როგორ ხედავენ დალტონიკები?
დალტონიზმს ფერთა გარჩევის მოშლილობას, მეორენაირად კი ფერთა სიბრმავეს უწოდებენ. დალტონიკს უჭირს ამა თუ იმ ფერის აღქმა და გარჩევა.
რას ხედავთ ამ ფოტოზე?

ციფრებს. და მერე რა?
არაფერი. უბრალოდ, არსებობს სპეციალური ნახატები, რომლითაც ამოწმებენ, რამდენად კარგად ხედავს ადამიანი. მაგალითად, ის, ვისაც ფერთა ნორმალური აღქმა აქვს, ამ ფოტოზე დაინახავს 42-ს, დალტონიკი კი აქედან მხოლოდ ერთ ციფრს - 4-ს ან 2-ს. ოღონდ ესეც დალტონიზმის ტიპზეა დამოკიდებული. ის სხვადასხვაგვარი არსებობს.
როგორ "მუშაობს" ფერთა აღქმა?
არსებობს რამდენიმე თეორია. ყველაზე პოპულარული - სამკომპონენტურია. ძალიან მოკლედ, ასეა: ბადურაში განსაკუთრებული უჯრედებია, რომლებსაც კოლბები ჰქვია. კოლბები სამი ტიპისაა და თითოეული პასუხისმგებელია ფერთა საკუთარ სპექტრზე - წითელზე, მწვანეზე და ცისფერზე. ეს სამი ფერი ძირითადია, ყველა დანარჩენი - ამ სამის შერევის შედეგია. საგნიდან არეკლილი ფერი კოლბებზე ხვდება. ამ კოლბების ნაწილი, ფერის მიხედვით, რეაგირებს და ინფორმაციას დამუშავებისთვის ტვინს გადასცემს.
დალტონიზმის რა ტიპები არსებობს?
ყველაზე პოპულარული და იმავდროულად იოლი დარღვევაა, როდესაც ადამიანი სპექტრის ყველა ფერს ხედავს, მაგრამ ვერ არჩევს მათ ელფერს. ზოგჯერ პრობლემა კოლბებშია, რომლებიც პასუხს აგებენ სპექტრის წითელ ან მწვანე ნაწილებზე. ისინი, ვისი პრობლემაც წითელი ნაწილია, ზემოთ მითითებულ სურათზე უკეთ დაინახავენ 2-იანს, ხოლო ვისიც მწვანე - 4-იანს. არსებობს გაცილებით იშვიათი დარღვევა, რომლის დროსაც პრობლემა ლურჯის და ყვითლის ელფერს უკავშირდება. ასეთი დალტონიკებისთვის ზემოთმოყვანილ სურათთან გამკლავება იოლია. დალტონიზმის ყველაზე იშვიათი და უსიამოვნო ტიპი - ფერთა აბსოლუტური სიბრმავეა.
როგორ ხედავენ სამყაროს სხვადასხვა ტიპის დალტონიკები?
ამას სიტყვებზე უკეთ გამოსახულებები ახსნის. მაგალითად, ასე ხედავენ ადამიანები, რომლებსაც სპექტრის წითელი ნაწილი აქვთ დარღვეული:
ასე, ვისაც პრობლემა სპექტრის მწვანე ნაწილში აქვს:
ასე ხედავენ ისინი, ვისაც ცისფრის და ყვითლის აღქმა უჭირთ, მათთვის ზოგადად ყველაფერი მქრქალია:
ვისაც ფერთა სრული სიბრმავე ანუ მონოქრომაზია აქვს, ისინი ვერცერთ ფერს ვერ არჩევენ - მათთვის სამყარო შავ-თეთრია.
ზოგადად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამოკვეთილია დარღვევა - ზოგიერთ დალტონიკს მხოლოდ რამდენიმე ელფერის გარჩევა უჭირს, ზოგი სტაბილურად უწოდებს წითელს მწვანეს და პირიქით, სხვები მხოლოდ ცუდი განათების დროს ცდებიან. დალტონიკების თვალით სამყაროს დანახვა აქ შეიძლება: ჩამოტვირთეთ ნებისმიერი სურათი, აირჩიეთ დარღვევის გარკვეული ტიპი და ყველაფერს თავად ნახავთ.
დალტონიკი ბევრია?
საკმაოდ. სპექტრის წითელ და მწვანე ნაწილებში დარღვევები ბევრს აქვს. სხვადასხვა მონაცემებით, ასეთია კაცების 7%-დან 10%-მდე. სხვა ტიპის დარღვევები ბევრად იშვიათია. ქალებში დალტონიზმი ფაქტობრივად არ გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ის მემკვიდრეობით სწორედ ქალის ხაზით გადადის.
ესე იგი დალტონიზმი მემკვიდრეობითია?
დიახ. ბიჭი დალტონიკად იბადება, თუ დედაა დალტონიკი. გოგო დალტონიკად იბადება, თუ ორივე მშობელი დალტონიკია. თუ დედა დალტონიკი არ არის, და ამ გენის მხოლოდ მატარებელია, მაშინ მისი შვილები შეიძლება არც იყვნენ დალტონიკები. არსებობს ფერის აღქმის დარღვევის შეძენილი ფორმებიც - ზოგჯერ პრობლემები ტრავმის შედეგია.
დალტონიზმი იკურნება?
არა. მაგრამ არსებობს ფერის მხედველობის კორექტირების გზები, მაგალითად, სპეციალური სათვალეები. ამ სფეროში ყველაზე ცნობილი კომპანიაა EnChroma. ისინი თავიანთ გამოგონებებს თავიდან ქირურგებისთვის ქმნიდნენ, რომ მათ კარგად გაერჩიათ სისხლი კანისგან. ყველა ტიპის დარღვევისთვის ცალკეული მოდელია შექმნილი. მათი მუშაობის პრინციპი ასეთია: ლინზები ატარებს მხოლოდ ძირითად ფერებს - წითელს, მწვანეს და ცისფერს - და აძლიერებს მათ აღქმას. ადამიანი უბრალოდ ვერ ხედავს სპექტრის იმ ნაწილს, რომელიც ხელს უშლის მას ძირითადი ფერების გარჩევაში.
რა პროფესიებია ხელმიუწვდომელი დალტონიკებისთვის?
ბევრი. ფერის აღქმას ამოწმებენ ადამიანების სხვადასხვა პოზიციაზე დაქირავებისას - ლაბორანტებიდან დაწყებული დამთავრებული მცხობელებით.
დალტონიკისთვის მანქანის ტარება შეიძლება?
დიახ. მანქანის მართვა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ შეიძლება, ვისაც ფერთა სრული სიბრმავე აქვს.
შუქნიშანს როგორ ხედავენ?
ნორმალურად. ყველა დალტონიკმა იცის, რომ შუქნიშნის ზედა სიგნალზე გავლა არ შეიძლება.
დალტონიზმი ცხოვრებას გირთულებს?
ზოგჯერ. 2001 წელს, New York Times-მა გამოაქვეყნა ადამიანების ისტორიები, რომელთა კარიერაც დალტონიზმმა იმსხვერპლა. მაგალითად, სტატიაში მოთხრობილია კომპანია Xerox-ის თანამშრომლის ისტორია, რომელიც ფერადი ბეჭდვის ეპოქის დადგომისთანავე იძულებული გახდა სამსახური მიეტოვებინა. თუმცა, არსებობს საპირისპირო მაგალითებიც. მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1940 წელს გაარკვიეს, რომ დალტონიკები შენიღბულ საგნებს ხედავენ, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მხედველობის ადამიანებს ეს თითქმის არ შეუძლიათ, ისინი უკეთ პოულობენ სოკოს და ა.შ.
არსებობს ვებგვერდები სუსტი მხედველობის ადამიანებისთვის. დალტონიკებისთვის რატომ არ ქმნიან?
ზოგჯერ ქმნიან. ბოლო დროს კომპანიები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ ასეთი ვებგვერდების შექმნაზე. დალტონიკებისთვის სპეციალური ვერსია აქვს, მაგალითად, Slack-ის მესენჯერს. ადამიანებზე, რომლებსაც ფერის აღქმაში დარღვევები აქვთ, თამაშების მწარმოებლებიც ზრუნავენ.
წყარო: Meduza


