ღვინის ყიდვა მინდა. როგორ შევარჩიო?

ფოტო: shutterstock.com
თუ თქვენ ღვინის სხვადასხვა სახეობაში კარგად ვერ ერკვევით, მისი შერჩევის პროცესში ყველაზე მეტად ეტიკეტი დაგეხმარებათ. მას, ვინც ბოთლზე განთავსებულ ინფორმაციას სწორად კითხულობს, ოპტიმალური არჩევანის გაკეთებაც შეუძლია.
პირველ რიგში, გაიგეთ ყურძნის ჯიში!
ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ ღვინის გემო წინასწარ წარმოიდგინოთ. სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან ხომ განსხვავებული სასმელი მიიღება. მაგალითად, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშის, საფერავისგან დაყენებული წითელი ღვინო სურნელით, ფერითა და სიმაგრით გამოირჩევა. წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია ალექსანდროულიც, რომელიც შაქრის დაგროვების მაღალი უნარით ხასიათდება. სწორედ მისგან დამზადებული მშრალ და ნახევრად ტკბილ ღვინოებს ჟოლოსა და შავი ბლის სურნელი ახასიათებთ.
თუმცა ყურძნის ჯიში ეტიკეტზე მხოლოდ აშშ-ში, ჩილეში, ავსტრალიაში, არგენტინასა და ახალ ზელანდიანში დამზადებულ ღვინის ბოთლებზეა მითითებული, რასაც ვერ ვიტყვით ევროპული და მათ შორის ქართული ღვინის ეტიკეტზე. აქ მითითებულია არა ყურძნის ჯიში, არამედ ღვინის დამზადების ადგილი. ამ შემთხვევაში უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ, რომ ხვანჭკარა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება.
საფერავის ჯიშის ყურძნისგან კი დაძველების მიხედვით სხვადასხვა მარკის ღვინოს აყენებენ: საფერავი (ერთწლიანი), ქინძმარაული (ორწლიანი) და მუკუზანი (სამი და ზემოთ). ისევე როგორც ფრანგული ღვინის მოყვარულებმა იციან, რომ ღვინო „ბორდო“ კაბერნე სოვინიონისა და მერლოსგან (წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშები) მზადდება, ბურგუნდიაში კი თეთრ ღვინოს შარდონესგან (თეთრყურძნიანი საღვინე ვაზი) აყენებენ.
ეტიკეტზე მოძებნეთ ღვინის წარმოების ადგილის დასახელება!
რათა სასმელის ხარისხზე წარმოდგენა წინასწარ გქონდეთ. ხანდახან ბოთლზე მითითებულია არა მხოლოდ რეგიონი, სადაც ღვინო დამზადდა, არამედ ვენახიც კი. ქართული ღვინის შემთხვევაში რაიონთან ერთად, როგორც წესი, სოფელიც არის მითითებული. ისევ ფრანგულ მაგალითს თუ მივუბრუნდებით, Vin de France არის სასმელი, რომლისთვისაც შესაფერისი ყურძნის მოყვანა საფრანგეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე არის შესაძლებელი. თუმცა Chateau Latour-ისთვის ყურძენს მხოლოდ ბორდოს რეგიონში, მედოკის კომუნის პოიაკის ვენახებში კრეფენ. მართალია, ორივე ღვინო ფრანგულია, მაგრამ ფასები რადიკალურად განსხვავებული იქნება. ღვინის ფასი ხშირად რეგიონზეც არის დამოკიდებული. მაგალითისთვის, ერთი და იმავე ხარისხის ღვინო ბორდოს რეგიონიდან უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ლანგედოკიდან.
იპოვეთ ეტიკეტზე მწარმოებლის სახელი!
მწარმოებლის სახელი სასმელის ხარისხზე ბევრ რამეს ამბობს. მთავარია, ეტიკეტზე მითითებული მწარმოებელი იყოს რეალურად არსებული და მასზე დეტალურ ინფორმაციას ინტერნეტითაც მოიძიებთ.
მიაქციეთ ყურადღება მოსავლის აღების წელს!
ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ გაიგოთ, ღვინო ხომ არ გაფუჭდა. „რაც უფრო ძველია, მით უკეთესია“, - ეს არის გავრცელებული სტერეოტიპი, რომელიც ყოველთვის არ ამართლებს. სინამდვილეში სუპერმარკეტებში გასაყიდად წარმოდგენილი ღვინოების უმრავლესობა გამოშვებულია იმ გათვლით, რომ მათ უახლოესი სამი წლის განმავლობაში დალევენ. მხოლოდ მცირე კატეგორიას შეუძლია ხუთ წელზე მეტ ხანს გაძლოს ისე, რომ გემო და ხარისხი არ დაკარგოს. ამიტომაც, თუ თქვენ ვახშმისთვის არც თუ ისე ძვირადღირებულ ღვინოს ეძებთ, სჯობს მისი გამოშვების თარიღიდან სამ წელზე მეტი გასული არ იყოს.
აქვს თუ არა მნიშვნელობა რამდენად მაგარია ღვინო?
აქვს. სხვადასხვა ღვინოს, როგორც წესი, განსხვავებული დიაპაზონი აქვს. სპირტის შემცველობა ღვინის გემოზე პირდაპირ აისახება. აქ მარტივი ლოგიკა მოქმედებს: რაც ნაკლებია გრადუსი, მით უფრო მსუბუქია სასმელი. სპირტის დაბალი შემცველობა მკვეთრად გამოხატული გემოს არ არსებობასა და მაღალ მჟავიანობას გულისხმობს. მაგარი ღვინო კი უფრო რთული გემოთი ხასიათდება და ადვილად ეკიდება. თუმცა ეს რკინის წესი არ არის: სპირტის მაღალი შემცველობის მქონე ღვინოსაც შეიძლება მომჟავო გემო დაჰკრავდეს, მსუბუქ ღვინოს კი მკვეთრად გამოხატული გემო ჰქონდეს. ასე რომ, თუ დარწმუნებული არ ხართ, ჯობს გამყიდველთან დააზუსტოთ.
ბოთლის მოცულობასაც მნიშვნელობა აქვს?
რა თქმა უნდა. ღვინის ბოთლის ყველაზე გავრცელებული ზომა არის 0.75 ლიტრი. იშვიათია 1.5 ლიტრის მოცულობის ღვინის ბოთლი - ეგრეთ წიდებული მაგნუმი. ღვინო სხვადასხვა ბოთლში განსხვავებულად ძველდება. პატარა ბოთლებში უფრო სწრაფად, დიდში კი, შესაბამისად - უფრო ნელა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ჟანგბადის მოცულობა, რომელიც საცობის მეშვეობით იტუმბება და რა თქმა უნდა, თავად სასმელის რაოდენობა. ამიტომაც პატარა ბოთლებში განთავსებული ძველი მოსავლისგან დამზადებული ღვინო რეკომენდებული არ არის. მაგნუმის შემთხვევაში კი ძველი ღვინო კარგი არჩევანი იქნებოდა.
შეხედეთ ღვინის ბოთლის მეორე მხარეს!
დეტალების დასაზუსტებლად ღვინის ბოთლის მეორე მხარეს შეხედეთ. იქ არსებულ ეტიკეტს კონტრეტიკეტი ჰქვია. ის არის მთავარი ეტიკეტის დამატება და როგორც წესი, შედგება მცირე დეტალებისგან, რომლებიც ძირითად ინფორმაციას აზუსტებენ. მაგალითისთვის, ღვინის ჩამოსხმის თარიღი, რომელიც მოსავლის აღების წელს არ ემთხვევა, რადგან ღვინის დაყენებასაც დრო სჭირდება. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ღვინოებისთვის, რომლებზეც მოსავლის აღების წელი საერთოდ არ არის მითითებული.
კონტრეტიკეტზეა მითითებული ღვინის ჩამოსხმის ადგილი, რომელიც, იდეალურ შემთხვევაში, ძირითად ეტიკეტზე მითითებულ მოსავლის აღების ადგილს ემთხვევა. აქვე საყურადღებოა შაქრის შემცველობა 1 ლიტრის მიხედვით. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ძირითადი ეტიკეტის მიხედვით რთულია განსაზღვრო, ღვინო ტკბილია თუ მშრალი. მაგალითად, 1 ლიტრი მშრალი ცქრიალა ღვინო 17-დან 32 გრამამდე შაქარს შეიცავს, მაშინ როდესაც შამპანური ბრიუტი (ცქრიალა და შამპანური ღვინოების ინგლისური სახელწოდება) 12 გრამზე ნაკლებ შაქარს შეიცავს.