზღუდრობის და შიომღვიმობის, ამაღლების, გიორგობისა და სვეტიცხოვლობის ჩათვლით, ერთ-ერთი გამორჩეული მარიამობა იყო. განსაკუთრებული მონდომებით დღესასწაულისთვის სოფელ მეტეხსა და რკონში ემზადებოდნენ, რადგან  თეძმის ხეობაში სწორედ რკონის ღვთისმშობლის ეკლესია ითვლებოდა ყველაზე ძლიერ სალოცავად, სადაც მომლოცველები მთელი ქართლიდან იკრიბებოდნენ. "ჩარდახიანი ურმებით დგებოდნენ ღამის გასათევად, მიჰყავდათ საკლავი - ცხვარი, კურატი (უღელდაუდებელი ხარი) და ქათმები, მიჰქონდათ შესაწირავი ქადა-ნაზუქი და სანთლები". რკონის ეკლესია იყო სულით ავადმყოფთა მკურნალიც, სადაც შეპყრობილის ნათესავები ღვთისმშობელს შესთხოვდნენ მის განკურნებას. გადმოცემის თანახმად, ავადმყოფს "დადიანური" ჯაჭვით კრავდნენ, რომლის ბოლოები ეკლესიის კედელში იყო გაყრილი და მთელი ღამით ტოვებდნენ, მეორე დღეს კი, ათავისუფლებდნენ და ისიც სრულად განკურნებული, "სულის მბორგავებისგან დახსნილი" უბრუნდებოდა ცხოვრებას. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. "დადიანური" ჯაჭვი, რომელმაც სამეგრელოს მთავრების - დადიანების წყალობით შეიძინა სახელი, რადგან სწორედ ისინი აბამდნენ დამნაშავეებს სპეციალური ჯაჭვით, მეტწილად "შეწირულთათვის" იყო განკუთვნილი. მისი სიგრძე 3,5 მეტრს შეადგენდა, ბოლოებში კი, კისერზე დასადები ბრტყელი ფირფიტები, მოკაუჭებული რკინები და რგოლები ჰქონდა გამობმული. მძიმე ჯაჭვის ერთ ბოლოს მოკაუჭებული რკინებით "შეწირულს" კისერზე ადებდნენ, მთელ ტანზე ახვევდნენ და მეორე ბოლოს რგოლების კაუჭზე ჩამოცმით კისერზე უკრავდნენ. სწორედ მთელ ტანზე ჯაჭვშემოხვეული უვლიდა "შეწირული" სალოცავს გარშემო.  

მარიამობა კახეთში: თეთრი გიორგის ეკლესია და "მონა ქალები"

კახეთში მარიამობის დღესასწაული აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიაში აღინიშნებოდა, სადაც მთელი კახეთიდან, ქართლიდან და ფშავ-ხევსურეთიდან, თუშეთიდან და ერწო-თიანეთიდან იყრიდნენ თავს მლოცველები, რომლებიც მარჯვნიდან მარცხნივ სამჯერ ან შვიდჯერ უვლიდნენ ეკლესიას გარშემო. წინ ქალები მიდიოდნენ, უკან კი, მამაკაცები მიჰყვებოდნენ და მონაცვლეობით მღეროდნენ საგალობლებს. საღამოს ზარების რეკვაზე მლოცველები ეკლესიასთან გროვდებოდნენ, იქ იყვნენ "მონა ქალებიც", რომელთაც ხატი ირჩევდა დანარჩენებისთვის ღმერთის, წმინდანების და სალოცავების ნების გადასაცემად. თეთრ თავსაფრიანი, თეთრ სამოსში გამოწყობილი, ფეხშიშველი ქალები ზოგჯერ თეთრი გიორგის ეკლესიის ჯაჭვით კისერზე, მუხლზე დაჩოქილი, გალობით უვლიდნენ ტაძარს, ერთ-ერთი თითისტარით ართავდა ბამბის ძაფს და გარშემო ახვევდა ეკლესიას, დანარჩენები კი, ანთებულ სანთლებს ამაგრებდნენ კედლებზე და მონაცვლეობით ეცემოდნენ შესასვლელი კარის წინ, რათა მღვდელი და მლოცველები მათზე გადაბიჯებით შესულიყვნენ ტაძარში.   

საკლავად განწირულ ცხვარს მღვდელი სანთლით უტრუსავდა ბალანს, შემწირველის სახელს ამბობდა და აუცილებლად ამატებდა: "წმიდაო გიორგი, შეიწირე საღმრთო მონისა შენისა“. ის, ვისაც შანას (ყელზე შესაბმელი ლითონის ნივთის) ტარება ჰქონდა შეთქმული და ვადა გასვლოდა, დიაკვანი ხსნიდა, მის შესაწირ საკლავს აკურთხებდა და ბალანს ჭრიდა. 

მარიამობა (მარიანობა) ხევში: გერგეტის სამება და სადღესასწაულო დოღი

მარიამობის დღესასწაულზე აღმოსავლეთ საქართველოში აუცილებლად მდედრობითი სქესის საღმრთო  საკლავს - ხბოს ან ცხვარს კლავდნენ, დიდ ქვაბში ხარშავენ და ჯერ ნათესავებს უნაწილებდნენ, მერე სტუმრებს სთავაზობდნენ დიდი ლანგრების ჩამოტარებით. 

ხორცის საუკეთესო ნაჭრები ერგებოდათ უხუცესებს ხევშიც, სადაც მარიამობა საერთო სათემო დღეობა იყო, ამიტომ საკლავიც სათემო იკვლებოდა და ტრაპეზიც საერთო ეწყობოდა. უხუცესები პირველ რიგში სალოცავის სადიდებოს ამბობდნენ და ილოცებოდნენ: "ხატო და ღმერთო, შეეწიე ყველა ქრისტიანს, ყველა მლოცავს, ხელი მოუმართე ყველა ადამიანს კარგ საქმეში!“

სადღესასწაულო ლხინი სალოცავთან ახლოს ეწყობოდა. ქალები გობში ყრიდნენ ფქვილს და ერთმანეთს "გუნდაობაში" (ცომის მოზელაში) ეჯიბრებოდნენ, კარგად მოზელილ საფუვრიან ცომს მონაცვლეობით ავსებდნენ მხლით, კარტოფილის ან ყველის გულით და თავმოკრულს აცხობდნენ, გოგლომა ცომისგან გაკეთებული ცხოველების ფიგურებთან ერთად, რომლებიც მეტწილად ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. 

ხევში მარიამობა მთავარი სალოცავის - გერგეტის სამების ეკლესიის დღესასწაული იყო. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის მიძინების დღეს გერგეტს ყოველთვის უამრავი მომლოცველი სტუმრობდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი ჩრდილო კავკასიიდან. "მარიამობის ღამის სათევად მლოცველებმა წინა დღით დაიწყეს სამებაში ასვლა. მიუხედავად ავდრებისა, ბევრი მლოცავი მოვიდა. აქ იყვნენ რუსები, ოსები და ბერძნები, სომხები და ქისტები. ტაძრის ეზოში დეკანოზებმა ქადებითა და ნაზუქებით მოსული ხალხი ამწყალობეს, ცხვარი და კურატი კი, იქვე დაკლეს. ქალებმა მუხლისკვერა შემოუარეს ეკლესიას, ზოგმა თეთრი დროშით შემოატარა ბავშვები და ბამბის ძაფი შემოავლო ტაძარს. დილის ცხრა საათზე დეკანოზებმა დროშები და ღვთისმშობლის ხატი გამოიასვენეს, "დიდება" დაიძახეს, სამჯერ შემოუარეს ეკლესიას და კართან მუხლმოყრილი მხვეწარები დალოცეს", - სწორედ ასე აღწერა 1930 წელს ქართველმა ეთნოგრაფმა სერგი მაკალათიამ მარიამობის დღე ხევში, სადაც სადღესასწაულოდ უზარმაზარი ბაზრობაც ეწყობოდა. 

წმინდა სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მოხევეები სამების მინდორზე,  მარიანობის ნიშს სწირავდნენ ნაკურთხ სანთელს, მერე კი, საღვთო საკლავს კლავდნენ და საერთო ლხინს მართავდნენ, რომელიც სამი დღე გრძელდებოდა ტაშ-ფანდურით, ფერხულით, დალგუდალით (მუსიკაზე უწესრიგო ცეკვით) და დოღით ქალების მონაწილეობით. 

მარიამობაზე სტუმრობდნენ ახლადშეძენილი ვაჟის მშობლები ბეთლემის მღვიმესაც მყინვარწვერის მასივზე, სადაც საწირ-საკლავი მიჰქონდათ, ადგილობრივი დეკანოზი კი, ვაჟებს ამწყალობნებდა. სადღესასწაულო ტრადიციებს შორის იყო საკლავის სისხლით შუბლზე ჯვარს ცხებაც. მეტიც, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, ზოგიერთ სალოცავში დღემდე შემორჩენილია სისხლით ნათლობის ტრადიცია.  

მარიამობა თუშეთსა და მთიულეთში: პირიმზე- ფუძისანგელოზობა და სადღესასწაულო მსვლელობა

მართალია, თუშეთში მარიამობის დღესასწაულისთვის თემი საზიარო საკლავს ყიდულობდა და ლუდსაც ერთად ხარშავდა, მაგრამ ვახშამს ყველა ოჯახი საკუთარ სახლში აწყობდა. აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობლის მიძინების დღე თუშეთში მეტწილად მიცვალებულთა დღედ ითვლებოდა, ამიტომ ოჯახები გარდაცვლილთათვის ამზადებდნენ შესაწირს, რომელიც სოფლის საჯარეზე გაჰქონდათ და დანარჩენებთან ერთად მოიხსენიებდნენ მათ სულებს. ის, ვისაც იმ წელს მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა გარდაცვლილი, სტომიან პურს აცხობდა და ტრაპეზის დაწყებამდე ურიგებდა ბავშვებს.

მარიამობაზე აღინიშნებოდა გუდამაყრელთა უმთავრესი დღესასწაული პირიმზე- ფუძისანგელოზობაც. პირიმზე ფუძის ანგელოზი - სიპი ქვით გადახურული, ქვითკირის მცირე ეკლესია იყო სოფელ ჩოხში, ფუძისანგელოზობა კი - სათემო დღეობა, რომელიც ხევსურეთში იმართებოდა. მსვლელობას მარიამობის დღეს გუდამაყრიდან, პირიმზის მოედნიდან იწყებდა ხევისბრი, რომელიც სალოცავიდან გამობრძანებული სათემო დროშით მიუძღვებოდა მლოცველებს და ბაკურხევსა და ფხიტურის უღელტეხილის გადავლით, ჩირდილის ხეობაში, ხევსურეთის სოფელ უკანახოში ასრულებდა.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობაში მეტწილად ბექაურთა და წიკლაურთა თემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომელთა გვარები მთიულეთში უკანახოდან, ისტორიული ფხოვიდან გადასულებად ითვლებოდნენ, ამიტომ თავად მიაბრძანებდნენ დროშას ძველ ფუძეზე და ატარებენ საგანგებო რიტუალს, მასპინძლობდნენ სალოცავში მოსულ მლოცველებს და ხარშავდნენ ლუდს. სხვა თემებთან შედარებით ბექაურები ყოველთვის მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდნენ, ამიტომ პირველ რიგში, სწორედ მათი შესაწირი იკვლებოდა და ისერებოდა ქადა ხატის კარზე, მათთვის ინთებოდა პირველი სანთელი და სხვებზე ადრე ილოცებოდნენ ხევისბრის მიერ. აღსანიშნავია, რომ პირიმზის ეკლესიიდან ფუძის ანგელოზის სალოცავამდე მსვლელობის ტრადიცია დღემდე შემორჩენილია, რაც პირველ რიგში სწორედ შარვანეულთ ბექაურთა შთამომავლების დამსახურებაა.  

სხვა თემები