11 თებერვალი 2019 - 16:17

ივლისიდან მძღოლებს მესამე პირის დაზღვევას კანონი დაავალდებულებს. ეს კარგია თუ ცუდი?

მანქანები თბილისის ქუჩებში

თბილისი

ფოტო: shutterstock.com

2019 წლის ივლისიდან კანონი უნდა ამოქმედდეს, რომელიც მძღოლებს ახალ სადაზღვევო ვალდებულებებს უჩენს. რეგულაციის მიღებას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გვავალდებულებს. ამ კანონპროექტით, საკუთარი მანქანის დაზღვევა ძველებურად არასავალდებულოა, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევებში მესამე პირის რისკების დაზღვევა აუცილებელი ხდება. რა სარგებელი და რისკები ახლავს ახალი კანონის ამოქმედებას, რომელსაც „სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა“ ჰქვია და როგორ მუშაობს ანალოგიური რეგულაციები უცხოეთში?

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა რას ნიშნავს?

საკანონმდებლო რეგულაციას, რომელიც ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი თქვენ სხვის კუთვნილ მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახეთ და შემთხვევის ადგილის შეფასების შედეგად გაირკვა, რომ ამაში ბრალი თქვენ მიგიძღვით, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების სახელდახელოდ მოძიება აღარ მოგიწევთ. მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი თქვენი სადაზღვევო პოლისის საფუძველზე ანაზღაურდება.

ეს კანონპროექტი პარლამენტს 2018 წლის დეკემბრის ბოლოს წარედგინა. კანონპროექტის ინიციატორია დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. საკანონმდებლო ინიციატივას ჯერ საპარლამენტო ბიუროში, შემდეგ კი შესაბამის კომიტეტებში განიხილავენ და ის, სავარაუდოდ, 1 ივლისიდან ამომედდება. თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ვადა პირობითია. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პროცესი გრძელვადიანია, კანონპროექტის ამოქმედებამდე კი აუცილებელია დისკუსია და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა, რაც შინაარსობრივი მხარის გარკვევას შეუწყობს ხელს. ამასთან შესაძლოა, ავტომობილების მფლობელებს გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი მიეცეთ.

რა თანხის გადახდა მომიწევს და რა მოცულობის ზარალი ანაზღაურდება?

კანონპროექტის თანახმად, წლიური სადაზღვევო პრემია ავტომობილების კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება. აქ მნიშვნელვანი ფაქტორებია ავტომანქანის გამოშვების წელი, ძრავის მოცულობა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპი. მოტოციკლის შემთხვევაში წლიური გადასახადი 75-დან 110 ლარამდე იქნება, მსუბუქი მანქანის შემთხვევაში - 100-დან 150 ლარამდე, ავტობუსის შემთხვევაში - 160-დან  240 ლარამდე, სატვირთო ავტომობილზე - 210-დან 310 ლარამდე, მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის- 50-დან 75 ლარამდე, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის კი - 60-დან 90 ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მძღოლები არ იქნებიან ვალდებულნი, რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციაში დაეზღვიონ - სადაზღვევო კომპანიას ისინი თავად აირჩევენ.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირისთვის ზარალის სრულ ანაზღაურებას ითვალისწინებს. ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მთლიანობაში, 300 000 ლარს შეადგენს, ხოლო თითოეული დაზარალებულისთვის 30 000 ლარით განისაზღრება. რაც შეეხება ქონებისთვის მიყენებულ ზიანს, თითოეულ შემთხვევაზე, ჯამში, 50 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო თითოეულ დაზარალებულზე - 25 000 ლარი. შესაძლოა, კანონის ამოქმედებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოქმედდეს ბონუსის სისტემაც, რომელიც კარგი ავტოსაგზაო ისტორიის მქონე მძღოლებს წაახალისებს.

რეგულაციის ამოქმედებას ალბათ რისკებიც ახლავს, არა?

არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებსაც მძღოლებთან ერთად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც სვამენ. დღეის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების საქმეების უმრავლესობა 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც მძღოლის დაუდევრობას გულისხმობს. მანქანის გაუმართაობა ძალიან მცირე შემთხვევაში არის დაფიქსირებული, ხოლო ინფრასტრუქტურის პრობლემა არც ერთ შემთხვევაში არ ფიგურირებს. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილის შეფასების გამართული სისტემის აუცილებლობაზე საუბრობენ, რათა მძღოლებს უსამართლობის შეგრძნება არ ჰქონდეთ. მათი შეფასებით, თუკი ავტოსაგზაო შემთხვევა ქუჩაში არსებულმა ღია ჭაბურღილმა გამოიწვია, ამაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უნდა დაეკისროს და არა მძღოლს. შესაბამისად, სპეციალისტები კანონის ამოქმედებისთანავე პროცესში შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი განმარტებით, ამ საკანონმდებლო ინიციატივას სახელმწიფო ატარებს, მაგრამ ასრულებს კერძო სექტორი, რომლის ინტერესებშიც სარგებლის მიღება შედის და ამ ფონზე მძღოლები არ უნდა დაიჩაგრონ.

და სანქციები?

კანონის ამოქმედების შემდეგ, მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება მიუხედავად იმისა, ავტოსაგზაო ინციდენტი შეგემთხვათ თუ არა. რეგისტრირებული ავტოტრანსპორტიდან მსუბუქი ავტომობილების მფლობელებისთვის დაზღვევის არქონის შემთხვევაში ყოველ 72 საათში 100-ლარიანი ჯარიმა, სატვირთო მანქანის მფლობელებისთვის კი ყოველ 72 საათში - 200-ლარიანი ჯარიმაა გათვალსწინებული.

ევროპული გამოცდილება როგორია?

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო წესით დაზღვევა სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტია. ამ მხრივ არც ევროპაა გამონაკლისი, სადაც გზებზე რეგულარულად დაახლოებით 300 მილიონი ავტომობილი გადაადგილდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება ავსტრიელებმა ჯერ კიდევ 1929 წელს იტვირთეს. დიდ ბრიტანეთში დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულო  1930 წლიდან გახდა, შვეიცარიაში - 1932 წლიდან, ჩეხეთში - 1935 წლიდან, გერმანიაში კი - 1939 წლიდან. მოგვიანებით დაზღვევის ეს ფორმა სავალდებულოდ ევროპის სხვა ქვეყნებმაც აღიარეს.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ევროპულ ბაზარზე თავიდან ერთიანი ეკონომიკური სივრცე შეიქმნა. თუმცა შემდეგ ის ძირეულად შეიცვალა. მიუხედავად ამ ერთიანი სივრცის არსებობისა, ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართულებით საკუთარი საკანონმდებლო ნორმები აქვს.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ყველაზე მსხვილი ბაზარი სადაზღვევო პრემიების მიხედვით ევროპაში აქვს გერმანიას, შემდეგ დიდ ბრიტანეთს, იტალიასა და საფრანგეთს.

როგორია სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ტარიფები ევროპულ ქვეყნებში?

სადაზღვევო პრემიები ევროპის ქვეყნებში ინდივიდუალური ხელშეკრულებების მიხედვით განისაზღრება. მაგალითად, გერმანიაში, საშუალო კლასის ავტომობილისთვის მძღოლმა, რომლის ავტოსაგზაო ისტორიაშიც სამი წლის განმავლობაში არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისთვის წელიწადში 1200-1500 ევრო უნდა გადაიხადოს. იტალიასა და საფრანგეთში ეს თანხა 700-1200 ევროა. ლონდონელმა ტაქტსისტმა კი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისთვის წელიწადში 2000 ფუნტი სტერლინგი უნდა გადაიხადოს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირის ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანებისას სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი, რა თქმა უნდა, საქართველოში ევროპისგან განსხვავებული იქნება.  

გერმანიაში ქონების დაზიანებისას ცალკეულ შემთხვევაზე ლიმიტი 511 292 ევროა, ჯანმრთელობის დაზიანებისას კი ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმუმი 2,55 მილიონი ევრო. დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში დაზიანებული ქონება 250 000 ფუნტი სტერლინგის ფარგლებში ანაზღაურდება, ჯანმრთელობის შემთხვევაში კი თანხა არ არის შეზღუდული. მესამე პირის ჯანმრთელობის დაზიანებისას სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი იტალიასა და საფრანგეთშიც არ მოქმედებს. თუმცა ქონების დაზიანების  შემთხვევაში იტალიაში მაქსიმალური ზღვარი 774 685 ევროა, საფრანგეთში კი - 460 000 ევრო. 

ის რომ ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო ლიმიტი „არ არის შეზღუდული“ იმას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დასახიჩრდება, სადაზღვევო კომპანიისგან კომპენსაციას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იღებს. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ევროპული სადაზღვევო კომპანიები სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას პრემიის სახით მიღებული თანხის თითქმის 90%-ს დაზღვეულს უხდიან. 

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიასა და საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე პოლიცია მხოლოდ მაშინ მიდის, თუ ადამიანი დაშავდა. დანარჩენ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები პრობლემას თავად აგვარებენ. დაზღვეულებს შესაბამისი განაცხადების მომზადება და ავტოსაგზაო შემთხვევის სქემის დაფიქსირებაც ევალებათ. დიდ ბრიტანეთში კი საგზაო ინდექსი სადაზღვევო ხელშეკრულების გარეშე ავტომობილის ტარებას კრძალავს, რადგან სწორედ იქ არის მძღოლის ყველა „ცოდვა“ დაფიქსირებული. 

გერმანიაში სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის დაუკითხავად მისივე ანგარიშიდან მოხსნას თანხა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის ვადის გასაგრძელებლად. ესპანეთში კი 2008 წლიდან მოქმედებს სისტემა, რომლის მიხედვითაც, თუ მძღოლი საჭესთან ზის და თან არ აქვს პოლისი, უნდა გადაიხადოს ჯარიმა: მოპედის მფლობელმა -1000 ევრო, მოტიციკლეტის მფლობელმა- 1250 ევრო, მსუბუქი ავტომობილის მფლობელმა- 1500 ევრო, სატვირთოს მანქანის მძღოლმა კი - 2600 ევრო.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას ევროპული სადაზღვევო კომპანიები ამორტიზაციის ფაქტორს არ ითვალისწინებენ. უფრო მეტიც, განაცხადი ამ სახის დაზღვევაზე ელექტრონულად კეთდება და მომხმარებელს ამავე ფორმით მიეწოდება.

საქართველოში რამდენი ავტომანქანაა რეგისტრირებული?

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 1.2 მილიონი მანქანა, მათგან დაზღვეულია მხოლოდ 80 ათასი.

სხვა თემები