24 ივლისი 2017 - 16:33

კლავს თუ არა ანესთეზია - როგორ დავიცვათ თავი?

რა გულისხმობთ ანესთეზიაში? ნარკოზს?

არამხოლოდ. არსებობს ანესთეზიის სამი მთავარი განმარტება: ზოგადი ანესთეზია, სედაცია და ადგილობრივი ანესთეზია. ზოგადი ანესთეზია, ანუ ნარკოზი - როგორც მას ადრე უწოდებდნენ - არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სრულიად გაუტკივარებულია და "სძინავს" (სინამდვილეში, ამ მდგომარეობას ძილს ვერ დაარქმევ, რადგან მისი მექანიზმი სხვაა და ასეთ დროს ადამიანის გაღვიძება ხმაურით ან რყევით შეუძლებელია). გარდა ამისა, პაციენტის კუნთები მოდუნებულია პრეპარატების საშუალებით, ხდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. სედაციის დროს, ადამიანს "ნახევრად ღვიძავს" და ყველაფერზე შენელებულად რეაგირებს. ღრმა სედაციის დროს, პაციენტი შეიძლება უგონოდ იყოს. ადგილობრივი ანესთეზიის დროს მგრძნობელობა დაკარგული აქვს სხეულის კონკრეტულ ნაწილს.

ადამიანები ანესთეზიისგან მართლაც ხშირად იღუპებიან?

არა, ეს იშვიათად ხდება - 200-300 ათას შემთხვევაში ერთხელ. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, მაგალითად, წნევის მკვეთრი ვარდნის გამო, სასუნთქი გზების გამტარობის დარღვევისას ან თავის ტვინში ჟანგბადის კონცენტრაციის კლების დროს. ინჰალაციური ანესთეზიის დროს, როდესაც ადამიანი მედიკამენტს შეისუნთქავს, 10-50 ათას შემთხვევაში ერთხელ შეიძლება განვითარდეს ავთვისებიანი ჰიპერთერმია - მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურა მკვეთრად იმატებს, კუნთები იშლება და არასწორი მკურნალობის შემთხვევაში პაციენტი იღუპება. ხშირად ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია ანესთეზიის დროს ადამიანის ანაფილაქსიით დაღუპვის შესახებ. ეს სწრაფი ალერგიული რეაქციაა, რომელიც 10-20 ათასი ანესთეზიის შემთხვევიდან ერთხელ ხდება.

ალერგიული რეაქცია - რაზე?

მაგალითად, ანესთეზიის პრეპარატებზე. მაგრამ ალერგიული რეაქცია შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ სხვა წამალზეც, რომელიც პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ. ანაფილაქსია ყოველთვის სიკვდილით არ სრულდება, ის შეიძლება კანის უბრალო გაწითლებაში გამოვლინდეს. ნამდვილად საშიში გართულებები ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ შეუძლია სუნთქვა სასუნთქი გზების სპაზმის გამო და მისი გულის ცემა ხდება სწრაფი და არასწორი. ასეთ რეაქციას ანაფილაქსიური შოკი ჰქვია. ის ანესთეზიის სხვა შემთხვევებთან შედარებით, იშვიათია.

როგორ დავიზღვიო თავი ასეთი შემთხვევისგან?

ანაფილაქსიური შოკისგან 100%-ით თავის დაზღვევა შეუძლებელია. მაგრამ რისკის შესამცირებლად ანესთეზიოლოგები პაციენტებს ძალიან დეტალურად ეკითხებიან ხოლმე წამლებსა და პროდუქტებზე შესაძლო ალერგიის არსებობის შესახებ. საკვებ პროდუქტებზე ალერგიის არსებობა გარკვეული მედიკამენტების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს. მაგალითად, კვერცხზე და სოიაზე ალერგიის დროს არ შეიძლება პროპოფოლის გამოყენება. ანაფილაქსიის თავიდან ასაცილებლად, ანესთეზიოლოგები ოპერაციამდე ანტიჰისტამინურ პრეპარატებს და გლუკოკორტიკოიდულ ჰორმონებს იყნებენ, რომლებიც ამცირებენ ალერგიული რეაქციის გამოვლენას. ამ რეკომენდაციას არასაკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევენ და ხშირად აკრიტიკებენ.

არანაირი სინჯის გაკეთება არ შეიძლება?

შეიძლება, მაგრამ მას ძალიან იშვიათად აკეთებენ. ანესთეზიის პრეპარატზე რეაქციის გამოსავლენად სინჯებს შემდეგნაირად იყენებენ: პაციენტს ძლიერად გაზავებულ პოტენციურ ალერგენს უკეთებენ. ასეთი სინჯების გაკეთება სპეციალიზებულ ცენტრებში მხოლოდ ალერგოლოგებს შეუძლიათ. ეს საკმაოდ ძვირი და ხანგრძლივი პროცედურაა, რომელსაც ყველგან არც აკეთებენ.

ჩვეულებრივ, სინჯებზე ლაპარაკისას, ადამიანები უფრო იოლ მეთოდს გულისხმობენ, როდესაც ანესთეზიამდე მისი შემადგენელი ნივთიერება გაზავებული სახით ადამიანის ორგანიზმში მცირე დოზით შეჰყავთ და რეაქციას აკვირდებიან, რაც ძალიან ცუდი იდეაა. ჯერ ერთი, რეაქცია შეიძლება არ იყოს დამოკიდებული წამლის დოზაზე და მეორეც, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ალერგია. ნივთიერებასთან პირველი კონტაქტის დროს რეაქცია შეიძლება არც მოხდეს, მაგრამ ორგანიზმი მას დაიმახსოვრებს, როგორც რაღაც ცუდს (წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული სენსიბილიზაცია) და შემდეგ შეხვედრაზე გაჩნდება ალერგიის სიმპტომები. შესაბამისად, თუ სინჯი - ორგანიზმის ნივთიერებასთან პირველი კონტაქტია, რეაქცია არ იქნება, ხოლო ოპერაციის დროს უკვე არავინ იცის, რა მოხდება.

ზოგადად შეიძლება თუ არა იმის გარკვევა, რომ ადამიანი რისკის ჯგუფშია?

შეიძლება. თუ ადამიანს ერთხელ უკვე ჰქონდა ალერგიული რეაქციები (რაიმეზე), ის ანესთეზიის დროს უკვე არის ალერგიის განვითარების რისკის ჯგუფში. თუ მას რამდენიმე ოპერაცია გაკეთებული აქვს, ყოველ ჯერზე ანაფილაქსიური რეაქციის რისკი იზრდება, რადგან იზრდება ის ეგრეთ წოდებული სენსიბილიზაცია ანუ პრეპარატის მიმართ მგრძნობელობა. თუმცა ზოგჯერ ანაფილაქსიური რეაქცია ორგანიზმში წამლის პირველივე შეყვანის დროს ვლინდება. საქმე ის არის, რომ ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ხვდება ამ ან მსგავს ნივთიერებას ისე, რომ თავადაც არ იცის. შეიძლება მას საკვებ პროდუქტთან ერთად იღებდეს, და შესაბამისად, ორგანიზმი ალერგენს იმახსოვრებს.

ანაფილაქსიური შოკის მდგომარეობაში ადამიანის გადარჩენა შეიძლება?

დიახ, მაგრამ შანსი გაცილებით მაღალია თუ ანესთეზიოლოგიური სამუშაო გარემო სწორად არის ორგანიზებული: ტარდება სასიცოცხლო ფუნქციების (სისხლში ჟანგბადის შემცველობის, არტერიული წნევის, ტემპერატურის, გულის მუშაობის) მონიტორინგი, ხდება ჟანბადის მიწოდება, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და ანაფილაქსიის მკურნალობისთვის საჭირო ყველა პრეპარატი ადგილზეა. საქმე ის არის, რომ ანესთეზიოლოგის სამუშაო გარემოს სწორი აღჭურვა საკმაოდ ძვირია. ამიტომ, მაგალითად, სტომატოლოგიურ კლინიკებში ხშირად გარედან იწვევენ ანესთეზიოლოგებს, რომლებიც მზად არიან არასაკმარისი რესურსების პირობებში იმუშაონ და ზოგჯერ მომსახურებაზე ლიცენზიის არმქონე კლინიკებსაც თანხმდებიან. ყველა შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს აფთიაქი მედიკამენტებით, რომლებიც საჭიროა ანაფილაქსიური შოკის დროს. თუ პაციენტს ეს რეაქცია განუვითარდა, საჭიროა სასწრაფო დამხარების გამოძახება, ადრენალინის, ჟანგბადის გამოყენება და გულის და ფილტვის რეანიმაცია.

აბსოლუტურად უსაფრთხო ანესთეზიის გაკეთება არ შეიძლება?

ეს უცნობია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ანესთეზია ბევრად უსაფრთხო გახდა. იქმნება ახალი პრეპარატები და მუშავდება ახალი მეთოდები ანესთეზიისთვის, ტარდება კვლევები იმ მიდგომების აღმოსაჩენად, რომლებიც რისკებს მინიმუმადე შეამცირებს. მაგალითად, თანამედროვე რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ანესთეზიამდე ადამიანს უნდა ჩაუტარდეს კვლევა, რაც გართულებების განვითარების რისკფაქტორებს გამოავლენს. და თუ ადამიანს ელექტროკარდიოგრაფიის დროს აღმოაჩნდება გულის რიტმის დარღვევა, მას თავდაპირველად კარდიოლოგთან გაუშვებენ. ამბულატორიულ ანესთეზიოლოგიაში, როდესაც ადამიანი სახლში იმავე დღეს ბრუნდება, ამ რეკომენდაციებს ხშირად უგულებელყოფენ.

წყარო: Meduza​

სხვა თემები