16 აპრილი 2019 - 15:00

რატომ არის ხანძარი ნოტრ-დამში კატასტროფა ევროპისთვის. თემა

პარიზი, ნოტრ-დამი

პარიზი, ნოტრ-დამი

ფოტო: shutterstock.com

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. ტაძარი XII-XIV საუკუნეებში აშენდა; XIX საუკუნეში მას რესტავრაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც მხოლოდ შპილის შენება დაასრულეს (ის ხანძრის დროს პირველი ჩამოინგრა). ნოტრ-დამში ფრანგ მონარქებს აკურთხებდნენ. დღეს ის, ეიფელის კოშკთან და ლუვრის მუზეუმთან ერთად, საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. ყოველწიურად მას 13 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. 15 აპრილს საღამოს საფრანგეთის ამ მთავარ ტაძარს და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გოთიკურ ეკლესიას ცეცხლი გაუჩნდა. ჩაინგრა შენობის სახურავი, მაგრამ კედლების და ტაძარში დაცული სიწმინდეების გადარჩენა მოხერხდა.

ისტორია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი დასავლეთ ევროპის უძველესი და უმნიშვნელოვანესი გოთიკური ტაძრების ათეულშია. ის XII-XIV საუკუნეებში კაპეტინგების დედაქალაქში, შუაგულ ილ-დე-ფრანსში, უფრო ზუსტად კი მძლავრი ფრანგული სამეფოს მომავალ ცენტრში ააშენეს. მაგრამ იმ დროს პარიზის ტაძარი მეფის და ხელისუფალის საკუთრება არ იყო. აქ პარიზის ეპისკოპოსი მსახურობდა, რომელიც არქიეპისკოპოსიც არ გახლდათ და ქალაქ სანსს ექვემდებარებოდა.

ამიტომ პარიზის გარშემო არის ტაძრები, რომლებსაც ემოციის გარეშე და მხოლოდ არქიტექტურის ისტორიის თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, უფრო მნიშვნელოვანია, - ამბობენ სპეციალისტები. მათი თქმით, რეიმსი რაღაცით უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ შარტრიც, სტრასბურგის ტაძარი თითქოს უფრო ორიგინალურია, ბოვე და ამიენი - უფრო მაღალი, რუანიც შესანიშნავია, და ბურჟიც. მაგრამ სწორედ ამ რკალის გამო არის ნოტრ-დამი ძალიან გამორჩეული.

სიწმინდეები

პარიზმა განსაკუთრებული მნიშვნელობა XIII საუკუნეში შეიძინა, როდესაც, ჯერ ერთი, მეფის ძალაუფლება უფრო განმტკიცდა და მეორეც, წმინდა ლუდოვიკ IX-მ ქალაქში მაცხოვრის ეკლის გვირგვინი ჩაიტანა. ეს რელიკვია უხსოვარი დროიდან კონსტანტინოპოლში ინახებოდა. 1240-ან წლებში, როდესაც ლუდოვიკი ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ემზადებოდა, კონსტანტინოპოლში ძალაუფლება ფრანგი მეფის ნათესავების ხელში იყო. მათ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და ეკლის გვირგვინი ვენეციანელებს მიაგირავეს, საფრანგეთის მეფემ ის ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა სიწმინდეებთან ერთად გამოისყიდა. ქრისტესთან დაკავშირებული რელიკვიები ქრისტიანებისთვის აბსოლუტურად განსაკუთრებულია, ის ღვთისმშობლის ქიტონიც კი არ არის, რომელიც შარტრში ინახება და 1194 წლის ხანძარს ასევე სასწაულებრივად გადაურჩა.

ეკლის გვირგვინისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან 300 მეტრში სამრეკლო სენტ-შაპელი ააშენეს. იმავდროულად, ნოტრ-დამის მშენებლობაც სრულდებოდა. ის, სავარაუდოდ, მთლიანად თეთრი იყო, ისეთივე ფერის, როგორიც დღეს მისი ფასადია. და მხოლოდ XIX საუკუნეში გადაიტანეს ეკლის გვირგვინი ნოტრ-დამში. მისთვის სამჯერ დაამზადეს ზარდახშა, რომელშიც ინახებოდა კიდეც.

სარკმელები და ქანდაკებები

ნოტრ-დამის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მის გოთიკურ სარკმელ-ვარდულებშია (ისინი სავარაუდოდ, ხანძარმა გაანადგურა). მრგვალი სარკმლები ფასადებზე სამხრეთის და ჩრდილოეთის შესასვლელების თავზეა. ეს საფრანგეთის ყველაზე დიდი ვარდულებია, რომლებიც დიამეტრში 13 მეტრია. ზუსტად ასეთივე გასაოცარია პორტალები, მათი სკულპტურული გაფორმება. ამასთან, ორგინალური ვიტრაჟები იქ შედარებით ცოტაა. ჩამოვარდნილი შპილი XIX საუკუნისაა - ჭექა-ქუხილის გამო ასეთი ნაგებობები საკმაოდ ხშირად ცვიოდა, ამიტომ ან ცოტა ადრეულ პერიოდს ან XX საუკუნეს მიეკუთვნება.

ტაძარი დრომ საკმარისად დააზიანა, მათ შორის რევოლუციებმაც, თუმცა არა ყველამ, არამედ ძირითადად პირველმა - საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ. მაშინ ტაძარს ქანდაკებების ნაწილი მოანგრიეს, კერძოდ, ყველა გვირგვინიანი ქანდაკება, რადგან რევოლუციონერები მათ საფრანგეთის მეფეთა გამოსახულებებად აღიქვამდენენ. ამ თავების ნაწილი მოგვიანებით იპოვეს - ისინი კლიუნიშია. 

ტაძარი-ნიმუში

არსებობს ნოტრ-დამზე უფრო მასშტაბური ტაძრები, არსებობს უფრო მოცულობითი ტაძრებიც, რომლთა ვიტრაჟებიც ან პლასტიკა უკეთ არის შემონახული. მაგრამ ნოტრ-დამი იქცა ტაძრად, რომელიც არის არა ყველაზე დიდი, არამედ ტაძარი-ნიმუში, მოდელი, რომელიც შეგიძლია გადაიღო. მაგალითად, კონსტანტინოპოლის სოფია - თავისთავად განუმეორებელია, ის ასეთად იქმნებოდა. იუსტინიანე სოფიას ქმნიდა იმგვარად, რომ ის არავის გაემეორებინა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი კი არის არამხოლოდ არქიტექტურული, არამედ ზოგადკულტურული მოდული, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლია შეამცირო ან გაადიდო და ამით ორიენტირი აიღო პარიზზე როგორც ქრისტიანული სამყაროს ცენტრზე, ცივილიზაციის ცენტრზე, ქალაქზე, რომელშიც წმინდა ლუდოვიკიდან დაწყებული, XIII საუკუნის შუა წლებიდან ქრისტიანული სამყაროს ძალიან მნიშვნელოვანი სიწმინდეები ინახება.

ეს არის ერთდროულად როგორც საფრანგეთის, ასევე შუასაუკუნეების [ევროპული] ცივილიზაციის სიმბოლო, და არამხოლოდ მათი. სპეციალისტების აზრით, ნოტრ-დამის სწორედ ამგვარი მნიშვნელობა, რომელიც მასში ბოლო კაპეტინგების დროს ჩაიდო, ქმნის ადამიანების კოლექტიურ ცნობიერებაში და არაცნობიერშიც იმ ეფექტს, რომელსაც ახლა ყველა განიცდის - სიცარიელეს და იმ განცდას, რომ თუ ტაძარი არ იქნება, მაშინ ხვალინდელი დღეც ნუ გათენდება - ქრისტიანული სამყაროს სხეულში კვდება გული თუ არა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რის გამოც ადამიანებს სამართლიანად ეშინიათ.

პირველი მსოფლიო ომის დროს ძალიან დაზიანდა რეიმსის ტაძარი, ბევრი ვიტრაჟი განადგურდა, მოგვიანებით მარკ შაგალმა ახლები შექმნა. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, რომელმაც შუასაუკუნეებს იმაზე მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე მთელმა მანამდელმა ისტორიამ, კელნის ტაძარი სასწაულებრივად გადარჩა. ავიაციამ მთელი ქალაქი გაანადგურა, 15-დან 12 რომანული ეკლესია განადგურდა, მაგრამ გოთიკური ტაძარი გადარჩა. ძალიან დაზარალდა გერმანია, ნაწილობრივ - იტალია. მაგრამ ეს იყო ის, რაზეც ამბობენ რომ „ომი ომია“ - ასე თუ ისე გასაგებია რა და რატომ ხდება. მაგრამ ის, რომ შენ თვალწინ იწვებოდეს მთელი ცივილიზაცია - ასეთი რამ თანამედროვე ადამიანის მეხსიერებისთვის უცხოა.

სხვა თემები