03 აპრილი 2019 - 22:12

კომიკოსები, რომლებიც დიდ პოლიტიკაში წავიდნენ. ისტორია

კოლიუში

კოლიუშის სახე

ფოტო: shutterstock.com

უკრაინის საარჩევნო მარათონში ვლადიმერ ზელენსკის წარმატებამ დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ერთი შეხედვით, კომიკოსი პოლიტიკაში საზოგადოებისთვის არც ისე მარტივი აღსაქმელი გამოდგა. თუმცა, მსგავსი რამ მსოფლიო პოლიტიკისთვის უცხო სულაც არ არის. BBC-ის უკრაინულმა სამსახურმა დიდ პოლიტიკაში წასულ კომიკოსებს სტატია მიუძღვნა.

ფრანგი კოლიუში

ფოტო: imdb

ცნობილმა ფრანგმა კომიკოსმა კოლიუშმა 1980 წლის 30 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა. ამ დროისთვის მიშელ კოლუჩს (სასცენო ფსევდონიმით ცნობილი როგორც კოლიუში), მისი კომიკური პიესებითა და სკეტჩებით მთელი საფრანგეთი იცნობდა. ამ პიესებში ის ძირითადად პოლიტიკოსებს დასცინოდა. ამავდროულად, კოლიუში მსახიობად მუშაობდა Theatre du Gumnase-ში და საკულტო თეატრ Café de la Gare-ს ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო.

„თებერვალი წელიწადის ის თვეა, როდესაც პოლიტიკოსი ნაკლებ სისულელეს ამბობს, რადგან ამ თვეში მხოლოდ 28 დღეა,“ - ეს იყო კოლიუშის ერთ-ერთი ცნობილი ხუმრობა ფრანგულ პოლიტიკაზე. „მათ ჩვენ იდიოტები ვგონივართ, მოდით, ხმა მივცეთ იდიოტს,“ - ამბობდა კომიკოსი.

თავდაპირველად ტრადიციული პოლიტიკოსების უმრავლესობა კოლიუშის ამ ნაბიჯს სერიოზულად არ აღიქვამდა და კლოუნის მორიგ ეპატაჟად მიიჩნევდა. თუმცა იუმორის გრძნობა მათ მაშინ გაუქრათ, როდესაც 1980 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის მონაცემებით, კოლიუშის რეიტინგმა 11%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც მოქმედ პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ-დესტენს 32%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, სოციალისტების კანდიდატ მიტერანს -18%, კომუნისტებისას კი - 14.5%.

კოლიუშს საკუთარი კანდიდატურის მოხსნა სთხოვეს როგორც სოციალისტური პარტიის, ასევე მოქმედი პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, რაზეც მან უარი თქვა. კოლიუშის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია დაიწყო. ის მუქარის შემცველ წერილებს იღებდა, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ცვლიდა. მსახიობისთვის სატელევიზიო თუ რადიოეთერები დაიხურა და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ის უკვე არა კომიკოსი, არამედ პოლიტიკოსი იყო.

საბოლოოდ კოლიუშმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და თქვა, რომ პოლიტიკოსის ამპლუა მობეზრდა. კოლიუშისთვის რადიოს და ტელევიზიის კარი ისევ გაიხსნა და მისმა პროფესიულმა კარიერამაც აღმასვლა განაგრძო.

კოლიუშს მოტოციკლები და სწრაფი ტარება უყვარდა. 1985 წელს მან მოტოციკლით Yamaha 750cc გინესის რეკორდიც კი დაამაყარა. 1986 წლის ივნისში საფრანგეთის სამხრეთში ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მისი მოტოციკლი სატვირთო მანქანას დაეჯახა. მსახიობის დაკრძალვის ცერემონიაზე პარიზში ათასობით ადამიანი მივიდა.

კოლიუშის სახელი საფრანგეთში რამდენიმე სკოლას და ქუჩას უწოდეს, პარიზში კი მისი ძეგლიც დადგეს. აღსანიშნავია, რომ 1980 წლის საარჩევნო კამპანიის და კოლიუშის სიკვდილის შესახებ სპეკულაციები დღემდე არ წყდება. არტისტის თაყვანისმცემლებმა რამდენჯერმე დაწერეს სოცქსელში, რომ მსახიობი მოკლეს, მაგრამ ეს ცნობები არანაირი ფაქტებით არ დასტურდება.

სლოვენიელი მარიან შარეცი

ფოტო: shutterstock.com

კომიკოსი მარიან შარეცი სლოვენიის მოქმედი პრემიერმინისტრია. 41 წლის შარეცი ლიუბლიანის თეატრის, რადიოს, ფილმისა და ტელევიზიის აკადემიის კურსდამთავრებულია. 2000-იანი წლების დასაწყისში მან ჟურნალისტის კარიერა დაიწყო კომედიური ჟანრის რადიო და სატელევიზიო შოუებში, სადაც ის სლოვენიელ პოლიტიკოსებთან ერთად ფიდელ კასტროსა და უსამა ბენ ლადენის პაროდიას აკეთებდა. მას განსაკუთრებული პოპულარობა კომედიურმა პერსონაჟმა ივან სერპენტიშეკმა მოუტანა.

2010 წლიდან კომიკოსმა დიდ პოლიტიკაში გადაინაცვლა. შარეცი ორჯერ იყო ქალაქ კამნიკის მერი. 2017 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა და მარათონის მეორე ტურში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ ბორუტ პაჰორთან ამომრჩეველთა ხმების 47%-ით დამარცხდა. 2018 წელს მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 12.7% მიიღო და კოალიციის შექმნის ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ქვეყნის მთავრობას სათავეში ჩაუდგა.

სერბი ლუკა მაქსიმოვიჩი

ფოტო: shutterstock.com

კიდევ ერთი ბალკანელი კომიკოსი ლუკა მაქსიმოვიჩი სერბეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი სიურპრიზი იყო. ის იუმორისტულ ვიდეოებს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს იღებდა და Youtube-ზე ტვირთავდა. სტუდენტობისას გადაიღო იუმორისტული სერიალი „გეიწყვილი შუმადიიდან“, რომელშიც სერბი ჰომოსექსუალის როლი შეასრულა. მან არჩევნებზე ხმების 9.4% მიიღო. მაქსიმოვიჩმა ბელგრადის ადგილობრივ არჩევნებშიც სცადა ბედი, მაგრამ უშედეგოდ. 

ისლანდიელი იონ გნარი

ფოტო: Wikimedia Commons

იონ გნარს ექიმები „გონებრივად ჩამორჩენილად“ მიიჩნევდნენ მანამ, სანამ მას დისლექსია არ დაუდგინდა. წერა-კითხვა მოზარდობის ასაკში ისწავლა. 27 წლამდე მუსიკით იყო გატაცებული და სწორედ ამ დროს დაიწყო მისი, როგორც იუმორისტის კარიერა. ის მუშაობდა პოპულარულ ტელეგადაცემებში, იღებდნენ კომედიურ სერიალებში და სამჯერ აქვს მიღებული „ედდას“ ჯილდო წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში. მისი ცხოვრება ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა 2008 წელს ისლანდიაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, რომლის ფონზეც ტრადიციული პოლიტიკოსებისადმი ნდობა მკვეთრად შემცირდა.

2009 წელს იონ გნარი აარსებს „საუკეთესო პარტიას“, რომელშიც ყოფილი მსახიობები, მუსიკოსები, პანკები და სტუდენტები ერთიანდებიან. 2010 წელს რეიკიავიკის მუნიციპალურ არჩევნებში ამ პარტიამ ხმების 34% მიიღო და სოციალ-დემოკრატებთან ერთად მმართველი კოალიცია შექმნა.

2013 წლის შემოდგომაზე, როდესაც პარტიის რეიტინგმა 38%-ს მიაღწია, იონ გნარმა მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ეს იყო ტრადიციული პოლიტიკოსებისგან მკვეთრად განსხვავებული ნაბიჯი, რომლებიც, როგორც წესი, ძალაუფლების შენარჩუნებას მთელი ძალით ცდილობენ.

იტალიელი ბეპე გრილო

ფოტო: shutterstock.com

70 წლის კომიკოსმა ბეპე გრილომ იტალიის პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. მან 2005 წელს ბლოგის წერა დაიწყო აქტუალურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პრობლემებზე. 2009 წელს კი თავის მეგობართან ერთად „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ შექმნა.

ამ პოლიტიკური ძალის ლოზუნგები მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებების ერთგვარ სინთეზს წარმოადგენდა. პარტიის ერთ-ერთი იდეოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი დრამატურგი დარიო ფო, იტალიის ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის მწვავედ აკრიტიკებდა. რამდენიმე წელიწადში ამ მოძრაობამ იტალიის პოლიტიკაში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. მისი წევრები აკრიტიკებდნენ იტალიის პოლიტიკურ სისტემას, ევროკავშირს და ითხოვდნენ რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყნის ევროზონიდან გამოსვლის შესახებ.

2013 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 25.6% მოიპოვა, თუმცა თავად ბეპე გრილოს პარლამენტში კენჭი არ უყრია, რადგან წლების წინ გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, კერძოდ მისი მიზეზით 1981 წელს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ეკვადორელი ლენინ მორენო

ფოტო: shutterstock.com

ეკვადორის პრეზიდენტი ლენინ მორენო ლათინური ამერიკის ქვეყნების პოლიტიკოსებში ერთ-ერთი ყველაზე სადავო ფიგურაა. 1998 წელს ის ტურისტული პალატის ნაციონალური ფედერაციის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სწორედ ამ დროს მოხდა მოვლენა, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ძარცვის დროს ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მორენოს ზურგში ესროლა, რამაც მისი დამბლა გამოიწვია. ამ სიტუაციაში მან გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გამოსავალი სწორედ იუმორი იყო.

მორენომ შექმნა ფონდი Eventa, რომელიც იუმორსა და სიცილის თერაპიას უწევდა პროპაგანდას. მან იუმორისტულ თემაზე რამდენიმე წიგნიც დაწერა. ინვალიდის ეტლს არ შეუშლია ხელი მორენოს პოლიტიკური კარიერისთვის, ისევე ერთ დროს ფრანკლინ რუზველტისთვის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლენინ მორენომ ამომრჩეველთა ხმების 51% მიიღო და გვატემალის პრეზიდენტი გახდა.

გვატემალელი ჯიმი მორალესი

ფოტო: Wikimedia Commons

გვატემალის მოქმედი პრეზიდენტი ჯიმი მორალესი ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის ღარიბ ოჯახში დაიბადა. ის 15 წლის განმავლობაში მუშაობდა კომედიური ჟანრის სატელევიზიო გადაცემაში Moralejas, რომელშიც ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა.

2011 წელს მან გადაწყვიტა ბედი პოლიტიკაში ეცადა და ამისათვის თავდაპირველად სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას მიეკედლა. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.

მორალესი ხალხს კორუფციასა და დანაშაულთან შეუპოვარ ბრძოლას პირდებოდა. მისი ერთ-ერთი დაპირება იყო ისიც, რომ ყველა ბავშვს სმარტფონი უნდა ჰქონოდა, რაზეც ოპონენტები ბოროტად ხუმრობდნენ. „როგორ ხარ, გვატემალა?“ - ასე მიმართავდა ის ხალხს და ძალიან ადვილად პოულობდა მათთან საერთო ენას. საბოლოოდ, 2015 წლის ოქტომბერში ჯიმი მორალესმა ამომრჩეველთა ხმების 67.4% მიიღო. რამდენიმე თვეში კი არაერთი სკანდალის გამო მისი ანტიკორუფციული იმიჯიც გაქრა.

სხვა თემები