16 ივლისი 2019 - 14:30

როდის და რატომ ისწავლა ადამიანმა ტირილი?

ტირილი

ფოტო: Shutterstock.com

ძლიერ ემოციას ადამიანი ხშირად ტირილის გარეშე ვერ უმკლავდება. თითოეული ჩვენგანი ცდილობს, საკუთარი ცრემლები უცხო თვალს მოარიდოს. ერთი შეხედვით, ტირილში უცნაური არაფერია, მაგრამ თუ დავფიქრდებით, ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. საინტერესოა, რატომ ვღვრით ცრემლებს? კაცები მართლა უფრო ნაკლებად ტირიან, ვიდრე ქალები? ადამიანის გარდა სხვა სულიერი არსებებიც ტირიან?

როდის და რატომ ისწავლა ადამიანმა ტირილი?

ჰოლანდიელი მეცნიერი ად ვინგერჰუტსი არის ფსიქოლოგი, რომელმაც 20 წელი დაუთმო იმის კვლევას, თუ როდის და რატომ ტირის ადამიანი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გენდერული დიქოტომია სათავეს ბავშვობიდან იღებს.  

კერძოდ, მეცნიერების მიერ ჩატარებული ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ ქალები უფრო ხშირად ტირიან, ვიდრე კაცები. ჯერ კიდევ 1982 წელს ფსიქოლოგმა უილიამ ფრეიმ დაადგინა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები თვეში საშუალოდ 5,3-ჯერ ტირიან, მაშინ როდესაც მამრობით სქესს ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 1,3-ჯერ თუ აუცრემლიანდება თვალი. განსხვავებულია ტირილის ხანგრძლივობაც. ქალები საშუალოდ 5-6 წუთს ტირიან, კაცები კი - მხოლოდ 2-3 წუთს.

მცირე ასაკში ბავშვის სქესის მიუხედავად ტირილი ნორმალურ რეაქციად ითვლება. ყველა პატარა ერთნაირად ტირის. ფსიქოლოგების აზრით, ჩვილის ტირილი ერთგვარი აკუსტიკური სიგნალია მშობლის ყურადღების მისაქცევად და ეს უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

ზრდასრულ ასაკში გენდერული სხვაობა რით აიხსნება? 

ცხადია, რომ ამ მიმართულებით არსებით როლს კულტურული ფაქტორები თამაშობს. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ერთნაირი სამეცნიერო ექსპერიმენტის ძირითადი შედეგები აჩვენებს, რომ იქ, სადაც საზოგადოება ცრემლებისადმი უფრო ტოლერანტულია, ადამიანები მეტს ტირიან.

გარდა ამისა, ად ვინგერჰუტსმა აღმოაჩინა, რომ ტირილი მდიდარ ქვეყნებში უფრო ხშირი მოვლენაა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ განვითარება რაღაც სახით ადამიანებში ემოციურ ჩაკეტილობას ხსნის და ისინი თავიანთ გრძნობებს ცრემლებით თავისუფლად გამოხატავენ.

ამავდროულად, ფსიქოლოგების განმარტებით, კაცებში ცრემლების შეკავების ფაქტორს ემსახურება არა მარტო სოციალური პირობები, არამედ ტესტოსტერონის გამომუშავება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პროსტატის კიბოს მქონე პაციენტები, რომელთაც ტესტოსტერონის დამწევი პრეპარატებით მკურნალობენ, უფრო ბევრს ტირიან. თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ მათ ონკოლოგიური დაავადების გამო ემოციური ფონი აქვთ გამძაფრებული.

რატომ ვტირით და ვინ ტირის კიდევ ადამიანის გარდა?

ადამიანი არის ერთადერთი ბიოლოგიური არსება, რომელსაც ემოციებით გამოწვეული ცრემლები ახასიათებს. ადრე არსებობდა მოსაზრება, რომ გარდაცვლილთა დატირება სპილოებსაც შეუძლიათ, თუმცა თანამედროვე გადმოსახედიდან ეს ჰიპოთეზა არ დასტურდება. ჩვენ არ ვიცით, რატომ ვტირით ფიზიკური ტკივილის ან ემოციური ტრავმის გამო (ეს არის ეგრეთ წოდებული ფსიქიკური ცრემლები), ან თუნდაც ბედნიერების ძლიერი შეგრძნების დროს. ფსიქოლოგების აზრით, რამდენადაც ადამიანები სოციალური ცხოველები არიან, შესაძლოა, ცრემლი ღრმა შინაგანი განცდების ერთგვარი ინდიკატორია. თუმცა ამ ყველაფერს მეცნიერები მხოლოდ ვარაუდს უწოდებენ. 

შესაძლოა, ცრემლი სულიერი კათარზისის ნიშანია. ერთ-ერთ თავის ბოლო კვლევაში ად ვინგერჰუტსი შეეცადა შეეფასებინა მოსაზრება, რომ ტირილის შემდეგ ადამიანი თავს უკეთ გრძნობს. მან ცდაში მონაწილე ადამიანებს შესთავაზა, ენახათ ორი ძალიან სენსიტიური ფილმი და შემდეგ თავიანთ ემოციებზე მოეყოლათ. 

ერთი ფილმი იყო რობერტო ბენინის შედევრი „ცხოვრება მშვენიერია“. კინოსურათი მოგვითხრობს ძალიან ემოციურ ისტორიას ებრაელ კაცზე, რომელიც ცდილობს, შვილს ჰოლოკოსტის საშინელება თამაშისა და თანაგრძნობის საშუალებით შეუმსუბუქოს. მეორე ფილმი გახლდათ „ჰაჩიკო: ყველაზე ერთგული მეგობარი“ - სევდიანი ისტორია ძაღლზე, რომელიც რიჩარდ გირის პერსონაჟის გარდაცვალებას განიცდის.

ექსპერიმეტნის მონაწილეებს სთხოვეს, შეევსოთ ერთი და იგივე ფორმულარი ფილმის ნახვიდან ჯერ 20 წუთის და ხელმეორედ - 2 საათის შემდეგ. შედეგები არაორაზროვანი აღმოჩნდა. მათ, ვინც ფილმის ყურების დროს არ ტიროდნენ, თავიანთი ემოციური მდგომარეობა არც დროის გარკვეული ინტერვალის შემდეგ შეუცვლიათ. იმ მონაწილეებს კი, ვისაც ფილმებმა გული აუჩუყა, რაღაც დროის შემდეგ განწყობა გაუუმჯობესდათ, რაც შეიძლება კათარზისის ეფექტით აიხსნას. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ცრემლების შემდეგ ადამიანის მდგომარეობა შესაძლოა მართლაც უფრო მსუბუქდება. ამიტომ, მეცნიერთა ნაწილის რჩევაა, ტირილის სურვილის შემთხვევაში თავი არ შეიკავოთ და ემოციებისგან გათავისუფლეთ.

სხვა თემები