13 ივლისი 2019 - 18:47

ბოლოს და ბოლოს ძლიერი სიცხის დროს ცივი სასმელი დავლიო თუ ცხელი? რჩევები

ფოტო: shutterstock.com

ძლიერი სიცხის დროს თითოეული ჩვენგანი გაგრილების სხვადასხვა მეთოდს იყენებს. არჩევანი ერთი შეხედვით არც ისე მწირია, თუმცა რამდენია მათგან მეცნიერულად დასაბუთებული, ცალკე მსჯელობის საგანია. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მაღალ ნიშნულს აღწევს და რა არ უნდა გავაკეთოთ ძლიერი სიცხის დროს? 

ძლიერი სიცხის დროს ცივი წყალი დავლიო თუ ცხელი ჩაი?

ძლიერი სიცხის დროს დიდი რაოდენობით წყლის მიღება აუცილებელია, ეს განსაკუთრებით თქვენი თირკმლებისთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა სპეციალისტების მუდმივი მსჯელობის საგანია მისი ტემპერატურა: წყალი უნდა იყოს ცივი თუ ცხელი? 

სიცხეში ცხელი სითხის დალევის თეორია ეყრდნობა მოსაზრებას, რომ ამ დროს ადამიანის სხეულიც ცხელდება, რაც იწვევს ოფლიანობას და გადახურებული სხეულის გაგრილებას. ორგანიზმს შეუძლია საათში ორ ლიტრამდე ოფლი გამოყოს, რაც საკმაოდ ეფექტიანი გზაა სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად. თუმცა თუ ორგანიზმში სითხე არ აღდგება, ეს გაუწყლოვნებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ზოგიერთი სპეციალისტი ცხელი სასმელის მიღების თეორიას ეწინააღმდეგება. ამ კატეგორიის მეცნიერები ფიქრობენ, რომ არ არის სასურველი სიცხეში ბევრი ჩაის ან ყავის დალევა, რადგან ისინი შეიცავენ კოფეინს, რაც გაუწყლოვნების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს.

ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში უმჯობესია, ცივი სასმელები დალიოთ. ამ მიმართულებით რამდენიმე ექსპერიმენტიც ჩატარდა. ცდის მონაწილეებმა ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ცხელი და ცივი სასმელები დალიეს. ამ კვლევის ავტორებმა მიღებული შედეგები შეადარეს და დაასკვნეს, რომ სხეულის ტემპერატურის დასაწევად ცივი სასმელი უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცხელი.

თუმცა მოცემულ კვლევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანს აჩენს მეთოდი, რომელიც სხეულის ტემპერატურის გასაზომად გამოიყენეს. ოტავის უნივერსიტეტის მეცნიერთა განმარტებით, ცივი წყალი მიდის პირდაპირ მუცელში, რაც საკმაოდ ახლოსაა სწორ ნაწლავთან, საიდანაც ტემეპერატურა იზომება. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სხეულის ტემპერატურა ცივი სითხის მიღების შემდეგ ასე სწრაფად იკლებს.

ექსპერიმენტის მონაწილეთა სხეულის ტემპერატურა მეცნიერებმა რვა თერმომეტრით სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან გადაამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ცხელი სასმელი ორგანიზმს უფრო მეტად აგრილებს, ვინაიდან ის ოფლიანობას იწვევს, თუმცა ეს ყოველთვის რეკომენდებული არ არის. როცა ტენიანობა მაღალია და თან ცხელა, სასურველია ცივი სითხე მიიღოთ.

ჩავრთო თუ არა კონდიციონერი ან ვენტილატორი?

კონდიციონერი ან ვენტილატორი ზრდის ორგანიზმის გაგრილების ეფექტიანობას. თუმცა ამ საკითხზე სპეციალისტებში აზრთა სხვადასხვაობაა. არსებობს მოსაზრება, რომ გაგრილების საშუალების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ 35 გრადუს ცელსიუსამდე. თუ ტემპერატურა ამაზე მაღალია, ცხელი ჰაერის დანიავებამ შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს და სხეულის გაუწყლოვნების დაჩქარება გამოიწვიოს. კონდიციონერი ან ვენტილატორი ნაკლებად ეფექტიანია ნესტიან გარემოში. ამ დროს ჰაერი მოძრაობს, ის იმდენად არის დამძიმებული ტენით, რომ ხელს უშლის ოფლის აორთქლების პროცესს.

ძლიერი სიცხის დროს უნდა გავაღო თუ არა ფანჯარა?

ფანჯრების გაღება არის პირველი, რასაც თითოეული ჩვენგანი სიცხის დროს აკეთებს. თუმცა დღის განმავლობაში ამას შეიძლება უკუშედეგიც ჰქონდეს. სპეციალისტების რეკომენდაციით, ფანჯრები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გავაღოთ, თუ გარეთ უფრო გრილა ვიდრე შიგნით, რაც ძირითადად ღამე ხდება. ძლიერი სიცხის დროს ფანჯრები უნდა დაიხუროს დღის განმავლობაში, რამაც შეიძლება გრილი ტემპერატურის შენარჩუნებას შეუწყოს ხელი. ნიავის შემთხევევაშიც კი, თუ ის ცხელია, სასურველია ფანჯარა არ გააღოთ.

სიცხეში ლუდი დავლიო?

შეგიძლიათ ერთი კათხა ლუდი მშვიდად დალიოთ, უფრო შორს შეტოპვისგან ჯობს თავი შეიკავოთ. წლების წინ ჩატარდა რამდენიმე ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ფიზიკურად იტვირთებოდნენ სანამ სხეული არ გახურდებოდა, გასაგრილებლად კი ცივ ლუდს სვამდნენ. ლუდის სმის შემდეგ შარდვის სიხშირემ პიკს მიაღწია, რაც ძალიან ცუდია ძლიერი სიცხის დროს, რადგან ორგანიზმიდან დარჩენილი სითხე გამოიდევნა. ამ ექსპერიმენტის შედეგი ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო ლუდის შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტური იყო.

უახლესი კვლევებიც მსგავს შედეგებს გვიჩვენებს. თუმცა იზოტონური სპორტული სასმელები და მტკნარი წყალი არის მეტად ეფექტიანი გაუწყლოვნების პრობლემასთან საბრძოლველად. ესპანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი 40-წუთიანი ვარჯიშის შემდეგ სარბენ ბილიკზე წყალმა და ლუდმა ერთი დონის დეჰიდრატაცია გამოიწვია. თუმცა ეს კვლევა იყო მცირემასშტაბიანი. შესაბამისად, იმის მტკიცება ლუდი აგრილებს თუ არა სხეულს, ძნელია. სპეციალისტების მტკიცებით, ერთი ან ორი კათხა ლუდი გაუწყლოვნებას ნამდვილად არ იწვევს.

ძლიერი სიცხე ასაკოვანი ადამიანებისთვის სახიფათოა?

ძლიერი სიცხის შედეგად საავადმყოფოებში მოხვედრილი პაციენტების უმრავლესობა ასაკოვანია. ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურა არის 36-დან  37.5C (96.8-დან 99.5F-მდე). კანის თერმორეცეპტორების მეშვეობით შინაგანი ორგანოები დაუყოვნებლივ გრძნობენ ტემპერატურის მცირედ, თუნდაც 1C-ით ცვლილებას. თუ გარე ტემპერატურა უფრო მაღალია ვიდრე სხეულის, იწყება ოფლიანობა, რათა ორგანიზმი გაგრილდეს. ამ პროცესის გამართული მიმდინარეობისთვის საჭიროა სისხლის აქტიური მიმოქცევა ზედა და ქვედა კიდურებში. თერმორეგულაციის ორივე მეთოდი მოითხოვს გულის გაძლიერებულ მუშაობას, ამიტომაც ასაკოვან ადამიანებში ეს ხშირად გულის შეტევას იწვევს. ფატალური შედეგი უმეტესად სწრაფად დგება - სიკვდილი ძირითადად მაღალი ტემპერატურის პირველ 24 საათში ფიქსირდება. ამასთან ასაკოვან ადამიანებს უჭირთ სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება. მათ, შესაძლოა, ვერც შეამჩნიონ რომ ორგანიზმი გადაცხელებულია, რაც გაუწყლოვნებას უფრო სწრაფად იწვევს, ვიდრე ეს ახალგაზრდების შემთხვევაში.

რისკჯგუფს მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები მიეკუთვნებიან?

არა. პატარა ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებიc მაღალ რისკჯგუფში არიან. მაგალითად, გადაადგილების პრობლემის მქონე პირებს ფანჯრის გაღება უჭირთ. მათთვის რთულია წყლის ხშირად სმაც, რაც აუცილებელია ოფლიანობის დროს დაკარგული სითხის აღსადგენად.

სხვა თემები