რობერტ რედფორდი - სიმპათიური მამაკაცი „განსაკუთრებული აურით“ და ინოვაციური კინოს მოყვარული
რობერტ რედფორდმა, რომელიც 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, 50-ზე მეტ ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. რეჟისორის რანგში მან ოსკარი მიიღო და დააარსა ყოველწლიური სანდენსის კინოფესტივალი, რომელმაც დამოუკიდებელ კინორეჟისორებს საშუალება მისცა, თავიანთი ნამუშევრები წარმოეჩინათ და სახელი გაეთქვათ.
მასზე დიდი მოთხოვნა იყო. კერძოდ, რეჟისორები მის ტიპურ ამერიკულ გარეგნობას უსვამდნენ ხაზს. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ მას „ფიზიკური გრაციოზულობა და შინაგანი ნათება“ ჰქონდა. თუმცა თავად რედფორდი თვლიდა, რომ მისი სილამაზე მის კარიერას უფრო ხელს უშლიდა, ვიდრე ხელს უწყობდა.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ჩარლზ რობერტ რედფორდ უმცროსი დაიბადა 1936 წლის 18 აგვისტოს, სანტა მონიკაში, კალიფორნიის შტატში, მერძევის ოჯახში, რომელიც მოგვიანებით „სტანდარტ ოილის“ ბუღალტერი გახდა. სკოლის წლებში ის ქუჩის ბანდას შეუერთდა და დააპატიმრეს „მანქანის ქურდობისთვის, რომლის საბარგულშიც მოპარული სამკაულები იდო“. ბეისბოლის წარმატებული თამაშის წყალობით, მან კოლორადოს უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა, მაგრამ 18 თვის შემდეგ, ალკოჰოლის მოხმარების გამო გარიცხეს. დაახლოებით ამავე პერიოდში გარდაიცვალა დედამისი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 40 წლის იყო. მწუხარებით შეპყრობილი, გარკვეული დროის განმავლობაში, ის მსოფლიოს გარშემო დახეტიალობდა, კალიფორნიის ნავთობის საბადოებშიც მუშაობდა მანამ, სანამ გაემგზავრებოდა პარიზსა და ფლორენციაში, სადაც ხელოვნების სწავლა დაიწყო. ევროპაში გატარებულმა დრომ მას შეერთებული შტატები განსხვავებული პერსპექტივით დაანახა. სახლში დაბრუნების შემდეგ, ის ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა და თეატრის დიზაინერობაზე ოცნებობდა, მაგრამ სწრაფად გადაერთო მსახიობობაზე. 1950-იანი წლების ბოლოს, სხვა ნიუ-იორკელი მსახიობების მსგავსად, მან თეატრსა და ტელევიზიაში არაერთი მცირე როლი შეასრულა, მათ შორის, ისეთ პოპულარულ სერიალებში, როგორიცაა „ხელშეუხებელნი“, „პერი მეისონი“ და „დოქტორი კილდერი“.
მისი დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა 1960 წელს, როდესაც მან ჯეინ ფონდასთან ერთად ითამაშა მცირე როლი ფილმში „წარმოუდგენელი ისტორია“. თუმცა მისი კინოკარიერის დასაწყისი წარუმატებელი აღმოჩნდა. ფილმმა კრახი განიცადა. ჟურნალმა „Time“-მა დაწერა: „ამ ფილმს ვეღარაფერი გადაარჩენს“. მიუხედავად ამისა, ამ პროექტზე მუშაობა ფონდასთან მთელი ცხოვრების მანძილზე მეგობრობის დასაწყისი გახდა. მისი პირველი დიდი თეატრალური წარმატება იყო პომპეზური და თავდაჯერებული ადვოკატის, პოლ ბრეტერის როლი ნილ საიმონის რომანტიკულ კომედიაში „ფეხშიშველი პარკში“. მან ეს როლი გაიმეორა 1967 წლის კინოვერსიაში, სადაც კვლავ ფონდასთან ერთად ითამაშა. 1965 წელს რედფორდმა მოიგო ოქროს გლობუსი როგორც ყველაზე პერსპექტიულმა ახალბედა მსახიობმა ნატალი ვუდთან ერთად შესრულებული როლისთვის.
რობერტ რედფორდმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა 1969 წელს ფილმით „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“. თუმცა სტუდიის ხელმძღვანელების მიკერძოების გამო, მან ეს როლი კინაღამ დაკარგა. ერთ-ერთმა პროდიუსერმა ის „უბრალოდ კიდევ ერთ ჰოლივუდელ ქერად“ შეაფასა. საბოლოოდ, რედფორდმა როლი მიიღო პოლ ნიუმანის ჩარევით, რომელიც უკვე ცნობილი ვარსკვლავი იყო. რედფორდი და ნიუმანი ახლო მეგობრებად დარჩნენ ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე (2008 წელი).
1973 წელს რედფორდი და ნიუმანი კვლავ შეხვდნენ ფილმში „აფერა“, რომელმაც შვიდი ოსკარი მოიპოვა, მათ შორის - საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. წვრილმანი თაღლითის როლისთვის, რომელიც ნიუმანის პერსონაჟთან დაუნდობელი მაფიოზის მოსატყუებლად თანამშრომლობს, რედფორდი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ეს მისთვის ოსკარის ერთადერთი ნომინაცია აღმოჩნდა. თუმცა 1981 წელს, რედფორდმა მიიღო ოსკარი რეჟისურისთვის, ხოლო 2002 წელს - საპატიო ოსკარი კინოში შეტანილი წვლილისთვის. 1970-იანი წლები მსახიობისთვის ძალიან აქტიური აღმოჩნდა. 1974 წელს მან შეიძინა წიგნის - „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ ეკრანიზაციის უფლება. ეს უკანასკნელი ეხება უოტერგეიტის სკანდალს, რომლის მთავარი გმირებიც Washington Post-ის საგამოძიებო რეპორტიორები - ბობ ვუდვორდი და კარლ ბერნშტაინი იყვნენ. ფილმი 1976 წელს გამოვიდა. მთავარ როლებს რედფორდი და ჯასტინ ჰოფმანი ასრულებდნენ. ფილმმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და ოთხი ოსკარი მოიპოვა. ოთხი წლის შემდეგ რედფორდმა რეჟისორული დებიუტი შეასრულა ფილმში „ჩვეულებრივი ადამიანები“, რომელიც ერთ-ერთი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, საშუალო კლასის ოჯახის დაშლის შესახებ მოგვითხრობს და რისთვისაც მან ოსკარი მიიღო.
აღიარებასთან ერთად სიმდიდრეც მოვიდა. რედფორდმა თავისი შემოსავლის დიდი ნაწილი იუტაში, მისი მეუღლის, ლოლას მშობლიურ შტატში, სათხილამურო კურორტის შეძენაზე დახარჯა და მას „სანდენსი“ დაარქვა „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“-ში თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლის მიხედვით. დაახლოებით ამავე დროს, მან დააარსა სანდენსის ინსტიტუტი, რათა დამოუკიდებელი კინორეჟისორებისთვის შემოქმედებითი და ფინანსური მხარდაჭერა გაეწია. გარკვეული დროის შემდეგ, რედფორდი გახდა იუტას/აშშ-ის კინოფესტივალის თავმჯდომარე, რომელსაც მოგვიანებით სანდენსი ეწოდა. დროთა განმავლობაში, ფესტივალი გლობალური კინოკალენდრის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. სანდენსის ბევრი დებიუტანტი მსოფლიოში ცნობილი მსახიობი და რეჟისორი გახდა. კერძოდ, კვენტინ ტარანტინო და სტივენ სოდერბერგი. ამასობაში, რედფორდი აგრძელებდა მსახიობობასა და რეჟისურას. 1990-იან წლებში მან გადაიღო ფილმი „იქ, სადაც მდინარე მიედინება“, რომელმაც დასაბამი მისცა დამწყები ბრედ პიტის კარიერას და „ლეგენდა ბაგერ ვენსის შესახებ“ - ბოლო ფილმი ჯეკ ლემონის მონაწილეობით.
კინოს გარდა, რობერტ რედფორდი გარემოს დამცველიც იყო. „ჩვენი პლანეტა ავად არის იმის გამო, როგორც ვექცევით მას“, - თქვა მან 2014 წელს მიცემულ ინტერვიუში. რედფორდსა და მის პირველ მეუღლეს, ლოლ ვან ვაგენენს (ისინი 1958 წელს დაქორწინდნენ), ოთხი შვილი ჰყავდათ. მათი უმცროსი ვაჟი სკოტი, ორი თვის ასაკში ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი გარდაიცვალა და რედფორდი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა და აღიქვამდა ამ ტრაგედიას, როგორც მისი სექსუალური მიმზიდველობისა და ჰედონისტური ცხოვრების წესის შედეგს. წყვილი 1985 წელს განქორწინდა და 2009 წელს ის დაქორწინდა სიბილ საგარსზე, გერმანიაში დაბადებულ მხატვარზე. ის მოესწრო კიდევ ერთი ვაჟის სიკვდილს, რომელიც ორმოცდაათი წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. 2019 წელს რედფორდმა სამსახიობო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, ისევ გამოჩნდა სერიალ „ბნელი ქარების“ რამდენიმე ეპიზოდში, რომელიც მოგვითხრობს იმ პოლიციელების შესახებ, რომლებიც ორმაგი მკვლელობის გახსნას ცდილობენ.
რობერტ რედფორდს ჰოლივუდური ბრწყინვალება დიდად არ უყვარდა და უპირატესობას ანიჭებდა ნაკლებად ცნობილი რეჟისორების ნაკლებად ცნობილ ფილმებს, რომელთაც მისი გაოცება მაინც შეეძლოთ. მან აღიარა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში კომპლექსი ჰქონდა იმის გამო, რომ ხალხი მას არა იმდენად ნიჭის, არამედ უფრო გარეგნობის გამო ირჩევდა. „მე ყოველთვის ვამაყობდი ყველა იმ როლით, რომელიც კი შემისრულებია. მე ის პერსონაჟი ვხდებოდი“, - თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.


