01 იანვარი 2019 - 23:55

ხელოვნური ნაძვის ხე უფრო უსაფრთხოა, თუ ნამდვილი?

ნაძვისხე

ფოტო: shutterstock.com

ახალი წელი მორთული ნაძვისხის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთ დღეებში ის თითქმის ყველას სახლს ამშვენებს. თუმცა ერთნი უპირატესობას ხელოვნურ ნაძვისხეს ანიჭებენ, სხვებისთვის კი მისაღები - ნამდვილი ნაძვისხეა. ხელოვნური ნაძვისხის სასარგებლოდ არჩევანს ხშირად ისინი აკეთებენ, ვისაც მიაჩნია, რომ ცოცხალი ნაძვისხეების ყიდვა გარემოსთვის დამაზიანებელია.

რად უნდა დავა იმას, რომ ტყეში ნაძვისხის მოჭრა გარემოსთვის საზიანოა?

ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჯერ ერთი, ნაძვისხეებს, რომლებსაც ახალი წლის და შობის დღეებში ყიდიან, როგორც წესი სპეციალურ ნაკვეთებში (პლანტაციებში) აშენებენ ან ისეთ ადგილებში ჭრიან, სადაც ისინი მაინც ვერ გაიზრდებიან - მაგალითად, ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ. მეორეც, ხელოვნური ნაძვისხეების წარმოება გარემოს იმაზე მეტად აზიანებს, ვიდრე ცოცხალი ნაძვისხეების მოჭრა.

2009 წელს, კანადურმა საკონსულტაციო კომპანიამ Ellipsos გამოაქვეყნა დეტალური დამოუკიდებელი კვლევა ნამდვილი და ხელონური ნაძვისხეების გარემოზე გავლენის შესახებ. ამისთვის მათ ერთმანეთს შეადარეს კვებეკის პლანტაციაში გაზრდილი და ჩინეთში წარმოებული ორმეტრიანი ხელოვნური ნაძვისხეების სასიცოცხლო ციკლები. მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს ის, თუ როგორ აისახებოდა ნაძვისხეების წარმოება, ტრანსპორტირება და გავრცელება ადამიანის ჯანმრთელობაზე, კლიმატზე, ეკოსისტემასა და ბუნებრივი რესურსების მარაგებზე. ამასთან, გაითვალისწინეს, მაგალითად, რამდენი პესტიციდი გამოიყენეს ნატურალური ხის გასაზრდელად, რამდენი მავნე ნივთიერება გაიფრქვა ატმოსფეროში ხელოვნური ნაძვისხეების წარმოებისას და რამდენი - მაღაზიიდან მყიდველამდე გადაზიდვის პროცესში.

აღმოჩნდა, რომ მთლიანობაში ხელოვნური ნაძვისხე უფრო ეკოლოგიურია ნატურალურზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მას 20 წლის განმავლობაში გამოიყენებს. ამასთან, კანადაში ადამიანები ერთსა და იმავე ნაძვისხეს ამდენი ხნის განმავლობაში არ იყენებენ და მას საშუალოდ ყოველ 6 წელიწადში ერთხელ ცვლიან.

„გრინპისი“ რას ამბობს?

მათ ვისაც ბუნებისთვის ნაკლები ზიანის მიყენება სურს, ნატურალურ ნაძვისხეს ყიდულობს, თუმცა საჭიროა იმაში დარწმუნება, ბრაკონიერულია ის თუ არა. „გრინპისის“ რეკომენდაციაა ნაძვისხის ყიდვა ლეგალურ სივრცეებში, მაგალითად, სპეციალურ ბაზრებზე და მაღაზიებში.

კანადელ მკვლევრების მსგავსად „გრინპისს“ მიაჩნია, რომ პლასტიკური ნაძვისხეების წარმოება და უტილიზაცია გაცილებით მეტ ზიანს აყენებს ბუნებას, ვიდრე ნამდვილების გაზრდა და გაყიდვა. გარდა ამისა, ეკოლოგები აღნიშნავენ, რომ ვიდრე ცოცხალი ნაძვისხე იზრდება, ის შთანთქავს ნახშიროჟანგს, ხოლო სასათბურე გაზების შემცირება ატმოსფეროში გლობალურ დათბობას ანელებს.

იმავდროულად, ხელოვნური ნაძვისხეების გამოყენება ბევრი წლის განმავლობაში ეკონომიურიც არის, წიწვებიც არ სცვივა და დასაკეცი ნაძვისხის შენახვა სახლში გაცილებით იოლია, ვიდრე ნამდვილის სახლიდან გატანა და გადაგდება. თუ ეს არგუმენტები დანარჩენს აჭარბებს, ხელოვნურის ყიდვაც შეიძლება.

ესე იგი ხელოვნური ნაძვისხის გამოყენება გარემოს უფრო აზიანებს, ვიდრე ნამდვილის?

დიახ. მაგრამ ეს ზიანი შედარებით მცირეა. Ellipsos-ის მკვლევრები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც წელიწადში რამდენიმე კვირის განმავლობაში უარს ამბობენ ავტომობილის გამოყენებაზე, თავისი ნაძვისხით გამოწვეული ზიანის კომპენსაციას ახდენენ, იმის მიუხედავად, ეს ნაძვისხე ნამდვილი იყო თუ ხელოვნური.

სხვა თემები