09 სექტემბერი 2025 - 16:32

სუპერ თხელი iPhone-ი და ალუმინის დაბრუნება: რას ელიან ანალიტიკოსები Apple-ის ყოველწლიური პრეზენტაციისგან

სამშაბათს, 9 სექტემბერს, Apple-ი ყოველწლიურ პრეზენტაციაზე ახალი თაობის iPhone-ს, ახალ სმარტ -საათებსა და სხვა მოწყობილობებს წარმოადგენს. ტრადიციულად, პრეზენტაციამდე კომპანია ატმოსფეროს ძაბავს, თუმცა პროფილიზებული გამოცემები უკვე ჭორაობენ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით და რა ეღირება  „ვაშლის“ ახალი პროდუქტები. BBC-ის მონაცემებით, არსებობს ვარაუდები, რომ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სატარიფო ომის შედეგად, Apple-ის ფასების ჩვეული სქემა, სავარაუდოდ, შეიცვლება. 

რა ხდება?

რა თქმა უნდა, ყველა ელოდება ახალ iPhone 17-ს და მის გაუმჯობესებულ Pro და Max ვარიანტებს. პარალელურად, Apple-ი, დიდი ალბათობით, წარადგენს სრულებით ახალ მოდელს, სახელწოდებით - iPhone 17 Air, რომელსაც კიდევ უფრო თხელი კორპუსი ექნება. კომპანია ასევე გეგმავს სხვა პროდუქტების დაანონსებას, მათ შორის არის ახალი Apple Watch-ი, AirPods Pro 3, ასევე - iPad Pro, Vision Pro, Apple TV და HomePod mini-ს სახლის დამხმარე. თუ წინა წლების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ყველა ეს პროდუქტი შემოდგომაზე უკვე გაიყიდება. 

სილიკონის ველის სხვა გიგანტებისგან განსხვავებით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სფეროში Apple ჩამორჩება. ახალ iOS 26 ოპერაციულ სისტემას, რომელიც პირველად ივნისში იქნა წარმოდგენილი, ხელოვნური ინტელექტის სფეროში არანაირი გარღვევისთვის არ მიუღწევია. ამიტომაც, ექსპერტების აზრით, კომპანია მომხმარებლების შესანარჩუნებლად, „რკინის“ ცვლილებებზეა დამოკიდებული. გამოწვევა არც ისე უმნიშვნელოა: მიუხედავად იმისა, რომ iPhone მსოფლიოში კვლავ ყველაზე პოპულარული ტელეფონია (დაახლოებით 27%-იანი ბაზრის წილით), Samsung-ი, Google-ი და ჩინური Huawei და Xiaomi Apple-ს კვალდაკვალ მიჰყვებიან. IPhone-ი Apple-ის შემოსავლის ყველაზე დიდი წყაროა და კომპანიის გაყიდვების დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ამდენად, Apple-ს სურს, რომ ის ხელოვნური ინტელექტის ეპოქაშიც აქტუალური იყოს. 

ფლაგმანი

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, Apple-ი iPhone-ის დიზაინს მნიშვნელოვნად შეცვლის. მაღალი კლასის iPhone 17 Pro და Pro Max მოდელებს ექნებათ ახალი უკანა პანელები, რომელთა ზედა ნაწილზე მთლიანად კამერის კლასტერი იქნება. ახალ ტელეფონებს ექნებათ A19 Pro პროცესორი, ელემენტის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ვიდეოს ხარისხი გაუმჯობესდება და ტელეობიექტივი 12 - მეგაპიქსელიანი სენსორიდან 48 -მეგაპიქსელიან კომპონენტზე გადავა. კამერის სხვა განახლებები მოიცავს ახალ ცვლადი დიაფრაგმის სისტემას, წინა და უკანა კამერებიდან ერთდროულ ვიდეოჩანაწერს და ამ ტელეფონის ისტორიაში წინა კამერის უდიდეს განახლებას. iPhone 17 Pro-სა და 17 Pro Max-ის დიზაინში, Apple-ი, 2023 წელს iPhone 15 Pro-ში ტიტანის ექსპერიმენტების შემდეგ, ალუმინის ჩარჩოს უბრუნდება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ალუმინი უფრო მსუბუქია და სითბოს გაცილებით ეფექტურად აფრქვევს. საბაზისო iPhone 17-ს ოდნავ უფრო დიდი ეკრანი ექნება, რათა შეესაბამებოდეს iPhone 16 Pro-სა და 17 Pro-ს 6,3-დიუმიან ეკრანის ზომას (iPhone 17 Pro Max-ს კვლავ 6,9 - დიუმიანი ეკრანი ექნება). სხვა ცვლილებებს შორის არის ახალი ჩიპი და ProMotion დისპლეი, რომელიც პირველად „ბიუჯეტურ“ iPhone-ში გამოიყენეს. სავარაუდოდ, iPhone 17 იქნება კომპანიის ახალი სამწლიანი დიზაინის ციკლის პირველი მოდელი, რომელიც ასევე მოიცავს დასაკეც ტელეფონს (ის მომავალ წელს დაანონსდება) და შუშის iPhone-ს, ტელეფონის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც 2027 წელს არის დაგეგმილი. 

სუპერ თხელი ტელეფონი - ვინ იცის ვისთვის

Apple-ის შედარებით იაფი ტელეფონების გაქრობის შესახებ ჭორები 2024 წლიდან ვრცელდება. ანალიტიკოსების აზრით, ფასების პოლიტიკის ცვლილებას სწორედ iPhone 17 Air-ი ასახავს. 2020 წლიდან Apple-ი ყოველწლიურად უშვებს ორ საბაზისო და ორ პრემიუმ iPhone მოდელს. დაბალ საფასო კატეგორიაში Apple-მა iPhone 12-სა და 13-თან ერთად, მომხმარებელს უფრო პატარა მოდელი - mini შესთავაზა. როგორც შემდეგ მიხვდნენ, პატარა მოდელი წარმატებული არ იყო. შესაბამისად, კომპანია გადავიდა უფრო დიდ მოდელზე და წარმოადგინა iPhone 14 Plus-ი, 15 Plus-ი და 16 Plus-ი. როგორც კომპანიის გამოცდილებით გაირკვა, დაბალ საფასო კატეგორიაში სუპერ დიდი ტელეფონი დიდად არავის სჭირდება. ამიტომაც Apple-მა გადაწყვიტა, ის უფრო თხელი მოდელით ჩაენაცვლებინა.

iPhone 17 Air-ის სისქე, დაახლოებით, 5,5 მილიმეტრია, რაც მას iPhone 16 Pro-ზე თითქმის მესამედით თხელს ხდის. ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ გამოსაყენებელი მოცულობის შემცირება, სავარაუდოდ, ბატარეის სიმძლავრესაც შეამცირებს და ზეთხელ კორპუსში მხოლოდ ერთი კამერა იქნება განთავსებული. ეს უკანასკნელი განთავსდება უკანა მხარეს, რომელიც კორპუსიდან გამოწეული იქნება, რაც მისი სისქის შემცირების ყველა მცდელობას არსებითად გაანეიტრალებს.

სავარაუდოდ, iPhone 17 Air-ს იგივე A19 პროცესორი ექნება, რაც iPhone 17-ს. გარდა ამისა, მას ექნება სტანდარტული USB-C პორტი, ProMotion მხარდაჭერა და 6,6- დიუმიანი ეკრანი. მისი კორპუსი ძალიან თხელია ფიზიკური SIM ბარათების მხარდასაჭერად, ამიტომ მომხმარებლებს eSIM-ზე გადასვლა მოუწევთ. Wi-Fi ჩიპი და C1 მოდემი იგივეა, რაც ამჟამად უფრო იაფ iPhone 16e-შია. 

სხვა რა სიახლეებს უნდა ველოდოთ Apple-ისგან?

ახალი iPad Pro დამუშავების პროცესშია და ის იქნება Apple-ის ერთ-ერთი პირველი მოწყობილობა, რომელიც M5 ჩიპს გამოიყენებს. გასულ წელს M4 მოდელის დიზაინისა და ეკრანის მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით, ამ ახალ ვერსიაში, სავარაუდოდ, რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე არ იქნება უფრო მძლავრი პროცესორის გარდა. Apple-ი ამზადებს პირველ აპარატურულ განახლებას თავისი Vision Pro-ს ყურსასმენისთვის, რომელიც ბაზარზე 2024 წლის თებერვალში გამოჩნდა, მაგრამ მომხმარებლების გული და ანალიტიკოსების გონება ჯერ ვერ მოიგო. Apple-ი არ ჩქარობს ამაში დიდი ძალისხმევისა და ფულის დახარჯვას: ამჟამინდელი M2 ჩიპი უბრალოდ უფრო ახლით (M4 ან თუნდაც ახალი M5) შეიცვლება.

Apple-ი გეგმავს AirPods Pro 3-ის წარდგენას, რითიც პროდუქტი სამი წლის შემდეგ პირველად განახლდება. ახალი მოდელები მიიღებენ განახლებულ დამტენ ქეისებს, რომლებიც მნიშვნელოვნად პატარა გახდა და უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიის თვალსაზრისით, იაფ AirPods 4-ს დაეწია. iOS 26-ისა და iPadOS 26-ის გამოსვლით, ახალი ყურსასმენები ასევე შეძლებენ ახალი ოპერაციული სისტემისა და Apple Intelligence-ის პროგრამული შესაძლებლობების გამოყენებას საუბრის სხვა ენაზე რეალურ დროში თარგმანისთვის. გარდა ამისა, AirTag-ი მნიშვნელოვნად პირველად განახლდება: მას ექნება უფრო თანამედროვე უსადენო ჩიპი და უფრო მოწინავე მდებარეობის სისტემა, მეტი სიზუსტითა და დიაპაზონით.

სხვა თემები