21 მაისი 2019 - 15:00

ვინ არიან ვეგანები და რა განასხვავებთ მათ ვეგეტარიანელებისაგან?

ვეგანი

ფოტო: shutterstock.com

თუ თქვენ ახლახან აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მეგობარი ვეგანია და არ იცით, როგორ მოიქცეთ, ამისათვის გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ახლობელი ადამიანის გაგებასა და მასთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

#1. განასხვავეთ ვეგანობა ვეგეტარიანელობისგან!

ვეგეტარიანელები უარს ამბობენ ხორც-პროდუქტებზე, ვეგანები კი - ნებისმიერ საკვებზე, რომელიც ცხოველური წარმომავლობისაა. ეს ეხება ხორცისა და რძის პროდუქტებს, თევზს, კვერცხს, ჟელატინსა და თაფლსაც კი. ნამდვილი ვეგანობა ნიშნავს უარის თქმას ყველაფერზე, რაც მეტ-ნაკლებად ცხოველის ექსპლუატაციას უკავშირდება. მაგალითად, ისინი არ მოიხმარენ ტყავისგან, შალისა და ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელს. უნდა იცოდეთ ისიც, რომ თქვენს ვეგან მეგობარს ცირკის ან ზოოპარკის სანახაობაც არ მოხიბლავს.

#2. ეცადეთ, მისი მოტივაცია გაიგოთ!

როგორც წესი, ვეგანების მოტივაცია 2 ჯგუფად იყოფა: ერთნი ცხოვრების ამ წესს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ნებისყოფის ჩამოყალიბების გამო ირჩევენ, სხვები კი - საკუთარ ეთიკურ შეხედულებებს უწევენ ანგარიშს. მეორე კატეგორიის წარმომადგენლებს ებრალებათ ცხოველები, რომელთაც ტკივილს აყენებენ. ყველაზე ხშირი სწორედ ეს მოტივაციაა.

ადამიანს, რომელიც ასეთ რამეზე არასდროს დაფიქრებულა, მსგავსი შეხედულებების გათავისება უჭირს. თუმცა თუ თქვენი მეგობარი ვეგანია, შეეცადეთ, გაუგოთ მას. წაიკითხეთ ამ თემაზე წიგნები, ნახეთ ფილმები.

#3. ისწავლეთ ამ თემის მშვიდად განხილვა!

რაც უნდა მოხდეს, ნუ შეეცდებით თქვენი მეგობრის გადარწმუნებასა და მის „სწორ გზაზე“ დაყენებას. ყველას თავისი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთების უფლება აქვს. მგრძნობელობის ზღვარი კი თითოეულ ადამიანს განსხვავებული აქვს: ზოგიერთს მხოლოდ ძაღლები და კატები ეცოდება, სხვას კი - ყველა ცხოველი. ხანადახან ვეგანები თავად მოუწოდებენ გარშემომყოფებს, შეწყვიტონ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა. თუ თქვენი მეგობარი ნეოფიტია და გატაცებულია პროპაგანდით, აცადეთ მას, შეიძლება რაღაც დროის შემდეგ თავად დამშვიდდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში ხორცისადმი თქვენი სიყვარულის გამო არ ღირს ფილოსოფიური არგუმენტების გამოგონება. შეგიძლიათ გულწრფელად აღიაროთ, რომ თქვენ ცხოველების ბედი არ გაღელვებთ იმდენად, რამდენადაც ამას თქვენი მეგობარი ისურვებდა. თუ ის ამ პასუხით არ დაკმაყოფილდება, შეგიძლიათ თქვენი სისუსტე აღიაროთ - შესაძლოა, შენ მართალი ხარ, მე კი სუსტი ვარ, ამიტომაც საყვარელ საკვებზე უარს ვერ ვამბობ. ხშირად ეს ყველაზე მატივი გამოსავალია.

თუმცა უმჯობესია, ვეგანობის თემა მუდმივად წინა პლანზე არ წამოწიოთ - ეს ძალიან მოსაბეზრებელია. თქვენს მეგობარს ისედაც მილიონობით კითხვაზე პასუხის გაცემა უწევს, როდესაც ის სუფრასთან შემოთავაზებულ მწვადზე უარს ამბობს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვეგანებს თავადაც უყვართ თავისი ვეგანობის ყოველ ფეხის ნაბიჯზე განხილვა. ამ დროს საუბარი სხვა თემაზე მსუბუქად უნდა გადაიტანოთ.

#4. შეწყვიტეთ თქვენი მეგობრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა!

ვეგეტარიანელობისა და ვეგანობის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას ათობით სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. არცერთი მათგანი არ ადასტურებს, რომ ვეგანობა ჯანმრთელობას რაიმე ზიანს აყენებს, პირიქით, ის რაღაცით ხელს უწყობს კიდეც მას. მთავარია კვების რეჟიმი იყოს სწორი და დაბალანსებული. ხორცის ან ყველის ჭამა კი აუცილებელი სულაც არ არის.

#5. ნუ შეიბრალებთ თქვენს ვეგან მეგობარს!

ნუ უყურებთ თქვენს ვეგან მეგობარს, როგორც ბედისგან დაჩაგრულს. ცხოვრების საკუთარ წესში დარწმუნებული ვეგანები საკუთარ ვეგანობას ძალიან მშვიდად იღებენ, რადგან ეს მათთვის ბუნებრივი პროცესია. ნუ გგონიათ, რომ ვეგანური საკვები უგემურია. თუ ასე ფიქრობთ, შეცვალეთ მიდგომა.

#6. ერბო-კვერცხის შეწვის გარდა, ისწავლეთ სხვა კერძის მომზადებაც!

იმისათვის, რომ ვეგანური საკვების გემო გაიგოთ, ისწავლეთ რაიმე გემრიელი კერძის მომზადება ვეგანური მენიუდან. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს ფალაფელი ან გასპაჩო.

#7. ფრთხილად იხუმრეთ!

ხუმრობა და გარკვეული უწყინარი პროვოკაციები თქვენს ვეგან მეგობართან შესაძლებელია, ამის გარეშე წარმოუდგენელია კიდეც. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ხუმრობების უმრავლესობა საშუალოსტატისტიკურ ვეგანს ბევრჯერ მოუსმენია.

#8. შეხედეთ სამყაროს თქვენი მეგობრის თვალით!

გაიაზრეთ, რომ საქართველოში ვეგანების ცხოვრებას არც ისე ცოტა სირთულე ახლავს და შეხედეთ სამყაროს სწორედ მისი გადმოსახედიდან. ასე უფრო უკეთ გაუგებთ თქვენს ვეგან მეგობარს.

სხვა თემები