06 თებერვალი 2019 - 22:44

რატომ ცოცხლობენ ქალები კაცებზე დიდხანს? გარჩევა

ფოტო: shutterstock.com

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე კაცები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 72 წელი იყო. ამავე მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებში 74 წელსა და 2 თვეს შეადგენდა, კაცებში - 69 წელსა და 8 თვეს. 2010 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 100 წელს გადაცილებული 53364 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან მხოლოდ 9126 იყო კაცი, 44202 კი - ქალი. რატომ ცხოვრობენ ქალები უფრო დიდხანს ვიდრე კაცები? BBC წერს, რომ ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი - გენებია. 

გენები რა შუაშია?

ადამიანთა სიკვდილიანობის მონაცემთა ბაზა 40 ქვეყნის სტატისტიკურ მონაცემებს მოიცავს. ის კვლევითი დანიშნულებით ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტმა და მაქს პლანკის სახელობის დემოგრაფიული კვლევების ინსტიტუტმა შექმნეს.

ამ ბაზაში შვედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1751 წლის შემდგომ მონაცემებს მოიცავს, საფრანგეთის მონაცემები 1816 წლიდან არის დათვლილი, ხოლო რუსეთის და იაპონიის - მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა წლებიდან.

მეცნიერთა თქმით, თუ ყველა ქვეყნის ნებისმიერი წლის მონაცემებს გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ალბათობა ქალებს დაბადებიდანვე მეტი აქვთ, ვიდრე კაცებს: როგორც ჩანს, ისინი თავიდანვე გაცილებით დაუცველები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ კაცებად იბადებიან.

მეცნიერებები ამბობენ, რომ მამრობითი სქესის ემბრიონები უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე მდედრობითი; რომ 20-30%-ით მეტი ბიჭი იღუპება ფეხმძიმობის გვიან პერიოდში; 14-%-ით მეტი ბიჭი დროზე ადრე იბადება; ასევე ბიჭები, როგორც წესი, ტანად უფრო დიდები არიან და ამიტომ მშობიარობის ტრავმების საფრთხეც მეტი აქვთ.

ადამიანის სქესი წყვილი სქესობრივი ქრომოსომით განისაზღვრება: ქალების შემთხვევაში ეს არის ორი იქს-ქრომოსომა, კაცების შემთხვევაში კი - იქსი და იგრეკი.
ქრომოსომები შეიცავენ გენებს. მეცნიერთა განმარტებით, იქს-ქრომოსომა გაცილებით ძლიერი და უფრო მეტი გენის მატარებელია, რაც ადამიანს გადარჩენაში ეხმარება. იგრეკ-ქრომოსომაში კი ნაკლები გენია.

რადგანაც იქს-ქრომოსომა სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან მეტ გენს ატარებს, ამიტომ მასში წარმოქმნილ პრობლემას კაცისთვის უფრო სავალალო შედეგი მოაქვს, ვიდრე ქალისთვის, რომელსაც „სარეზერვო“ ანუ მეორე იქს-ქრომოსომა აქვს.

საინტერესოა, რომ ფრინველებში ეს ყველაფერი პირიქითაა. მამრობითი სქესის ფრინველებს აქვთ ორი იქს-ქრომოსომა, ამიტომაც ისინი მდედრებზე დიდხანს ცოცხლობენ.

და ჰორმონები?

მოზარდობის პერიოდში გოგოებისა და ბიჭების ორგანიზმში სერიოზული ცვლილებები ხდება. კაცის ჰორმონი-ტესტოსტერონი - გავლენას ახდენს ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ არის კაცი ქალზე ფიზიკურად ძლიერი. ტესტოსტერონი პასუხისმგებელია კაცის სხვა მახასიათებლებზეც. მაგალითად, დაბალი ხმის ტემბრს ან გულ-მკერდზე ჭარბთმიანობას სწორედ ეს ჰორმონი განსაზღვრავს.

კაცთა შორის სიკვდილიანობა გვიან მოზარდობის პერიოდში იმატებს, რადგან ამ დროს ტესტოსტერონის მაჩვენებელიც იზრდება. მსგავს კავშირს მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ამ ასაკში ტესტოსტერონის მატება კაცებს სხვადასხვა სარისკო ქმედებებისკენ უბიძგებს. მაგალითად, ფიზიკური დაპირისპირებისკენ, მოტოციკლეტის ან მანქანის მაღალი სიჩქარით ტარებისკენ და სხვა მძაფრი შეგრძნებების ძიებისკენ. გარდა ამისა, კაცები უფრო მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ.

რამდენიმე წლის წინ, სამხრეთკორეელმა მეცნიერმა ხან ჰამ ფხარმა საიმპერატორო კარის, ჩოსონის დინასტიის (მე-19 საუკუნე) ჩანაწერები შეისწავლა. მან გამოიკვლია მონაცემები, რომლებიც 81 საჭურისს ეხებოდა. ისინი მანამდე დაკოდეს, ვიდრე სექსუალური სიმწიფის ასაკს მიუახლოვდებოდნენ. მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ საჭურისებმა დაახლოებით 70 წელს იცოცხლეს, მაშინ როდესაც საიმპერატორო კარის სხვა კაცებმა საშუალოდ მხოლოდ 50 წლამდე მიაღწიეს. მეტიც, სამმა საჭურისმა 100 წელზე მეტ ხანს იცოცხლა.

მეცნიერებს ის ცნობილი ფაქტიც მოჰყავთ, რომ კაცები, ისევე როგორც ეს ცხოველებშია, რომელთაც სათესლეები ამოაცალეს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამრობითი სქესის ის წარმომადგენლები, რომლებიც არ დაუკოდავთ.

თუმცა საქმე მხოლოდ კაცურ ჰორმონში არ არის. აღმოჩნდა, რომ ქალური ჰორმონი ესტროგენი ერთგვარი „ანტიოქსიდანტია“, რომელსაც ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები გამოჰყავს, რომლებიც თავის მხრივ სხეულის უჯრედებში მიმდინარე პროცესებზე ნეგატიურად მოქმედებენ. მდედრობითი სქესის ცხოველებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, მამრებისგან განსხვავებით, ის მდედრი ცხოველები, რომლებიც არ იყვნენ სტერილიზებულნი და მათ ორგანიზმში ესტროგენი გამოიყოფოდა, უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე სტერილიზებულები.

2005 წელს ესპანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ესტროგენი გენების აქტიურობას ზრდის, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობასთან პირდაპირ კავშირშია. ეს ანტიოქსიდური ფერმენტების გამომუშავებასაც ეხება. სპეციალისტების განმარტებით, ესტროგენს ასევე შეუძლია ორგანიზმიდან მავნე ნივთიერება - ქოლესტერინი გამოდევნოს, რაც თავის მხრივ გულის დაავადებებისაგან დაცვის ერთგვარი საშუალებაა.

საქმიანობა და ცხოვრების წესი რამდენად მნიშვნელოვანია?

ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. იმ ტერიტორიებზე, სადაც სამხედრო კონფლიქტები ან შეიარაღებული დაპირისპირებაა, კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად შემცირებულია. ასეთი მოვლენების დროს ხომ ძირითადად კაცები იღუპებიან და თან ადრეულ ასაკში. ამავდროულად, ხანმოკლეა იმ ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ რეგიონებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა სუსტად არის განვითარებული და ბევრი ქალი მშობიარობის დროს კვდება. არის ისეთი რეგიონებიც, სადაც ქალებისა და კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად განსხვავებულია. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ მწეველი კაცების რაოდენობა იქ გაცილებით მეტია. ამ რეგიონების მამრობითი სქესის წარმომადგენლებში ხშირია საკვების გადაჭარბებული ოდენობით მიღება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება, რაც მათ სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას მკვეთრად ამცირებს.

დიდხანს სიცოცხლე ჯანმრთელობის პირდაპირპროპორციულია?

არა. 16-დან 60 წლამდე ქალები ნებისმიერ ქვეყანაში უფრო ხშირად მიმართავენ ექიმს დახმარებისთვის, ვიდრე ამავე ასაკის კაცები. ალაბამის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში აღნიშნულია, რომ დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ქალები უფრო ხშირად მიმართავენ ექიმს დახმარებისთვის, იღებენ მეტ წამალს და საავადმყოფოს პალატაშიც მეტ დროს ატარებენ, ვიდრე კაცები. სპეციალისტების თქმით, ბევრ ქვეყანაში, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ასაკოვანი ქალების ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად შეზღუდულია, ვიდრე მათი ასაკის კაცების.

ეს სხვაობა არასდროს შეიცვლება?

ბოლოდროინდელი გამოკვლევები ამტკიცებს, რომ ქალისა და კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის სხვაობა უხლოეს ათ წელიწადში შემცირდება. ლონდონის ერთ-ერთ კოლეჯში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ბრიტანეთში ქალისა და კაცის სიცოცხლის ხანგრძლობას შორის სხვაობა 2030 წლისთვის მხოლოდ წელიწადი და ცხრა თვე იქნება.

ბრიტანეთის სტატისტიკის ნაციონალური დეპარტამენტის ინფორმაციით, მამრობითი სქესის ჩვილების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომლებიც ახლა იბადებიან, საშუალოდ 79 წელი და 2 თვეა. ამავე მონაცემებით, ჩვილი გოგოები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ახლა იბადებიან, საშუალოდ 82 წელს და 9 თვეს იცოცხლებენ.

კიდევ ერთი ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალისა და კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის სხვაობა 2032 წლისთვის სრულად წაიშლება: თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებითად აისახება, რადგან მათზე დამოკიდებულებისგან კაცები უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე ქალები. ამასთან, პროგრესია გულის დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით, რაც ძირითადად კაცების პრობლემაა.

მკვლევართა მტკიცებით, კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაც დადებითად აისახება.

სხვა თემები