06 ივლისი 2019 - 16:49

რამდენნაირი ღალატი არსებობს და ვის შეუძლია პატიება?

ფოტო: shutterstock.com

სიტყვა „ღალატის“ გაგონებაზე ადამიანებს უსიამოვნო განცდა უჩნდებათ. მტკივნეულია, როდესაც გღალატობენ, მაგრამ არც ის არის სასიამოვნო, თუ ერთგულებით ვერც თავად დაიკვეხნი. იმავდროულად, ადამიანებს ხშირად უჭირთ ზუსტად განმარტონ, რა არის ღალატი, რადგან ის პირობით ცნებად მიაჩნიათ.

ღალატობენ თუ არა პარტნიორები ერთმანეთს ხშირად?

ბევრს თავისი პარტნიორის მხრიდან ღალატი წარმოუდგენელად მიაჩნია. ღალატის შემთხვევების სიხშირის გათვალისწინებით, ამ თემაზე ტაბუს დადება წყვილის პრობლემის დასაწყისს ნიშნავს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პარტნიორებმა ღალატის ფენომენზე გულწრფელად უნდა ისაუბრონ. იმის გარკვევა, თუ როგორია ღალატის სტატისტიკა, საკმაოდ რთულია, რადგან მსგავსი კვლევები გამოკითხულთა გულწრფელობაზეა დამოკიდებული. 

მაქსიმალური შეფასებით, კაცების 75% და ქალების 68%-ს ურთიერთობის ამა თუ იმ ეტაპზე პარალელური კავშირი ჰქონდა. თუმცა უფრო ახალი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ორივე სქესის შემთხვევაში თითქმის იდენტურია. მინიმალური მონაცემებით კი ურთიერთობაში ღალატის მაჩვენებელი 14%-ია, რაც ასევე საკმაოდ ბევრია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ს ჯერა, რომ უღალატებენ.

ყველაზე კონსერვატიული მონაცემებითაც კი ცხადია, რომ ღალატი იმაზე ბევრად ხშირი მოვლენაა, ვიდრე ეს ადამიანს წარმოუდგენია. მეცნიერების თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს გადაჭარბებული ნდობა. თუმცა მეორე მხრივ, პარტნიორისადმი ნდობა გაცილებით ჯანსაღი მიდგომაა, ვიდრე გამუდმებული ეჭვიანობა მის ნებისმიერ საქციელზე. სწორედ აქ იჩენს თავს სხვა პრობლემა: სიტყვა „ღალატს“ ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.

და რა არის ღალატი?

მეცნიერებს შეუძლიათ ამ განსაზღვრების ფორმულირება, მაგრამ ყოველ ჩვენგანს თავისი ინტერპრეტაცია აქვს. ფსიქოლოგების შეფასებით, ერთი ადამიანის ქცევა, რომელსაც მისი პარტნიორი ღალატად აღიქვამს, „მოღალატისთვის“ შეიძლება მცდარი შეფასება იყოს.

ადამიანების დაახლოებით 70% თავის პარტნიორთან არ განიხილავს, რა მიაჩნია ღალატად და რა - არა. მაგალითად, შეიძლება თუ არა გაცნობის მობილური აპლიკაციების გამოყენება ღალატად ჩაითვალოს?

Tinder-ის მომხმარებლების 18-დან 25%-ს მუდმივი პარტნიორი ჰყავს. არადა, ეს აპლიკაცია ადამიანებს პარტნიორის მოძებნაში ეხმარება. ვიღაცისთვის ღალატი მხოლოდ სექსია, სხვისთვის კი ღალატია მსუბუქი ფლირტიც კი. თუმცა ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მხოლოდ სხვებს ღალატობენ და მათ შემთხვევაში ასე არ მოხდება.

ემოციური ღალატი რა არის?

ემოციური ღალატის განსაზღვრება საკმაოდ რთულია. მსგავსი რამ ხშირად ხდება სამუშაო ადგილზე, სადაც პროფესიულ და პირად ინტერესებს შორის მჭიდრო კავშირი ყალიბდება. ასეთი ურთიერთობები, შესაძლოა, სრულიად უწყინარი კავშირიდან ბევრად ინტიმურში გადაიზარდოს.

ერთ-ერთ გამოკვლევაში მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რას ფიქრობდნენ ქალები სამუშაო ადგილზე ინტიმური ურთიერთობის შესახებ. 30-დან 50 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლებს ეკითხებოდნენ, არის თუ არა მსგავსი სიტუაცია მათთვის ნაცნობი. გამოკითხულთა აზრით, ფიზიკური სიახლოვე სულაც არ არის აუცილებელი იმის გასააზრებლად, ხართ თუ არა ემოციურად პარტნიორის ერთგული. ამისათვის ისიც საკმარისია, რომ თქვენ მას რაღაცას უმალავთ, სხვაზე ფიქრობთ და იმ „სხვასთან“ უფრო გულწრფელი ხართ. 

გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჯანსაღი ურთიერთობისთვის პარტნიორის ნდობა აუცილებლია. თუმცა ამ შემთხვევაში თქვენი მეგობრის ქცევამ, შესაძლოა, თქვენს პირად ცხოვრებაზე თვალი აგიხილოთ. თუ თქვენს მეგობრებში ბევრია, ვინც თავის პარტნიორს ღალატობს, დიდია ალბათობა, რომ თქვენც თქვენს პარტნიორს ან უკვე უღალატეთ, ან მომავალში უღალატებთ. ფსიქოლოგების განმარტებით, საქმე ის არის, რომ თქვენ გაუცნობიერებელად გარს იკრებთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ადიულტერის პრობლემისადმი  მსგავსი მიდგომა აქვს.

ღალატის შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი აღიარებაა?

როდესაც სპეციალისტები ამ კითხვას სვამენ, ადამიანები ავტომატურად პასუხობენ „დიახ“. გამოკითხულთა 90%-ი მიიჩნევს, რომ სურს იცოდეს, უღალატა თუ არა პარტნიორმა. თუმცა თუ პრიორიტეტია ის, რომ არ გინდათ საყვარელ ადამიანს ტკივილი მიაყენოთ, უფრო სწორია შემთხვევითი რომანების საიდუმლოდ შენახვა. არის თუ არა ეს საუკეთესო გამოსავალი, სხვა საქმეა. აქვე უნდა ითქვას, რომ აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, განქორწინებების მთავარი მიზეზი სწორედ ღალატია.

როგორ რეაგირებენ ადამიანები პარტნიორის მხრიდან ღალატის აღიარებაზე?

ღალატის აღიარება ყველასთვის მტკივნეულია, თუმცა ადამიანები მაინც განსხვავებულად რეაგირებენ. ალაბამის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სავარაუდო ღალატის შესაძლო რეაქციები შეისწავლეს იმ ადამიანების მაგალითზე, ვისაც ნებისმიერი წარუმატებლობა მძიმედ გადაააქვს. ერთ-ერთი ასეთი კატეგორიაა ნარცისები, რომლებიც მუდმივად გარშემომყოფთა მოწონებას ეძებენ და ორიენტირებული არიან, საკუთარი თავი სხვებს მომგებიან ჭრილში წარუდგინონ.  

ფსიქოლოგებმა ნარცისები 2 კატეგორიად დაჰყვეს: „გრანდიოზულები“ და „მოწყვლადები“. პირველი კატეგორიის ადამიანებს წარმოუდგენლად გადაჭარბებული თვითშეფასება აქვთ, მაშინ როდესაც მეორე ჯგუფი - სხვების შეფასებებისადმი ძალიან მგრძნობიარეა და არც ისე თავდაჯერებეულია. ორივე შემთხვევაში მცირე „ინცინდენტმაც“ კი შეიძლება აგრესიული რეაქცია გამოიწვიოს. თუმცა სავარაუდო ემოციურ ღალატზე ისინი განსხავავებულად რეაგირებენ: „გრანდიოზულები“ სიტუაციაზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობენ. ამისათვის კი სიტყვიერ და ფიზიკურ მუქარას იყენებენ. ისინი არც თალთვალზე ამბობენ უარს; „მოწყვლადები“ კი მეტ დროს უთმობენ დარდს და ნეგატიურ ემოციებში იძირებიან. მათ ღალატი გულთან ახლოს მიაქვთ.

კლინიკური თვალსაზირისით, ნარცისიზმი შავ-თეთრია. თქვენ ან ხართ ნარცისი, ან - არა. თუმცა ფსიქოლოგები ამ ფენომენს სკალის სახით განიხილავენ. ამ გრაფიკის თანახმად, თითოეული ჩვენგანი მეტ-ნაკლებად ნარცისია.

ღალატის პატიება შესაძლებელია?

ფსიქოლოგების შეფასებით, კი. თუ ის ერთეული შემთხვევაა და სინანულიც გულწრფელია. თუმცა ისინი თანხმდებიან, რომ ადამიანები წარმოსახვით და რეალურ სიტუაციებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. სპეციალისტთა განმარტებით, გამოკითხულები ერთსულოვნად ამბობენ, რომ მოღალატე პარტნიორთან ურთიერთობას გაწყვეტდნენ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ხშირად ღალატი ქორწინების დასასრულს ნიშნავს, მაგრამ ხანდახან ასე სულაც არ არის.

სხვა თემები