01 სექტემბერი 2025 - 17:09

ლტოლვილებისთვის საზღვრების გახსნა - როგორ შეცვალა მერკელის ამ გადაწყვეტილებამ ევროკავშირი?

ფოტო: Getty Images

კანცლერ მერკელის მიერ 2015 წელს საზღვრების გახსნის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გერმანია და მთელი ევროკავშირი ლტოლვილთა მძლავრი ნაკადის შემოდინების წინაშე აღმოჩნდა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და საინტერესოა, როგორ შეიცვალა ევროპელების დამოკიდებულება მიგრაციის პოლიტიკის მიმართ ამ ხნის განმავლობაში? 

რა ხდება?

როდესაც ათი წლის წინ, 2015 წელს, გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა წარმოთქვა თავისი ცნობილი და ზოგიერთისთვის სკანდალური ფრაზა: „ჩვენ ამას გავაკეთებთ!“ („Wir schaffen das!“), ამან შედეგი გამოიღო არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ - მთელი ევროპისთვის. ამ სიტყვებს მოჰყვა 2015 წლის სექტემბრის დასაწყისში მერკელის გადაწყვეტილება, რომ საზღვრებზე ლტოლვილები აღარ დაეკავებინათ. აღნიშნული პოლიტიკის შედეგად, 2015-2016 წლებში, გერმანიაში მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა თავშესაფრის საძიებლად, ძირითადად სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან.

ამის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მთელ ევროკავშირში მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, 2015 წელს, ევროპის სტატისტიკის სამსახურმა დაარეგისტრირა 1,2 მილიონზე მეტი თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი, ხოლო 2016 წელს - 1,5 მილიონზე მეტი. მომდევნო წლებში (გამონაკლისი მხოლოდ 2020 წელი იყო), განაცხადების რაოდენობა 2015 წლამდე დაფიქსირებულ დონეს ბევრად აღემატებოდა. 2023 წელს დაწყებული მიგრანტების ახალი ტალღის შემდეგ კი, როდესაც თავშესაფრის საწყისი განაცხადების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, ახლა უკვე აღნიშნულმა მაჩვენებლმა კლება დაიწყო. გერმანია, დიდი ხნის განმავლობაში, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების მთავარ დანიშნულების ადგილად იქცა, შემდეგ მოდის ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი. თუმცა მედიის ცნობით, 2025 წელს საფრანგეთმა გერმანიას გაუსწრო და მსგავსი რამ პირველად დაფიქსირდა.

მიგრაცია - ევროპელი ამომრჩევლისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი

ზემოთ ხსენებულ პროცესებს ევროპელებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ევროსტატის მონაცემებით, 2024 წელს ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულთა 24%-მა მიგრაცია პრიორიტეტულ თემად მიიჩნია. მიგრაციის თემამ ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულს ეროვნულ არჩევნებშიც, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც ბოლო წლებში მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიებმა გაიმარჯვეს. კერძოდ, ეს ქვეყნებია ავსტრია, ნიდერლანდები და გერმანია.

Instituut Clingendael-ის მიგრაციის მკვლევარმა ანუკ პრონკმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში, ნიდერლანდებში 2023 წლის ნოემბერში ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს ამ თემაზე ფოკუსირება „ობსესიურ ფიქსაციად“ შეაფასა. მისი თქმით, იმ დროს მიგრაცია ქვეყანაში სხვადასხვა პრობლემის მიზეზად იყო წარმოჩენილი. ეს ეხებოდა როგორც საბინაო კრიზისითა და გადატვირთული სოციალური სისტემებით პროვოცირებულ თემებს, ასევე -  განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების სირთულეებს. ახლა უკვე, პრონკის შეფასებით, მსგავსი რიტორიკისგან თავის დაღწევა შეინიშნება: პრობლემები წყდება მიგრაციაზე ყველაფრის გადაბრალების გარეშე. ლტოლვილებისა და მიგრანტების შემოდინების გამო გადატვირთული სისტემების შესახებ პრეტენზიები მუდმივად ისმის როგორც გერმანიაში, ასევე - ევროპულ დონეზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რადიკალურ ქმედებებსაც იწვევს. კერძოდ, ბელგიაში მამაკაცი თავშესაფრის მაძიებლებისთვის სოციალური დახმარება 2023 წლიდან აღარ გაიცემა. 

არიან თუ არა ევროპელები მიგრანტების მიმართ უფრო მტრულად განწყობილნი?

გარდა ამისა, მკვლევრები საუბრობენ საზოგადოებრივ აზრსა და იმ მნიშვნელობას შორის განსხვავებაზე, რასაც საზოგადოება მიგრაციის საკითხს ანიჭებს. ფლორენციაში ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (European University Institute, EUI) მკვლევრის, ლენკა დრაჟანოვას თქმით, ამ თემის მნიშვნელობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა მედიაში ფართო გაშუქებისა და პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრების გამო. როგორც სოციოლოგმა DW-სთან ინტერვიუში განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ძირითადი დამოკიდებულება მიგრაციის მიმართ იგივე რჩება, 2015 წლის შემდეგ, მიგრაციის მოწინააღმდეგეებმა თავიანთი წინააღმდეგობის გამოხატვა უფრო ღიად დაიწყეს. დრაჟანოვა ამ ანტიმიგრაციული დამოკიდებულების მიზეზად საფრთხის განცდას  - უცხო კულტურისადმი შიშს ან სამსახურის დაკარგვის საშიშროებას ასახელებს. ეს არის შეგრძნებები, რომლებიც გერმანიაში ლტოლვილების შემოდინებამ გამოიწვია ზოგიერთი ევროპული ქვეყნის, განსაკუთრებით კი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობაში. ამავდროულად, მკვლევრის თქმით, აზრის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია არა იმდენად ჩამოსული ადამიანების რეალური რაოდენობა, არამედ - თავად მიგრაციის შესახებ დისკუსია. 

ევროპაში მიგრაციის საკითხზე დებატები შეიცვალა

გარდა ამისა, დრაჟანოვას თქმით, 2015-2016 წლებში შეიცვალა სოციალური ნორმები და მიგრაციისა თუ ლტოლვილების შესახებ დისკუსიების პოლიტიკური კულტურა. ის ამას ულტრამემარჯვენე შეხედულებების ნორმალიზაციას მიაწერს. პოლიტოლოგი პრონკი ცვლილებებს ხედავს საჯარო დებატებშიც. როდესაც ანგელა მერკელმა თქვა: „ჩვენ ამას გავაკეთებთ!“, ეს უფრო მეტად „დახმარების ვალდებულებას“ ეხებოდა. დღეს მიგრაცია სულ უფრო მეტად წარმოდგენილია როგორც უსაფრთხოების საფრთხე. სწორედ ამის მაგალითია ევროკავშირის ახალი პაქტი მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ. ის, პირველ რიგში, ეხება საზღვრების დაცვასა და იმ ადამიანების უფრო სწრაფად დეპორტაციას, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირში დარჩენის უფლება. ანუკ პრონკი ამ განვითარების მიზეზს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავშესაფრის სისტემებზე დაკისრებულ მძიმე ტვირთში ხედავს. 

ევროკავშირი თავშესაფრის მაძიებლებისთვის წესებს ამკაცრებს

მიგრაციის პაქტი, რომელიც 2026 წლის ზაფხულში უნდა ამოქმედდეს, ითვალისწინებს ევროკავშირში რეგისტრაციის სპეციალურ პროცედურებს, ასევე - სასაზღვრო შემოწმებას იმ ქვეყნებიდან ჩასული პირებისთვის, რომელთა მოქალაქეებსაც თავშესაფრის მინიჭების შემთხვევაში, ევროკავშირში დარჩენის ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ. ევროკავშირი ასევე მუშაობს დეპორტაციის ახალ წესებზე. როგორც ლტოლვილთა დახმარების ორგანიზაცია Pro Asyl-ი აღნიშნავს, აქამდე ე.წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაცია შეიძლებოდა მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელთანაც მათ კავშირი ჰქონდათ ან თვითონ იყვნენ თანახმა. ევროკომისია მიიჩნევს, რომ ეს კრიტერიუმი უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, ადამიანები შეიძლება დეპორტირებულნი იქნენ მათი ნების საწინააღმდეგოდ იმ სახელმწიფოებშიც, რომლებთანაც შესაბამისი შეთანხმებებია დადებული. გარდა ამისა, არსებობს „დაბრუნების ცენტრების“ შექმნის გეგმა. ეს არის ერთ-ერთი შემოთავაზებული მოდელი, რომელიც ევროკავშირში უკვე გარკვეული პერიოდია განიხილება და წარმოდგენილია როგორც „ინოვაციური გადაწყვეტილება“. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ზეწოლას ახდენს ბრიუსელზე, რათა თავშესაფრის წესები კიდევ უფრო გამკაცრდეს. ამრიგად, ივნისში გამართულ ევროკავშირის ბოლო სამიტზე 27 წევრი სახელმწიფოდან 21-მა ამ სფეროში საერთო პოლიტიკის უფრო მკაცრი ნორმების შემუშავება  განიხილა. პირველად დანიის, ნიდერლანდებისა და იტალიის მოწვევა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიიღო. 

პოლიტიკა ყოველთვის არ ემთხვევა საზოგადოებრივ აზრს

DW-ს ორივე რესპონდენტი ერთ რამეზე თანხმდება: პოლიტიკურ დისკუსიებსა და კანონმდებლობას არ შეუძლია მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივ განწყობაზე ევროპაში პირდაპირი გავლენა იქონიოს. საზოგადოებაში დებატები უფრო მრავალმხრივია, - ამბობს ანუკ პრონკი. მაგალითად, ეს გამოიხატა ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინელი ლტოლვილებისადმი დახმარების გაწევის ფართოდ გავრცელებულ მზაობაში. ლენკა დრაჟანოვა ასევე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი აზრი მიგრანტებისა და ლტოლვილების საკითხთან დაკავშირებით უკიდურესად ბუნდოვანია. მაგალითად, ერთსა და იმავე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დადებითი დამოკიდებულება ქვეყანაში უკვე მყოფი მიგრანტების მიმართ, მაგრამ ამავდროულად, ღია საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგი იყოს. თუმცა საერთო ჯამში, კვლევები აჩვენებს, რომ ევროპაში საზოგადოებრივი აზრი მიგრანტებისა და ლტოლვილების მიმართ ბოლო წლებში გარკვეულწილად გაუმჯობესდა.

სხვა თემები