24 ივლისი 2017 - 11:08

თბილისის მერის არჩევნები. ვინ არიან და რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს მთავარი კანდიდატები?

2017 წლის შემოდგომაზე თბილისი ახალ მერს აირჩევს. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ და საინიციატივო ჯგუფმა, დედაქალაქში, მერობის კანდიდატები უკვე წარადგინეს. ესენი არიან: კახა კალაძე (ქართული ოცნება), ზაალ უდუმაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) და დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი.

 

რა არის ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა?

ინტრიგა რამდენიმეა:

  • გაიმარჯვებს თუ არა მმართველი პარტიის კანდიდატი პირველსავე ტურში?
  • ვინ გავა მეორე ადგილზე, მიუხედავად იმისა, გამარჯვებული პირველსავე ტურში გამოვლინდება თუ არა?
  • რომელ პოზიციაზე გავა დამოუკიდებელი კანდიდატი?
  • პირველი არჩევნებია “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შემდეგ, შესაბამისად, ელექტორალური თვალსაზრისით, პირველად გამოცდიან თავს ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ძველი (ნაციონალური მოძრაობა) და ახალი (ევროპული საქართველო) პოლიტიკური დაჯგუფებები.      

როდის და როგორ ვირჩევთ თბილისის მერს?

თბილისის მერს დედაქალაქის მოსახლეობა სამ წელიწადში ერთხელ, თვითმმართველობის არჩევნების დროს, პირდაპირი წესით ირჩევს.

წლევანდელ არჩევნებში საკუთარ მერს და საკრებულოს ხუთი თვითმმართველი ქალაქი და 59 მუნიციპალიტეტი აირჩევს.

ქალაქებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი საკრებულო თბილისს ეყოლება, სადაც 25 წევრი პროპორციული წესით და 25 მაჟორიტარი აირჩევა. საკრებულოში არჩეულად ითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

მერების არჩევნების პირველსავე ტურში მოსაგებად კი ხმათა 50%-ზე მეტის მიღებაა საჭირო. თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ. მეორე ტური პირველიდან ორი კვირის შემდეგ ჩატარდება.

საქართველოში სულ 3 მილიონ 500 ათასამდე რეგისტრირებული ამომრჩეველია, აქედან დედაქალაქის ამომრჩევლების რაოდენობა მილიონს აღწევს.

ვინ არიან თბილისის მერობის მთავარი კანდიდატები და რას ჰპირდებიან ამომრჩეველს?

კახა კალაძე - ქართული ოცნება



მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელი არ ყოფილა, თბილისის მერობის კანდიდატად სწორედ კახა კალაძის და არა სხვა ფიგურის დასახელება, მნიშვნელოვანი იყო მმართველი პარტიის პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით. კალაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყველაზე საინტერესო ფიგურად ჩამოყალიბდა იმ მხრივ, რომ შეძლო გუნდში დამოუკიდებელი პოლიტიკოსის რეპუტაციის მოპოვება ისე, რომ არ დაურღვევია ამ გუნდის ეთიკის კოდექსი.

39 წლის კალაძე მმართველმა პარტიამ დედაქალაქის მერობის კანდიდატად 1 ივლისს წარადგინა. ყოფილი ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, ქართულ ოცნებას 2011 წელს, 20-წლიანი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ შეუერთდა.

მას არჩევნებში მონაწილეობის წარმატებული ისტორია აქვს, როგორც ელექტორალური, ისე ლოგისტიკური თვალსაზრისით. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ის კოალიცია ქართული ოცნების სიის სათავეში იყო და სამტრედიის ერთმანდატიან ოლქში ხმათა 53.63%-ით გაიმარჯვა. არჩევნებიდან მალევე, მთავრობაში ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

2014 წლის თვითმმართველობის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ორივე არჩევნებში ხელისუფლებამ გაიმარჯვა. პირველ შემთხვევაში, გაიმარჯვა თბილისის მერობის კანდიდატმაც დავით ნარმანიამ, რომელმაც მეორე ტურში ნაციონალების ნიკანორ მელია დაამარცხა; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა (პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში 113 მანდატზე მეტი).

კალაძეს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს სხვა კანდიდატებთან შედარებით სამოხელეო გამოცდილებითაც.   

ხელისუფლების კანდიდატმა პრიორიტეტებს შორის სოციალური საკითხები, გარემოს დაცვა, თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვა, საგზაო მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასახელა. მან რამდენიმე საჯარო გამოსვლაში, ოცნების მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტებზე ილაპარაკა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს და თქვა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია, ქართული ოცნებაა.

კალაძის საარჩევნო სლოგანია “სიცოცხლით სავსე ქალაქი”.   

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი



39 წლის ელისაშვილის უკან მრავალწლიანი ჟურნალისტური საქმიანობა, “ტფილისის ჰამქარი”-ს წევრობა და თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სამწლიანი გამოცდილებაა. შუალედში ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარეც იყო. ამ თანამდებობაზე 2013 წელს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დანიშნა. მაგრამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე თანამდებობა დატოვა და თბილისის საკრებულოს არჩევნებში საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელ დეპუტატად იყარა კენჭი. ელისაშვილმა (33.59%-ით) მაშინ საარჩევნო რბოლაში მმართველი პარტიის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე (28.82% ) დაამარცხა.

ის წლების განმავლობაში პოზიციონირებს, როგორც დედაქალაქის ისტორიული ნაწილის გულშემატკივრი და გარემოს დამცველი. წარდგენისას, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ არ ექვემდებარება არცერთი პოლიტიკური პარტიის ან მსხვილი ბიზნესის გავლენას და პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება.
 
მიუხედავად იმისა, რომ ის პარტიული კანდიდატი არ არის, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მისი სავარაუდო გულშემატკივრები ცნობილია. ესენი არიან რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, და პრეზიდენტი, რომელმაც მას sms-ის გახმაურებულ საქმეზე უმრავლესობის წევრებთან (ეკა ბესელია, მანანა კობახიძე) დაპირისპირებისას, ირიბად მხარი დაუჭირა.   

ელისაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ზაალ უდუმაშვილი - ნაციონალური მოძრაობა



“ნაციონალური მოძრაობის” 45 წლის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის უკანაც 25-წლიანი ჟურნალისტური კარიერაა. ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი მენეჯერი იყო და წლების განმავლობაში მიჰყავდა არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება “კურიერი”. შესაბამისად, მას ცნობადობის პრობლემა ნამდვილად არ აქვს, თუმცა ეს ფაქტი მას იმავდროულად ელექტორალურ პრობლემას უქმნის.

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატად უდუმაშვილის წარდგენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის და “ნაციონალური მოძრაობის” არამხოლოდ ღირებულებითი (როგორც ამას არხის ხელმძღვანელები აცხადებენ), არამედ საქმიანი კავშირებიც და ისიც, რომ თბილისის მერის პოსტზე ყოფილი ტელეწამყვანი გადაწყვეტილებას პარტიისგან დამოუკიდებლად ვერ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კანდიდატობას თავისი სურვილის წინააღმდეგ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნის გამო დათანხმდა, რაც შესაძლებელია “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებისთვის მისაღებია, მაგრამ უდუმაშვილს გამარჯვებისთვის არასაკმარისი.

მისი ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, პარტიამ ის კანდიდატად 26 ივნისს დაასახელა და იმ დღიდან პოზიციონირებს, როგორც “გაბრაზებული თბილისელების” კანდიდატი.

უდუმაშვილი აცხადებს, რომ მის პროგრამაში ძირითადი ყურადღება გამახვილდება დედაქალაქის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ინფრასტრუქტურაზე, უკანონო მშენებლობებზე, ავარიულ კორპუსებზე, საცობებსა და ეკოლოგიაზე. ყოფილი ტელეწამყვანის დაპირებებს შორისაა “სითი პარკის” პრობლემის მოგვარებაც, რომელსაც მისი თქმით, ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა.

ზაალ უდუმაშვილი მეუღლესთან განქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი.

ელენე ხოშტარია - ევროპული საქართველო



“სითი პარკის” ხელშეკრულება სწორედ იმ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაფორმდა, რომლის კანდიდატიც დღეს ზაალ უდუმაშვილია, მაგრამ ხელშეკრულების უშაულო ხელმომწერი დღეს სხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს. გიგი უგულავას პარტიის, “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი 38 წლის ელენე ხოშტარიაა.

ხოშტარია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის სათავეში იყო. იმავდროულად, ის პარტიის სახელით კენჭს იყრიდა ვაკის მეორე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მეორე ტურში მმართველი პარტიის კანდიდატთან ბიძინა გეგიძესთან დამარცხდა. პარტიულ საქმიანობამდე, 2007-2012 წლებში ხოშტარია ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

მან საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 14 ივლისს გამართა. პროგრამა ეკონომიკურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გაზრდას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნასა და ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. ამ მხრივ, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო მაგისტრალის გადატანას და ე. წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულებას ანიჭებს.

ელენე ხოშტარიას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

ადეკვატურად პასუხობს თუ არა კანდიდატების გზავნილები ამომრჩევლების მოთხოვნებს?

ყველა კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებებში თბილისის სივრცითი მოწყობის და ეკოლოგიის პრობლემები წინა პლანზეა. სოციოლოგები ამას სწორედ ამომრჩევლის დაკვეთით ხსნიან, რომელთა მოთხოვნები შეცვლილია. თბილისელებისთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ქალაქის მოწყობა, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და ეკოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პრობლემები, კერძოდ პენსიის მომატება, შემოსავლების ზრდა და დასაქმება კვლავ აქტუალურია.

სპეციალისტების თქმით, თუკი წარსულში, საქართველოს ამომრჩეველი თვითმმართველობის არჩევნებს ნაციონალური არჩევნებისგან არ განასხვავებდა და ხშირად პოლიტიკურ, ან ისეთ მოთხოვნებს უყენებდა კანდიდატებს, რომელსაც თვითმმართველობასთან ზოგჯერ კავშირიც არ ჰქონდა, წელს მისი დაკვეთა უფრო კომპეტენტური და ადეკვატურია. შესაბამისად, პოლიტიკოსებს უწევთ უფრო რელევანტური დაპირებების გაცემა და აქცენტის გაკეთება ამომრჩევლების რეალურ საჭიროებებზე.

როგორი შანსები აქვთ კანდიდატებს?

ამ მომენტისთვის კანდიდატების რეიტინგები ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა კვლევები, რა თქმა უნდა, ტარდება, და არაოფიციალური ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კახა კალაძის უპირატესობა სხვა კანდიდატებთან შედარებით საგრძნობია.

მეორე ადგილზე გასვლის რესურსი, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს აღარ აქვს და ზაალ უდუმაშვილს ამ პოზიციაზე ელისაშვილი ეცილება. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ორი კანდიდატის რეიტინგული მაჩვენებლების ზრდა გართულდება: უდუმაშვილის სისუსტე რეპუტაციულად მისი პარტიაა, ხოლო რეპუტაციის მხრივ მასზე ბევრად ძლიერი ელისაშვილის სისუსტე - დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსი: თბილისის მერობა საკრებულოს დეპუტატობაზე ბევრად მაღალი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, შესაბამისად, მას გაუჭირდება თბილისელების უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ ამ პოზიციაზე წარმატებულ საქმიანობას პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერის გარეშე შეძლებს.        

მესამე ადგილზეა ელენე ხოშტარია, რომელსაც სხვებთან შედარებით ცნობადობის პრობლემა აქვს, თუმცა მისი ამაღლების შემთხვევაში წინა ორ კანდიდატს კონკურენციას გაუწევს.

საკუთარი კანდიდატები ჯერ არ წარუდგენით “პატრიოტთა ალიანსს” და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ახალ "შენების მოძრაობას". თუმცა სოციოლოგების აზრით, ამ საარჩევნო რბოლაში ახალი ფიგურანტების გამოჩენა, კამპანიის მიმდინარეობას და არჩევნების შედეგებს დრამატულად ვერ შეცვლის.   

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს, არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება. შესაბამისად, კანდიდატების რეალურ შანსებზე ლაპარაკიც უფრო მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.

სხვა თემები