21 ოქტომბერი 2025 - 14:09

რა მოიპარეს ლუვრიდან და არსებობს თუ არა მოპარული ნივთების დაბრუნების შანსი?

ფოტო: ლუვრი

კვირას ლუვრში მომხდარი ძარცვა, რომელიც ყველაზე გახმაურებულია 1911 წელს მონა ლიზას მოპარვის შემდეგ, სერიოზულ კითხვებს ბადებს ფრანგული მუზეუმების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც კრიმინალური დაჯგუფებების სამიზნე სულ უფრო ხშირად ხდებიან. 

რა მოხდა?

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ მასშტაბური ძარცვის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომებმა „ვერ იმუშავა“, ამან კი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედა. „ადამიანებმა მოახერხეს პარიზის ცენტრში ავეჯის ამწის გაჩერება, რამდენიმე წუთში ხალხის მასზე აყვანა, ფასდაუდებელი სამკაულების მოპარვა და საფრანგეთის საშინელი იმიჯის შექმნა“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა. ელექტროხელსაწყოებით შეიარაღებული ქურდები დღის საათებში შევიდნენ მსოფლიოს ყველაზე მონახულებად მუზეუმში, მოიპარეს რვა ფასდაუდებელი ნივთი და შემდეგ სკუტერებით გაიქცნენ. სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ თუ მძარცველებს უახლოეს დღეებში არ დაიჭერენ, მოპარული ნივთები, მათ შორის - იმპერატორ ნაპოლეონის მიერ მეუღლისთვის ნაჩუქარი ბრილიანტისა და ზურმუხტისფერი ყელსაბამი, დაიშლება და ქვეყნიდან გაიტანენ.

როგორ მოხდა ძარცვა?

ოთხი ნიღბიანი ქურდი მექანიკური ამწით აღჭურვილი სატვირთო მანქანით Galerie d'Apollo-ში შევიდა აივნიდან, რომელიც მდინარე სენას გადაჰყურებს. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს მანქანაზე დამონტაჟებული კიბე, რომელიც მეორე სართულის ფანჯარამდე ადის. ორმა ქურდმა ბატარეაზე მომუშავე ცირკულარული ხერხით მინის პანელები მოჭრა და მძარცველები მუზეუმში შევიდნენ. ამის შემდეგ ისინი დაემუქრნენ დაცვის თანამშრომლებს, რომელთაც  შენობის ევაკუაცია განახორციელეს. ქურდებმა მინის ვიტრინები დაამსხვრიეს და  მოიპარეს სამკაულები, რომელიც ათასობით ბრილიანტსა და ძვირფას ქვას შეიცავდა. ძარცვა მხოლოდ შვიდ წუთს გაგრძელდა. ფრანგული მედიის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, მუზეუმის იმ ნაწილში, სადაც ძარცვა მოხდა, სამი ოთახიდან ერთს ვიდეომეთვალყურეობის კამერები არ ჰქონდა. 

რა მოიპარეს?

ხელისუფლების ცნობით, ქურდებმა მოიპარეს რვა ნივთი, მათ შორის - დიადემები, ყელსაბამები, საყურეები და ბროშები. ყველა მათგანი მე-19 საუკუნით თარიღდება და ოდესღაც საფრანგეთის სამეფო და საიმპერატორო ოჯახებს ეკუთვნოდა.

საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოპარულ ნივთებს შორის არის:

  • ორი ბროში, კორსაჟის ბაფთა და ნაპოლეონ III-ის მეუღლის, იმპერატრიცა ევგენიას დიადემა;
  • ზურმუხტისფერი ყელსაბამი და საყურე ნაპოლეონ I-ის მეუღლის, მარი-ლუიზის კოლექციიდან;
  • ყელსაბამი, საყურეების წყვილი და დიადემა, რომელიც მეფე ლუი-ფილიპ I-ის მეუღლეს, მარია ამალიასა და ნაპოლეონ III-ის დედას, ჰორტენს დე ბოარნეს ეკუთვნოდათ.

ყველა ეს ნივთი ათასობით ბრილიანტითა და სხვა ძვირფასი ქვით არის მორთული. კიდევ ორი ნივთი, მათ შორის - იმპერატრიცა ევგენიას გვირგვინი, დანაშაულის ადგილის მახლობლად იპოვეს. როგორც ჩანს, ქურდებმა ისინი დაყარეს ან დაკარგეს გაქცევის დროს. ხელისუფლება მათი დაზიანების ხარისხს ამოწმებს. საფრანგეთის სამეფო სამკაულების უმეტესობა 1789 წლის რევოლუციის შემდეგ დაიკარგა ან გაიყიდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი გადაარჩინეს ან გამოისყიდეს. თუმცა ვიტრინებში არსებული ნივთების უმეტესობა მე-19 საუკუნით თარიღდება და ნაპოლეონისა და მისი ძმისშვილის, ნაპოლეონ III-ის საიმპერატორო ოჯახებს ეკუთვნის. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა მოპარული სამკაულები „ფასდაუდებელ“ და „განუზომელი ისტორიული ღირებულების მქონედ“ შეაფასა. 

პროფესიონალები

ნუნესის თქმით, აპოლონის გალერეის მძარცველები აშკარად პროფესიონალები იყვნენ. მათ იცოდნენ, რა უნდოდათ, წინასწარ „დაათვალიერეს ტერიტორია“, მიჰყვებოდნენ მარტივ, მაგრამ ეფექტურ გეგმას და ნადავლის წაღებისა და გაქცევისთის შვიდ წუთზე მეტი არ დასჭირვებიათ. ნუნესმა აღიარა, რომ მას საფრანგეთში მუზეუმების უსაფრთხოების „განსაკუთრებული მოწყვლადობის“ შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. ფრანგული მედია იუწყება, რომ აუდიტორთა სასამართლოს წინასწარი ანგარიშის მიხედვით, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდება, მუზეუმის იმ ფრთაში, სადაც ძარცვა მოხდა, ოთახების მესამედი სათვალთვალო კამერებით აღჭურვილი არ არის. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ძარცვა შეაფასა, როგორც „თავდასხმა მემკვიდრეობაზე, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ, რადგან ეს ჩვენი ისტორიაა“. 

რა ბედი ელის მოპარულ სამკაულებს?

საფრანგეთის სენატის საფინანსო კომიტეტის წევრმა ნატალი გულემ BBC-ს განუცხადა, რომ ეს საფრანგეთისთვის „ძალიან მტკივნეული“ ეპიზოდი იყო. მისი განმარტებით, მოპარული სამკაულები „ფულის გათეთრების სისტემაში“ იქნება გამოყენებული. „მე არ მგონია, რომ საქმე მოყვარულებთან გვქონდეს. ეს ორგანიზებული დანაშაულია და მათ აბსოლუტურად არანაირი მორალი არ გააჩნიათ. ისინი სამკაულებს ისტორიის ნაწილად არ მიიჩნევენ, არამედ მხოლოდ თავიანთი ჭუჭყიანი ფულის გათეთრების საშუალებად თვლიან“, - დასძინა მან. საქმეზე დაახლოებით 60 გამომძიებელი მუშაობს და პროკურორებმა გამოთქვეს თავიანთი თეორია, რომ მძარცველები კრიმინალური ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ. გამომძიებლები გაქცევის მარშრუტიდან ვიდეოთვალთვალის ჩანაწერებს იკვლევენ. იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა რადიო France Inter-თან ინტერვიუში გამოთქვა იმედი, რომ პოლიცია  მძარცველების დაკავებას შეძლებს. 

როდის გაიხსნება ლუვრი?

სანამ ძარცვის გამოძიება გრძელდება, ლუვრის მუზეუმი კვლავ დაკეტილი იქნება. მუზეუმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტორები, რომელთაც უკვე დაჯავშნეს ბილეთები, თანხას ავტომატურად დაიბრუნებენ. მუზეუმის შუშის პირამიდის ფორმის შესასვლელთან რამდენიმე პოლიციელი და დაცვის თანამშრომელია განლაგებული. დამონტაჟდა ლითონის ბარიერებიც. უცნობია, როდის გაიხსნება მუზეუმი. ლუვრის მუზეუმი სამშაბათობით ყოველთვის დაკეტილია ვიზიტორებისთვის, ამიტომ შესაძლოა, ის ამ კვირაში ოთხშაბათამდე არ გაიხსნას.

სხვა თემები