12 იანვარი 2019 - 22:13

რას ეძებენ მთვარეზე დიდი სახელმწიფოები?

მთვარე

ფოტო: shutterstock.com

2019 წლის 3 იანვარს მთვარეზე ჩინური სადგური Chang'e-4 დაეშვა. ისტორიაში პირველად, ის მთვარის მეორე, შეუსწავლელ მხარეს დაჯდა. ინდოეთი ასევე ემზადება თავისი აპარატის დასმისათვის თებერვალში. მთვარის პროგრამებს სხვა ქვეყნებიც ამზადებენ. მეცნიერების თქმით, 2019 წელს მთვარესთან დაკავშირებული ახალი გამალებული რბოლა დაიწყება, მაგრამ აშშ-ის და სსრკ-ის წარსული შეჯიბრებისაგან განსხვავებით, მონაწილეების რიცხვი გაიზარდა და მათი მიზანი დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე ადამიანის დასმა არ არის.

პირველი რბოლა ძალიან ძვირი იყო

პირველი სამთვარეო რბოლა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ 1961 წელს გამოაცხადა. მომდევნო ათწლეულებში ამერიკული კოსმოსური პროგრამის მთავარი მიზანი - ასტრონავტების მთვარეზე დასმა იყო.

ბოლო წლებში, ვიდრე კოსმოსურ ხომალდ „აპოლონი-11“-ს გაუშვებდნენ, რომელმაც ადამიანები მთვარეზე დასვა, პროგრამაზე კოსმოსური სააგენტო NASA-ს უზარმაზარი ბიუჯეტის ორი-მესამედი იხარჯებოდა. ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით, მთლიანობაში პროგრამა „აპოლონი“ აშშ-ს, 2016 წლის ფასების თანახმად, 120 მილიარდი დოლარი დაუჯდა. მას შემდეგ ამერიკელებს კოსმოსზე ამდენი თანხა არასდროს დაუხარჯავთ.   

ამ თანხით, ამერიკელებმა მთვარეზე 6 აპარატი დასვეს (კიდევ ერთი იძულებით დაბრუნდა დედამიწაზე ავარიის გამო). გარდა ამისა, იქ იყო 12 ასტრონავტი, რომლებმაც მთვარეზე სულ 12 დღე დაჰყვეს და დედამიწაზე 382 კილოგრამი მთვარის გრუნტი ჩამოიტანეს. ბოლო ორი მისია NASA-ს ბიუჯეტის შემცირების გამო გადაიდო.

საბჭოთა კავშირი (სსრკ) რბოლას დაგვიანებით შეუერთდა და დამარცხდა. მან მთვარეზე 4 რაკეტა-მატარებელი Н-1 გაუშვა, რაც თანამგზავრზე კოსმონავტებიანი ხომალდის გასამგზავრებლად აუცილებელი იყო. ოთხივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 1966 წლიდან მთვარეზე დაჯდა 7 საბჭოთა ავტომატური აპარატი; მათგან სამმა დედამიწაზე რამდენიმე ასეული გრამი მთვარის გრუნტი ჩამოიტანა. 1976 წლის შემდეგ მთვარეზე საბჭოთა აპარატები აღარ გაუშვიათ.

მთვარე საფეხურია შორეული კოსმოსის შესასწავლად

ახლა მსოფლიოს საპილოტე კომონავტიკა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთანაა (International Space Station) დაკავშირებული, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ხანგრძლივი ექსპედიციები მიემართება. სადგურის შესანახი ხარჯების დაახლოებით ნახევარი აშშ-ზე მოდის (ყოველწლიურად დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი). პროგრამა ISS-ი 2024 წლამდეა გათვლილი, რის შემდეგაც ამერიკელებს მასზე ფულის დახარჯვა აღარ უნდათ. 

NASA-მ ISS-ის და მთლიანად პლანეტის მიმდებარე დაბალი ორბიტის კომერციულ გამოყენებაზე გადასვლის გეგმა შეიმუშავა, გამოთავისუფლებულ თანხებს კი აშშ შორეული კოსმოსის შესწავლაზე დახარჯავს და ამას მთვარით დაიწყებს. კერძოდ, მთვარის ორბიტაზე იგეგმება ახალი სადგურის, „გეიტუეის“ აშენება, სადაც შეიქმნება საწვავის მარაგები მომავალი ექსპედიციებისთვის მარსზე გასამგზავრებლად. ამერიკული გეგმის თანახმად, დედამიწასთან დაახლოებულ ორბიტაზე ტვირთს და კოსმონავტებს კერძო კომპანიები მოემსახურებიან.

როდესაც „საერთშორისო კოსმოსური სადგურის“ ბედი გადაწყდა, მთვარით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მთვარესთან დაკავშირებული საკუთარი პროგრამები აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს, იაპონიას, ინდოეთს, რუსეთს და ჩინეთს (ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საპილოტე ხომალდებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ არ უშვებს). ყველა ეს ქვეყანა მთვარის ორბიტაზე ან უშუალოდ თანამგზავრზე, ბაზების აშენებას გეგმავს, რომ ისინი შორეულ კოსმოსში ფრენებისთვის გამოიყენოს.

ამერიკელები მთვარიდან მარსზე გაფრენას აპირებენ

2020 წელს აშშ აპირებს დაასრულოს თავისი კოსმოსური ხომალდის „ორიონის“ გამოცდა, რომელსაც გავარვარებულ ორბიტაზე შეუძლია გაფრენა. როდესაც „ორიონები“ და ახალი მძიმე რაკეტა SLS-ი მზად იქნება, აშშ სადგურ „გეიტუეის“ აშენებას დაიწყებს. სადგურის პირველი ელემენტების მთვარეზე გაგზავნა 2022 წელს იგეგმება, პირველი ასტრონავტების - 2023 ან 2024 წლებში. ზუსტად ამ დროისთვის იხურება „საერთშორისო კოსმოსური სადგური“ (ISS). სადგურზე ყოფნას შეძლებს ოთხი ადამიანი, თითოეული ექსპედიციის ხანგრძლივობაა 90 დღე. სადგურის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ყველა მსურველი: როგორც სახელმწიფოები, ისე კერძო კომპანიები.

საგურიდან „გეიტუეი“ ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე გადასვლას შეძლებენ. მაგრამ მთავარი მიზანი ეს არ არის: სადგური გახდება ბაზა აპარატებისა და ადამიანების გაგზავნისთვის შორეულ კოსმოსში; 2030 წელს ამ ადგილიდან უნდა გაემგზავროს მარსზე პირველი ექსპედიცია. ეს მისია რომ წარმატებული იყოს, „გეიტუეიზე“ ჩატარდება კვლევები დედამიწის დაბალი ორიბიტის მიღმა ადამიანების ხანგრძლივ ყოფნაზე. ამან შეიძლება შორეულ კოსმოსში საპილოტე ფრენების მთავარი პრობლემა გადაწყვიტოს: ადამიანები უნდა დაიცვან მზის რადიაციისა და გალაქტიკური კოსმოსური სხივების ზეგავლენისაგან; გამოსცდიან რადიაციის საწინააღმდეგო პრეპარატებს და დამცავ ტანსაცმელს

სპეციალისტების თქმით, ახლა ამერიკულ პროგრამას თანმიმდევრულობა აკლია. პროგრამა Gateway და მარსზე გაფრენა 2017 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის ახალმა მეთაურმა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ყოველ შემთხვევაში, პროგრამა Constellation-ი, რომელიც 2009 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა (ის გულისხმობდა ასტრონავტების მთვარეზე გაფრენას 2019 წელს, ასტეროიდზე გადასვლას და მარსზე გაფრენას 2020-იან წლებში) გაუქმდა; მისგან მხოლოდ „ორიონის“ ხომალდის დიზაინი დარჩა. გარდა ამისა, არსებობს ეჭვი, რომ NASA-ს ყველა ამბიციური გეგმისთვის ფული არ ეყოფა: პროგრამა „აპოლონის“ პიკზე 1965 წელს აშშ მასზე თავისი ბიუჯეტის 5%-ზე მეტს არ ხარჯავდა. ახლა კოსმოსზე ამერიკა საბიუჯეტო თანხების 0,4%-ს ხარჯავს.

ჩინეთის მთვარის პროგრამა ძალიან ამბიციურია

ჩინეთის პროგრამა ფორმალურად ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, როდესაც მთვარეზე Chang'e-3 დაეშვა. ეს იყო 42 წლის განმავლობაში პირველი აპარატი, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე დაჯდა. მისია შეფერხებებით წარიმართა: მთვარეზე ატანილი როვერი უმალ გატყდა. 2019 წლის 3 იანვარს, მთვარის შეუსწავლელ ნაწილზე დაჯდა აპარატი Chang'e-4, ამჯერად წარმატებით. მომდევნო, 2019 წლის ბოლოს დაგეგმილმა მისიამ, სსრკ-ის 50 წლის წინანდელი მიღწევა უნდა გაიმეოროს: ახალი აპარატი მთვარის გრუნტის ფრაგმენტებს შეაგროვებს, რომლებიც დედამიწაზე უნდა გაიგზავნოს. პირველი ჩინური საპილოტე გაფრენა მთვარეზე 2036 წელს იგეგმება. ამავე დროს გეგმავს ჩინეთი მთვარის ბაზის აშენებას. პეკინს სურს კოსმოსური ზესახელმწიფო და აშშ-ის კონკურენტი გახდეს.

ჩინეთმა პირველი საპილოტე ხომალდი ჯერ კიდევ 2003 წელს გაუშვა და ამისთვის ტექნოლოგიები რუსეთისგან იყიდა. მას შემდეგ ორბიტაზე ჩინეთის 12 მოქალაქე იმყოფებოდა. ჩინეთი, რომელიც „საერთშორისო კოსმოსურ სადგურზე“ არ მიიწვიეს, საკუთარი ორბიტული სადგურის „ტიანგუნის“ შექმნას შეეცადა. 2011 წელს ის ორბიტაზე გაიყვანეს და მასზე ორი ექსპედიცია გაფრინდა, მაგრამ შემდეგ ის მიატოვეს და 2018 წელს დედამიწის ატმოსფეროში დაიწვა.

ახალი უფრო მასშტაბური სადგური 2020 წელს ამუშავდება. იმავდროულად ჩინეთი ფულს ხარჯავს პროექტებზე, რომლებსაც სავარაუდოდ სამხედრო დანიშნულებაც აქვს: მაგალითად, აპარატი „კოსმოსური ნაგვის შეგროვებისათვის“, რომელსაც შეუძლია კოსმოსური აპარატების გამანადგურებელი თანამგზავრების და რაკეტების დაჭერა და ატმოსფეროში გასროლა, რითაც აშშ-ს ძალიან აშინებს. თუმცა ჩინეთს ყველა შესაძლებლობა აქვს თავისი კოსმოსური პროგრამის დაჩქარებისათვის - მას შეუძლია სხვის ტექნოლოგიებსა და რესურსებზე წვდომის მოპოვება. პეკინმა უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას ევროპულ კოსმოსურ სააგენტოსთან „მთვარის სოფლის“ მშენებლობაზე და რუსეთთან - შორეული კოსმოსის შესწავლაზე. აშშ-სთან თანამშრომლობა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ამას ამერიკული კანონი კრძალავს.

რუსეთი მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2030 წლიდან რეგულარულად გეგმავს

რუსეთის გეგმები საპილოტე კოსმონავტიკის მომავალთან დაკავშირებით ხშირად იცვლება. ახლა „როსკოსმოსი“ და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია მთვარის ახალ პროგრამას ამზადებენ და ის 2019 წლის გაზაფხულზე მზად უნდა იყოს. წინასწარი მონაცემებით, რუსეთი აპირებს ჩინეთს და 50 წლის წინანდელ საბჭოთა კავშირს დაეწიოს. 2020-იან წლებში იგეგმება მთვარეზე „საერთშორისო კოსმოსური სადგურის“ რუსული სეგმენტის გაგზავნა, რომლისგანაც მთვარის ორბიტულ ბაზას ააშენებენ. 2030-იან წლებში მთვარის რუსული ბაზის მშენებლობა უნდა დაიწყოს, სადაც კოსმონავტები ახალი კოსმოსური აპარატებით რეგულარულად იფრენენ.

რუსეთისთვის მნიშვნელოვანია თავისი მთვარის პროგრამიდან რაიმე მაინც წარმატებით განახორციელოს, რომ 2024 წლის შემდეგ, როდესაც „საერთაშორისო კოსმოსური სადგური“ არსებობას შეწყვეტს, წამყვანი კოსმოსური სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნოს. თუმცა ამისთვის მას შეიძლება არ ეყოს, როგორც ფული, ასევე ორგანიზაციები და სანდო პარტნიორები.

თანამშრომლობის მხრივ მოსკოვს პროლემები აქვს. ევროკავშირთან და ჩინეთთან ერთობლივი პროექტები ბუნდოვანია, ხოლო აშშ-სთან თანამშრომლობის წინადადებები რუსეთისთვის არახელსაყრელია. ჯერ კიდევ ერთი წლის არსებობდა გეგმა, რომ პირველი რუსი კოსმონავტი მთვარეზე 2024 წელს ამერიკული „ორიონით“ გაფრინდებოდა და სადგურ „გეიტუეიზე“ რუსული წარმოების მოწყობილობას დაამონტაჟებდა. მაგრამ ახლა ამერიკულ-რუსული პროექტის ბედი გაურკვეველია. 2018 წლის შემოდგომაზე, „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი სადგურის შექმნაში მეორეხარისხოვან როლს არ დასჯერდება; შემდეგ დაუშვა, რომ რუსეთი პროექტს „სრულუფლებიან მონაწილედ“ შეუერთდება; 9 იანვარს თქვა, რომ აშშ მთვარეზე გაფრენას არამხოლოდ თავისი, არამედ რუსული ხომალდებითაც აპირებს. NASA-ს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ამასთან ვაშინგტონმა როგოზინის ამერიკაში ვიზიტი გააუქმა.

მთვარეზე გაფრენა სხვა სახელმწიფოებსაც სურთ

მთვარის ათვისებასთან დაკავშირებით გეგმები აქვთ, მაგრამ ნაკლებად ამბიციური, ევროკავშირს, ინდოეთს და იაპონიასაც. ევროკავშირი მთვარის ბაზის ასაშენებლად პარტნიორს ირჩევს - ბრიუსელს ერთობლივი პროექტები აქვს ჩინეთთანაც და რუსეთთანაც; ევროპული კონცერნი Airbus-ი მონაწილეობას მიიღებს ამერიკული სადგურის, „გეიტუეის“ შექმნაში. ინდოეთი და იაპონია ჯერჯერობით დამოუკიდებლად მუშაობენ, მაგრამ მთვარეზე მათი აპარატების გაშვება მუდმივად გადაიდება ხოლმე. დღევანდელი გეგმებით, იაპონური აპარატი მთვარეზე 2020 ან 2022 წელს უნდა დაჯდეს. ინდურ აპარატს მთვარეზე დასაშვებად 2019 წლის თებერვალში გაგზავნიან. მანამდე ინდოეთი რუსულ პროგრამაში აპირებდა მონაწილეობას: „მთვარე-25“ თავდაპირველად მთვარისკენ ინდურ რაკეტა-მატარებელს უნდა გაეყვანა, შემდეგ ინდოეთმა პროექტი დატოვა, ახლა კი შეიძლება რუსეთს გაუსწროს.

წყარო: Meduza

კომენტარები ()

სხვა თემები