როგორ გავარჩიოთ ორიგინალი ყალბი ნაწარმისგან? ინსტრუქცია
იელის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ სამი წლის ბავშვიც კი არჩევნის შემთხვევაში, უპირატესობას ორიგინალს მიანიჭებს, თუნდაც ასლი მისი იდენტური იყოს. უფროსებმა ნამდვილი ორიგინალის შესაძენად შეიძლება ბანკის სესხიც კი აიღონ. მიუხედავად ამისა, ორიგინალის ყალბი ასლისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. საქართველოში ყალბი და უხარისხო პროდუქტი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხდება - საკვებით და მედიკამენტებით დაწყებული, სიგარეტით და ტანსაცმლით დამთავრებული. ბრენდული საგნები, ზოგადად, ცალკე ისტორიაა. მათ უსინდისოდ აყალბებენ მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც სიგარეტს და წამლებს. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე არცთუ რთული გზა იმისთვის, რომ ვერ მოგატყუონ.
ფასდაკლებებს არ მისდიოთ
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის, პროდუქტის არჩევის დროს მთავარი კრიტერიუმი ფასია. იაფი საქონლის დევნაში, არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან დიდმა ფასდაკლებამ პროდუქტის ხარისხზე საფუძვლიანი ეჭვები უნდა გაგიჩინოთ. პრინციპში, საქართველოში ხშირად "დიდი ფასდაკლებებიც" ფიქციაა. მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. მოკლედ, ვიდრე რამეს შეიძენთ, ასორტიმენტი წინასწარ შეისწავლეთ და ფასების დონეზეც წარმოდგენა შეიქმენით. ასეთ დროს იოლად მიხვდებით, შესაძლებელია თუ არა თქვენ მიერ შერჩეულ ნივთს ასეთი "გულუხვი ფასდაკლება" შეეხოს.
საეჭვო მაღაზიებს თავი აარიდეთ
ორიგინალის ყიდვის ყველაზე იოლი გზა ბრენდის ვებგვერდზე ავტორიზებული მაღაზიების შემოწმებაა. საქართველოში ეს არჩევანი საკმაოდ მწირია. მაგრამ ხომ შეიძლება საყიდლებზე წასვლა ისეთ ქვეყანაში მოგინდეთ, რომელიც ამა თუ იმ ბრენდის სამშობლოდ არ ითვლება და არ არის გამორიცხული, გატყუებდნენ? ქუჩის დახლებზე ყალბი ნივთის ყიდვის შანსი ბევრად დიდია, ვიდრე მაღაზიათა მსხვილ ქსელებში, სადაც შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნა ყოველთვის შეგიძლიათ: ის დაგიდასტურებთ, აქვს თუ არა მაღაზიას ბრენდის გაყიდვის უფლება. მეორე ადგილი, რომელსაც, როგორც წესი, ენდობიან, არის DutyFree, სადაც ყალბი ნაწარმი, როგორც წესი, არ იყიდება. თუმცა, არის საპირისპირო შემთხვევებიც, რადგან ეს არის არა ქსელი, არამედ გარკვეული ტიპის მაღაზია და სხვადასხვა ქვეყანაში იქ სხვადასხვა ხარისხის ნივთები შეიძლება შეგხვდეთ. თუკი ეს მსხვილი ქსელის DutyFree-ა, მაგალითად Dufry, რისკი მინიმალურია.
არაფერი იყიდოთ საეჭვო ვებვერდებზე
ყველაზე სანდო ვარიანტია - ოფიციალური ინტერნეტმაღაზია. დარწმუნდით, რომ ვებგვერდი ნამდვილად რიტეილერს ან ბრენდს ეკუთვნის: მისამართის გრაფაში უნდა იყოს დასახელება, მაგალითად, apple.com და არა მისგან ნაწარმოები buyapple.com. შეხედეთ გაფართოებას, საერთაშორისო კომპანიები იშვიათად არეგისტრირებენ ადგილობრივ ვებგვერდებს - მაგალითად, apple.io-ს ან apple.ge-ს ვერ მოძებნით. და ბოლოს, არ აhყვეთ სოცქსელებში გავრცელებულ დაჟინებულ შემოთავაზებებს. დიდი ალბათობით, ის ტყუილია. მით უფრო, რომ ოფიციალურ ინტერნეტმაღაზიებშიც შეიძლება კარგი შემოთავაზებების ნახვა: იქ ხშირად აქვთ ფასდაკლებები, რომლებიც დამეგობრებული ბანკების ბარათებზე ვრცელდება ან საკუთარი აქციები.
ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ყიდვისას დააკვირდით დეტალებს
წვრილმანი დეტალები ხშირად გასცემს სიყალბეს: ნივთს კერავენ სიჩქარეში, ამიტომ მასზე რჩება წებოს წვეთები ან უკუღმა მიკერებული იარლიყი. არ დაგეზაროთ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე შესვლა ვიდრე ნივთს იყიდით და იმის ნახვა, თუ სად აქვს ნამდვილ ორიგინალს ლოგოტიპი, რა ზომის და ფერისაა ის. შეინახეთ ფოტო ტელეფონში და შეადარეთ ის მაღაზიაში ნანახს. ყურადღებით იყავით მაშინაც, როდესაც ონლაინ-რიტეილერები ძალიან დიდ ასორტიმენტს გთავაზობენ. თუ თქვენ იპოვეთ ვებგვერდი, რომელიც, მაგალითად, ერთი მარკის 15 მოდელის ბოტასს გთავაზობთ, და ისინი ათამდე ფერისაა, სჯობს ბრენდის ოფიციალურ გვერდს ესტუმროთ და შეადაროთ ისინი მათ ხაზს. დიდი ალბათობით, მოდელების უმრავლესობას იქ ვერ იპოვით.
მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ გამოიყურება კოსმეტიკა
შეადარეთ პროდუქტები ორიგინალს: მაგალითად, მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორი წვერი უნდა ჰქონდეს ტუჩის საცხს - ბლაგვი თუ წვეტიანი, როგორი ფუნჯი აქვს წამწამების ტუშს და აპლიკატორი - ფრჩხილის ლაქს. კოსმეტიკაზეც ის წესი მოქმედებს, რაც ტანსაცმელზე: ყურადღებით დააკვირდით საქონლის გაფორმებას და ლოგოტიპს. ლოგოტიპზე ისეთივე შრიფტი უნდა იყოს, როგორიც ორგინალზე: კურსივიც კი მიგანიშნებთ სიყალბეზე. შეიძლება ასევე საქონლის შტრიხკოდის (barcode) შემოწმება: ისიც იმავე მწარმოებელი ქვეყნის კოდს უნდა შეიცავდეს, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ინტერნეტში ამის გარკვევა იოლია.
შეამოწმეთ ტექნიკის კომპლექტაცია
ტექნიკის ყიდვის დროს თავის დაზღვევის ყველაზე მარტივი გზა მათი ოფიციალური რიტეილერებისგან ან ოფიციალურ ვებგვერდზე ყიდვაა. თუ ეს შეუძლებელია, აუცილებლად შეამოწმეთ კომპლექტაცია. მაგალითად, სმარტფონის ყუთში, როგორც წესი, უნდა იყოს ყურსასმენი, დამტენი და ინსტრუქცია. თავად გაჯეტი უნდა შეესაბამებოდეს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ აღწერას. სმარტფონებს და პლანშეტებს უნდა ჰქონდეს ნომერი IMEI (მობილური მოწყობილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორი), თანაც ერთი და იგივე - ყუთზეც და მოწყობილობის კორპუსზეც. გარდა ამისა, ზოგიერთი ბრენდის ტექნიკის ნამდვილობის შემოწმება სერიული ნომრით შეიძლება: ის სისტემურ "ინსტრუმენტებში" (System Settings) უნდა მოძებნოთ და შეადაროთ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულს. ლოგოტიპების და გაფორმების ორიგინალთან შედარება ტექნიკის შემოწმების დროსაც გამოგადგებათ.
ეჭვი თუ გიჩნდებათ სერტიფიკატი მოითხოვეთ
დიდი ალბათობით, ყალბი სმარტფონი არ მოგკლავთ, მაგრამ მედიკამენტებთან დაკავშირებით სიტუაცია ბევრად სერიოზულია. თუ თქვენ რაღაც არ მოგწონთ, მაგალითად, ინსტრუქციაში შეცდომებია და ბეჭდვითი შეცდომები, ან შეფუთვა ისე გამოიყურება, თითქოს ის მანამდე გახსნეს, მოსთხოვეთ გამყიდველს საქონლის შესაბამისობის სერტიფიკატი. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა, ფირმა და პრეპარატის გამოშვების ფორმა: მაგალითად, აბები თეთრია თუ ვარდისფერი. თუკი აფთიაქში სერტიფიკატი არ აქვთ - გაიქეცით. თუ აქვთ - ყურადღებით შეადარეთ ყველა მონაცემი პრეპარატის პარამეტრებს, რომლის ყიდვასაც გთავაზობენ. მაგალითად, თუ ცნობილი წამლის ნაცვლად გთავაზობენ მის იაფ ანალოგს, ეს არ ნიშნავს რომ აუცილებლად გატყუებენ. შეიძლება ეს ჯენერიკია (არაპატენტირებული, კვლავწარმოებული პრეპარატი): სხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული წამალი იმავე მოქმედი ნივთიერებით. ჯენერიკის ყიდვამდე სჯობს ცვლილება განიხილოთ ექიმთან, რომელსაც ენდობით.
შეამოწმეთ ალკოჰოლის აქციზი
ალკოჰოლით მოწამვლა, ძალიან სახიფათოა. ასეთ სიტუაციაში შეიძლება იმ შემთხვევაშიც აღმოჩნდეთ, თუ ძვირფას ალკოჰოლს სვამთ. მისი ყიდვის დროს მთავარი წესია: აქციზური მარკა ჰქონდეს მიკრული თანაბრად და იყოს ახალი. უნდა შეამოწმოთ ასევე, აქვს თუ არა მის მომწოდებელ ორგანიზაციას ალკოჰოლით ვაჭრობის უფლება. თუ ეს ძვირფასი სასმელია (ვისკი, კონიაკი), "დაგუგლეთ" და ნახეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ბოთლი: მეტალის თუ პლასტმასის სახურავი აქვს, აქვს თუ არა ნატვიფრი, ჰოლოგრამები, ეტიკეტები.
ძალიან მოკლედ
თუ არ გინდათ, რომ მოგატყუონ, იყავით ყურადღებით. მაღაზიაში წასვლამდე ოფიციალურ ვებგვერდზე ნახეთ, სად და როგორი ლოგოტიპები აქვს საქონელს, როგორ გამოიყურება შეფუთვა, რომელი მოდელები რა ფერისაა, როგორია პროდუქტის საშუალო ფასი. გადაუღეთ გამოსახულებას ფოტო და შეადარეთ მაღაზიაში ნანახს. არ წამოეგოთ არადამაჯერებლად გულუხვ ფასდაკლებებს. შეამოწმეთ წამლების და კოსმეტიკის შესაბამისობის სერტიფიკატი, ალკოჰოლის აქციზი და გაჯეტების სერიული ნომერი.
წყარო: Meduza


