14 მაისი 2018 - 12:00

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები მართლაც სასარგებლოა თუ არა?

ფოტო: shutterstock.com

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები რა არის?

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები (ბად-ი) - ისეთი ნივთიერებებია, რომლებსაც ადამიანები, როგორც წესი, ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის იყენებენ. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ბად-ი წამალი არ არის, მას სამკურნალოდ არ იყენებენ. ეს არის ბუნებრივი ან ბუნებრივთან იდენტური წარმოშობის საკვები პროდუქტი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ზოგადად გამაჯანსაღებელი, მსუბუქად შარდმდენი, მატონიზირებელი, დამაშვიდებელი ან სხვა ტიპის ეფექტი სხვადასხვა ფუნქციურ მდგომარეობაში. მას იყენებენ დაავადებების რისკის შემცირებისთვის, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის ნორმალიზებისათვის. ბად-ი პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

როგორ გავარჩიო ბად-ი წამლისაგან?

ბიოლოგიურად აქტიური დანამატის შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს, რომ ეს ნივთიერება წამალი არ არის. თუ ასეთი წარწერა ვერ ნახეთ, შეგიძლიათ ბად-ის სახელწოდება ბაზებში გადაამოწმოთ. საქართველოში ყველა დარეგისტრირებული წამლის მოძიება ჯანდაცვის სამინისტროს სააგენტოს ვებრესურსზე შეიძლება.

ბად-ი მართლაც სასარგებლოა თუ არა?

სავარაუდოდ, ზოგჯერ სასარგებლოა. მაგალითად, დადასტურებულია, რომ სპორტული ვარჯიშების დროს ყველაზე ეფექტიანი კოფეინი და კრეატინია. ისინი აუმჯობესებენ ორგანიზმის უნარს, გაუძლოს ხანგრძლივ და ინტენსიურ დატვირთვას. მაგრამ ხშირად პირიქითაა, როგორც მაგალითად, პოპულარულ ადაპტოგენებთან (ვარდისფერი როდიოლა, ჟენშენი, ელეუტეროკოკი, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელს უწყობენ ადამიანს უკეთ აიტანოს სტრესი და უფრო გამძლე გახდეს) დაკავშირებით, რომელთა ეფექტიანობაც დადგენილი არ არის. ისევე როგორც ბად-ების უმრავლესობის. და საქმე ის არ არის, რომ ისინი საერთოდ არ შეუსწავლიათ. თქვენთვის საინტერესო საშუალება შეგიძლიათ შეამოწმოთ ამერიკის კომპლემენტარული და ინტეგრაციული მედიცინის ნაციონალური ცენტრის ვებგვერდზე

ბად-ები შეიძლება შეიცავდეს ეფექტის თვალსაზრისით პერსპექტიულ ნივთიერებებს, ზოგჯერ კი ასეთი დანამატები ყალიბდება წამლებად იმ შემთხვევაში, თუ ამ ნივთიერებას გამოარჩევენ, შესაბამისად შეამოწმებენ, მის სინთეზირებას მოახდენენ და გამოუშვებენ საკმარისი კონცენტრაციით. მაგალითად, ტირიფის ქერქის წყალობით ჩვენ მივიღეთ ასპირინი, ურთხელისაგან - პაკლიტაქსელი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებების დროს იყენებენ.

ზოგჯერ განსწავლული ექიმები პაციენტებს ბად-ებს მკურნალობისთვისაც უნიშნავენ. ეს ისეთ სიტუაციაში ხდება, როდესაც შესაფერისი წამალი არ იყიდება მაგრამ არსებობს თვისებებით მსგავსი საკვები დანამატები. ჩვეულებრივ, ეს ხდება გარკვეული ვიტამინების ან მიკროელემენტების დეფიციტის დროს, და ბად-ებს იყენებენ ერთ-ერთ მთავარ კომპონენტთან ერთად.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები უსაფრთხოა?

სულ ცოტა, ყოველთვის - არა. სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირებულა ბევრი შემთხვევა, როდესაც ბად-ების მიღებას მძიმე შედეგები მოჰყვა. ამის მიზეზი რამდენიმეა:

- მცენარეები, რომლისგანაც ხშირად აკეთებენ ბად-ებს, უამრავი კომპონენტისაგან შედგება. მათგან რომელიმეს მაინც თუ შეუძლია ადამიანის დახმარება, სხვამ შეიძლება მოულოდნელად ავნოს. ბად-ებისაგან განსხვავებით წამლები ხშირად შეიცავს ნივთიერებების კარგად გათვლილ რაოდენობას, რომელთა ეფექტი დეტალურადაა შესწავლილი.

- იმის მიხედვით, თუ სად იზრდებოდა მცენარე, რა პირობებში, მისი რა ნაწილებია გამოყენებული ბად-ის შესაქმნელად და როდის დაკრიფეს, ნივთიერებების კონცენტრაცია პარტიებს შორის შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მეტიც, ზოგჯერ ერთი და იმავე მცენარის სხვადასხვა სახეობას იყენებენ და ესეც შეიძლება სახიფათო იყოს.
   
- რეგისტრაციისა და წარმოების დროს ბად-ების მიმართ გაცილებით ნაკლებად მკაცრი მოთხოვნებია, ვიდრე წამლების რეგისტრაციის და წარმოების დროს. განვითარებულ ქვეყნებშიც კი სერიოზული პრობლემებია იმასთან დაკავშირებით, რომ ბად-ები დაბინძურებული აღმოჩნდება ხოლმე მძიმე ლითონებით, მწარმოებლები მათში ნამდვილ წამლებს და აკრძალულ ნივთიერებებს ამატებენ და ამას შეფუთვაზე არ უთითებენ.      

- ბად​​-ები შეიძლება რეაქციაში შევიდეს წამლებთან, რომლებსაც ადამიანი იღებს, შეამციროს მათი ეფექტიანობა და გამოიწვიოს სხვადასხვა არასასურველი რეაქცია. მაგალითად, ასე ხდება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს. ამიტომ, აუცილებელია ექიმს უთხრათ ყველა იმ წამლის და „ბიოლოგიურად აქტიური დანამატის“ შესახებ, რომელსაც იღებთ.

ბად-ი კოსმეტიკური პრობლემების მოგვარებას, მაგალითად, თმის ცვენას ან წონაში დაკლებას ხელს უწყობს?

ბად-ი წონის დაკლებაში შეიძლება დაგეხმაროთ მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ის სხვადასხვა წამლით იქნება გაზავებული. ეს მთელ მსოფლიოში ხდება.

თუ თქვენ არ გაქვთ რკინის ან რაიმე ვიტამინის დეფიციტი, ბად-ების მიღებას ფრჩხილების გამაგრებისთვის და თმის ცვენის წინააღმდეგ, აზრი არ აქვს. სჯობს ექიმს მიმართოთ, რომელიც დაადგენს თუ რა გჭირთ და დაგინიშნავთ მკურნალობას. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ რაიმე ბად-ი ასეთ დროს თავისთავად დაგეხმარებათ. მიუხედავად ამისა, არიან ბლოგერები, რომლებიც ხშირად აქებენ სხვადასხვა ბად-ს „სილამაზისათვის“, რაც ძალიან სერიოზული ბიზნესია.

თუ არაფერი მტკივა, შეიძლება მაინც მივიღო მულტივიტამინები, ომეგა-3, ანსტიოქსიდანტები?

სავრაუდოდ, არა. მასშტაბურ კვლევებში ხშირად ადგენენ, რომ რაღაც კონკრეტული პროდუქტი, (მაგალითად, თევზის ქონი) დაკავშირებულია უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესთან და დასნეულების (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით) ნაკლებ რისკთან. მაგრამ თუ ამ პროდუქტებიდან გამოვყოფთ განსაკუთრებით პერსპექტიულ ნივთიერებებს, ასეთი დანამატები მსგავს ეფექტს არ ახდენს. მაგალითად, ომეგა-3, რომელსაც თევზის ქონი შეიცავს, სავარაუდოდ, არ იცავს ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებისაგან.

წყარო: Meduza

სხვა თემები