13 ოქტომბერი 2025 - 15:17

შენგენის ზონაში შესვლის წესები იცვლება: დაემშვიდობეთ პასპორტის შტამპებს

ფოტო: Pcture Alliance

შენგენის ზონაში შესვლის ახალი წესები 12 ოქტომბერს ამოქმედდა. აღნიშნული ცვლილებები ე.წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე გავრცელდება, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ ევროკავშირში უვიზო შესვლის უფლება. თუ რას გულისხმობს საზღვრის კვეთის ახალი წესები, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

შენგენის ზონის ქვეყნებმა დანერგეს შესვლისა და გასვლის ელექტრონული სისტემა - Entry Exit System (EES). აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, ზემოთ ხსენებული გაერთიანების 29 წევრი ქვეყნის მესაზღვრეები შეაგროვებენ და გადაამოწმებენ ე.წ. მესამე ქვეყნის მოქალაქეების ბიომეტრიულ მონაცემებს შესვლისას და გასვლისას როგორც საერთაშორისო აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში, ასევე - საავტომობილო სასაზღვრო გადასასვლელებსა და საზღვაო პორტებში. „EES-ი მიგრაციისა და თავშესაფრის სისტემის ჩვენი ახალი საერთოევროპული ციფრული ხერხემალია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მაგნუს ბრუნერმა კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში. აღნიშნულ მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ახალი წესები, რომლებიც ძალაში შევიდა, ვიზის უფლების არ მქონე პირების თვალყურის დევნებისთვის არის შექმნილი. ის მიზნად ისახავს იდენტობის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლასა და არალეგალური მიგრაციის შეზღუდვას. 

ვის ეხება შენგენის ქვეყნებში შესვლის ახალი წესები?

ევროპის შესვლისა და გასვლის სისტემა ელექტრონულად აღრიცხავს შენგენის ზონაში ხანმოკლე ვიზიტით ჩასული მესამე ქვეყნის მოქალაქეების მონაცემებს. ეს ეხება 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში 90 დღემდე ყოფნას. აღნიშნული წესი არ გავრცელდება შენგენის ზონაში ბინადრობის ნებართვის მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე. ცალკე რიგები შეიქმნება ევროკავშირის ქვეყნების რეზიდენტებისა და მოქალაქეებისთვის, ასევე - შენგენის გრძელვადიანი ვიზების მფლობელებისთვის. შესაბამისად, მათ ვიზის ან ბინადრობის ნებართვისა და პასპორტის წარდგენა  მოეთხოვებათ. 

როგორ შეიცვლება შენგენის ზონაში შესვლის პროცედურა?

ახალ სისტემასთან პირველადი შემხებლობისას, თქვენ მოგეთხოვებათ ფოტოს გადაღება და თითის ანაბეჭდების აღება. ეს შექმნის ციფრულ ჩანაწერს, რომელიც თქვენს საპასპორტო ინფორმაციასაც მოიცავს. შენგენის ზონის საზღვრის მორიგი გადაკვეთისას, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები ამ ჩანაწერთან შედარებით დაზუსტდება. 12 წლამდე ასაკის ბავშვებს თითის ანაბეჭდების წარდგენა არ მოეთხოვებათ. რეგისტრაცია საჭირო იქნება სპეციალურ EES ტერმინალებში ან სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებში, რომლებიც თქვენს საპასპორტო ინფორმაციას დაასკანირებs და ბიომეტრიულ მონაცემებს შეაგროვებs. აღნიშნული ავტომატური დანადგარების გამოყენება მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტების მფლობელებს შეეძლებათ. 

უნდა ველოდოთ თუ არა EES-ისგან მნიშვნელოვან ცვლილებებს ეგრევე?

ყველა სასაზღვრო - გამშვები პუნქტი ახალ სისტემაზე დაუყოვნებლივ არ გადავა. EES-ის დანერგვა თანდათანობით მოხდება. მოსალოდნელია, რომ ის სრულად დაინერგება ყველა საკონტროლო პუნქტში 2026 წლის 10 აპრილისთვის და პასპორტის შტამპები  ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ჩანაწერებით შეიცვლება. ამასობაში, ევროპის ქვეყნების მთავრობებს თავად შეეძლებათ გადაწყვიტონ, რომელ სასაზღვრო გადასასვლელებზე დაიწყებენ სისტემის გამოყენებას და როდის - გარდამავალმა პერიოდმა უნდა მისცეს მესაზღვრეებს, ტრანსპორტის მუშაკებსა და მოგზაურებს დრო ახალ პროცედურებთან ადაპტაციისთვის.

ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობით, EES-ს 12 ოქტომბერს  სრულად მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი და ლუქსემბურგი დანერგავენ. გერმანია იწყებს დიუსელდორფის აეროპორტით, სადაც თავდაპირველად მგზავრების მხოლოდ მცირე ნაწილს მოუწევს ახალი სისტემის გავლა. მას მაინის ფრანკფურტი და მიუნხენი მოჰყვებიან. მოსალოდნელია, რომ სტანდარტული პასპორტის შემოწმებისა და შტამპის დასმის პროცესი ჩვეულებისამებრ გაგრძელდება პირველი ექვსი თვის განმავლობაში, მაგრამ მგზავრებს შეიძლება ასევე მოეთხოვოთ ბიომეტრიული მონაცემების მიწოდება. შესაბამისად, მესაზღვრეებს პასპორტებზე შტამპის დასმა სისტემის სრულად ამოქმედებამდე შეეძლებათ. 

რაში მდგომარეობს EES სისტემის არსი?

EES სისტემის მიზანია სასაზღვრო კონტროლის დაჩქარება და მისი ეფექტურობის გაზრდა. ვინაიდან ბიომეტრიული და პასპორტის მონაცემები შენგენის ზონიდან პირველად შესვლისა და გასვლისას ჩაიწერება, ყოველი შემდგომი შესვლა და გასვლა მხოლოდ ძალიან სწრაფი შემოწმების ჩატარებას მოითხოვს, რადგან მონაცემები უკვე სისტემაში იქნება, - გვპირდება ევროკომისია. ახალი სისტემა მოგზაურობას ყველასთვის უფრო უსაფრთხოს, მარტივსა და სწრაფს გახდის, - ირწმუნება ევროკომისიის პრესსამსახური.

ევროკომისიის წარმომადგენლის, მარკუს ლამერტის თქმით, EES არა მხოლოდ მგზავრებისთვის პროცედურებს გაამარტივებს, არამედ ევროკავშირს დაეხმარება დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის - უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან. თუ პირი, რომელიც უკვე იმყოფებოდა შენგენის ზონაში 90 დღის განმავლობაში 180-დღიან პერიოდში, ხელახლა შესვლას შეეცდება, მას საზღვრის გადაკვეთაზე უარი ექნება. გარდა ამისა, შესვლაზე უარის თქმის მონაცემები EES-ში ჩაიწერება. გარდა ამისა, თუ პირს არ აქვს რეგისტრაციის უფლება, მის პასპორტში შესვლაზე უარის ბეჭედი განთავსდება. „ახალი ციფრული სისტემა საზღვრის გადაკვეთის შესახებ სანდო მონაცემებს უზრუნველყოფს და სისტემატურად ადგენს იმ პირებს, რომლებმაც გადააჭარბეს დარჩენის ვადას, ასევე - დოკუმენტების გაყალბებისა და იდენტობის გაყალბების შემთხვევებს“, - განაცხადა ლამერტმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე. 

შენგენის ზონის ქვეყნების საერთო მონაცემთა ბაზა

მოგზაურთა შესახებ ყველა ინფორმაცია ახლა საერთოევროპულ მონაცემთა ბაზაში შეინახება, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, უცხოელთა გადაადგილება შენგენის ზონის ქვეყნებს შორის უფრო ეფექტურად აკონტროლოს. ადრე ევროკავშირის თითოეულ ქვეყანას მხოლოდ საკუთარ მონაცემთა ბაზაზე ჰქონდა წვდომა. ახლა შენგენის ქვეყნები გაცვლიან ინფორმაციას ევროკავშირში შემოსული ყველა პირის შესახებ და საერთო მონაცემებზე ექნებათ წვდომა. ბრიუსელის ოფიციალური პირების თქმით, EES-ი სასაზღვრო სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის მგზავრთა შესახებ ინფორმაციაზე წვდომას უზრუნველყოფს, რაც შესაბამის ორგანოებს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლაში დაეხმარება. 

შემდეგი ნაბიჯი - ETIAS-ი

2026 წლის ბოლოს, EES-ს დაემატება ევროპის მოგზაურობის ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS). ეს სისტემა მოითხოვს, რომ უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებიდან მოგზაურებმა შენგენის ზონაში შესვლის ნებართვა მიიღონ.

სხვა თემები