30 აპრილი 2019 - 23:18

როგორ მართავენ იმპერატორები იაპონიას?

აკიჰიტო

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო

ფოტო: shutterstock.com

ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველად, იაპონიის იმპერატორი გადადგა. აკიჰიტომ ქრიზანთემის ტახტი უფროს შვილს, ნარუჰიტოს გადაულოცა. ასეთი რამ უკანასკნელად 1817 წელს მოხდა. იაპონიაში იმპრატორები დიდი ხანია რეალურ ძალაუფლებას არ ფლობენ. მეტიც, ევროპელი მონარქებისგან განსხვავებით, ისინი საჯაროდაც იშვიათად ჩნდებიან. რატომ გადაწყვიტა აკიჰიტომ გადადგომა და რას გამოიწვევს აწ უკვე ყოფილი იმპერატორის ნაბიჯი?

იაპონიის იმპერატორი დიდი ბრიტანეთის დედოფლის მსგავსად მეფობს, მაგრამ არ მართავს?

იაპონიის იმპერატორთა დინასტია თავის არსებობას VI საუკუნის მეორე ნახევრიდან ითვლის. ამის გამო ის მსოფლიოში ყველაზე ძველ სამეფო საგვარეულოდ ითვლება.

იაპონიის ისტორიაში თითქმის არ ყოფილა იმპერატორი, რომელიც ქვეყანას რეალურად მართავდა. ევროპისგან განსხვავებით, სადაც სამეფო ხელისუფლებას სამხედრო წარმომავლობა ჰქონდა, იაპონიის იმპერატორი შინტოისტური მზის ქალღმერთ ამატერასუს შთამომავლად და სულიერ წინამძღვრად ითვლებოდა. მას სამხედრო ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდა, მისი თანდასწრებით სიტყვა „სისხლის“ ხმამაღლა წარმოთქმაც კი აკრძალული იყო. იაპონიის იმპერატორი არ იყო მთავარსარდალი, ამიტომ ის იმთავითვე შეზღუდული იყო, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე გავლენა მოეხდინა. ამით აიხსება ის ფაქტი, რომ იაპონიის ისტორიის უმეტეს პერიოდში რეალური ძალაუფლება სამხედრო მმართველებს - სიოგუნებს ჰქონდათ.

იაპონიის მონარქის სახელწოდება „იმპერატორი“ მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციაა, რამდენადაც ის არც ქვეყანას მართავს და იმპერიაც დიდი ხანია აღარ არსებობს. მისი პოლიტიკური როლი განისაზღვრება 1947 წლის კონსტიტუციით, რომელშიც იმპერატორი „ხალხის სიმბოლოდ“ იწოდება. ამავე კანონმდებლობით მონარქი ემსახურება რიგით იაპონელებს, ამიტომაც ხალხი უფრო მთავარია, ვიდრე იმპერატორი.

ევროპელი მონარქებისგან განსხვავებით იაპონელ იმპერატორებს მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ. ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევა განსაკუთრებული მოვლენაა. 1945 წლის 15 აგვისტოს იმპერატორმა ჰიროჰიტომ იაპონიის კაპიტულაციის შესახებ რადიოთი გამოაცხადა. ეს იყო მსგავსი ტიპის პირველი გამოსვლა, რამაც მის თანამემამულეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ხალხმა პირველად გაიგო იმპერატორის ხმა.

მშვიდობიან დროს კი იაპონიის იმპერატორი ხსნის და ხურავს საპარლამენტო სესიებს, ასევე ესწრება მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ცერემონიებსა და მიღებებს. იაპონიის იმპერატორი სასახლის ბაღში ბრინჯის დათესვის რიტუალსაც ასრულებს და სრულიად იაპონიის პოეზიის კონკურსის გამარჯვებულებს აჯილდოებს. ის ასევე თხზავს ლექსებს.

იაპონელები იცავენ ტრადიციებს, ამიტომ იმპერატორი მათთვის ხალხის ნამდვილი სიმბოლოა. შესაბამისად, ყველაფერი, რაც საიმპერატორი კარს უკავშირდება, იაპონელებს გულთან ახლოს მიაქვთ. ისინი მიჩვეულნი არიან, რომ იმპერატორი აუცილებლად უნდა არსებობდეს და მის გარეშე ქვეყანა „სრულყოფილი“ ვერ იქნება.

რითი დაამახსოვრდებათ აკიჰიტოს იმპერატორობა?

აკიჰიტო ტახტზე 1989 წელს ავიდა. მისი მმართველობის დროს იაპონიის ეკონომიკამ განვითარების ტემპი შეანელა. ეს ბევრისთვის იმედგაცრუება იყო, თუმცა ამის მიუხედავად იაპონელები მეცნიერებისა და ტექნიკის არაერთი მიმართულებით მსოფლიოში წამყვან პოზიციებს იკავებენ. მათ აითვისეს კოსმოსიც. ეკონომისტები არსებულ სიტუაციას აფასებენ როგორც „სტაგნაციას“, თუმცა უფრო რაციონალური გადმოსახედიდან ეს არის „სტაბილურობა“.

აკიჰიტოს მმართველობის პერიოდში, 1995 წელს, რადიკალური რელიგიური დაჯგუფების წევრებმა ტოკიოს მეტროში მოაწყვეს თავდასხმა, რასაც 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თანამედროვე ტერორიზმის მასშტაბებთან შედარებით, ეს რიცხვი საკმაოდ მცირეა, მაგრამ ამ მოვლენამ იაპონელები შეძრა, რადგან ქვეყანაში მსგავსი თავდასხმები ძალიან იშვიათია. მიუხედავად ამ ფაქტებისა, იაპონიაში იმპერატორს არავინ აკრიტიკებს. პოლიტიკოსებით უკმაყოფილო იაპონელები კრიტიკას არ ერიდებიან, მაგრამ იმპერატორი პოლიტიკაზე მაღლა დგას.

აკიჰიტოს მმართველობის დროს, 1995 წელს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა ქალაქ კობეში, 2011 წელს კი - აფეთქება ფუკუშიმაზე. ამ უკანასკნელი მოვლენის შემდეგ აკიჰიტომ მამამისის მსგავსად, რომელმაც კაპიტულაცია რადიოთი გამოაცხადა, იაპონელებს ტელევიზიით პირველად მიმართა და თავის გამოსვლაში ხალხისადმი თანაგრძნობა გამოხატა.

რატომ გადაწყვიტა აკიჰიტომ გადადგომა?

იაპონიის ისტორიაში იმპერატორის გადადგომა არც ისე იშვიათი მოვლენაა. ტრადიციულად, იაპონიაში მემკვიდრეობითობის ფიქსირებული წესი არ არსებობდა. იყო გადატრიალებებიც და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაც. თუმცა იაპონელი იმპერატორების დიდმა ნაწილმა ტახტი დროზე ადრე დატოვა. იყო შემთხვევები, როდესაც „რუხი კარდინალები“ ტახტზე მცირეწლოვან იმპერატორებს სვამდნენ და როცა ისინი იზრდებოდნენ, სხვა ყმაწვილით ანაცვლებდნენ.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც დასავლეთის გავლენით მმართველის ნიმუში ჩამოყალიბდა. იმპერატორი მეიძი, რომელიც ტახტს 1867-1912 წლებში იკავებდა, გამოაცხადეს აბსოლუტურ მონარქად და მთავარსარდლად, გამოაწყვეს სამხედრო მუნდირში და მისცეს ხმალი. სინამდვილეში ის არაფერს წყვეტდა, მაგრამ ყველა რეფორმა და ომი მისი სახელით წარმოებდა. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ იმპერატორს ტახტი სიცოცხლის ბოლომდე უნდა დაეკავებინა.

მართალია, აკიჰიტო საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა, მაგრამ იმპერატორის „თანამდებობა“ საკმაოდ პრობლემურია. მას 85 წელი შეუსრულდა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აწუხებს. ამიტომაც მისი სურვილი, ტახტი დაეტოვებინა, სავსებით გასაგებია. ამგვარად, იაპონელებმა მეიძის დროს მიღებული კანონი მარტივად შეცვალეს.

რა არის ცნობილი ახალ იმპერატორ ნარუჰიტოზე?

თუ იაპონიის იმპერატორებს ლეგენდარულ მმართველებსაც დავუმატებთ, 59 წლის ნარუჰიტო 126-ე იქნება. იაპონიაში იმპერატორის ცვლილებასთან ერთად იცვლება დევიზი, რომლითაც ის ქვეყანას მართავს. აკიჰიტოს დევიზი იყო „მშვიდობის დამყარება“, ნარუჰიტოს დევიზად კი „მშვენიერი ჰარმონია“ შეირჩა. დევიზი, როგორც წესი, აბსტრაქტულია და მასში ყველა თავის ოცნებას დებს.

თავად ნარუჰიტო ძალიან განათლებულ, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების მატარებელ ადამიანად ითვლება. თუმცა ტახტზე ასვლის შემდეგ, მის ადამიანურ ღირსებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება. ის გახდება სისტემის ნაწილი, რომელსაც მართავს არა ის, არამედ კოლექტიური ნება. საგულისხმოა, რომ როდესაც იმპერატორობა სიცოცხლის ბოლომდე გახანგრძლივდა, მიიღეს ძალიან დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტახტი მხოლოდ ვაჟს ეკუთვნის. ადრე, როდესაც იმპერატორები პოლიგამები იყვნენ, მემკვიდრის დაბადება პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა მეიძის ვაჟიდან მოყოლებული, საიმპერატორო ოჯახში მონოგამია დამკვიდრდა.

ნარუჰიტოს კი მხოლოდ ქალიშვილი ჰყავს. ასე რომ, კანონი საიმპერატორო კარის შესახებ მომავალშიც შესაცვლელი იქნება. სავარაუდოდ, იაპონელები ამასაც მარტივად მიიღებენ, როგორც ეს მოხდა იმ ცვლილების შემთხვევაში, რომლითაც აკიჰიტოს გადადგომის უფლება მიეცა.

სხვა თემები