22 აგვისტო 2019 - 17:30

რატომ არ წყდება პროტესტი ჰონგ-კონგში და ჩაახშობს თუ არა აქციებს ჩინეთის არმია?

ჰონ-კონგი

ჰონ-კონგი

ფოტო: Shutterstock.com

ორ თვეზე მეტია, რაც ჰონგ-კონგში გამოსვლები არ წყდება. გასულ კვირაში დემონსტრანტებმა ორი დღით საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი იყო ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ჩინეთისთვის დანაშაულში ბრალდებულთა გადაცემას ითვალისწინებდა. მეგაპოლისის ხელისუფლებამ ამ კანონზე მუშაობა შეწყვიტა, მაგრამ ამან ქუჩის აქციების მონაწილეები ვერ შეაჩერა. ახლა ორი მთავარი კითხვაა: რატომ ვერ უმკლავდება ჰონგ-კონგის პოლიცია საპროტესტო გამოსვლებს და ხომ არ ჩაერთვება პროეტესტის ჩახშობაში ჩინეთი?    

რატომ ვერ უმკლავდება ჰონგ-კონგის ხელისუფლება საპროეტქსტო გამოსვლებს?

გასული კვირის დასაწყისში დემონსტრანტებმა დაბლოკეს ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის ზონა, რის გამოც, 12 და 13 აგვისტოს ყველა რეისი გადაიდო. ადმინისტრაციმ სასამართლოს გზით მოიპოვა უფლება დროებით აეკრძალა აეროპორტში არასანქცირებული მასობრივი შეკრებების ჩატარება და ნებადართული მიტინგებისთვის ჩამოფრენის ზონაში ორი პატარა მონაკვეთი გამოყო.

მაგრამ აქციების უმრავლესობა ისედაც აკრძალულია: პოლიცია მასობრივად ეუბნება უარს დემონსტრანტებს მიტინგების და მსვლელობების ჩატარებაზე იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივ წესრიგს იცავს. ყველა პროტესტანტი შეიძლება დააპატიმრონ „უკანონო შეკრებების“ მოწყობისთვის, ამიტომ ისინი არ მაგრდებიან ერთ კონკრეტულ ადგილას და როგორც კი პოლიციელების დიდ ჯგუფს მოკრავენ თვალს, სწრაფად იცვლიან აქციის ადგილს, უბრალოდ სხდებიან რა სწრაფად მეტროს მატარებელში. აქციების დაწყებიდან 700 ადამიანზე მეტი დააპატიმრეს, ბევრ მათგანს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება „ამბოხისთვის“, რომლის გამოც სასჯელია 10-წლიანი პატიმრობა.

ბოლო თვის განმავლობაში საპროტესტო მოძრაობა მრავალმილიონიანი აღარ არის, როგორც ეს პირველ კვირებში იყო, სამაგიეროდ გეოგრაფია გაფართოვდა: ახლა აქციები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ რაიონებში არ ტარდება. როგორც წესი, ყოველ შაბათს და კვირას მსვლელობები და დემონსტრაციები იმართება ჰონგ-კონგის სამ-ოთხ რაიონში, ასე რომ ივლისში და აგვისტოს დასაწყისში საპროტესტო აქციები თითქმის ყველგან ჩატარდა. ზოგად საპროტესტო მსვლელობებთან ერთად, მიტინგებს დამატებით მართავენ მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები: სახელმწიფო მოხელეები, ექიმები, ფინანსური დაწესებულებების წარმომადგენლები, კათოლიკები, მოხუცები.

ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ ქალაქის ხელისუფლებამ ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტზე უარი თქვა, რაც თავდაპირველი პროტესტის მიზეზი იყო.

აქციების გაფართოებასთან ერთად პოლიცია სულ უფრო აქტიურად იყენებს ცრემლმდენ გაზს, მათ შორის მეტროში და რეზინის ტყვიებს. დაპატიმრებებში მონაწილეობენ აგენტები, რომლებიც ხალხის მასებში დგანან და თავს აქციის მონაწილეებად ასაღებენ.

დაშინების მიზნით, დაპატიმრებულები სულ უფრო ხშირად გადაჰყავთ ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით არსებულ ცენტრებში, ჩინეთის საზღვართან ახლოს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, ხოლო ამ რაიონებში მისასვლელად სპეციალური თანხმობაა საჭირო. და მთავარი: არსებობს რისკი იმისა, რომ ამ ცენტრებიდან პატიმრებს უჩუმრად ჩინეთში გადაიყვანენ.

გარდა ამისა, ჰონგ-კონგის პოლიციას პროტესტანტებთან ბრძოლაში „ტრიადების“ გამოყენებაში ადანაშაულებენ. 21 ივლისს, ერთ-ერთ მეტროსადგურთან თეთრ მაისურებში ჩაცმული ადამიანების ჯგუფი ფიზიკურად უსწორდებოდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილ ყველა გამვლელს - ეს პროტესტის მონაწილეთა „დრეს-კოდია“. პოლიციამ არაფერი იღონა, ხელისუფლებისადმი ლოიალურმა დეპუტატმა იუნიუს ჰო კი მოგვიანებით თეთრმაისურებიანებს შეხვდა და მათ „გმირები“ უწოდა. მაოგვიანებით, დემონსტრანტებმა დეპუტატის მისაღები დალეწეს და მისი მშობლების საფლავი შეურაცხყვეს.    

ხელისუფელება ლოიალურ მიტინგებს მართავს და ქმნის „პოლიციის მხარდამჭერ“ ჯგუფებს, რომლებიც რეგულარულად უპირისპირდებიან პროტესტის მონაწილეებს. ეს ყველაფერი ჰონგ-კონგის ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს და პროტესტს აღვივებს.

გეოგრაფიულად ყველაზე მასშტაბური ოპოზიციური აქციები 5 აგვისტოს, „საყოველთაო გაფიცვის“ დღეს ჩატარდა და ქალაქის შვიდი რაიონი მოიცვა. მომიტინგეებმა ნახევარი დღით დაბლოკეს მეტროს მარშრუტები - ისინი დგებოდნენ მატარებლების კართან და არ აძლევდნენ მათ დაძვრის საშუალებას, ასევე მათ დროებით შეაჩერეს გვირაბების მუშაობა, რომლებიც ჰონგ-კონგს და ქალაქის კონტინენტურ ნაწილ კოულუნს ერთმანეთთან აკავშირებს. გაფიცვას მხარი დაუჭირეს აეროპორტის და ქალაქის ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების თანამშრომლებმა. ის პოლიციასთან შეტაკებებით და დღე-ღამის განმავლობაში დაპატიმრებულთა რეკორდული ციფრით (80 ადამიანი) დასრულდა.  

10-11 აგვისტოს, ოპოზიცია აქციის გამართვას ერთდროულად ოთხ ადგილზე გეგმავდა, მაგრამ პოლიციამ ყველა მარში აკრძალა და მას მიტინგის ჩატარების ნებართვა მხოლოდ ერთ რაიონში მისცა. შედეგად, პროტესტანტები ქალაქის რამდენიმე რაიონის ქუჩებში გამოვიდნენ და ბარიკადები მოაწყვეს ყველაფრისგან რაც ხელში მოხვდათ. პოლიციელების გამოჩენისთანავე ხალხი გარბოდა, მაგრამ სამართალდამცველები ბარიკადების გამო ყოვნდებოდნენ. პარალელურად, პროტესტანტებმა პოლიციის განყოფილებები ალყაში მოაქციეს და ქვებსაც უშენდნენ.   

მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები ჩინურ სულების თვეს (მთვარის კალენდრის მიხედვით მეშვიდე თვე) დაემთხვა, როდესაც, გადმოცემის თანახმად, ცოცხლების და გარდაცვლილების სამყაროს შორის საზღვარი იშლება. ამ თვის განმავლობაში სპეციალური რიტუალური ქაღალდისგან ამზადებენ ყოფით საგნებს, რომლებიც წინაპრებს შეიძლება იმქვეყნად დასჭირდეთ, შემდეგ კი მათ წვავენ. ამ კულტურულმა ტრადიციამ პროტესტის კიდევ ერთი სახეობა გააჩინა - პოლიციის განყოფილებებთან ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კერი ლამის და ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსის პორტრეტებიან ქაღალდებს წვავენ.

რას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები?

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ პროტესტანტების თითქმის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სულ 5 მოთხოვნაა:

- ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა

- საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ამნისტია

- პოლიციის ქმედებების კანონიერების შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის შექმნა

- პროტესტებისთვის „ბუნტის“ კვალიფიკაციის მოხსნა

- საყოველთაო არჩევნების ჩატარება

კანონპროექტის გაწვევაც გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ფორმალურად ის საკანონმდებლო საბჭოს მიერ განსახილველ კანონპროექტთა ჩამონათვალში რჩება. მისი გაწვევა პარლამენტიდან მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგაა შესაძლებელი. ამიტომ ჰონგ-კონგის ხელმძღვანელის, კერი ლამის სიტყვები კანონპროექტის „სიკვდილის“ შესახებ დაპირებაა და არა ფაქტი. თუ ეს დაპირება არ შესრულდა, პარლამენტი ოქტომბერში დოკუმენტზე მუშაობას განაგრძობს. დანარჩენი მოთხოვნები სრულად იგნორირებულია.

ოპოზიცია საყოველთაო არჩევნებს და „ფუნქციური ოლქების“ გაუქმებას ითხოვს, ოლქების, რომლის მიხედვითაც ირჩევენ დეპუტატებს სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციებიდან - უმრავლესობა პროპეკინურადაა განწყობილი, რადგან ბიზნესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთთან. ოპოზიცია მოითხოვს ასევე ჰონგ-კონგის მეთაურის პირდაპირ არჩევნებს (ახლა არჩევნებს სპეციალური კომისია ატარებს). მოქმედი სისტემა პეკინს ჰონგ-კონგზე კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ მოსახლეობის რეალურ განწყობებს არ ასახავს.

ჩინეთი ჯარს გამოიყენებს?

ჰონგ-კონგში წესრიგის უზრუნველყოფა ქალაქის მთავრობის ვალდებულებაა. ამას პირდაპირ განსაზღვრავს 1984 წლის ჩინეთ-ბრიტანეთის დეკლარაცია და ჰონგ-კონგის მთავარი კანონის მე-14 მუხლი.

მაგრამ იგივე მუხლი ითვალისწინებს იმასაც, რომ მთავრობას შეუძლია ჩინეთს დახმარება სთხოვოს და მისი არმიის სამხედრო ნაწილი, რომელიც ჰონგ-კონგშია განთავსებული გამოიყენოს თუ ეს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ან ბუნებრივი სტიქიის დროს დასჭირდა. ასეთ შემთხვევაში ჰონგ-კონგის მთავრობა სამხედრო ნაწილის ჯარისკაცთა უფლებამოსილებას უთანაბრებს პოლიციის თანამშრომელთა უფლებამოსილებებს. 1997 წლიდან, როდესაც ჰონგ-კონგი ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნდა, ქალაქის მთავრობას არცერთხელ არ უთხოვია ჩინეთისთვის მისი სამხედროების გამოყენების უფლება.      

თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩინეთიდან ვრცელდება რეგულარული ცნობები იმის შესახებ, რომ საზღვრის მეორე მხარეს, ქალაქ შენჩჟენში წვრთნები ტარდება. ჩინეთის სამხედრო პოლიცია მასობრივ არეულობასთან ბრძოლის სცენარებს „ამუშავებს“. შენჩჟენიდან ჰონგ-კონგის ცენტრამდე დაახლოებით 25 კილომეტრია, ამიტომ 12 ათასი შეიარაღებული პოლიციელის გადაყვანა ჰონგ-კონგში და მათი გამოყენება აქციების ჩასახშობად სწრაფად შეიძლება.

ჰონგ-კონჰში ჩინური გარნიზონის მეთაურმა განაცხადა, რომ არმია მზადაა „ჰონგ-კონგის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და აყვავების დასაცავად“. გარდა ამისა, ჩინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეორგოლი, რომელშც ჩანს, თუ როგორ მართავენ სამხედროები „ანტისაპროტესტო“ სწავლებებს. ჰონგ-კონგში ეს ვიდეო საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა პირდაპირ გაფრთხილებად მიიღეს.      

მიუხედავად ამისა, ჩინური სამხედრო ნაწილის გამოყენება და მით უფრო ჩინეთიდან ჰონგ-კონგში არმიის შეყვანის ალბათობა ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ეს სისტემის „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ დანგრევის ნიშანი იქნებოდა, რომლის ფარგლებშიც ჰონგ-კონგს 2047 წლამდე ფართო ავტონომია აქვს, და ერთდროულად რამდენიმე ნეგატიურ შედეგს გამოწვევდა.    

ჩინეთი ტაივანთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსს დაკარგავს. ახლა კუნძულზე, რომელიც ფაქტობრივად დამოუკიდებელია, მაგრამ ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს, ხელისუფლებაშია პრეზიდენტია ცაი ინვენი. ის „მწვანე ბანაკს“, ანუ იმ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენს, რომლებიც ემხრობიან იმას, რომ ტაივანმა ჩინეთთან ფორმალურ ურთიერთობაზეც უარი თქვას და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადოს. 2020 წლის იანვარში იქ საპრეზიდენტო არჩევნებია და ივენის მთავარი მოწინააღმდეგე იქნება პარტია „გომინდანას“ კანდიდატი „ცისფერი ბანაკიდან“, რომელიც ტრადიციულად ჩინეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს ემხრობა.

ჩვეულებრივ, „ცისფრების“ არგუმენტია: ჩინეთთან სავაჭრო კავშირების გაფართოება, რაც კუნძულზე ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. „მწვანეები“ კი პირიქით, ჩინეთისგან დისტანცირებას ემხრობიან, მაგრამ ამის ფასი ეკონომიკური პრობლემებია. ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა ჰონგ-კონგში ჩინეთს დაუკარგავს მისთვის მისაღები კანდიდატის არჩევის შანს ტაივანში და შესაძლო გაერთიანების საკითხს იმავე პრინციპით „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ დიდი ხნით მოხსნის დღის წესრიგიდან. 

დასრულდება ჰონგ-კონგის განსაკუთრებული ურთიერთობები აშშ-სთან. ახლა აშშ-ის და ჰონგ-კონგის ურთიერთობები მოწყობილია 1992 წლის Hong Kong Policy Act-ის საფუძველზე, რომლის თანახმად, მეგაპოლისი დამოუკიდებელ ტერიტორიად მიიჩნევა და მასზე არ ვრცელდება ვაჭრობის სფეროში ის შეზღუდვები, რაც ჩინეთს აქვს დაწესებული (მათ შორის ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლი და სპეციალური დამატებითი ტარიფები, რაც სავაჭრო ომის შემოღებისას ამოქმედდა). თუ ჰონგ-კონგის დამოუკიდებლობა დაიღვევა, აშშ-მა ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედი ყველა შეზღუდვა და ტარიფი შესაძლოა მასზეც გაავრცელოს.  

გარდა ამისა, აშშ-ის შეუძლია მიიღოს Hong Kong Human Rights and Democracy Act (ამ სახელწოდების დოკუმენტის პროექტი კონგრესმა ჯერ კიდევ 2017 წელს შეიმუშავა), რასაც ჰონგ-კონგის აქციის მონაწეილეები აქტიურად ემხრობიან. აქტი „მაგნიტსკის კანონის“ მსგავსია და ჰონგ-კონგის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს, ასევე ეს დოკუმენტი შეზღუდავს ჩინური კომპანიების წვდომას ამერიკული კაპიტალის ბაზარზე.     

ჰონგ-კონგი დაკარგავს საერთაშორისო ფინანსური ცენტრის რეპუტაციას. ახლა ეს მეგაპოლისი - ნიუ-იორკის და ლონდონის გვერდით, მსოფლიოს მთავარი ფინანსური ცენტრების სამეულშია და ერთ-ერთი მთავარი მოედანია უცხოეთში ჩინური კომპანიების აქციების განთავსებისათვის (ისევ ნიუ-იორკთან ერთად) და ჩინეთში უცხოური ბიზნესის შესვლის მთავარი წერტილია. მაგრამ უცხოური ბიზნესი ჰონგ-კონგში უკვე განიხილავს ძირითადი საქმიანობის, მაგალითად სინგაპურში გადატანის შესაზლებლობას. ნებისმიერი რეპუტაციული დარტყმა, რომელიც არმიის გამოყენებას მოჰყვება, ამ პროცესს დააჩქარებს.ჯარის შეყვანა თითქმის გარდაუვლად გამოიწვევს კაპიტალის გადინებას და ჩინურ ბიზნესს საზღვარგარეთ დაფინანსების მოპოვებაში პრობლემებს შეუქმნის.   

ჩინეთისთვის გაუარესდება აშშ-სთან სავაჭრო ომის შედეგები. და ბოლოს, პროტესტის ძალიან მკაცრი ჩახშობა შეიძლება აშშ-ის მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ უფრო ფართო სანქციების მიზეზი გახდეს - ისეთივე სანქციების, როგორიც 1989 წელს ამოქმედდა ტიანანმენის მოედანზე დემონსტრანტების დახვრეტის შემდეგ. ეს გაართულებს ჩინეთის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელსაც ამერიკელებთან სავაჭრო ომის პროცესში ისედაც არ აკლია პრობლემები და კიდევ უფრო გაართულებს ქვეყნისთვის მაღალტექნოლოგიური წარმოების მოზიდვას, რომელიც მას ძალიან სჭირდება. შარშანდელი ივლისის მონაცემებთან შედარებით, ქარხნული წარმოება ჩინეთში 4,8%-ით გაიზარდა, რაც ამ ქვეყნისთვის ცოტაა. მეტიც, ეს 2002 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.       

ამიტომ, მიუხედავად მკაცრი განცხადებებისა, ჩინეთისთვის სამხედროების გამოყენება უკანასკნელი შესაძლებლობაა, რომელსაც მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში შეიძლება მიმართოს. მანამდე აქციების ჩახშობას ჰონგ-კონგის პოლიციის ძალით შეეცდებიან.

სხვა თემები