06 მაისი 2019 - 18:43

როგორ დავიცვა ჯანსაღი ცხოვრების წესი? ინსტრუქცია

ჯანსაღი ცხოვრება

ფოტო: shutterstock.com

ჯანსაღი ცხოვრების წესს ხშირად ისეთ რამეს მიაკუთვნებენ, რაც ამ ტერმინს სულაც არ განმარტავს, მაგალითად, 24 საათის განმავლობაში 8 ჭიქა წყლის დალევას ან ყოველდღიურად 10 000 ნაბიჯის გავლას. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ ეს რეკომენდაციები მეცნიერულად დაუსაბუთებელია. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის განმარტებით, ჯანსაღი ცხოვრების წესი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. მათ შორის არის მოწევისთვის თავის დანებება, აქტიური მოძრაობა, წონის კონტროლი, კვების რაციონიდან ცხიმოვანი  და მარილიანი საკვების ამოღება, სამაგიეროდ ბოსტნეულის, ხილისა და თევზის ჩამატება, ალკოჰოლური სასმელის მაქსიმალურად შეზღუდვა და ერთ-ერთი უმთავრესი რჩევა - სურსათზე დაკრული ეტიკეტის ყურადღებით წაკითხვაა.

ტერმინის განმარტება გავიგე, მაგრამ ეს საკმარისია?

არა. თუ თქვენ გადაწყვიტეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამას ნამდვილად შეძლებთ. პირველ რიგში, მოტივაცია გჭირდებათ. საკუთარი თავის მოტივირების სხვადასხვა გზა არსებობს. ეს შეიძლება ექიმის ჩარევითაც კი მოხდეს. რა თქმა უნდა, უფრო ეფექტიანია ყველა მავნე ჩვევაზე უარის თქმა, მაგრამ ეს ნებისყოფაზე ძალიან დიდი ზეწოლაა. გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ ადამიანის ნებისყოფის მარაგი შეზღუდულია. ამიტომ უმჯობესია, რაიმე გლობალურით კი არ დაიწყოთ (როგორიც არის კვირაში 150 წუთის ფიზიკური დატვირთვა), არამედ ყველაფერი თანდათანობით გააკეთოთ. მაგალითად, მეტი იმოძრაოთ, განსაკუთრებით, თუ მუშაობის დროს ხანგრძლივად გიწევთ ჯდომა; არ იკითხოთ ძილის წინ ტელეფონიდან, რათა მერე უძილობამ არ შეგაწუხოთ; არ ჭამოთ, როდესაც სერიალს უყურებთ, იმიტომ რომ ასე უფრო მეტს მიირთმევთ.

ჯანსაღი ცხოვრების დაწყებას თუ გეგმავთ, გახსოვდეთ, რომ ორშაბათს ან დაბადების დღეს ოთხშაბათთან ან კვირასთან შედარებით არანაირი უპირატესობა არ აქვს. აქ მთავარია თარიღი დანიშნოთ. თუმცა გახსოვდეთ, ნებისმიერი სტრესის დროს, იქნება ეს განქორწინება თუ ბინაში გაჭიანურებული რემონტი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის ენერგია შეიძლება აღარ დაგრჩეთ. პირიქით ხდება, თუ თქვენ კარგად დაისვენეთ. ამ შემთხვევაში მეტი ენერგია გაქვთ და სწორედ დროა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დაიწყოთ. შესაბამისად, შვებულების შემდგომი პერიოდი შესაძლოა საუკეთესო ვარიანტი იყოს.

თქვენი განზრახვის შესახებ ხმამაღლა განაცხადეთ!

თუ თქვენ შეამჩნიეთ საკუთარ თავს, რომ დადგენილ დღეს გეგმა, შესაძლოა, ვერ შეასრულოთ, შეგიძლიათ დახმარებისთვის გარშემო მყოფებს მიმართოთ და საჯაროდ განაცხადოთ თქვენი განზრახვის შესახებ. ამ დროს სინდისის ქენჯნას (თქვენ ხომ საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა ვერ შეასრულეთ) სირცხვილის შეგრძნება ემატება. დაწერეთ თქვენი გეგმების შესახებ სოციალურ ქსელებშიც, მოაწყვეთ წვეულება ამ ფაქტთან დაკავშირებით ან ჩაწერეთ ვიდეო, რომელშიც პირობას დებთ და ატვირთეთ ის YouTube-ზე.

მავნე ჩვევას შემცვლელი უპოვეთ!

ფსიქოლოგების რჩევით, როდესაც მავნე ჩვევას თავს ანებებთ, საკუთარი თავი უნდა გაანებივროთ ისეთი რამით, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს არ ეწინააღმდეგება. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ისეთი რამ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. აქ მთავარია, არ გადაამლაშოთ: შოპოჰოლიზმი, შესაძლოა, ფიზიკური ჯანმრთელობის არა, მაგრამ ფინანსურ პრობლემად იქცეს. შეგიძლიათ ნახოთ თქვენი საყვარელი სერიალის მორიგი სერია და ასე შემდეგ.

წინასწარ დაიცავით თავი შესაძლო ცდუნებებისგან!

ცდუნებებისგან თავის დასაცავად აუცილებელია ეგრეთ წოდებული საყრდენი ღერძის პოვნა. ნარკოლოგებმა ეს ძალიან კარგად იციან, ამიტომაც ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობის დროს არც თუ ისე იშვიათად გამოიყენება წამალი, რომელიც ალკოჰოლისადმი შეუთავსებელია. თუ პაციენტი ამ მედიკამენტს მიიღებს, შემდეგ კი სპირტიან სასმელს დალევს, ასტკივდება თავი, გულისცემა უხშირდება, ღებინება ეწყება და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები ეუფლება.

თუ თქვენ არ ხართ დამოკიდებულო, მაგრამ გინდათ ნაკლები ალკოჰოლი მიიღოთ ან მოწევა შეწყვიტოთ, სახლში არ უნდა გააჩეროთ არც ერთი და არც მეორე.

თუ პირველ ცდაზე არაფერი გამოგივიდათ, ეს ნორმალურია. სცადეთ ისევ!

ადამიანებს სჩვევიათ საკუთარ თავს ფუჭი დაპირებები მისცენ. ეკონომისტებს ამ ფენომენის მათემატიკური მოდელი აქვთ, რომელსაც „ჰიპერბოლურ დისკონტირებას“ უწოდებენ. ქცევითი ეკონომიკის სპეციალისტებისთვის ეს ფენომენი ნიშნავს იმას, რომ როგორც წესი, მომავალი ჩვენთვის ნაკლებ მნიშნელოვანია, ვიდრე აწმყო.

ამ განცდას ბევრი მიზეზი აქვს. თუნდაც იმის ალბათობა, რომ მომავალი შესაძლოა არც დადგეს - თქვენ ზოგავთ ფულს სიბერისთვის, შემდეგ კი შესაძლოა ფილტვის სარკომას ან ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლოთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადამიანი მიდრეკილია, დღევანდელი მოთხოვნილება უფრო გაითვალისწინოს, ვიდრე - ხვალინდელი. სწორედ ეს არის დისკონტირება. დისკონტირების ეს ფორმულირება ეკონომისტების მიერ დიდი ხანია აღიარებულია და სხვადასხვა მოდელში ფართოდ გამოიყენება. უფრო ახალი გააზრების შემთხვევაში ქცევითი ეკონომიკა იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ დღევანდელი დღეა და მას თავის სტატუსი აქვს.

მერამდენედ ვარღვევ პირობას. რატომ?

ადამიანს ახასიათებს უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება „მომავლისთვის“ გადადოს - „ხვალისთვის“, „ორშაბათისთვის“ ან „ახალი წლისთვის“. მაგრამ როცა „ხვალ“ დგება, ადამიანს ისევ უჩნდება სტიმული, ესა თუ ის ქმედება შემდეგისთვის გადადოს.

ჯანსაღი ცხოვრების წესთან მიმართებით ჰიპერბოლური დისკონტირება კარგად მუშაობს, რადგანაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება (მაგალითად, ქრონიკული დაავადებების განვითარება) ეტაპობრივად მიმდინარეობს და როგორც წესი, შედეგიც გვიან ვლინდება. ნამცხვრის ზედმეტი ნაჭერი ან მოწეული სიგარეტის დამატებითი ღერი განწყობის უეცარ გაუმჯობესებას იწვევს, თუმცა ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი შორეულ მომავალში დგება.

შესაბამისად, თუ თქვენ მომავალს დისკონტირებას გაუკეთებთ, და მითუმეტეს, თუ ეს ჰიპერბოლურია, მაშინ პირობის დაღღვევის დიდი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით.

სხვა თემები